Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონიუმი - იდეალური საწამლავი


ალექსანდრ ლიტვინენკო
ალექსანდრ ლიტვინენკო

ქიმიურ ელემენტ პოლონიუმზე საუბარი საერთაშორისო მედიაში კვლავ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც პალესტინის ავტონომიის ყოფილი ლიდერის იასირ არაფატის ქვრივმა გასული თვის დასაწყისში განაცხადა, რომ 2004 წელს მისი მეუღლის სიკვდილის მიზეზი, როგორც ეს შვეიცარიაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ცხადყო, პოლონიუმით მოწამვლა გახდა.

ქიმიური ელემენტი პოლონიუმი ურანიუმის საბადოში მოიპოვება, რომლის მაღალი რადიაქტიურობის იზოტოპი, პოლონიუმ-210, დადებითად დამუხტულ უმცირეს ალფა ნაწილაკებს გამოყოფს. იმის გამო, რომ ალფა ნაწილაკები ძალიან მცირე მანძილზე გადაადგილდებიან და არ შეუძლიათ კანში შეღწევა, პოლონიუმი მხოლოდ უმნიშვნელო ზიანს აყენებს ადამიანის სხეულს, მაგრამ საკმარისია ადამიანის ორგანიზმში პოლონიუმის უმცირესი დოზა მოხვდეს, რომ საწამლავის ზემოქმედება შიდა ორგანოების მუშაობის შეწყვეტასა და ადამიანის უეჭველ სიკვდილს იწვევს. წერტილისოდენა პოლონიუმი 3400-ჯერ აღემატება სასიკვდილო დოზას.

ქიმიური ელემენტის ასეთი საშიში ეფექტის გამო, ოლეგ გორდიევსკი, რუსეთის კაგებეს ყოფილი ოფიცერი, რომელიც „ცივი ომის“ დროს ბრიტანეთის დაზვერვის ორმაგი აგენტი იყო, პოლონიუმს პოლიტიკური მკვლელობისათვის იდეალურ იარაღს უწოდებს:

„პოლონიუმი იდეალური საწამლავია. იგი უეჭველ სიკვდილს იწვევს და ვინც მას იყენებს, დარწმუნებულია, რომ მიზანს 100 %-ით მიაღწევს“.

ქიმიური ელემენტი ფრანგმა მეცნიერმა მარია კიურიმ აღმოაჩინა მე-19 საუკუნის ბოლოს და მას მშობლიური ქვეყნის, პოლონეთის (ლათინურად - პოლონია), სახელი უწოდა.

თანაც, პოლონიუმი არა მხოლოდ უძლიერესი, არამედ მზაკვარი საწამლავია. ექიმებს უჭირთ დაადგინონ სხეულში მისი არსებობა საგანგებო კვლევა-ძიების გარეშე. გარდა ამისა, პოლონიუმით მოწამვლის ადრეული სიმპტომი - თმების ცვენა - თალიუმით მოწამვლის სტანდარტულ სიმპტომს წააგავს. პოლონიუმის ეს უნარი - სხვა, უფრო მარტივ საწამლავთან მსგავსებით შენიღბოს საკუთარი არსებობა - თავგზას უბნევს გამომძიებლებს, დაადგინონ ნამდვილი მკვლელის ვინაობა.

არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც პოლონიუმი იდეალურ საწამლავად ითვლება: ძალიან ადვილია ქიმიური ნივთიერების დამალვა და საზღვარზე გადატანა. სხვა გავრცელებული რადიაციული წყაროებისაგან განსხვავებით, პოლონიუმ-210 არ ზემოქმედებს სტანდარტულ რადიაქტიულ დეტექტორებზე, რადგან, როგორც ზემოთ ითქვა, ქიმიური ელემენტი გამოყოფს მხოლოდ უმცირეს ალფა ნაწილაკებს, რომლებსაც ქაღალდის ფურცელში გავლაც კი არ შეუძლიათ.

მკვლელებისათვის, რომლებმაც სასტუმროს ნომრის მომცრო სამზარეულოში შეღწევა მოახერხეს, ძალიან იოლი იყო მოეთავსებინათ საწამლავი ჩაიდანში, დაესხათ ადუღებული წყალი და მიეტანათ ლიტვინენკოსათვის...

პოლონიუმის გადატანა შეიძლება როგორც კრისტალის, ისე ფხვნილის, ანდა ბოთლში ჩასხმული ხსნარის სახით. მაღალი ლატენტურობის გამო კი პოლონიუმის აღმოჩენა გამოცდილ ლაბორანტსაც კი უჭირს და, თანაც, ეს დიდ დროს მოითხოვს.

პოლონიუმით პოლიტიკური მკვლელობის ყველაზე ცნობილი შემთხვევაა რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმე. ლიტვინენკო, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საჯარო კრიტიკის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, 2006 წლის ნოემბერში პოლონიუმის მოწამვლის შედეგად დაიღუპა.

ბრიტანელი პროკურორების თანახმად, ლიტვინენკოს მკვლელობის მიზეზი გახდა პოლონიუმიანი ჩაის დალევა ერთ-ერთი სასტუმროს ოთახში, სადაც რამდენიმე რუსი მოქალაქე - მათ შორის, კაგებეს ყოფილი აგენტი ანდრეი ლუგოვოი - იმყოფებოდა.

„მკვლელებისათვის, რომლებმაც სასტუმროს ნომრის მომცრო სამზარეულოში შეღწევა მოახერხეს, ძალიან იოლი იყო მოეთავსებინათ საწამლავი ჩაიდანში, დაესხათ ადუღებული წყალი და მიეტანათ ლიტვინენკოსათვის. მან დალია და განაგრძო მუშაობა, ხალხთან შეხვედრა და საუბრები და მხოლოდ გვიან ღამით იგრძნო, რომ ცუდად ხდებოდა. სამ დღეში ცხადი შეიქნა, რომ ის ვეღარ გადარჩებოდა“.

კაგებეს ოფიცრების მსგავსმა ადამიანებმა, რომლებმაც ლონდონში მკვლელობა ჩაიდინეს, კარგად იცოდნენ პოლონიუმის შენახვის წესები. ის ძალიან უსაფრთხოდ ინახებოდა ბოთლში, რომელიც სასტუმროს ოთახის მცირე სამზარეულოში გაიხსნა და საიდანაც სითხე ჩაიდანში ჩაისხა...

აგონიაში მყოფი ლიტვინენკო მოწამვლიდან სამი კვირის შემდეგ ლონდონის ჰოსპიტალში გარდაიცვალა და, როგორც მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე დადგინდა, ამის მიზეზი იყო პოლონიუმით მოწამვლა. გამომძიებლებმა პოლონიუმის კვალს მიაგნეს სასტუმროს ნომერში, საიდანაც კვალი სამზარეულოსკენ მიდიოდა და შემდეგ უკან, ნომრისკენ, ლუგოვოის მოძრაობის პარალელურად მიემართებოდა.

ანდრეი ლუგოვოი, რომელიც ბრიტანელმა პროკურორებმა ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად ცნეს, რუსეთში დაბრუნდა, ხოლო კრემლმა უარი თქვა ბრიტანეთის სასამართლოსათვის მის გადაცემაზე.

აღსანიშნავია, რომ ლუგოვოი, რომელიც მკაცრად იცავდა უსაფრთხოების ზომებს, ოლეგ გორდიევსკის თქმით, პოლონიუმთან უბრალო შეხების შემდეგ რამდენიმე ხნით მაინც აღმოჩნდა საავადმყოფოში.

„კაგებეს ოფიცრების მსგავსმა ადამიანებმა, რომლებმაც ლონდონში მკვლელობა ჩაიდინეს, კარგად იცოდნენ პოლონიუმის შენახვის წესები. ის ძალიან უსაფრთხოდ ინახებოდა ბოთლში, რომელიც სასტუმროს ოთახის მცირე სამზარეულოში გაიხსნა და საიდანაც სითხე ჩაიდანში ჩაისხა. შემდეგ ისინი აღარ გაჰკარებიან მას. და ამის მიუხედავად, მთავარი მკვლელი მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს, რადგან ოპერაციიდან ორი კვირის განმავლობაში იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს. ასე რომ, არსებობს ნიშნები, რომ პოლონიუმი ძალიან სახიფათო ელემენტია“.

დაბოლოს, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას იმაზეც, თუ სად იწარმოება პოლონიუმი. პოლონიუმ-210-ის შემცველობა მიწის გრუნტსა და ატმოსფეროში ძალიან მცირეა და ბუნებაში იგი სასიკვდილო კონცენტრაციის სახით არ გვხვდება. პოლონიუმი ბირთვულ რეაქტორში იზოტოპ ვისმუტ 209-ის ნეიტრონებით დასხივების შედეგად მიიღება. მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 100 გრამი პოლონიუმი, დიდწილად, სწორედ რუსეთში იწარმოება. ეს კი ნიშნავს, რომ პოლონიუმის წარმოებას უდიდესი გამოცდილება და რესურსები სჭირდება და ძალიან შეზღუდულია იმ ადამიანების წრე, ვისაც ამ ქიმიურ ელემენტზე ხელი მიუწვდება.
სწორედ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეზე მუშაობდა რადიაციის ბრიტანელი ექსპერტი ჯონ კროფტი, რომელიც აცხადებს, რომ პოლონიუმის სასიკვდილო დოზა ვიღაცას სამოქალაქო ან სამხედრო დანიშნულების ბირთვული რეზერვებიდან, სავარაუდოდ, მთავრობის საშუალებით უნდა მიეღო.

პოლონიუმის მწარმოებელი ქვეყნების კატეგორიაშია რუსეთი და იასირ არაფატის მტერი - ისრაელი. თუმცა ამ ქვეყნების რიგში კიდევ რამდენიმე ათეული სახელმწიფო, მათ შორის, აშშ-იც შედის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG