Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიუნტერ გრასის "დედალი ვირთაგვა"


ეს დღეები ვერაფრით მოვიფიქრე საახალწლოდ რაზე გამეკეთებინა გადაცემა, რამდენიმე წიგნი კი მქონდა გეგმაში, მაგრამ ვერაფრით შევუხამე საახალწლო განწყობას სპეციფიური ფილოლოგიური თემები, აბა ასეთ გაგანია დროსტარებაში ვის დააინტერესებდა შუასაუკუნების გრამატიკული ტექსტები, რიტორიკის თეორია და კომენტარული ჟანრის ტრადიციები, ვერც ურბანული კვლევები და ვერც ესპანური ლიტერატურის კლასიკოსის 20-იან წლებში დაწერილი რომანი... ამასობაში სამყაროს დასასრულის იდეამაც გაიელვა. მოგეხსენებათ, 21 დეკემბერს მთელი მსოფლიო რაღაცას ელოდა, ქართულ სოციალურ ქსელებში კი ისეთი კარიკატურული ფორმა მიიღო ყველაფერმა ამან, რასაც მოგვიანებით მიწისძვრებიც დაემთხვა, რომ ძალაუნებურად ესქატოლოგიური თემებიც რაღაც უცნაურად ამეკვიატა, მით უმეტეს, 31 დეკემბერი ახლოვდებოდა, რეალური ქართული სამყაროს დასასრულის დასაწყისი, როდესაც ყველა და ყველაფერი აღიგვება ხოლმე ქვეყანაში, თარიღი, როდესაც ერი კიდობანში იკეტება და ქეიფს იწყებს... მოკლედ, დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, გიუნტერ გრასის "დედალი ვირთაგვა" გადმოვიღე, რომელიც გასულ წელს გამოსცა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ", დავუკავშირდი წიგნის მთარგმნელს, ქალბატონ ნანა გოგოლაშვილს, მასთან საუბარიც ჩავწერე და გადავწყვიტე, პოსტმოდერნული ესქატოლოგიის ამ შესანიშნავ ნიმუშზე დამეწერა ორი სიტყვა.

ეს რომანი 1986 წელს გამოვიდა პირველად და გრასის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ამავე დროს ურთულეს წიგნად ითვლება. აქ ვერ ნახავთ ისეთ თხრობას, როგორსაც "თუნუქის დოლში", თუმცა მისი მთავარი გმირი დაგხვდებათ აქ, 60 წელს მიღწეული ოსკარ მაცერატი, ასევე გრასის მთავარი ქალაქი, დანციგი/გდანსკი და კიდევ ბევრი სხვა მოტივი, რომელთაც გრასის შედარებით ადრეული ნაწარმოებებიდან იცნობდით. ზოგიერთის აზრით, ეს წიგნი გრასის ერთგვარი შეჯამებაა, Summa, მერე რა, რომ ამის შემდეგ კიდევ არაერთი სქელტანიანი წიგნი დაწერა ავტორმა.

აქ ყველაფერია, მეზოზოური ერის სამყარო, სხვადასხვა პერიოდის კაცობრიობის ისტორია და კაცობრიობის შემდგომი სამყაროც, სადაც მხოლოდ ვირთაგვები ცხოვრობენ. მოდით, თავად მთარგმნელს მოვუსმინოთ, რომელიც შეეცადა რომანის მთავარი გმირის, დედალი ვირთაგვას არსებობა აეხსნა ჩვენთვის:

"სათაურში გამოტანილი აქვს დედალი ვირთაგვა. რატომ გავაკეთე მე დედალი ვირთაგვა და არა ვირთაგვა. უბრალოდ, გერმანულში არ არსებობს სიტყვა დედალი ვირთაგვა. არის Die Ratte, რომელიც დედალსაც ნიშნავს და მამალსაც, უბრალოდ მდედრობითი სქესის არტიკლი უძღვის წინ. სიტყვათშემოქმედების წყალობით გრასმა გააკეთა ასეთი ვარიანტი - Die Rattin, ანუ დედალი ვირთაგვა და არა ზოგადად, ვირთაგვა. მაგრამ, თავად ნაწარმოები კომპოზიციურად ისე საინტერესოდ არის აგებული, რომ ამ დედალ ვირთაგვას თვითონ გამოყოფს თავის თავთან სასაუბროდ. ეს არ არის ნაწარმოებში მოქმედი პირი, ანუ ის ცოცხალი ვირთაგვა, რომელზედაც ოცნებობდა და მიიღო საახალწლოდ... ის ცალკე არის, იმასთან ცალკე ურთიერთობა აქვს, როგორც ჩვეულებრივ მატერიალურ სამყაროსთან და ეს დედალი ვირთაგვა კი მისი სულიერების რაღაცნაირად განმახორციელებელია."

სხვათა შორის, გიუნტერ გრასის პროზა ძალიან ზოომორფულია. გაიხსენეთ მისი სათაურები და რომანების მთავარი გმირები: "კამბალა", "ლოკოკინას დღიურებიდან", "ძაღლური წლები", "კატათაგვობანა". 1991 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში, სწორედ ეს რომანები ჩამოუთვალა ჟურნალისტმა გრასს და მიზეზიც ჰკითხა, თუ რატომ ანიჭებდა ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ცხოველებს, რაზეც გრასმა უპასუხა, რომ ყელში ამოუვიდა ადამიანებზე ამდენი ლაპარაკი, რომ ჩვენ, ადამიანები, ძალიან ბევრს ვსაუბრობს ადამიანურ არსებობაზე და გვავიწყდება, რომ არსებობენ ცხოველებიც, ფრინველებიც, თევზები და მწერები. ისინი ჩვენამდეც იყვნენ და ალბათ ჩვენს მერეც იარსებებებენ, ამბობს მწერალი და ბოლოში ძალზე კრიტიკულად აფასებს ცნობილ ბიბლიურ მოდელს, რომლის თანახმადაც ადამიანებს უნდა "ემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები, შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“. ალბათ ამიტომაცაა, რომ ამ რომანში გრასის აპოკალიპტური ხილვების პროტაგონისტი დედალი ვირთაგვა ადამიანთა მოდგმის გადარჩენის საქმეს მთლიანად ვირთხებს აკისრებს. ვირთხებზე კიდევ დიდხანს შეიძლება საუბარი, წიგნში ენციკლოპედიური და პოეტური, პუბლიცისტური თუ აპოკალიპტური, ყველაფერი ერთად იყრის თავს და დედალი ვირთაგვას ამომწურავ სურათს გვაძლევს.

მთარგმნელს, ნანა გოგოლაშვილს, თარგმანის სირთულეებზეც ვკითხე. "ეს ძალიან რთული იყო,“ მომიგო მან, „მაგალითად, ბმულობა. აი სიუჟეტი ხომ გადადის ერთიდან მეორეზე და ეს უნდა დაიჭიროს მთარგმნელმა, ეს ბმულობა, კოჰერენტს რასაც ეძახიან, კოჰერენციას... და ძალიან რთულია, რომ მიაბა ერთი თავი მეორეს და რაღაცნაირად დაიჭირო ის დედალი ვირთაგვა, ის ცალკე ვირთაგვა და ის თანმხლები გარემოებები. რთული იყო ნამდვილად. სინტაქსი აქვს ძალიან რთული და სინტაქსით საერთოდ თომას მანსაც ადარებენ, მას ხომ აქვს მთელი გვერდები, რომელზეც ერთი წინადადება გრძელდება და მაგ მხრივ ძალიან რთული იყო. მაგრამ სიტყვათშემოქმედების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ, რომ თვითონ ქმნის ახალ სიტყვებს და გერმანულისთვის დიდი სიახლეა ხოლმე. ლექსიკონში ვერ იპოვით ამ სიტყვებს, რამდენიც არ უნდა ეძებოთ, არამედ თავად უნდა შექმნათ მისი შესატყვისი, შენს თავში, აზროვნებაში, ონტოლოგიურად უნდა დააკავშირო რაღაცასთან".

სხვათა შორის, ამას თავად გრასი უწყობდა ხელს მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე, იგი გამუდმებით ამხნევებდა მთარგმნელებს, უბიძგებდა, ახალი სიტყვები შეექმნათ, ყოფილიყვნენ უფრო გაბედულები. ეგ კი არა, იგი მუდამ ზრუნავდა იმაზე, რომ მისი ყველაზე ცნობილი წიგნების არაერთი თარგმანი არსებულიყო, განსხვავებული ინტერპრეტაციები, განსხვავებული ხედვები. მან იმდენს მიაღწია, რომ 2005 წელს ლამის ყველა მთარგმნელს მოუყარა თავი დანციგში, "თუნუქის დოლის" უკვე კლასიკად ქცეული ინგლისური, ფრანგული თუ ესპანური თარგმანების ავტორებს და ცნობილი რომანის განახლებაზე და ხელახლა წაკითხვაზე ესაუბრა. როგორც ამბობენ, გრასი ქალაქშიც დაატარებდა მთარგმნელებს და ქალაქისასაც ეუბნებოდა და თავის ამბავსაც უყვებოდა.

ბოლოს გრასის ერთი მოკლე ეკოცენტრული სენტენციით მინდა დავამთავრო, რომელიც, მის "დედალ ვირთაგვაში", ერთ ლექსში გვხვდება. მართალია კონტექსტიდან ამოგლეჯილს გთავაზობთ ამ სიტყვებს, მაგრამ მისი ძალა ფრაგმენტულობაშიც იგრძნობა: "ტყეებთან ერთად ზღაპრებიც კვდება".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG