Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სამხედრო დანახარჯებს ყოველწლიურად ზრდის


სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა (SIPRI) 15 აპრილს 2012 წელს სამხედრო დანახარჯების მხრივ მსოფლიოში გამოვლენილი ტენდენციების თაობაზე ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. იგი თითქმის იმეორებს სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მიერ ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულ ტენდენციებს. თვალშისაცემი განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ, სტოკჰოლმის ჯგუფის ხელთ არსებული ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს რუსეთმა 16 %-ით გაზარდა სამხედრო დანახარჯები და ამ მხრივ წამყვანი ქვეყნების რეიტინგის მესამე ადგილზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი.

არადემოკრატიულ და არაპროგნოზირებად სახელმწიფოს სამხედრო ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ამბიციებიც ეზრდება, თუმცა 90 მილიარდი იქნება რუსეთის წლიური სამხედრო ბიუჯეტი თუ ამის ნახევარი, საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. აგრესიული მეზობელი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპაცია დააკანონა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, სამხედრო თვალსაზრისით არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე სახელმწიფოზე ბევრად ძლიერია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკური ამოცანები სამხედრო გზით გადაჭრას. შესაბამისად, 2012 წელს მოსკოვის მიერ სამხედრო დანახარჯების 16 %-ით გაზრდა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის პირდაპირი საფრთხის წყაროდ არ მიაჩნია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ნოდარ ხარშილაძეს:

„რუსეთის ბიუჯეტის ზრდა, რა თქმა უნდა, უბიძგებს მას იმისაკენ, რომ [მოსკოვი] კიდევ უფრო გაზრდის სამხედრო შეიარაღებას და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ამბიციებიც გაეზრდება. თუმცა მე ამას პირდაპირი მნიშვნელობით კავკასიის რეგიონს არ დავუკავშირებდი, რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთს ისედაც საკმარისი საშუალებები გააჩნია, რომ თუ მან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, სამხედრო კუთხით აღასრულოს ის, იმიტომ რომ, ბოლო ოთხი წლის ტენდენციით, რუსეთმა ისედაც სერიოზულად გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი. საქართველოსთან ომის შემდეგ სერიოზული ანალიზი გააკეთეს. ახლა, რამდენად გაკეთდა ეს ყველაფერი და რამდენად ქაღალდზე დარჩა, ეს სხვა თემაა, მაგრამ მათი მხრიდან ბიუჯეტის სერიოზულ მატებას ადგილი ადრეც ჰქონდა“.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიერ შესწავლილი ტენდენციების თანახმად, 2012 წელს სამხედრო დანახარჯებმა მსოფლიოში ძალიან უმნიშვნელოდ - 2,5 %-ით -იკლო.


რუსულ-ჩინური ტანდემი და აშშ-ის უპირატესობა

თუმცა ეს კლება შესაძლოა უფრო საგრძნობი ყოფილიყო, რომ, ყველაზე უფრო დიდი სამხედრობიუჯეტიანი აშშ-ისგან განსხვავებით, რომელმაც გასულ წელს 6 %-ით შეამცირა სამხედრო დანახარჯები, რუსეთსა და ჩინეთს საპირისპირო გადაწყვეტილება არ მიეღოთ. ჩინეთმა, რომელიც სამხედრო დანახარჯების ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 2012 წელს, 7,8 %-ით გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი, რუსეთმა კი, როგორც ზემოთ ითქვა, მთელი 16 %-ით და რეიტინგში მესამე ადგილზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ სამხედრო დანახარჯების ზრდა პირდაპირ გამომდინარეობს ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარების 2011-2020 წლების სახელმწიფო გეგმიდან, რომლის რეფორმირება უნდა ჩაუტარდეს შეიარაღებულ ძალებს და ახალი მოდელებით შეცვალოს მოძველებული სამხედრო ტექნიკის 70 %.

„რუსეთში გასულ წელს მკვეთრად - 2-3-ჯერ - გაეზარდათ ანაზღაურება სამხედრო მოსამსახურეებს, რაც სამართლიანია. ახლა ოფიცრის საშუალო ხელფასი რუსეთში თვეში 2000 დოლარზე მეტია. ეს ნიშნავს, რომ მატერიალური მდგომარეობით რუსი სამხედროები უახლოვდებიან თავიანთ კოლეგებს ევროპაში. ამას გარდა, რუსეთში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არმიის გადაიარაღების შესახებ. აქ არის პრობლემა და ვვარაუდობ, რომ ეს ფული წყალში გადაიყრება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2020 წლამდე რუსეთის არმიისათვის გადაიარაღების პროგრამაზე 23 ტრილიონი რუბლის გამოყოფაა განზრახული, რაც ასევე ზრდის სამხედრო ბიუჯეტს“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში რუსმა სამხედრო მიმომხილველმა ალექსანდრ გოლცმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიერ სამხედრო დანახარჯების ზრდა არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს მისი ახლო მეზობლებისათვის.


საქართველოს სტრატეგიული აუღელვებლობა

საქართველოს ახალი ხელისუფლებაც ზედმეტად არ ღელავს რუსეთის მიერ სამხედრო დანახარჯების მკვეთრი ზრდის გამო. ეს ემჩნევა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას 2013-1014 წლების ხედვას, სტრატეგიულ სამხედრო დოკუმენტს, რომელშიც არსად არ არის ნახსენები რუსული საფრთხე და შეიარაღებული ძალების მთავარ ამოცანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება რჩება.

ისე, დოკუმენტი საკმაოდ დიპლომატიურად არის შედგენილი და მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, იგულისხმება თუ არა ამ ხედვაში ურთიერთობის მოწესრიგება რუსეთთანაც, რომელიც ასევე არის ნატოს პარტნიორი ქვეყანა. ნატოსთან უფრო დაახლოებასა და აშშ-ებთან სტრატეგიული თანამშრომლობის დონის შენარჩუნებასთან ერთად, რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკური ურთიერთობის აწყობა საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მყარ გარანტად მიაჩნია თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ნოდარ ხარშილაძეს:

„რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში გვაძლევს იმის საშულებას, რომ მეტი დიალოგის რეჟიმი გვქონდეს დასავლეთთან, - ეს არის ჩვენი პოლიტიკური კაპიტალის გაზრდა. და მე ასევე მოვიწონებდი და ძალიან სწორია და თუ გამოვიდა, ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ამ საფრთხის ნელ-ნელა, უფრო პოლიტიკურად გაუვნებელყოფა, რაც მოხდა ნაწილობრივ, ალბათ, მაგრამ ახლა უფრო ადვილად ხდება ეს ყველაფერი, - ეს მოგვცემდა ჩვენ, სრულიად თუ არა, გარკვეულ შეღავათს“.

შესაძლო საფრთხეების პრაგმატული პოლიტიკით და სტრატეგიული მოთმინების გზით თავიდან აცილება საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის უალტერნატივო არჩევანს წარმოადგენს. თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მცირერიცხოვანი არმია ჰყავს. ამ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ჯარში 21 ათასი ჯარისკაცი ირიცხება, მაშინ როცა აზერბაიჯანს 70 ათასიანი, სომხეთს კი 49 ათასიანი არმია ჰყავს, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს ორ ძლიერ მოსაზღვრე ქვეყანაზე - რუსეთზე, რომლის შარშანდელი სამხედრო ბიუჯეტი, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) 15 აპრილის ანგარიშით, 90 მილიარდ დოლარს შეადგენდა, და თურქეთზე, რომელიც ყველაზე დიდ სამხედრობიუჯეტიან ქვეყნებს შორის მე-15 ადგილზეა და 2012 წელს 18.2 მილიარდი დოლარი დახარჯა სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG