Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ფერმერებს პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა აქვთ ჯავახეთში


სარდაფებში დარჩენილი ტონობით მოსავალი, საირიგაციო სისტემის გაუმართაობა და საგაზაფხულო სამუშოებთან დაკავშირებული პრობლემები – ეს არ არის სრული სია იმ საკითხებისა, რომელთა მოგვარებაშიც ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას ითხოვს. 19 მარტს ახალქალაქში გამართულ შეხვედრაზე ჯავახელი ფერმერები პრობლემების გადაჭრის გზებს მინისტრის მოადგილესთან ერთად ეძებდნენ.

შეხვედრაზე ფერმერთა უმრავლესობამ ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაცია დაასახელა. ახალქალაქის მცხოვრებთა მტკიცებით, წელს მათი კარტოფილის მოსავლის თითქმის ნახევარი სარდაფებში დარჩა. ამის მიზეზად ფერმერები საზღვარგარეთიდან შემოსულ პროდუქციას ასახელებენ, რომელიც ადგილობრივ პროდუქციას გაყიდვაში ხელს უშლის.

იმისათვის, რომ ფერმერმა მოსავლის რეალიზაცია მოახდინოს, სამინისტროში სპეციალური პროექტები მუშავდება. დავით შერვაშიძის თქმით, ქართულ პროდუქციას სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურები შეიძენენ, რაც ფერმერებს მოსავლის რეალიზაციაში დაეხმარება. გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენლები ახალქალაქის მცხოვრებლებს დაჰპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში რეგიონში კარტოფილის დაავადებათა საწინააღმდეგო პესტიციდებს შემოიტანენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება უახლოეს მომავალში დაიწყება. ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ მისი საშუალებით შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი და მიიღონ ნაკვეთის ხვნისა და ხნულის გაფხვიერების მომსახურება, – აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი.

დავით შერვაშიძემ იმ სასოფლო-სამეურნეო ბარათებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მცირემიწიანი ფერმერები მიიღებენ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი პროექტი მიწის მფლობელებს ნაკვეთების დამუშავებაში შეღავათს გაუწევს. ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება უკვე დასრულდა, სამცხე-ჯავახეთში კი ეს პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. სამინისტროში აგროვადები მკვეთრად განსაზღვრულია და რეგიონებში ბარათების დარიგება არ გვიანდება, – აცხადებს დავით შერვაშიძე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათს ყველა ის ფერმერი მიიღებს, რომელსაც საკუთრებაში 5 ჰექტარამდე მიწის ფართობი აქვს. აღნიშნული პროექტი ქვეყნის ყველა რეგიონში ხორციელდება და მისი ღირებულება 180 მილიონი ლარია. სახელმწიფო, ჯამში, 640 ათასზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება.
XS
SM
MD
LG