Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილის დაკავებიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე


ფიცის დადების ცერემონიალი
ფიცის დადების ცერემონიალი
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს 26 ქალაქში არაერთი საზეიმო-სამხედრო ღონისძიება გაიმართა. სწორედ ამ თარიღის აღნიშვნით დავიწყებთ ჩვენს გასული კვირის მნიშვნელოვანი ამბების მიმოხილვას, რომლის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად იქცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავება, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მასთან ერთად დაკავებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გასულ კვირაში კვლავაც ერთ-ერთი ცხელი თემა იყო 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიძღვნილ აქციაზე გამოვლენილი ძალადობის ფაქტები. თუმცა, სანამ ამ თემებზე ვისაუბრებდეთ, გადავხედოთ როგორ აღინიშნა საქართველოში დამოუკიდებლობის დღე, მიუხედავად ძლიერი წვიმისა.

წვიმას არ შეუშინდა 26 წლის კაპრალი ნათია ადამია, ორი წლის შვილთან, ქეთისთან ერთად ის რუსთაველის გამზირზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას ათვალიერებს. კაპრალ ადამიას მოჩითული კაბა აცვია, მის შვილს ქეთის, ჯარისკაცის ფორმა. მეხუთე წელია, ნათია ჯარში მსახურობს, რატომ? - ვეკითხები. ”სამშობლოს სიყვარულის გულისთვის წავედი სამხედრო სამსახურში. იმასაც სიხარულით შევხვდები, თუკი ჩემი შვილიც აირჩევს სამხედრო სამსახურს. აი, ჯარისკაცის ფორმა შევუკერეთ და გამოვედით სასეირნოდ”, - ამბობს ნათია ადამია.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოფენა მოაწყო. ქართული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები მოეწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გაიმართა კულტურული ღონისძიებები, თუმცა ამ ყველაფრის ეპიცენტრად მაინც სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიალი იქცა, რომელიც თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალები რიგებს 26 მაისს კიდევ 72 წევრი შეემატა. წვრთნისა და განათლების სარდლობის ძირითადი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ დადეს ფიცი. სამხედროებს ქართულ
ირაკლი ალასანია ფიცის დადების ცერემონიალზე
ირაკლი ალასანია ფიცის დადების ცერემონიალზე
არმიაში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა: ”მათი ამოცანა იქნება საქართველოს დაცვა და მე დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევენ ამ ამოცანას თავს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი წარსული გვაქვს, ჩვენ გვყავს ისეთი გმირები, რომლებიც, სამწუხაროდ, სულ რამდენიმე დღის წინ დავასაფლავეთ, ვინც მაღალ სტანდარტს უწესებს ყველა ვაჟკაცს, ყველა ადამიანს, ვინც საქართველოს დაცვაში მიიღებს მონაწილეობას”.

მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. დემოკრატიული ინსტიტუტების შენება, დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება, თავისუფალი სასამართლო, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, დეოკუპაცია, ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თავის ექვსწუთიან გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა:

”დამოუკიდებლობის იდეა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დგას. სწორედ ამ ქვაკუთხედზე უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, იმისათვის, რომ გავხდეთ ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული, სრულფასოვანი წევრი. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ჩვენ ვალდებული ვართ საქართველო თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს, ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება. ჩვენ დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ, მაგრამ თითქმის არა გვაქვს დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ – ხელისუფლებამაც და ხალხმაც. დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია, ეს არის ჩვენს წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევები”.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრა 26 მაისს იმის პირობაც დადო, რომ საქართველოში განსხვავებული აზრის გამო არავინ დაისჯება:

"პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ-წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია. ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას".

პრემიერ-მინისტრის ნახსენებ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე საუბრობდნენ გასული კვირის დასაწყისში სპეციალურ ფორუმზე, 20 მაისს. როგორც ფორუმის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ მექანიზმად უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულ პირთა საქმეების გასაჩივრების დროებითი კომისიის შექმნაც უნდა იქცეს. კომისია ჯერ მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივის სახით არსებობს, მისი ინსტიტუციური და პროცედურული დახვეწა კი, პარლამენტში წარდგენამდე, სამოქალაქო სექტორსა და მთავრობას შორის დიალოგის ფარგლებში წარმოებს.
თუ კომისია დაადგენს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზს ჰქონდა ადგილი, მაშინ ასეთი დასკვნა უკვე გახდება სასამართლო ხელისუფლების მსჯელობის საგანი, რომელიც კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განაჩენს ხელახლა განიხილავს და გადასინჯავს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე...
ალექსანდრე ბარამიძე

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტის განხილვაში 20 მაისს სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმის მომხსენებელთა შორის იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს საჩივრით ათასობით ადამიანმა მიმართა. მათი, ანუ კნონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების, გადასინჯვა, ალექსანდრე ბარამიძის თანახმად, თეორიულად შესაძლებელი იყო სასამართლო სისტემის ფარგლებშიც, თუმცა, სასამართლოსადმი ნდობის დაბალი ხარისხის გამო, იუსტიციის სამინისტრომ არჩევანი დამატებით მექანიზმზე შეაჩერა: ”ეს არის დროებითი სახელმწიფო კომისია, რომელიც იქმნება სამი წლის ვადით, შესაძლოა, ერთი წლით კიდევ გაგრძელდეს და, ჯამში, ამ ოთხი წლის განმავლობაში კომისიამ უნდა შეისწავლოს ცალკეული პირების მიერ წარდგენილი საჩივრები სისხლის სამართლის საქმეებზე და განიხილოს საკითხი, ჰქონდა თუ არა მართლმსაჯულების ხარვეზს ადგილი ამ ცალკეულ საქმეებში. თუ კომისია დაადგენს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზს ჰქონდა ადგილი, მაშინ ასეთი დასკვნა უკვე გახდება სასამართლო ხელისუფლების მსჯელობის საგანი, რომელიც კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განაჩენს ხელახლა განიხილავს და გადასინჯავს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე”.

გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემად კი „ნაციონალრი მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავება იქცა. ვანო მერაბიშვილს, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის 2 მუხლით, ორ ეპიზოდში. ერთი შეეხება 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვას, რაც განხორციელდა მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ხოლო მეორე ეპიზოდი გახლავთ 2009 წლის მაისში ვანო მერაბიშვილისა და მისი ოჯახის მიერ კვარიათში შპს “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის” კუთვნილი ფეშენებელური აგარაკის, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაკავება. ვანო მერაბიშვილს ამ ბრალდების მიხედვით 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მას უკვე შეუფარდა სასამართლომ წინასწარიი ორთვიანი პატიმრობა, რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, ის 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა, ვანო მერაბიშვილის ბრალი სავარაუდოდ, მხოლოდ ამით არ დასრულდება, როგორც პროკურატურამ 21 მაისს დააანონსა, შესაძლოა ვანო მერაბიშვილს უახლოეს მომავალში ბრალი კიდევ ორ ეპიზოდში წაუყენონ - საქმე ეხება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობას და მეორე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას.

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინვე პოლიტიკურ დევნად და ანგარიშსწორებად შეაფასა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა კი პრესკონფერენციაზე დაკავებულთა პირად დამსახურებებზე ისაუბრა და თქვა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ვერც ერთი პროკურორის ვერდიქტი ვერ შეცვლის ამ ადამიანების მიმართ საზოგადოების განწყობასო და, ამასთან, უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს დაკავების ამბავიც გაიხსენა და თქვა, ამან უკრაინა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციაო. ამასვე ელის პრეზიდენტი საქართველოს შემთხვევაშიც და ამბობს, ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებშია: ”რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ და მთავრობაც დაფიქრდეს და, მე მგონი, ილუზია არავის არ აქვს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ დონეზე წყდება, ამ გადაწყვეტილების მიღება. ასე არის და ამას არც მალავს არავინ. რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება გვქონდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის დაკავებას ჩვენი ქვეყნისთვის, მისი საერთაშორისო პოზიციებისთვის, ჩვენი დაცულობისთვის უცხოური აგრესიისგან და საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ყველანი ამაზე უნდა დავფიქრდეთ”.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლო პროცესზე
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლო პროცესზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით კი, სასამართლო პროცესისა და გამოძიების დასრულებამდ შეფასებების გაკეთება ნაადრევია. ის, რომ კითხვები ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არსებობდა, ცნობილია, მაგრამ მისი დაკავების შეფასებისას შერჩევითი სამართლის გამოყენებაში ხელისუფლების დადანაშაულება წარმოუდგენელია: ”მე მგონი, იმდენად სუსტია უკვე ეს პოლიტიკური დევნის საკითხი, რომ მაგას უკვე ვეღარც იყენებენ. ევროპამაც და ამერიკამაც კარგად გაიგო, რომ ჩვენ შერჩევით სამართალს არ ვაწარმოებთ და პოლიტიკური დევნა არ იქნება”.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას რამდენიმე მოვლენისა და წარმოჩენილი პრობლემის ერთობლიობასთან აკავშირებენ პოლიტიკის ექსპერტები. პოლიტოლოგ გია ნოდიას მტკიცება უჭირს, თუმცა ვარაუდობს, რომ 19 მაისს სპორტის სასახლეში ჩატარებული ყრილობის, სადაც წინა ხელისუფლების გასამართლებას მოითხოვდნენ, და 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებული მოვლენების გამოძახილი უნდა იყოს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება იმ სამართლებრივი საფუძვლით, რაც მათ წარედგინათ: ”არც ერთ ხელისუფლებას არ უყვარს, როცა მისი სისუსტე ჩნდება და მას უნდა თავი წარმოაჩინოს როგორც ძლიერმა ხელისუფლებამ საკუთარი მომხრეების თვალში. ამ ფონზე, მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკავება ხელისუფლებას უნდა, რომ კარგ ნაბიჯად ჩაეთვალოს”.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში მთავარ ფაქტორად მიიჩნევს საზოგადოების მწვავე და კრიტიკულ მოთხოვნას, აღდგეს სამართლიანობა, კითხვაზე კი, თუ, სახელდობრ, რა იგულისხმება საზოგადოების ამ მოთხოვნაში - მხოლოდ კონკრეტული პირების დაკავება ამა თუ იმ მუხლის ბრალდებით თუ თავად მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება, მათ შორის, 26 მაისისა და გირგვლიანის საქმის, რომელშიც, პროკურატურის განცხადებით, ასევე იკვეთება ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა, რამაზ საყვარელიძე პასუხობს: საყვარელიძე: ”დღეს უბანში რომ გამოვედი ფეხით, ყველამ, ვინც შემხვდა, „მომილოცავს“ მითხრა. მე მეგონა, ნიკოლოზობას მილოცავდნენ. აღმოჩნდა, რომ მერაბიშვილის დაკავებას მილოცავდნენ, ანუ ხალხისთვის მისალოცი მოვლენა მოხდა. სამწუხაროა, რომ აქამდე მივიდა საზოგადოება, მაგრამ ნაციონალებმა მიიყვანეს აქამდე და ამიტომ საქმის გახსნა იქნება ის მოთხოვნა, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოებას, მაგრამ ეს იქნება უკვე შემდეგ რაუნდზე”.

შემდეგი რაუნდი, ექსპერტების შეფასებით, იქნება როგორც მნიშვნელოვანი საქმეების გახსნა, ასევე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის სხვა პირთა დაკავებებიც, მათ შორის, როგორც გია ნოდია ამბობს, პირველი ამ სიაში იქნება თბილისის მერი გიგი უგულავა.

ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის დაკავებას გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. ამ უკანასკნელთა ერთობლივ მიმართვაში ნათქვამია, რომ გულდასმით დააკვირდებიან ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ მიმართულ სამართლებრივ პროცედურას, რომელიც, მათი მოლოდინით, იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნისკენ - საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - მიმავალ გზაზე“.
ის, რაც 17 მაისს მოხდა, ყველას უნდა აწუხებდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მომხდარი საქართველოს მთელ საზოგადოებას შეეხება და არა მხოლოდ ერთ მცირე ჯგუფს. ადამიანები, ვინც საკუთარი მუშტის იმედად, ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს ქუჩაში საქმის გარჩევას, უნდა მიხვდნენ, რომ ისინი არ არიან უმრავლესობა...
ლაშა ბაქრაძე

გასულ კვირაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე არანაკლებ ცხელი და აქტუალური თემა იყო 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლა და იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომლებმაც აქციის ჩაშლასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. გასულ კვირაში დაიწერა სპეციალური პეტიცია, რომელსაც ამ დროისათვის 14 ათასამდე ადამიანი აწერს ხელს და რომლის მთავარი მოთხოვნაცაა 17 მაისს მომხდარ ძალადობაში დამნაშავე პირების დაუყოვნებლივ დასჯა. მისი ავტორები აცხადებენ, რომ რაც უფრო დიდხანს არ აგებენ ადამიანები პასუხს მომხდარზე, მით უფრო გაიზრდება ქვეყანაში არეულობის საფრთხე, მით უმეტეს, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ვრცელდება შემაშფოთებელი ცნობები იმის თაობაზე, რომ ქუჩაში უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ მათი გარეგნობის თუ განსხვავებული ჩაცმულობის გამო უსწორდებიან.

”ის, რაც 17 მაისს მოხდა, ყველას უნდა აწუხებდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მომხდარი საქართველოს მთელ საზოგადოებას შეეხება და არა მხოლოდ ერთ მცირე ჯგუფს. ადამიანები, ვინც საკუთარი მუშტის იმედად, ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს ქუჩაში საქმის გარჩევას, უნდა მიხვდნენ, რომ ისინი არ არიან უმრავლესობა”, - ასე მიაჩნია ლიტერატორსა და პუბლიცისტს, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს, რომელიც ერთ-ერთი ავტორია ძალადობის საწინააღმდეგო პეტიციის ტექსტისა. ლაშა ბაქრაძე ვარაუდობს, რომ ის ადამიანები, ვინც გუშინ ქუჩაში სხვებზე ნადირობდა, ხვალ შესაძლოა თითოეული იმ ადამიანისათვის იქცნენ საფრთხედ, ვინც რაღაცის გამო არ მოეწონებათ. თუკი ხელისუფლება ახლა არ მიიღებს გადამწყვეტ ზომებს, ქვეყანაში შესაძლოა ვითარება სრულ ანარქიამდე მივიდეს:

”ხშირად ამ ბრბოს წარმომადგენლები ამბობენ, გამოდით, უნდა დაგითვალოთო. ჩვენ დავითვალეთ და ვითვლით კიდევ! აი, აქ არის მათი სახელები, ვისაც არ ეშინია ნაძირლების ქუჩაში და მათი წამქეზებლების და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანი საქართველოში, ვისაც არა აქვს წვდომა ინტერნეტზე. მე ვფიქრობ, რომ ქართველი გლეხები, ქართველი მუშები, ისეთივე გულის რევით უყურებენ იმას, რაც ხდებოდა 17 მაისს ქუჩაში, როგორც ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელსაც საშუალება აქვს ხელი მოაწეროს ამ მიმართვას. და მე ვეუბნები ამ ტიპებს, ამ თვითმარქვია უმრავლესობას, რომ ისინი არასდროს იქნებიან უმრავლესობა საქართველოში, ვინც არ უნდა იდგეს მათ ზურგს უკან”.

გეტყვით იმასაც, რომ 17 მაისს მომხდარი ძალადობის ფაქტზე 4 პირს ადმინისტრაციული სასჯელი, 100-100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ორ სასულიერო პირს კი ბრალი წაუყენეს. გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 მაისის ინციდენტის გარშემო გამოძიებას კვლავაც აგრძელებს.

17 მაისს მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს გასული სამუშაო კვირის ბოლოს საზოგაოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა დედა ენის ძეგლთან. მათ საპროტესტო აქციას კი ასე ერქვა: „არა თეოკრატიას“. მათი აქციის პარალელურად გაიმართა კიდევ ერთი - მოქალაქეთა მეორე ნაწილის აქვია, რომლის მონაწილეებიც ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისაკენ მოუწოდებდნენ. ”ეროვნული ფრონტის” წარმომადგენელი ევგენი მიქელაძე საუბრობს: ”დიახ, ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, აიკრძალოს კანონით ლგბტ პროპაგანდა! ეს ხალხი კი, ბარიერს იქით, ბრალს სდებს ქართულ ეკლესიას თეოკრატიული წყობილების დამყარებაში. რომელ თეოკრატიაზეა საუბარი, როცა მთელი საფრანგეთი ფეხზე დგას სწორედ მსგავსი პროცესების გამო, იქაც ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას აპროტესტებენ. ჩვენც ვებრძვით ცოდვას და ავადმყოფობას. და ძალადობას რაც შეეხება, ისინი ძალადობენ საზოგადოებაზე, რადგან თავს გვახვევენ არატრადიციულ ღირებულებებს”.

განსხვავებით 17 მაისისგან, დედაენის ბაღში პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იყო წარმოდგენილი. პოლიციელებს ამჯერად ხელკეტებიც ჰქონდათ. ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად იყო შემოსაზღვრული ლითონის ბარიერებით და პოლიციელების კორდონით. აქციის ”არა თეოკრატიას” მომხრეების უმრავლესობა დედაენის ძეგლთან ფერად ტანსაცმელში ჩაცმული მივიდა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ხელი მოაწერეს
თამარ გურჩიანი
თამარ გურჩიანი
ონლაინპეტიციას, რომლითაც საზოგადოების ერთი ნაწილი ხელისუფლებისგან დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს. აქციის მონაწილე, იურისტი თამარ გურჩიანი ამბობს:

”17 მაისს ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოჩნდა როგორც პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც სურს საქართველოს კონსტიტუციაზე უფრო მაღლა დააყენოს რელიგიური ნორმები. საერთოდ საეჭვოა ის, თუ რამდენად რელიგიური ნორმებით და ქრისტეს მოძღვრებით იყო მოტივირებული ის ძალადობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ 17 მაისს, მაგრამ 15 000-მა მოქალაქემ უკვე მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ისინი ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებას სთხოვენ ამ ფაქტებზე და ეს მოქალაქეები, ვინც დღეს აქ შეიკრიბა, ითხოვენ ხელისუფლებისგან, რომ არ დაუშვას სახელმწიფომ რელიგია უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე კანონი”.
XS
SM
MD
LG