Accessibility links

logo-print

ქართული მხატვრობა "სოთბის" გამოფენა-გაყიდვაზე


მერაბ აბრამიშვილის ტილო "კუმაონის კაციჭამია"

მერაბ აბრამიშვილის ტილო "კუმაონის კაციჭამია"

ლონდონში „სოთბის“ სააუქციონო სახლმა საგანგებო გამოფენა- გაყიდვა მოაწყო მარტის პირველ ნახევარში, როცა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ძველი და ახალი თაობების წარმომადგენელთა ნამუშევრები შეკრიბეს. გამოფენა-გაყიდვაზე, სახელწოდებით „გზაჯვარედინზე“, 50-მდე მხატვრის ნამუშევრები იყო გამოფენილი. ჩვენ თებერვლის მიწურულს გიამბეთ ამ გამოფენაზე, სადაც ზოგიერთი მხატვარი გალერეების მიერ, ზოგიც ინდივიდუალურად იყო წარდგენილი. ლონდონში გამოფენილი იყო ქართველი მხატვრების - ირაკლი ფარჯიანის, თამარ კვესიტაძის, ალექსანდრე ბანძელაძის, ავთო ვარაზის, ჯიბსონ ხუნდაძის, ლევან ჭოღოშვილის, მერაბ აბრამიშვილის, კოკა რამიშვილისა და კოტე სულაბერიძის - ნამუშევრები. გამოფენა-გაყიდვის გახსნაზე ჩასული იყო ბაია წიქორიძე, თბილისის ერთ-ერთი გალერეის - „ბაიას“ - მფლობელი, რომლის კოლექციიდან სამი მხატვრის ტილოები იყო ლონდონში გამოფენილი.

ბაია წიქორიძე გამოფენის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და ამბობს, რომ იყო ძალიან კარგი ექსპოზიცია; ამასთან, განწყობა იყო სადღესასწაულო და მივიდა ძალიან ბევრი ხალხი - ოთხივე დარბაზი იყო სავსე; იყვნენ შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, დაინტერესებული პირები ლონდონის გალერეებიდან, რასაც ჩვენი თანამოსაუბრე იქიდან დაასკვნის, რომ სხვადასხვა გალერეაში სტუმრობისას ამ გამოფენა-გაყიდვის შესახებ თითქმის ყველგან ესმოდათ.

გამოფენა-გაყიდვის უშუალო ორგანიზატორია სუათ გარაევა, „სოთბის“ რუსული ხელოვნების განყოფილების თანამშრომელი, ამ გამოფენა-გაყიდვის კურატორი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვერ გვიმხელს ნამუშევრების გაყიდვასა და მათ ფასებთან დაკავშირებით, კმაყოფილია პროექტითა და მისი განვითარებით:

„მიზანს მივაღწიეთ. თავდაპირველადვე იდეა ორმხრივი იყო: ერთი ის, რომ ამ ხელოვნების ინდივიდუალობა, მისი ისტორია გვეჩვენებინა - როგორ ვითარდებოდა საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, როგორ გამოიარა „პერესტროიკის“ ხანა და მოაღწია დღევანდლამდე, როცა ეს ქვეყნები დამოუკიდებლები გახდნენ და მხატვრებმა დაიწყეს გამოსახვის საკუთარი ენის მიგნება; და მეორე ის, რომ ეს ხელოვნება წარგვედგინა კოლექციონერებისთვის ლონდონში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი არენაა, და არა მხოლოდ აქაური კოლექციონერებისთვის, არამედ მოგვეზიდა ამ ქვეყნების წარმომადგენლები, იქ ხელოვნების ბაზრის განვითარების მიზნით“.

ირაკლი ფარჯიანის "ჯვარცმა"

ირაკლი ფარჯიანის "ჯვარცმა"

მიზანს „სოთბიმ“ მიაღწია, მაგრამ რა ბედი ეწია გამოფენის მეორე ნაწილს, გაყიდვას, ამაზე ინფორმაციის მიღება ძნელია. გარაევამ დაგვიდასტურა აზერბაიჯანელი მხატვრის თაირ სალახოვის ტილოს - „დმიტრი შოსტაკოვიჩის პორტრეტის“ - გაყიდვა, რასაც თავიდანვე ბევრი ვარაუდობდა. ეს ნახატი ყველაზე ძვირად იყო შეფასებული გამოფენა-გაყიდვაზე. „სოთბის“ პრესსამსახურმა მოგვწერა, გამოფენის ორი მესამედი გაიყიდა, ძველ კლიენტებთან ერთად ნამუშევრები შეიძინეს ახალმა მყიდველებმაო. ბაია წიქორიძე განმარტავს, თუ რატომ არის ამდენი ქვეყნის მხატვართა გაერთიანება მართებული. ის ფიქრობს, რომ „სოთბისთვის“ ცალ-ცალკე ქვეყნებზე მუშაობა, თუ ეს ძალიან დიდი რეგიონი არ არის, გარკვეულ სირთულეებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ““სოთბის””, მაგალითად, მხოლოდ ქართველი მხატვრების დიდი გამოფენა რომ მოეწყო, ეს, საფიქრებელია, სულ სხვა მიზანს მოემსახურებოდა და შეიძლება სარისკოც კი ყოფილიყო, - ცხადია, სარისკო „სოთბისთვის“, - რადგან, როგორც ბაია წიქორიძე გვიხსნის, როცა სხვადასხვა ტიპის მხატვრობაა და ხელოვნება, იქ ერთი ქვეყანა თუ ვერ გაამართლებს, მეორე გაამართლებს. ეს - არამხოლოდ კონცეპტუალური თვალსაზრისით, პროექტმა ფინანსური თვალსაზრისითაც უნდა გაამართლოს.

გალერისტის აზრით, თითოეული ქვეყნიდან ათი მხატვრის არჩევა ძალიან რთული იყო. საქართველოში, მაგალითად, გამოფენა-გაყიდვისთვის ნამუშევრების შესარჩევად ჩამოსულ „სოთბის“ წარმომადგენლებს ვერავინ შესთავაზებდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ან ერთიან მონაცემთა ბაზის ნახვას, რადგან არც ერთი არსებობს და არც მეორე, არის მხოლოდ მხატვართა შესახებ სახელმწიფო ვებგვერდი და გალერეებს აქვთ ასევე თავიანთი ვებსაიტები. ასეთ პირობებში მასალის მოძებნ-ამორჩევა, რა თქმა უნდა, ძნელია. ისინი მომზადებულები ჩამოვიდნენ, მაგრამ დაამატეს, მაგალითად, კოტე სულაბერიძე, რომელიც წინასწარ მათთვის არ იყო ცნობილი - თბილისში ნახეს მისი ნამუშევრები. ბაია წიქორიძე ამბობს, ძალიან ბევრი კარგი მხატვარი ვერ მოხვდა ამ სიაში, რადგან მათზე არ ჰქონდათ ინფორმაცია და, თანაც, რაოდენობა განსაზღვრული იყოო. როგორც ითქვა, მხატვარ კოტე კოტე სულაბერიძე

კოტე სულაბერიძე

სულაბერიძეზე „სოთბის“ წარმომადგენლებმა საქართველოში ყოფნისას შეიტყვეს და იქვე შეუკვეთეს სურათი. თვითონ მხატვარი ამბობს, რომ მას 15-20 წუთიანი საუბრის შემდეგ შეუკვეთეს ამ გამოფენა-გაყიდვისთვის ნამუშევარი და ერთადერთი პირობა, რაც წაუყენეს, ნახატის ზომა იყო: ის არ უნდა ყოფილიყო ძალიან დიდი. მაგრამ რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც ის, რაზე ისაუბრეს მხატვარმა და „სოთბის“ წარმომადგენლებმა? კოტე სულაბერიძის თქმით, მათ ისაუბრეს თემაზე, რომელზეც ის 1985 წლიდან მუშაობს. ესაა, როგორც კოტე სულაბერიძე ამბობს, მისი „ფერადოვანი დარღვევა“. ის მუშაობს ადამიანის მიერ ფერის აღქმაზე და ამ თემაზე დაწერილი აქვს მეცნიერული შრომა (თვითონ ამბობს, ალბათ, ფსევდომეცნიერულიო), ასევე შესრულებული აქვს მხატვრული ნაწარმოები. თემამ სტუმრები დააინტერესა და ამიტომაც მიიღო მათგან დაკვეთა.

„სოთბის“ წარმომადგენლების სტუმრობამ თბილისში შედეგად მოიტანა იქ საქართველოს მხატვრების ნამუშევართა გამოფენა. ბაია წიქორიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელოვნების ბაზარზე მდგომარეობა შეიძლება გააუმჯობესოს ქართველ მხატვრებზე საერთაშორისო მოთხოვნამ, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება სტიმულიც მისცეს ჩვენს მხატვრობას.

ბაია წიქორიძეს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია და არც შეუძლია ყველაფერი გაამხილოს ნამუშევრების გაყიდვის თაობაზე. ის ამბობს, რომ საქართველოში მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. რაც ცნობილია, ისაა, რომ გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის ტილო „კუმაონის კაციჭამია“. ეს გალერისტს აცნობეს, მაგრამ ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მიუღია. ანუ გავრცელდა არასწორი ცნობა ამ ოპერაციის თაობაზე. სუათ გარაევამაც გვითხრა, რომ ფასებს და გაყიდვა-არგაყიდვის ცნობებს არ ავრცელებენ, რათა არ შეილახოს ცალკეული მხატვრის რეპუტაცია. რაც გვითხრა „სოთბის“ წარმომადგენელმა, ისაა, რომ ყველა ქართველ მხატვარზე იყო კარგი გამოხმაურება. კონკრეტულად ირაკლი ფარჯიანის ტილოზე „ჯვარცმა“ ასე ლაპარაკობს „სოთბის“ გამოფენა-გაყიდვის კურატორი:

„ამ ნამუშევარმა ინტერესი გამოიწვია. რელიგია ბევრს აინტერესებს. ეს თემა ვითარდებოდა 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანის დასაწყისის საქართველოს სოციალ-პოლიტიკურ რეალობასთან ერთად, მის პარალელურად. ამიტომ ეს ნამუშევარი განსაკუთრებულია: ის ამქვეყნიურობას მოწყვეტილია - მხატვარი თითქოს თავის სამყაროს ქმნიდა. ეს ნამუშევარი მთლიანად იმ პერიოდის საქართველოს მხატვრულ თვალსაზრისს გამოხატავს“.

გარაევა გვარწმუნებს, რომ გამოფენა მართლაც წარმატებული იყო და ის კარგი პლატფორმაა ამ ბაზრის განვითარებისთვის. ბოლოს, გარაევამ გვითხრა, ნამუშევრები არაერთ უცნობ მხატვარს გაეყიდა და ისინი ძალიან გახარებულები არიან, მათ უკვე შევატყობინეთ ამის შესახებო. კოტე სულაბერიძეს უთხრეს, რომ გამოფენაზე იყო მისით დაინტერესება. როგორც მას აცნობეს, ასეთი განაცხადი რამდენიმე იქნა გაკეთებული და ექვსი თვის განმავლობაში ამ თემაზე - გაყიდვაზე - იმუშავებენ და გამოაცხადებენ, რა გაიყიდა და რა ფასად. ბაია წიქორიძე გამოფენა-გაყიდვის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს - არა მხოლოდ ქართველი მხატვრების ნამუშევართა გაყიდვის, არამედ მათი პოპულარიზების თვალსაზრისით - და, ამასთანავე, იმ არაერთი პრობლემიდან, რომლებიც საქართველოში მხატვრებს და, ზოგადად, მხატვრობას ექმნება, ერთი-ორს ასახელებს. ნებისმიერი პოლიტიკური ვითარება - ასევე ეკონომიკური - პირდაპირ „ურტყამს“ მხატვრობას, ამბობს ის და უცხოეთის ქვეყნების მაგალითზე გვეუბნება, იქ ხელოვნებაში ინვესტირებული თანხის გამო ბიზნესს ათავისუფლებენ გადასახადებისგან, რაც საქართველოში საერთოდ არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს სახელმწიფო დოტაციებიო; კულტურის სამინისტროს დარგობრივი კომისიის სხდომაზე ვიყავი და ერთი წლის განმავლობაში 150 ათასი ლარია გამოყოფილი მთლიანად მხატვრობის დაფინანსებაზეო.
XS
SM
MD
LG