Accessibility links

logo-print
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პირველი ეტაპი დასრულდა. ბარათები მიიღეს იმ ოჯახებმა, რომელთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ერთ ჰექტარსა და 25 მეასედს არ აღემატება, ხოლო ვისაც მიწის უფრო მეტი ნაკვეთი აქვს, მათთვის განკუთვნილი ბარათების დარიგება ახლა დაიწყო. გლეხების ნაწილი მთავრობის დახმარებით კმაყოფილია, ნაწილი - უკმაყოფილო, ხოლო ზოგი არაინფორმირებულობაზე საუბრობს.

მაყვალა გრიგალაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში ცხოვრობს და ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბარათი უკვე მიიღო, თუმცა ამბობს, რომ ბარათის დარიგების დრო და გამოყენების წესი არ იცოდა, ამიტომ მიწის ნაკვეთი მანამდე დაამუშავა, ვიდრე ბართს მიიღებდა. ახლა კი არ იცის, რა დანიშნულებით გამოიყენოს მთავრობის საჩუქარი:

„ბარათი, რომლითაც მიწა უნდა მომეხნა, ვერ გამოვიყენე. არც არავინ ამიხსნა, როგორ მოვქცეულიყავი. ბარათს რადგან ვერ ვიყენებდი, მინდოდა, რომ ის უკან დამებრუნებინა და სანაცვლოდ ხელსაწყოები ან მიწის დამუშავებისთვის სხვა ნივთები მოეცათ, მაგრამ მითხრეს, რომ უკვე დაგვიანებული იყო. გამოდის, რომ მე ბარათით ვერ ვისარგებლე“.

მაყვალა გრიგალაშილის გარდა, მსხალგორში გლეხების ნაწილი ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ვერ იყენებენ. მიზეზად ტექნიკის უქონლობას ასახელებენ. არიან ისეთებიც, ვისაც ვაუჩერი ჯერ არ მიუღია. თუმცა რესპონდენტების ნაწილი ამბობს, რომ ბარათი დროულად მიიღო და ის დანიშნულების მიხედვით გამოიყენა:

„ბარათები კი დაგვირიგეს, მაგრამ ტრაქტორი არ გვყავს და რაში გამოვიყენო?! სხვა სოფლებს ტექნიკა უკვე ჰყავს და ჩვენთან ტექნიკა ამ დრომე არ მოსულა“.

„მე პატარა ადგილი მაქვს და ვაუჩერს, ალბათ, ამიტომ არ მაძლევენ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მიმიღია. მიწა ჩემი თანხით უნდა დავამუშაო“.

„ჩვენ უკვე მივიღეთ ბარათი და დღეს უნდა მოვხნათ. დროული იყო ეს დახმარება“.

„ბარათი სახლში მაქვს და ამ დღეებში ვგეგმავ მის გამოყენებას“.

ბარათების დარიგების დროს წარმოქმნილი პრობლემები ცნობილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვისაც. გამგებლის მოადგილე გიორგი მჭედლიშილი ირწმუნება, რომ ბარათიც და ტრაქტორიც ყველა სოფელში შევა და თითოეული გლეხი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას მიიღებს:

„შეგვპირდნენ, რომ ტექნიკით დაგვეხმარებიან. თუ ვინმეა გამორჩენილი, მათთვის ახალი სიები კეთდება. მე მგონია, რომ აგროვადებში ჩავეტევით. ყოველ შემთხვევაში, პირველი ეტაპია და თუ რამე ხარვეზია, ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. შემიძლია ვთქვა, რომ არავინ არაფერს არ დაკარგავს“.

სოლომონ პაპუნაშვილი თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ცხოვრობს. ის ბარათების დარიგებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ უფრო ადრე უნდა გაცემულიყო, რადგან მიწის დამუშავება თებერვლიდან იწყება. პაპუნაშვილი აგროვადების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას:

“მოხვნა უკვე დაგვიანებულია და სასუქებიც საჭიროა. ბარათები ჯერ არ მიგვიღია. აბა, რა ვიცი, როდის რა იქნება?! ატმის შეწამლვა უკვე დაგვიანებულია“.

პრობლემებზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც საუბრობენ. გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი ამბობს, რომ გლეხების ნაწილი ბარათის მიმღებთა სიაში ვერ მოხვდა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. გამგებლის მოადგილის თქმით, ამისთვის დამატებითი სიები დგება:

„ბევრი ბენეფიციარი იყო გამორჩენილი სიებში. ბარათების დარიგების პარალელურად მიმდინარეობს სიების დაზუსტება. სიებში გამორჩენილ ოჯახებს მათთვის განკუთვნილი თანხები დაერიცხებათ“.

ოფიციალური ინფორმაციით, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, კახეთში ბარათს სულ 90 ათასამდე ოჯახი მიიღებს.
XS
SM
MD
LG