Accessibility links

logo-print
კვირის ყველაზე ხმაურიანი მოვლენები თავდაცვის სფეროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებას უკავშირდება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 6 ნოემბერს, გვიან საღამოს, 20:30 საათზე, ბაჩო ახალაია პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს. ის თბილისში 5 ნოემბერს დაბრუნდა და განაცხადა, რომ სურს პასუხი გასცეს მისი მისამართით დასმულ ყველა შეკითხვას.

თავდაცვის მინისტრობისდროინდელ ეპიზოდებთან დაკავშირებული ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ ახალიას სტატუსი შეეცვალა და ის დაკავებულად გამოცხადდა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების დამადასტურებლად მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მოწმეთა ჩვენებებს 9 ნოემბერს კიდევ ერთი ეპიზოდის მოწმის ჩვენება დაემატა, რამაც ბაჩო ახალიას ბრალი დაუმძიმა და საქმეში ახალი გარემოება - ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა - გაჩნდა. მათ გასაგონად, ვისაც, ბაჩო ახალაიას დამკვიდრებული იმიჯიდან გამომდინარე, მისთვის 333-ე და 143-ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალი ეცოტავება, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განმარტა, რომ ვითარება შესაძლოა მალე შეიცვალოს და ბრალიც კიდევ უფრო დამძიმდეს:

”ათეულობით განცხადებაა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბაჩანა ახალაიას შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებათა მიმართ. ჩვენ ვახდენთ მათ ინტენსიურ შესწავლას, მტკიცებულებათა მოძიებას და არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს დროში კიდევ ახალი ეპიზოდების შესახებ გახდეს ცნობილი”.

არჩილ კბილაშვილის ეს განცხადება რამდენიმე საათით უსწრებდა წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ბაჩო ახალაიასთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი 31 დეპუტატის წერილობითი შუამდგომლობა, რაც თავდებობას ითვალისწინებდა. ახალაიას დაცვის მხარე სასამართლოს 9 ნოემბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

მიხეილ სააკაშვილი გიორგი კალანდაძეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი გიორგი კალანდაძეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა

ახალაიასგან განსხვავებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 7 ნოემბერს დაკავებული კიდევ ორი პირი: მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე. უმცირესობაში შემავალი დეპუტატების გარდა, შამათავასა და კალანდაძის თავდებობის სურვილი „გენერალთა კლუბის“ რამდენიმე ათეულმა წარმომადგენელმაც გამოთქვა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი ხმაური და გართულება გენერალ გიორგი კალანდაძის დაკავებას მოჰყვა და სწორედ ამ დაკავების გამო ხელისუფლების ოპონენტები ნატო-საქართველოს ურთიერთობების დამუხრუჭებისა და შესაძლო გაუარესების შესახებ ალაპარაკდნენ. ამის ნათელ დასტურად ხელისუფლების ოპონენტებმა დაასახელეს ის ფაქტი, რომ ნატოს უმაღლესმა სამხედრო ხელძღვანელობამ - სამხედრო კომიტეტმა - გადადო ნოემბრის ბოლოსთვის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი. 8 ნოემბერს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საუბრისას, სწორედ გენერალ კალანდაძის დაკავების ფაქტს დაუკავშირა ამ ვიზიტის გადადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ:

”სანამ მოხდებოდა გენშტაბის უფროსის დაპატიმრება, იმ დღეს დილით ჩამოვიდა სამხედრო კომიტეტის წინასწარი ჯგუფი, რომელთანაც უკვე შეთანხმებული გვქონდა პროგრამის ბოლო დეტალები, პრეზენტაციები, მათი სათაურები და დროში გაწერილი გრაფიკი. ასე რომ, რაიმე კითხვის ნიშნები დაპატიმრების დღემდე ნატოს სამხედრო კომიტეტს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჰქონია”.

სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილის განმარტებით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება დროებითია და ეს იმით არის განპირობებული, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის კომიტეტის უმთავრესი მასპინძლის, ანუ გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელის, ვინაობა. ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ, ბრალის წაყენების მიუხედავად, კალანდაძე სამსახურებრივ პოსტზე დარჩა და, როგორც შაბათს გაირკვა, პრეზიდენტი სააკაშვილი ამ პოსტისთვის ახალ კანდიდატურაზე არც კი ფიქრობს. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე 10 ნოემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, ”გიორგი კალანდაძე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ბრიგადის გენერლის რანგში კვლავ განაგრძობს შეიარაღებულ ძალებში სამსახურს.” მიხეილ სააკაშვილმა გიორგი კალანდაძეს 10 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. ”ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ყველაფერი მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოსათვის ისეთივე ერთგული სამსახური, როგორითაც გასული წლების განმავლობაში საქმიანობდით’’, - მიმართა კალანდაძეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
გენერალმა კალანდაძემ მოახერხა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფა, ცემა - ხელებით, წიხლებით, მათთვის სამხრეების ჩამოხევა ...

ასეთი ვითარების მიუხედავად, კალანდაძის გათავისუფლება და პოსტზე დაბრუნება სამართლებრივად ბრალის განეიტრალებას სულაც არ ნიშნავს. გამოძიება კვლავაც გრძელდება და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებამ ახლო მომავალში შესაძლო დანაშაულის ახალი ეპიზოდების შესახებ შეიტყოს. როგორც მან სასამართლოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე უთხრა ჟურნალისტებს, დანაშაულის თემას საერთო არაფერი აქვს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის თემასთან:

”გენერალმა კალანდაძემ მოახერხა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფა, ცემა - ხელებით, წიხლებით, მათთვის სამხრეების ჩამოხევა და ჯარისკაცის ღირსების დამცირება. გენერალი კალანდაძის მსგავსი ქმედებებით ჩვენ არ მივდივართ ნატოში, ჩვენ მივდივართ უფსკრულში”.

რატომ გადაიდო ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა? - ამ შეკითხვაზე პასუხის მოპოვებას რადიო თავისუფლება 9 ნოემბერს ბრიუსელში ცდილობდა. აქვე ვთქვათ, რომ 12-14 ნოემბერს იქ ელოდებიან საქართველოს დელეგაციას, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც 14 ნოემბერს ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. იმავე დროს ბრიუსელს პრეზიდენტი სააკაშვილიც ესტუმრება.

ნატოს წარმომადგენელმა, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის გამხელა, 9 ნოემბერს რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ბრიუსელში უთხრა, რომ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის შემთხვევაში ორივე მხარეს გაუჭირდებოდა ასეთი ვიზიტით სათანადოდ სარგებლობა, რადგან ასეთი ვიზიტების მიზანია საქართველოს სამხედრო ლიდერებთან მოსაზრებების გაცვლა. ნატოს ოფიციალური პირის თქმით, მნიშვნელოვანია სათანადო პროცესის სრული დაცვით და საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში იქნეს გამოძიებული ბრალდებები, რომლებიც წაუყენეს საქართველოში ბოლოხანს დაკავებულ ოფიციალურ პირებს. ამავე წყაროს ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ლიდერებთან საუბარში მკაფიოდ აღნიშნა, რომ ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდირება. ნატოს სამხედრო კომიტეტი განიხილავს ვიზიტის სხვა დროს დანიშნვის შესაძლებლობას.
ამიერიდან საქართველოში არ იარსებებს არც ერთი პრივილეგირებული გადასახადის გადამხდელი, რომელსაც შემოსავლების სამსახური არ შეამოწმებს ...

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც უმცირესობა საპარლამენტო ცხოვრებას დროებით გამოეთიშა და 8 ნოემბერს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა, სწორედ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებაა; თუმცა დასახელდა კიდევ ერთი მიზეზი და, კერძოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პოლიტიკური შევიწროება. საპარლამენტო უმცირესობამ განგაში მას შემდეგ ატეხა, რაც 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე შემოსავლების სამსახურის საგანგაშო ქმედებების შესახებ ილაპარაკა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ. მას მეტად საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არაგეგმიური რევიზიით შესვლა დაასწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ეს მოხდა პირველად გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ.

”ამიერიდან საქართველოში არ იარსებებს არც ერთი პრივილეგირებული გადასახადის გადამხდელი, რომელსაც შემოსავლების სამსახური არ შეამოწმებს”, - ამბობს პასუხად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომლისთვისაც დღესავით ნათელია „საზოგადოებრივი მაუწყებლით“ დაინტერესების საფუძველი:

”2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დააგროვა 3,8 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, რაც არის კანონდარღვევა და რაც გვაძლევს სრულ საფუძველს, რომ განვახორციელოთ ჩვენი ექსკლუზიური უფლება და შევამოწმოთ, რამ გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიერ ასეთი ოდენობის გადასახადის დამალვა”.

შემოწმების შედეგებს დიდი ინტერესით ელოდება სამოქალაქო საზოგადოება. როგორც ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ მიერ შემოწმდა შემოსავლების სამსახურის ქმედებების კანონიერება და პროცედურული ნორმები, რამაც არანაირი ეჭვი არ გააჩინა.

კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სახალხო დამცველის კანდიდატურას უკავშირდება. ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი და უსიამოვნო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ, რამდენიმეკვირიანი საუბრის, საჯარო დისკუსიისა თუ მწვავე დაპირისპირების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი სექტორის პოზიციები, 7 ნოემბერს საკუთარი კანდიდატურა დაასახელა და თანხმობაც მიიღო.

ერთხელ უკვე ნათქვამი უარის გამო, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ყოფილი თანამშრომლის, ექსპერტის საარჩევნო საკითხებში ნინა ხატისკაცის ამჟამინდელი თანხმობა ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. პოზიციის შეცვლის საფუძველი მან 7 ნოემბერს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტა და ეს პროცესი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, თამარ გურჩიანის ფაქტორს დაუკავშირა:

ნინა ხატისკაცი

ნინა ხატისკაცი

”ჩემი კანდიდატურა მოვხსენი მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით, რომ თამუნა გურჩიანის კონკურენტობა არ მინდოდა. თუმცა უმრავლესობასთან საუბრებიდან პირველ რიგში ის გავარკვიე, რომ პოლიტიკური კონსენსუსი მის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩემი უარი არ ნიშნავდა თავისთავად თამუნა გურჩიანის არჩევას, ამიტომ მე პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე და ამ ეტაპზე ჩემი წინასწარი თანხმობა არის ამ საკითხთან დაკავშირებით”.

თამარ გურჩიანი, რომლის მიზეზითაც პირველ ჯერზე ნინა ხატისკაცმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, არასამთავრობო სექტორის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს - მას 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და ათასობით ადამიანი უჭერს მხარს. აქვე ვთქვათ, რომ სახალხო დამცველის პოსტზე სხვადასხვა ჯგუფების მიერ წამოყენებულ კანდიდატებს შორის იყვნენ ასევე: ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გელა ნიკოლაიშვილი, და ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

უნდა ითქვას, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებულ ნინა ხატისკაცს პროფესიონალიზმს, პრინციპულობასა და გამოცდილებას ნამდვილად არავინ უწუნებს, მაგრამ, ჯერ ერთი, მას სხვა დარგის ექსპერტად იცნობენ და, მეორეც, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ჩაითვალა ხატისკაცი იმგვარ პრივილეგირებულ ფიგურად, რომ ომბუდსმენობის კანდიდატად, ასე ვთქვათ, უკონკურსოდ, თუნდაც საჯარო დისკუსიებში მონაწილეობის გარეშე დასახელდა.
მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, როგორიც უნდა ყოფილიყო ის, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები იყო და მომავალშიც იქნება მჭიდრო ...

დაბოლოს, კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება და რომელსაც 7 ნოემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტიდან” ადევნებდნენ თვალყურს როგორც ამერიკელები, ასევე ქართველები. სწორედ ამერიკის საელჩოს ორგანიზებულ ამ თავყრილობაზე მოისმინეს სტუმრებმა 57-ე საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები და ბარაკ ობამას ხელმეორედ გამარჯვების ამბავიც შეიტყვეს. ამერიკელებმა იმ დღეს ქართველი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების არაერთი მილოცვა მიიღეს. საარჩევნო წვეულებაზე მისალოცად მივიდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე რადიო თავისუფლებასთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმაც ილაპარაკა:

”დღეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ რამდენი ქართველი ახალგაზრდა მოვიდა აქ აკადემიური, პოლიტიკური, ეკონომიკური წრეებიდან, სამოქალაქო სექტორიდან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ერთი თვის წინ თქვენთანაც ჩატარდა მაღალკონკურენტული არჩევნები. მგონია, რომ ამ დარბაზში ყველა გრძნობს, თუ რას ნიშნავს, რა არის დემოკრატია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, როგორიც უნდა ყოფილიყო ის, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები იყო და მომავალშიც იქნება მჭიდრო. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა განვავითაროთ ეს ურთიერთობა და გავაღრმავოთ თნამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების საკითხებში, უბრალოდ, ხალხების მეგობრობის თვალსაზრისითაც... მით უმეტეს, წინ გველის მთელი რიგი მოვლენები, დაკავშირებული ნატოს მინისტერიალთან, რომელიც დეკემბერში გაიმართება”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG