Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საოცნებო“ მთავრობის კვირა


მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი
მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი
გასული კვირის მოვლენებიდან გამორჩეული იყო 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერისა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა. ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდეგ განცხადება პირველმა კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი: ”მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმენით პრეცედენტი, რომ საქართველოში პირველად შეიცვალა ხელისუფლება დემოკრატიული გზით და ეს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად მოიხსენიება.”

მიხეილ სააკაშვილი: ”ეს არის ისტორიული პროცესი. პირველად ამ რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ნაწილში, ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად, დემოკრატიის ფარგლებში გადაცემა. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით, რომ ქართველი ერის არჩევანს ჩვენ პატივს ვცემთ.”

პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერმა საზოგადოებას მთავრობის წევრობის კანდიდატები წარუდგინა:

„მინისტრთა კაბინეტი: თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი გახლავთ ირაკლი ალასანია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კახი კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი...“
ძირითადი, რაც მათ აქვთ საერთო, ეს არის პატიოსნება. ძალიან ჰგვანან ამ საკითხში ერთმანეთს. ეს იქნება სახალხო მთავრობა. პირველად საქართველოს ისტორიაში იქნება ისე, რომ ვერ იტყვიან, მთავრობაში იღებენ ქრთამებს...
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობაში ასევე შევლენ: იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი - სოზარ სუბარი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; ჯანდაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე; დიასპორის მინისტრი - კოტე სურგულაძე; ევროინტეგრაციის მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე; კულტურის მინისტრი - გურამ ოდიშარია; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი. გარდა ამისა, გენერალური პროკურორის პოსტზე დასახელდა არჩილ კბილაშვილის კანდიდატურა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურს რევაზ შავიშვილი, ხოლო ეროვნულ ბანკს ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს. პარლამენტის სპიკერობის კანდიდატად დასახელდა დავით უსუფაშვილი, პირველ ვიცე-სპიკერად - მანანა კობახიძე. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობის წევრობის კანდიდატთა ერთი ნაწილი გამოუცდელია, თუმცა იქვე შენიშნა, რომ მინისტრების შერჩევისას სულ სხვა კრიტერიუმით იხელძღვანელა:

„ძირითადი, რაც მათ აქვთ საერთო, ეს არის პატიოსნება. ძალიან ჰგვანან ამ საკითხში ერთმანეთს. ეს იქნება სახალხო მთავრობა. პირველად საქართველოს ისტორიაში იქნება ისე, რომ ვერ იტყვიან, მთავრობაში იღებენ ქრთამებს.“
ამნისტია აუცილებელია, ამაზე ვიმსჯელეთ უკვე გუნდში. კანონპროექტი უკვე შემუშავებულია. შესაბამისად, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ამნისტიაც მალე გამოცხადდება. ზოგადად ეს შეეხება ეკონომიკური ტიპის დანაშაულს და ისეთ დამნაშავეებს, რომელთა გამოშვება საზოგადოებრივ წესრიგს არ შეუქმნის საფრთხეს...
ეკა ბესელია

მომავალი მინისტრების ნაწილის დასახელებიდან ორ დღეში საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი მთავრობის გადადგომა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ, კონსტიტუციის შესაბამისად, დროში შეიზღუდა ახალი მთავრობის ფორმირების ვადები. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ვახტანგ ხმალაძის თქმით, პრეზიდენტმა განკარგულების გამოცემიდან შვიდი დღის ვადაში უნდა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და დაავალოს მას მთავრობის ფორმირება:

„შემდეგ, 10 დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მთავრობის შემადგენლობა, მოამზადოს მთავრობის პროგრამა და აქედან სამი დღის ვადაში პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგიენოს მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად. წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.“

ეს იმას ნიშნავს, რომ არაუგვიანეს 7 ნოემბრისა საქართველოს ახალი, პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა ეყოლება. გასულ კვირაშივე გაირკვა, რომ ახალი, მერვე მოწვევის პარლამენტი შეკრებისთანავე ამნისტიის შესახებ კანონზე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პირველი განცხადებები გააკეთეს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის მომავალმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა, რომლის თქმითაც, ამნისტია არ შეეხება ორგანიზებულ და სხვა მძიმე დანაშაულს:

„ამნისტია აუცილებელია, ამაზე ვიმსჯელეთ უკვე გუნდში. კანონპროექტი უკვე შემუშავებულია. შესაბამისად, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ამნისტიაც მალე გამოცხადდება. ზოგადად ეს შეეხება ეკონომიკური ტიპის დანაშაულს და ისეთ დამნაშავეებს, რომელთა გამოშვება საზოგადოებრივ წესრიგს არ შეუქმნის საფრთხეს.“

ძნელი სათქმელია დასჭირდებათ თუ არა ამნისტიის შესახებ კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობაც კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” და დამოუკიდებელ ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფმა შეისწავლა. იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები შემდგომი რეაგირებისთვის ქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა:

”პირველი საზრუნავი ჩვენი მიმართვისა პარლამენტისადმი იქნება ის, რომ დარღვევები რაც იყო, პირველ რიგში, საკანონმდებლო წესით აღმოიფხვრას. რა თქმა უნდა, პარალელურად, თუკი კანონდარღვევა იქნება აღმოჩენილი, რეაგირებას გაატარებენ სამართალდამცავი ორგანოები.”
სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩართულობა. მოლაპარაკებისას საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, სამშვიდობო დოკუმენტის პროექტზე მუშაობის დაწყების სახით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის თქმით, საუბარია დოკუმენტის პროექტზე, რომელსაც მხარეები თანათავმჯდომარეების ინიციატივითა და შეთავაზებით შეიმუშავებენ:

”ძალიან ცალსახა და კონსოლიდირებული საერთაშორისო პოზიციაა იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. ამ დისკუსიების კულმინაციას მივაღწიეთ ამ წლის დასაწყისში და წინა წლის ბოლოს, რასაც მერე მოჰყვა ძალიან ბევრი ხმამაღალი განცხადება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმაზე, რომ რუსეთმა ეს ვალდებულება უნდა აიღოს. იყო ევროკავშირის მინისტრების განცხადება, იყო ნატოს სამიტის განცხადება; ანუ ეს ყველაფერი ნელ-ნელა გროვდებოდა, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან ცალსახად არ დააფიქსირა, რომ რუსეთმა ეს ვალდებულება უნდა აიღოს.”

1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა კვალი, საქართველოს დელეგაციისა და მთავრობის შემადგენლობის გარდა, თბილისის თვითმმართველობასაც დაამჩნია. საქმე ისაა, რომ დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთი წევრი გამოეყო. გასულ კვირაშივე გადაწყდა რამდენიმე უბანზე მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება ხაშურში, გორსა და სიღნაღში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG