Accessibility links

logo-print
საქართველოს ხელისუფლება, რომელიც სამხედრო მშენებლობაში უწყვეტ პროგრესზე საუბრობს, ჯერჯერობით გაჭირვებით ახერხებს ჯარის ხარისხიანი პროდუქტით გამოკვებას. ერთი თვის წინ, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 11 სამხედრო მოსამსახურე საკვებით მოიწამლა, თავდაცვის მინისტრი დამნაშავეებს "თავების დაგორებით" დაემუქრა.
ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანია უკვე აღარ დამუქრებია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა შეცდომებზე გაუთავებელი აპელირება დღემდე ძალიან უყვართ ახალი ხელისუფლების ლიდერებს. ეს აშკარად კონტრპროდუქტიული იქნებოდა, რადგან პრობლემის მოგვარებას, რაც ქართული ჯარის ხარისხიანი საკვები პროდუქტებითა და მრავალფეროვანი რაციონით უზრუნველყოფას გულისხმობს, თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა პირად შემადგენლობას ჯერ კიდევ ახალი წლის დასაწყისში დაჰპირდა.

უცნაური კომპანია სახელად "ქართული კვება"

„იგეგმება ხარისხის გაუმჯობესება სხვადასხვა პროდუქციისათვის. მაგალითად, ჯარის მენიუში მეორე კატეგორიის საქონლის ხორცს შეცვლის პირველი კატეგორიის ხორცი, რომლის გემოვნური და ხარისხობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია,“ - განაცხადა გასული წლის ბოლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ქართული კვების კომპანიის“ ხელმძღვანელმა ნინო გორგაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ ჯარისკაცების კვების გაუმჯობესება და პირველი კატეგორიის ხორცეულზე გადაყვანა სწორედ ამ უცნაური სახელწოდების მოიჯარე კომპანიას დაავალა. ამ უკანასკნელმა კი ამოცანის შესასრულებლად, ფასების კოტირების მეთოდის გამოყენებით, საჯარო შესყიდვის დაწყებაზე ტენდერი გამოაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო ტენდერის წარმატებაში და, მეტიც, მოელოდა, რომ ტენდერში გამარჯვებული ფირმები „ხარისხის ზრდასთან ერთად ფასებს შეამცირებდნენ“.

თუ როგორ უნდა მომხდარიყო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ხარისხის ზრდასთან ერთად ფასების შემცირება, ეს დღემდე გამოცანად რჩება. მაგრამ ამ უცნაურმა ტენდერმა მიზანს რომ ვერ მიაღწია, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ სკანდალის მიხედვით, რომელიც ივნისის დასაწყისში ჯარისკაცების სწორედ საკვები პროდუქტით მოწამვლის ფაქტს მოჰყვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაში ივნისის დასაწყისში მომხდარ ამ უსიამოვნო ფაქტზე საპარლამენტო უმცირესობის - „ნაციონალური მოძრაობის“ - წევრმა გივი თარგამაძემ პრესკონფერენცია მოიწვია და 11 სამხედრო მოსამსახურის მოწამვლის მიზეზად კვების პროდუქტების შესყიდვაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის მიკერძოებულად ჩატარება დაასახელა:

„ოთხივე ლოტში არის გამარჯვებული სამად სამი ფირმა. აქედან ერთ-ერთი, რომელსაც ყველაზე მსხვილი ლოტი აქვს მოგებული 19 მილიონიან და 39 მილიონიან (ლარში.- რედ.) კვების ტენდერში, -კიდევ ერთხელ მინდა ამას ხაზი გავუსვა, - ამ ფირმის სახელწოდება არის შპს „ელექტრომონტაჟსერვისი“. აქედან გამომდინარე, თუკი ენერგეტიკოსები აჭმევენ ქართულ ჯარს, ასეთი მოწამვლის ფაქტი კიდევ უფრო სავარაუდო იქნებოდა იმთავითვე“.
გივი თარგამაძეს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში, „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ჰეგემონიის დროს, 5 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ახალი უმრავლესობის წარმომადგენლებმა ამ კომენტარის გამო მინისტრ ირაკლი ალასანიასადმი „პირად ზიზღში“ დასდეს ბრალი და კიდევ ერთხელ შეახსენეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობა.

თავდაცვის მინისტრის იდიომატური მუქარა

თუმცა თავად ირაკლია ალასანიას ჯარისკაცების მოწამვლასთან დაკავშირებით „სამ დურაკის“ პრინციპით თავის მართლება არ უცდია. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 12 ივნისის გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობის დროს თავდაცვის მინისტრმა მკაცრად ილაპარაკა ჯარის საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის საქმეში გამოვლენილ ხარვეზებზე და მისთვის საერთოდ არადამახასიათებელი მეტად საშიში იდიომატური გამოთქმა იხმარა:

„როგორც კი დასრულდება გამოძიება და დადგინდება დამნაშავეები, თუკი გამოიკვეთა დანაშაული, აუცილებლად ჩემ მიერ იქნება უმკაცრესი ზომები მიღებული და თავები დაგორდება, თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, თუ რა პასუხისმგებლობაა, როცა შენ გაბარია ჯარის კვება და ჯარის მომსახურება“.

თავდაცვის მინისტრის ამ მკაცრი განცხადებიდან თვეზე მეტი გავიდა და ჯერჯერობით არავის „თავი არ დაგორებულა“ - ყველა, ვისაც არმიის „კვება და მომსახურება ებარა“, თავის ადგილზეა. შეიცვალა მხოლოდ უცნაური სახელწოდების სამხედრო-სამოქალაქო სტრუქტურის - „ქართული კვების კომპანიის“ -მენეჯმენტი. კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი როგავამ 13 აგვისტოს ჟურნალისტებს ახალი მმართველობა და ახალი სტრატეგიის მონახაზი გააცნო და იქვე, როგორც ეს ახალ უფროსობას სჩვევია, ხაზი გაუსვა იმას, რომ, მართალია, ბევრი პრობლემა დახვდათ, მაგრამ უკვე შეისწავლეს ისინი და დაწყებულია მათი მოგვარება:

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ივლისის თვეში კომპანიაში მოხდა მენეჯმენტის ცვლილება გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით და ახალი მენეჯმენტის პრიორიტეტია კვების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნით მოხდა კომპანიაში ახალი 25 ეკონომიკური ტენდერის გამოცხადება სხვადასხვა საკვების პროდუქტის შესყიდვაზე, ასევე გადაიხედა თითოეული თანამშრომლის საქმე ინდივიდუალურად და მოემატათ ხელფასები 25 %-ით მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით. ასევე ვაპირებთ მათ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც პირდაპირპროპორციული იქნება საკვები პროდუქციის ხარისხიან წარმოებასთან“.

მოკლედ, თუკი 11 ჯარისკაცის საკვები პროდუქტით მოწამვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მოკლედ აღვწერთ, ასეთი სურათი იქმნება: თავების დაგორების - ანუ ვინმეს მკაცრად დასჯის - ნაცვლად, სამინისტრო წახალისების გზით წავიდა. შეიცვალა მხოლოდ ჯარის მომარაგებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის - „ქართული კვების კომპანიის“ - ხელმძღვანელობა. სხვა თანამშრომლებს ჯერ მოემატათ ხელფასები და მხოლოდ შემდეგ დაიწყო მათი ტრენინგი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რაც, როგორც სამინისტროში ვარაუდობენ, პირდაპირპროპორციულად გაზრდის პროდუქციის ხარისხიან წარმოებას.

პრობლემების მოგვარების აი, ასეთი ფორმულა მოძებნა „ქართული კვების“ კომპანიამ, რომელიც ჯერ კიდევ ახალ წელს ჰპირდებოდა ჯარს მაღალი „გემოვნური და ხარისხობრივი მაჩვენებლების“ მქონე პროდუქტებით უზრუნველყოფას. მართალია, მოლოდინი არ გამართლდა, მაგრამ სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ ამ სტრუქტურის საერთოდ გაუქმებას ან სამინისტროს კედლებს გარეთ მის გატანას, ბოლოს, მაინც ამჯობინა დაეტოვებინა „ქართული კვების კომპანია“ და მიეცა მისთვის კიდევ ერთი შანსი სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი მცირერიცხოვანი ქართული ჯარის ერთხელ და სამუდამოდ ხარისხიანი პროდუქტით უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG