Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთში ვიზიტების და ივანიშვილის პარტიის დაფუძნების კვირა


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
გასულ კვირაში საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გამოქვეყნდა. სხვადასხვა სფეროსთან ერთად ეპისტოლეში საპატიმროებში არსებული ვითარებაც მოხვდა, მათ შორის - დაავადებულ პატიმართა სიკვდილიანობის საკითხი. ომბუდსნების ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს ციხეებში 140 პატიმარი გარდაიცვალა. ამის გამო საპარლამენტო უმცირესობა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის, თანამდებობიდან გადაყენებასაც მოითხოვდა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ადამიანის უფლებადამცველებიც შენიშნავენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვითარება დამძიმებულია:
ციხე ჩაკეტილია როგორც არასდროს, პატიმართა სიკვდილიანობა მაღალია...

ციხე ჩაკეტილია როგორც არასდროს, პატიმართა სიკვდილიანობა მაღალია, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები - ხშირი, დასჯილი დამნაშავეებისა და გამოძიებული საქმეების სტატისტიკა - უმნიშვნელო. ამ პრობლემებზე საუბრობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. ის ერთ-ერთია იმ ექსპერტთა შორის, რომლებიც, წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, სახალხო დამცველთან არსებული მონიტორინგის კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ. ეს ერთადერთი კომისიაა, რომელსაც ციხეებში არსებული ვითარების შემოწმება შეუძლია, თუმცა მარიამ ჯიშკარიანი შენიშნავს, რომ მათაც კი არა აქვთ ფოტოდოკუმენტირების უფლება:

”საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაზიანებების სამედიცინო დოკუმენტირება, ფაქტობრივად, არ ხდება. ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის დასკვნაშიც წერია, რომ პატიმრებს სამედიცინო შემოწმებას კონფიდენციალურად არ უტარებენ. ეს ყველაფერი კი გამოძიებასაც უქმნის პრობლემას, რადგან ობიექტურად, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვერ დგინდება.”

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაია პატარაია ამ კრიტიკას არ იზიარებს და ამბობს, რომ 2011 წელს წამების მუხლით 18 საქმეა აღძრული, არაადამიანურ მოპყრობაზე - 11. ბაია პატარაია იმ სტატისტიკაზე საუბრობს, რომელიც ასეთი საქმეების გამოძიებებს და მის შედეგებს შეეხება:

”2011 წლის მონაცემებით, წამების ფაქტის გამო ერთი პოლიციელი გასამართლდა - მას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ფიზიკური შეურაცხყოფის გამო 4 პოლიციელი და ციხის ორი თანამშრომელი გამტყუნდა.”

16 აპრილს ვაშინგტონის სახელმწიფო დეპარტამენტში შედგა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მოქმედი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. საქართველოს მხარემ აქცენტი წარმატებული რეფორმების ”ექსპორტის” შესაძლებლობებზე გააკეთა, მაშინ როცა ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების წინ ვაშინგტონს მწვავე პრობლემებზე მიუთითებდნენ. დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართულ მსჯელობას ”ძალიან შინაარსიანი” უწოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა:

”ყველაფერზე იყო ძალიან ღია საუბარი. იყო საკითხები, რომლებზეც პასუხი უნდა გაცემულიყო უკვე ამ დონეზე, რა დონეზეც იყო წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლება, და გაეცა ამ კითხვებს პასუხი. ასევე იყო სურვილები გამოხატული როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ამერიკელების მხრიდან. ზოგადი შეფასების თვალსაზრისით, ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა.”

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზი იტყობინებოდა, მიღწევების აღიარების გარდა, 16 აპრილის შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა კონკრეტული მიმართულებებით გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯების საჭიროებაზეც, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევაზე.

გასულ კვირაში კიდევ ერთ საერთაშორისო დონის შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. 18-19 აპრილს ბრიუსელი მასპინძლობდა ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს და ეს პროცესი მნიშვნელოვან ფაზად განიხილებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩიკაგოს სამიტის წინ.
საქართველოს ინტერესს ჩიკაგოს სამიტის წინ წარმოადგენდა შეკითხვა - რას შეიძლება მოელოდეს იგი ნატოსგან ჩიკაგოში?

საქართველოს ინტერესს ჩიკაგოს სამიტის წინ წარმოადგენდა შეკითხვა - რას შეიძლება მოელოდეს იგი ნატოსგან ჩიკაგოში? ამ ინტერესს უკავშირდებოდა შეხვედრები, რომელთაც ბრიუსელში მართავდა საქართველოს დელეგაცია. შედეგად, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ აღნიშნა 19 აპრილს სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ კომენტარში, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის მიღწეულია კონსენსუსი საქართველოს საკითხის თაობაზე:

”არის კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უნდა იყოს დაფიქსირებული მკაფიო და არაორაზროვანი პროგრესი საქართველოს ინტეგრაციის კუთხით; აგრეთვე აუცილებლად იქნება საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის მოხსენიებული (საქართველო და სამი ბალკანური სახელმწიფო) და აუცილებლად იქნება საკმაოდ მკაფიო გზავნილი რუსეთის მიმართ - კიდევ ერთხელ იქნება რუსეთის მიმართ მოწოდება, რომ შეწყვიტოს არალეგალური სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და უკან გაიწვიოს თავის მიერვე მიღებული ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა.”

თუმცა ის, რაზეც თორნიკე გორდაძე ლაპარაკობდა, ნატოს წარმომადგენლების მხრიდან ოფიციალურად არავის გაუხმაურებია ბრიუსელში.

გასულ კვირაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში თავი მოიკლა დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა 41 წლის ტიმურ ხუტაბამ. ერთი დღით ადრე, 17 აპრილს, დაკავებისას, ასევე თავი მოიკლა თავდასხმაში ეჭვმიტანილმა აფხაზეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალმასბეი ქჩაჩმა. თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავის მოკვლა სცადა პროკურატურაში გამოძახებულმა გუდაუთის რაიონის მკვიდრმა მურთაზ საქანიამაც, თუმცა ყელის არეში მიყენებული დაზიანება სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კი ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაცია გაიმართა.

გასულ კვირაში თბილისში პარლამენტართა ეთიკის კოდექსზეც მსჯელობდნენ. კონფერენციაზე, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE ODIHR) ორგანიზებით მოეწყო, ითქვა, რომ საქართველოს პარლმენტარებმა 2004 წელს ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს, რომელიც მაშინ ეუთომ და ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” შეიმუშავა. თუმცა 2004 წელს მიღებული ეთიკის კოდექსი მხოლოდ იმ დეპუტატებზე ვრცელდებოდა, რომელთაც მასზე ხელი მოაწერეს, რადგან ის ნებაყოფლობითი აქტი იყო. ახლა კი მისი გააქტიურებაა საჭირო.

20 აპრილს ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმების პროექტი ”კარდაკარი” ამოქმედდა. ამომრჩეველთა სიების განახლებული ვერსია კომისიის ყველა რაიონულ ორგანიზაციას გადაეგზავნა, პრაქტიკული საველე სამუშაოები კი 24 აპრილიდან დაიწყება. სიების დაზუსტება „კარდაკარის“ მეთოდით განხორციელდება და სრულიად საქართველოს მოიცავს. საყოველთაო „კარდაკარს“ ორი თვის განმავლობაში საგანგებოდ შერჩეული და მომზადებული 11 100 რეგისტრატორი განახორციელებს.

შაბათს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა

შაბათს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს, თუმცა, როგორც ყრილობის თავმჯდომარემ არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, იგი, სავარაუდოდ, დროებით უხელმძღვანელებს პარტიას, სანამ საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდება და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობა შეეძლება. ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის დეკლარაცია წაიკითხა, რომელიც ასე დაამთავრა:

”პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაზე, მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, შიდა ეროვნული თანხმობის მიღწევასა და დამკვიდრებაზე, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს ღირსეული პარტნიორის ფუნქციის დაბრუნებაზე. ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება.”

შაბათსვე საქართველშო აშშ-ის უძრავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი ჩამოვიდა, რათა კვირას ბათუმში მისი სახელობის „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციაში მიიღოს მონაწილეობა. აქვე ვთქვათ, რომ ბათუმში დაგეგმილი 47 სართულიანი „ტრამპ თაუერის“ მფლობელი ”სილ როუდ გრუფია”. ის ტრამპის სახელს და სავაჭრო ნიშანს სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში იყენებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG