Accessibility links

გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური მოვლენა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება იყო - პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით 2014 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ასევე ისარგებლებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ის მოქალაქეები, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად საქართველოში ცხოვრობენ. უმრავლესობა არ მალავდა, რომ ეს ცვლილება ბიძინა ივანიშვილზე იყო მორგებული, თუმცა პირველი მოსმენიდან მეორე დღესვე გაირკვა, რომ ივანიშვილი საქართველოში მხოლოდ 2004 წლიდან ცხოვრობს. ასე რომ, პარლამენტის წინაშე ახლა ამ ხარვეზის გამოსწორების საკითხი დადგა.

პარლამენტის სესიაზე კვირის დასაწყისში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ქრისტიან-დემოკრატების ცნობილი ინიციატივა ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრებას ითვალისწინებდა. საბოლოო რედაქციაში სამი წელი ათამდე გაიზარდა და ახლა პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით 2014 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ასევე ისარგებლებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ის მოქალაქეები, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად საქართველოში ცხოვრობენ:

„ეს ნორმა ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრამდე, ეს ეხება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. ლაპარაკია ადამიანზე, რომელიც დაიბადა საქართველოში და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში. თქვენი შემოთავაზება იყო სამი წელი, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო შორს უნდა წავიდეთ.“

თუმცა ამ ამბის შემდეგ მალე გაირკვა, რომ, კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის პირველი მოსმენის შედეგების მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ვერც კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებს და ვერც ხმის მიცემას, იმ მარტივი მიზეზით, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისივე თქმით, საქართველოში 2004 წლიდან ცხოვრობს:

”მე 1956 წლიდან ვცხოვრობ საქართველოში. ისე, 2004 წლიდან ჩამოვედით და 2005 წლიდან გადასახადებს ვიხდი, როგორც მე მახსოვს, ზუსტად.”

უმრავლესობა მზადაა საკონსტიტუციო პროექტის მეორე მოსმენაზე კანონპროექტი იმგვარად შეცვალოს, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა საარჩევნო პროცესში ჩართვა შეძლოს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ანდრო ალავიძე ასეთ კომენტარს იძლევა:

”ჩვენ რამდენადაც ვიცით, ჩვენი ინფორმაციით, 2001 წლიდან ბიძინა ივანიშვილი უკვე საქართველოშია და მუდმივად ცხოვრობს. თუმცა, როგორც ახლა გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილს განუცხადებია, რომ იგი 2004 წლიდან არის საქართველოში. მე რამდენადაც მახსოვს, მშენებლობაც 2001-ში დაიწყო მთაწმინდაზე და ასე შემდეგ. მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს. თუ აცხადებს თვითონ, რომ 2004 წლიდან ცხოვრობს, კი, ბატონო, არ არის არანაირი პრობლემა. ეს პირველი მოსმენით განვიხილეთ ჩვენ. მეორე მოსმენაზე შეგვიძლია ზღვარის დაწევაზე ვისაუბროთ.”

ამ კვირაში, კოალიცია ”ქართული ოცნების” მიწვევით, საქართველოში „ლიბერალური ინტერნაციონალის“ წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფებოდა.
”ლიბერალური ინტერნაციონალის” 17 კაციან დელეგაციასთან შეხვედრაზე კოალიცია ”ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში არსებული ვითარება ძირითადად კონსტიტუციის, სასამართლოს, ადამიანის უფლებებისა და ბიზნესის მიხედვით შეაფასა:

”კონსტიტუცია აბსოლუტურად შეურაცხყოფილია და ერთი კაცის ინტერესებს ემსახურება. სასამართლო ქვეყანაში არ ფუნქციონირებს, ყოველდღიურად და ყველა დარგში ირღვევა ადამიანის უფლებები, სამართლიანობის განცდა აღარ არსებობს მოსახლეობაში, კონტროლირებადია ბიზნესი, თავისუფალი ბიზნესი პრაქტიკულად არ არსებობს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის უმუშევარი; ეკონომიკა და მისი უდიდესი ნაწილი, რაც საქართველოში იყო, სოფლის მეურნეობა, აბსოლუტურად გაკოტრებულია და მიწაზე დევს, ასე ვთქვათ, და ბანკროტია ქართველი გლეხიც კი. მოკლედ, ასეთია დღევანდელი სიტუაცია.“

შვედეთის პარლამენტის წევრის აბირ ალ საჰლანის აზრით, საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიულ სისტემაში ცხოვრებას იმსახურებს და შეუძლია კიდეც, რომ ამ სისტემის ჩამოყალიბება უზრუნველყოს. მისი შეფასებით, ამისათვის აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისათვის პირობების შექმნა, რათა მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მუქარისა და დაშინების გარეშე შეეძლოთ. აბირ ალ საჰლანის თანახმად, „ლიბერალური ინტერნაციონალი“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში ჩართვასაც გეგმავს:

”რათა ჩვენ საკუთარი თვალით ვნახოთ და საკუთარი ყურით გავიგონოთ როგორ ვითარდება საარჩევნო პროცესები და არსებობს თუ არა პოლიტიკური კონკურენციის პირობები. არჩევნები მარტო ბიულეტენების ჩაყრა არ არის, მთავარია წინასაარჩევნო პროცესი, ანუ ის, ეძლევათ თუ არა პოლიტიკურ აქტორებს თანაბარი პირობები.”

კამპანია ”ეს შენ გეხებაში" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში შეიტანეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი. ცვლილებები საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. ეს უკვე კამპანია ”ეს შენ გეხებას” მეორე ეტაპია. პირველად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ”ეს შენ გეხებას” გარშემო შეკრებილმა არასამთავრობოებმა 17 თებერვალს შეიტანეს. კამპანიის მეორე ეტაპზე ცვლილებების პაკეტს ხელი 35-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა.
საკანონმდებლი ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო რეგულაციები პარტიებს არჩევნებამდე 2 თვით ადრე კი არა, 5 თვით ადრე უნდა უწესდებოდეთ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ლაპარაკობს იმაზე, თუ რა უმთავრეს ცვლილებებს ითვალისწინებს მათი პროექტი:

”...რომ ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნეს დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი, რომლებიც საბოლოოდ გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე. გარდა ამისა, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემოზე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ მიიღოს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია.”

9 მაისს საქართველომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად 67-ედ აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რომელიც საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და, ტრადიციულად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღინიშნება. იქ შეკრებილი ვეტერანები წელსაც იღებდნენ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ, უბრალოდ, თბილისელებისგან მილოცვებს და 67 წლის წინანდელი ომის მძიმე დღეებს იხსენებდნენ.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ბათუმში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა:

”საქართველოს ძალიან ბევრმა მკვიდრმა გაწირა თავი მეორე მსოფლიო ომში, რომ ფაშიზმი დამარცხებულიყო. ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზე იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. დღევანდელი სიტუაციის ცინიზმი კი გამოიხატება იმაში, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ხალხების ტერიტორიაზე ისევ გაჩნდა ოკუპირებული ტერიტორიები და გაჩნდნენ იკუპანტები. ქვეყანა, რომელიც გამარჯვებული იყო ფაშიზმთან ბრძოლაში, თავად არის დღეს საერთაშორისო ტერმინოლოგიით აღწერილი, როგორც ოკუპანტი.”

რეგიონალურ მედიაში არსებულ პრობლემებსა და ჟურნალისტებზე გახშირებული ზეწოლის ფაქტებზე სასაუბროდ მოიყარეს თავი 11 მაისს თბილისში ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ”თბილისი მარიოტში” და დიპლომატიურ კორპუსს ქართულ მედიაში არსებული რთული ვითარება გააცნეს. რეგიონალური ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე შიშობს, რომ ზეწოლა რეგიონალური მედიის ჟურნალისტებსა და, ზოგადად, მედიაზე არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოიმატებს. სწორედ ამიტომ, 11 მაისის შეხვედრას კონკრეტული ადრესატი ჰყავდა - ხელისუფლება. მიწვეულები იყვნენ პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, თუმცა მათგან შეხვედრაზე არავინ გამოჩენილა. შესაბამისად, არ მოუსმენიათ დაზარალებული ჟურნალისტების ამბები თითქმის ყველა რეგიონიდან.
მედიაჯგუფ ”აჭარა PS”-ის ჟურნალისტი სულხან მესხიძე ძალოვნების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გახდა ქობულეთში ერთ-ერთი გადაღებისას, როდესაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა:

”ერთ-ერთი პოლიციელი მოქალაქეზე ძალადობდა, მე კი ამ ფაქტს ვიღებდი. ამ დროს მოვიდა ჩემთან სამოქალაქო ფორმაში მყოფი ქობულეთის პოლიციის უფროსი დავით ბეჟანიძე და ზურგში ჩამარტყა, რის შემდეგაც წონასწორობა დავკარგე და გადაღება ვეღარ შევძელი.”

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თვმჯდომარე თამარ კორძაია შენიშნავს, რომ ძალადობა, როგორც წესი, პრესისა და ინტერნეტგამოცემების ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება და, რაც მთავარია, ყველა ეს ფაქტი რჩება რეაგირების გარეშე. არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ჟურნალისტებზე ზეწოლის ან საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო არავინ დასჯილა.

ქალაქ ლაზიკას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შავი ზღვის პირას შენდება, სხვა ქალაქებისგან განსხვავებული, სპეციალური სტატუსი ექნება. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების თანახმად, ლაზიკის სამართლებრივი სტატუსი ორგანული კანონით განისაზღვრება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად უკვე შეიქმნა საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია.

საქართველოს პრეზიდენტის ჩანაფიქრით, შავი ზღვის პირას - ყულევსა და ანაკლიას შორის - ნახევარმილიონიანი ქალაქი ლაზიკა ათ წელიწადში უნდა აშენდეს, თუმცა ჯერჯერობით ინტენსიური მუშაობა ქაღალდზე, უფრო სწორად, კონსტიტუციის ფურცლებზე მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ლაზიკის განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს კონსტიტუციაში უნდა იყოს ასახული:

„განსაკუთრებული სტატუსი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ იქ განხორციელდება საქართველოს იურისდიქცია, მაგრამ მმართველობის განსაკუთრებული ფორმა იქნება, სამოქალაქო დავების განხილვის განსაკუთრებული იურისდიქცია იქნება იმისათვის, რომ ეს ადგილი გახდეს მიმზიდველი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები აზიაში, ცენტრალურ ამერიკაში და გადავწყვიტეთ ლაზიკას მივცეთ განსაკუთრებული საკონსტიტუციო სტატუსი.“

კვირის ბოლოს თბილისში, „დედაენის ბაღში“, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში ხეების მასობრივი ჩეხის წინნაღმდეგ. აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს თბილისის მერისადმი მიმართვას, რომლითაც ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების დაცვა მოითხოვეს.

შაბათს ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ემსხვერპლა თბილისში მომხდარ წყალდიდობას, რომელიც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მსხვერპლის შესახებ ცნობას ადასტურებს საგანგებო სიტუაციათა სამსახური. წვიმა დაახლოებით ღამის 10 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ადიდებულმა მტკვარმა ყველაზე დიდი ზარალი ორთაჭალას მიაყენა. როგორც იუწყებიან, მსხვერპლი წყალდიდობას სწორედ ამ უბანში მოჰყვა. იუწყებიან ასევე, რომ სულ ცოტა შვიდი ადამიანია მოთავსებული საავადმყოფოში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არის ცნობები წყალდიდობის შესახებ დუშეთის, ლაგოდეხის და ახმეტის რაიონებში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG