Accessibility links

ერგნეთელი ოთარ დარბუაშვილი სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიმღებთა ძირითად სიაში არ მოხვდა. ახლა ის ადგილობრივ ტერიტორიულ ორგანოს აკითხავს, რომ დამატებით სიაში შეიტანონ და კუთვნილი ბარათი მიიღოს.

გორისა და კასპის რაიონის სოფლებში მცხოვრები მიწის მფლობელები ბარათების დარიგების შესახებ ნაკლებ ინფორმირებულობას უჩივიან. რამდენიმე დღის წინ სოფელ ქერეში საპროტესტო აქციაც მოაწყვეს - ადგილობრივი მოსახლეობა ბარათების არათანაბარ განაწილებას აპროტესტებდა. გორის რაიონში ადგილობრივი გლეხები როგორც სახნავ-სათეს ფართობებს, ისე ხეხილიან ბაღებს ფლობენ. მოსახლეობის ნაწილმა ბარათები ბაღებისთვის მიიღო, ნაწილმა კი სახნავ-სათესისთვის, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.

მუნიციპალიტეტში ბარათები ძირითადად სახნავ-სათესი ფართობებისთვის დარიგდა, დიდი ფართობების მფლობელები მთავრობის დახმარებით კმაყოფილები არიან.

ქერეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ამბობს, რომ პირველ ეტაპზე სოფელში ბარათები მხოლოდ სახნავ-სათესი ფართობების დასამუშავებლად დარიგდა, ხოლო დახმარება იმ პირებმაც მიიღეს, ვისაც სახნავი ფართობები არ გააჩნია და მხოლოდ ხეხილის ბაღს ფლობს. იაგო ბაიაძის თქმით, ეს იმისათვის მოხდა, რომ ბარათი ყველა ოჯახში შესულიყო. მან ჯერ არ იცის, მიიღებენ თუ არა დახმარებას ის ოჯახები, ვინც ორივე სახეობის ნაკვეთს ფლობს.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებასთან დაკავშირებით გასულ კვირაში აქცია კასპის რაიონის იგოეთის მოსახლეობამაც გამართა. იგოეთელებიც ბარათების არათანაბრად განაწილების გამო გამოთქვამდნენ პრეტენზიებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ამჟამად დამატებითი სიები დგება და ხარვეზები ახლო მომავალში გამოსწორდება.
XS
SM
MD
LG