Accessibility links

logo-print
მახსოვს, პირველად რომ წავიკითხე მაკა ლდოკონენის მოთხრობები, ტექსტის ქვემოთ მთარგმნელის გვარს დავუწყე ძებნა. იმის მიუხედავად, რომ სიუჟეტი მეტისმეტად ქართული მომეჩვენა და პერსონაჟებიც ძალიან მეცნო, ვიფიქრე, დიდ მწერლობას საზღვრები არა აქვს-მეთქი და ფინელიც ისევე შეიძლება ახლობელი იყოს შენთვის, როგორც საქართველოს რომელიმე პროვინციაში მცხოვრები ადამიანი. მერე გამოირკვა, რომ მაკა ლდოკონენი ორი კულტურის - სკანდინავიური და ქართული კულტურების - შვილია და ეს ძალიანაც ეამაყება. ჩვენთან ამ თემაზე საუბრისას მაკამ განაცხადა:

"უფრო გამოყოლილი მაქვს ჩრდილოური გენი, მაგრამ ვერ ვგრძნობ, მართალი რომ გითხრა, და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დიდი წინაპარი დაიძრა სამხრეთისკენ და წამოვიდა, იმიტომ რომ ჩემში აღმოსავლური უფრო მეტია, ვიდრე სკანდინავიური, თუმცა, რა თქმა უნდა, მომწონს ჩემი გვარი და ის საინტერესო ამბავი, რომელიც უკავშირდება ჩემი ბაბუის ჩამოსვლას საქართველოში სპეციალურად იმისათვის, რომ ქართველი შავთმიანი, შავთვალება ქალი შეერთო ცოლად. ჩამოვიდა, ქართული ენაც ისწავლა და პირველი ადამიანი იყო, ვინც - მართალია, აქცენტით, მაგრამ მაინც - "ვეფხისტაყაოსანი“ წამიკითხა. ღვინის დაწურვაც ისწავლა და მამაჩემზე ამბობდა, რომ Он красивый как Шота Руставели, ანუ შოთა რუსთაველი მისთვის იყო იდეალური“.

წიგნის კითხვისას თქვენ გახდებით მწერლის ფიქრისა და განცდების, მისი თავშეკავებული იუმორისა და სტრიქონებში ჩაყურსული ნაზი, ფრთხილი სევდის თანაზიარი, რომელშიც ის ისეთი მზრუნველობით ხვევს თავის პრესონაჟებს, რომ მოფერება, თავზე ხელის გადასმა მოგინდება მათთვის...
დღეს უკვე ძნელია იმის თქმა, ფინელი ბაბუის მიერ ქართულად წაკითხული ,,ვეფხისტყაოსნის“ დამსახურებაა თუ დედის ხაზით ქართველი წინაპრებისა, მაგრამ ფაქტია, რომ მაკა ლდოკონენის მოთხრობებს, უპირველესად, არაჩვეულებრივი ქართული გამოარჩევს.

თანამედროვე მწერლობის უმნიშვნელოვანესი ნაკლი სწორედ ლექსიკის გაღარიბება, გაუბრალოება, ერთ ინტონაციაში გამოკეტვა მგონია და ამ ფონზე სასიხარულოა, რომ მაკას მოთხრობები მრავალხმრივი ენობრივი და სტილური ძიებებით არის აღბეჭდილი. აქ ქართული სალიტერატურო ენისა თუ კუთხური კილოკავის იმდენი პლასტია გამოყენებული, ისე ოსტატურად გადადის სამეტყველო ენა სალიტერატურო ენის სხვადასხვა რეგისტრში, რომ ლდოკონენის პროზა ამ მხრივ დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ამის გამოც იყო, რომ თავის დროზე, როცა მისი პირველი წიგნი, "ქიშმიშიანი ამბები“ გამოიცა, ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მაკა ლდოკონენის წიგნმა "საბას“ პრემია მიიღო დებიუტის ნომინაციაში.

სულ ახლახან კი გამომცემლობა "საუნჯეში“ მისი მოთხრობების მეორე კრებული, "ლიტერატურული პროექტიც“ დაისტამბა, რომელმაც 13 ახალი მოთხრობა გააერთიანა. ამ მოთხრობების დიდი ნაწილი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსისათვის შექმნილი ტექსტებია. ამიტომაც მე პირადად თუკი აქამდე მსგავსი ტიპის კონკურსებს ოდნავ სკეპტიკურად ვუყურებდი, დავრწმუნდი, რამხელა სტიმულის მიცემა შეუძლია მათ ზოგადად სალიტერატურო პროცესების განვითარებისათვის. ყოველ შემთხვევაში, მაკა ლდოკონენის "ლიტერატურული პროექტის“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აქ არც ერთი ტექსტი არ ტოვებს ნაჩქარეობის, ნაუცბათევობის განცდას. პირიქით, თითოეულ ფრაზაზე ისე ფილიგრინულად არის ნამუშევარი, რომ ხანდახან საშიშროება ჩნდება, მწერალი მეორე უკიდურესობამ, უაღრესად ჩამოქნილმა გადაპრანჭულობამ არ გადასძალოს.

თუმცა ამ საშიშროებასაც იგი ხალასი იუმორითა და არაჩვეულებრივად ცოცხალი ხასიათების გამოძერწვის ნიჭით თავიდან ირიდებს. მხოლოდ ალაგ-ალაგ ჟონავს წიგნში გაუმართლებელი, უფრო სწორად, მხატვრულად არამოტივირებული სანტმენტალიზმი, რომელიც, მთლიანობაში, მაინც არ არის ისეთი მკვეთრი, რომ წიგნის საერთო განწყობილებასა და მდინარებას რამე დაუშავოს.

წიგნის რედაქტორი, მწერალი ინა არჩუაშვილი, "ლიტერატურული პროექტის“ წინათქმაში აღნიშნავს:

"წიგნის კითხვისას თქვენ გახდებით მწერლის ფიქრისა და განცდების, მისი თავშეკავებული იუმორისა და სტრიქონებში ჩაყურსული ნაზი, ფრთხილი სევდის თანაზიარი, რომელშიც ის ისეთი მზრუნველობით ხვევს თავის პრესონაჟებს, რომ მოფერება, თავზე ხელის გადასმა მოგინდება მათთვის. საერთოდაც, მე მაკასთან სწორედ ეს სიფრთხილე თუ ზომიერება მომწონს - თუ გნებავთ, ერთგვარი დისტანციურობა თხრობისას, გარკვეული საზღვრის, მიჯნის დაცვა და სათქმელის ისე მიტანა მკითხველამდე, რომ ის არ ააფორიაქოს, არ გადაღალოს“.
იგი არაფერში და არასოდეს მკითხველს არ ტოვებს მხოლოდ ტექსტისა და ფურცლის ამარა და, ასე ვთქვათ, წიგნს, როგორც ესთეტიკის საგანს, როგორც ნივთსაც უქმნის...

მწერალმა მარიამ წიკლაურმა კი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მაკა ლდოკონენის წიგნის შესახებ თქვა:

"ძალიან პატარა ფორმაში შეუძლია მაკას, ძალიან მცირე ფორმით, იმხელა ადამიანური ტრაგიზმის, ტკივილის, განცდის, დროის დიდი მონაკვეთისა და მასთან (ამ დროსთან) თანამდევი განცდების ასახვა, რომ ეს მართლაც ძალიან შესაშური არის ნებისმიერი მწერლისათვის, რომ ასეთი ძალიან მცირე საშუალებებით რაღაც დიდზე ისაუბრო“.

უნდა აღინიშნოს, რომ "ლიტერატურული პროექტი“ არა მხოლოდ მოთხრობების მაღალმხატვრულობით, არამედ ორიგინალური დიზაინითა და კონცეფიციითაც გამოირჩევა. ეს კონცეფცია და დიზაინიც თვითონ მაკა ლდოკონენს ეკუთვნის. მარიამ წიკლაურმა ამის თაობაზე თქვა:

"იგი არაფერში და არასოდეს მკითხველს არ ტოვებს მხოლოდ ტექსტისა და ფურცლის ამარა და, ასე ვთქვათ, წიგნს, როგორც ესთეტიკის საგანს, როგორც ნივთსაც უქმნის“.

სხვათა შორის, სანამ მოთხრობებს წაიკითხავდეს, მკითხველი შესაძლოა დააეჭვოს ამ გადაჭარბებულმა ესთეტიზმმა - ეს ეგონოს სატყუარა, რომლის ხარჯზეც მწერალი მხატვრული ღირებულებების ჩანაცვლებას და მკითხველის ასე მიზიდვას ლამობდეს.

მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. კრებულის პირველივე მოთხრობიდან თვალს ვეღარ მოსწყვეტთ მაკა ლდოკონენის ტექსტებს და, საბოლოოდ, ხვდებით, რომ წიგნის ფორმა მისი შინაარსის ადეკვატურია და ეს ორივე ელემენტი ერთმანეთს მხოლოდ ავსებს და ალამაზებს. მაკას პერსონაჟების ხატვის საოცარი უნარი აქვს. ხშირად რამდენიმე ფრაზით ისეთ განუმეორებელ პორტრეტს გვაწვდის, რომ შეუძლებელია, ერთხელ რომ წაიკითხავ, მერე ეს ტიპაჟები ოდესმე დაგავიწყდეს. მაგალითად:

მაკა ლდოკონენი

მაკა ლდოკონენი

"ამბობენ, ბაგის მდუმარება ურისხველობის დასაწყისიაო. აბადია, მართალია, მრავლისმეტყველი არ იყო, თუმცა კეთილგონიერ სიმშვიდესაც ვერ დააბრალებდი - მის კოკაში წყალი კი არ იდგა, საგოზავით კავდებოდა. ოჯახი სავსე ჰქონდა, ქმარ-შვილი მოსიყვარულე ჰყავდა. გონიერი ქალი მის ადგილას თითქოს მშვიდად და უდარდელად უნდა მჯდარიყო თავს წამომდგარი სიბერის ჩრდილში, მაგრამ ის უმეტესწილად წარბშეყრილი დაიარებოდა. თუ ისეთი თანამიმდევრობითა და წესრიგით არ კეთდებოდა საქმე, როგორადაც თავად დასახავდა და მოიწონებდა, წყობიდან გამოდიოდა. განსაკუთრებით ქალებს არ სწყალობდა: მათ შეცდომებს სიბრიყვეს მიაწერდა, მათი არხეინობა და ზერელობა აღაშფოთებდა. ამოიჩემებდა ვინმეს უკადრისი პასუხის ან საქციელის გამო და მოჰყვებოდა გულში მის განკითხვას. უშვერი სიტყვებით შემკობასაც არ მოერიდებოდა. გონებაში გამართულ კამათში ზოგჯერ ისე გაფიცხდებოდა, ხელში მოხვედრილ ნივთებს აქეთ-იქით ისროდა, კედელს მიათხლიშავდა, კარს გაიჯახუნებდა, ავეჯსა თუ კედლებს წიხლსა და მუჯლუგუნს უთავაზებდა - ისეთ ბრაგაბრუგს ატეხდა, სახელგანთქმულ ხუროებს გადაასწრებდა. ბრაზს რომ კარგად გამოღეჭავდა, ჩაშოშმინდებოდა - თავისით, ხმის ამოუღებლად“.

კრებულის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობიდან - "ბიშეს ბალიშებიდან“ - მოხმობილი ეს ვრცელი ფრაგმენტი კარგად ასახავს მაკა ლდოკონენის პროზის ბევრ თავისებურებას. ახალგაზრდა მწერალს რიტმის რეგულირების შესაშური უნარი აქვს, რაც დიდი პროზის აუცილებელი წინაპირობაა. ლექსიკის სიმდიდრესაც აქვე შეამჩნევდით, იუმორსაც და უბოროტო ირონიასაც. გარდა ამისა, რამაც მომხიბლა მის პროზაში, არის ის, რომ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად განათლებული ადამიანის ნაწერია. მაკა ლდოკონენი ძალიან კარგად ერკვევა იმ საკითხებში, რაზეც მისი მეტრომშენებელი, ფიზიკოსი, ასტრონომი, მათემატიკოსი თუ სხვა პროფესიის პერსონაჟები საუბრობენ. ოღონდ ეს ცოდნა განყენებული და გამაღიზიანებელი მსჯელობის სახით კი არ შემოაქვს მოთხრობებში, პირიქით, ძალდაუტანებლად ეწერება ამა თუ იმ პერსონაჟის მეტყველებასა და რემარკებში. ეს სიღრმე მაკა ლდოკონენს ნამდვილად განასხვავებს თავისი თანამედროვე ბევრი ქართველი მწერლისაგან, თორემ ისე, ნუ დაუწყებთ ძებნას ამ მოთხრობების ქვემოთ მთარგმნელის სახელს: მაკა ლდოკონენი ქართველი მწერალია!
XS
SM
MD
LG