Accessibility links

ნატოს მინისტერიალისა და სასამართლო პროცესების კვირა


ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

გასული კვირის ორშაბათს უკმაყოფილების მიზეზად იქცა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 29 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია, რომელსაც სხვა, 137 სახელმწიფოსთან ერთად, ხმა მისცა საქართველომ და რომლის მიხედვითაც პალესტინას გაეროს „არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭა. მართალია, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა რეალობაში ბევრს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ამ ფაქტმა საყოველთაო აღფრთოვანება მაინც გამოიწვია პალესტინაში და საყოველთაო უკმაყოფილება – ისრაელში, რომლის პოზიციასაც იზიარებს შეერთებული შტატები. საქართველოში უკმაყოფილების ერთ-ერთი საფუძველი ის გახდა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილს ეს საკითხი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ საკამათოდ მიაჩნდა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ინტერესების შესაბამისად იქნა მიღებული, წინ აქტიური კონსულტაციები უძღოდაო:

”მიმდინარეობდა ყველა მონაწილე მხარესთან - ევროპულ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან - ინტენსიური კონსულტაციები. გადაწყვეტილება არ იყო თავისთავად იოლი. საქართველო ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ამ რეგიონის მიმართ”.
მივიღეთ დაპირება, რომ მთავრობა არ ჩაერევა სასამართლო პროცედურებში და უზრუნველყოფს განსასჯელთა პროცესების ჯეროვნად წარმართვას - კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად. აი, ასეთი დაპირებები მივიღეთ და ახლა ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენათა განვითარებას...


ამის მიუხედავად, ექსპერტების ნაწილს აინტერესებს, თუ რის საფასურად გადადგა საქართველომ თავისთვის საკმაოდ სარისკო ნაბიჯი, ანალიტიკოსების დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივი სტატუსის ამაღლების საკითხზე კენჭისყრისას საქართველოს, სხვა 41 სახელმწიფოს მსგავსად, 29 ნოემბერს თავი უნდა შეეკავებინა.

გასული კვირის სამშაბათს იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ აქციას მართავდნენ ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩეჩენის, 32 წლის ახმედ ჩატაევის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი მხარდამჭერები. მათი მოლოდინი 6 დეკემბერს გამართლდა: ბრალდებული 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა საქმის გამოძიება გრძელდება.

ოთხშაბათს კი ბრიუსელში დასრულდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა. მინისტერიალის მნიშვნელობაზე საუბრისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც ამ რანგში უკანასკნელად ესწრება მინისტერიალს, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა ნატო-რუსეთის ურთიერთობაში არსებულ უთანხმოებებზე და მათ შორის მოუგვარებელ საკითხად დაასახელა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. კლინტონმა საქართველოსადმი ნატოს მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე საგანგებოდ შეაჩერა ყურადღება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც. მან კოჰაბიტაციისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
მაია ფანჯიკიძე, ანდერს ფოგ რასმუსენი

მაია ფანჯიკიძე, ანდერს ფოგ რასმუსენი


„ყველამ ვიცით, რომ იმ ქვეყნებისთვისაც კი, სადაც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა დემოკრატიული სისტემა, იოლი არ არის უმტკივნეულო კოჰაბიტაციის უზრუნველყოფა. ჩვენ ეს გვესმის. ის, რაც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი იყო. ამასთანავე, დღეს ჩვენ გამოვთქვით შეშფოთებაც, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრისგან - ისევე როგორც წინა შეხვედრებში პრემიერ-მინისტრისგან - მივიღეთ დაპირება, რომ მთავრობა არ ჩაერევა სასამართლო პროცედურებში და უზრუნველყოფს განსასჯელთა პროცესების ჯეროვნად წარმართვას - კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად. აი, ასეთი დაპირებები მივიღეთ და ახლა ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენათა განვითარებას“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში გამართულ ნატოს მინისტერილზე.

საქართველოში კი პარლამენტმა 5 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ, პოლიტპატიმრად ცნო 190, ხოლო პოლიტდევნილად 25 პირი. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეიმუშაოს აღნიშნული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმები.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, სიის შედგენისას კომიტეტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებითა და ევროპის საბჭოს კრიტერიუმებით იხელმძღვანელა:
ეკა ბესელია

ეკა ბესელია


„ეს გადაწყვეტილება - პოლიტიკური დევნილის ან პოლიტპატიმრის სტატუსი, ან პოლიტიკური ამნისტია - არ არის ვინმეს არც ბრალეულობის და არც უდანაშაულობის დამადასტურებელი. ჩვენ არ ვართ არც სასამართლო და არც პროკურატურა. ჩვენ ამაზე არ ვმსჯელობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ დაპატიმრების პოლიტიკურ ინტერესსა და მოტივზე, რომელიც შეისწავლა კომისიამ“.

საპარლამენტო უმრავლესობისაგან განსხვავებით, დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. ოპოზიციის რამდენიმე წევრმა საერთოდ ეჭვის ქვეშ დააყენა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნილთა არსებობა.

პარლამენტის მიერ შემუშავებული ამნისტიით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 3500 პატიმარი დატოვებს. მათ შორის იქნებიან სხვადასხვა მუხლით მსჯავრდებული ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები, რომელთა გათავისუფლება ამნისტიის შესახებ კანონისთვის დამატებული მე-19 მუხლის საფუძველზე მოხდება. თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს სასამართლოს გარეშე ბრალი ან ნასამართლეობა მოეხსნება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებენ. ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევლინების გათავისუფლების მიბმა ამნისტიაზე კანონის უხეში დარღვევაა:

„პარლამენტის დადგენილება არის კანონქვემდებარე აქტი, რომელიც, კანონის შესაბამისად, გამოიცემა კონკრეტული კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად. შესაბამისად, გამოდის, რომ 5 დეკემბერს დაშვებულ სამართლებრივ ხარვეზს პრაქტიკულად ამ კანონით ვასწორებთ, რათა გადაწყვეტილებას მივცეთ კანონიერი საფუძველი და ამნისტიის კანონში ჩავსვათ ეს მუხლი. ჩვენ უნდა მიგვეღო პოლიტიკური ამნისტიის და პოლიტიკური დევნის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ საკანონმდებლო აქტი, გაგვესაზღვრა პირობები, გაგვესაზღვრა, თუ რა პროცედურითა და ვის მიერ ხდებოდა და ა.შ.“
პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა რუსეთის სპეცსამსახურის აგენტები, ტერორისტები და ის ადამიანები, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ის ადამიანი, რომელიც ებრძოდა მათ და იცავდა ქართულ სახელმწიფოს, დადიოდეს დაკითხვაზე...


პოლიტპატიმრების თემას შევეხეთ და აქვე გეტყვით, რომ 5 დეკემბერს საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და მეთაურობა. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გაუგებარია, რატომ მოუხსნა პარლამენტმა ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტპატიმრის სტატუსი. გარდა ამისა, მან თქვა, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული, ვინაიდან ბრალდებას ისევ ის პროკურორი წარმოადგენს, რომელიც მას წინა ხელისუფლების პერიოდში წარმოადგენდა.

პოლიტიკურ დევნად შეაფასა გასული კვირის პარასკევს ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი ხელახლა მოწმის სტატუსით დასაკითხად დაბარება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის გამო დაიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს სცადა. თავად მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია, პარასკევს განაცხადა, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დადგენილების მიღების შემდეგ აღარ უკვირს, მას რომ დევნიან:

ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

„გუშინწინ პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება და პოლიტპატიმრებად აღიარა რუსეთის სპეცსამსახურის აგენტები, ტერორისტები და ის ადამიანები, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოს, და აპირებენ მათ განთავისუფლებას. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ის ადამიანი, რომელიც ებრძოდა მათ და იცავდა ქართულ სახელმწიფოს, დადიოდეს დაკითხვაზე“.

7 დეკემბერს პარლამენტმა სახალო დამცველი დაამტკიცა. ამ პოსტზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი აირჩიეს 82 ხმით 18-ის წინააღმდეგ და ამით დასრულდა ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებული რამდენიმეკვირიანი ხმაურიანი პროცესი, რომელიც ბევრისთვის მაინც სადავოდ დარჩა: საპარლამენტო უმცირესობა ახალ ომბუდსმენს პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და ოკუპაციის პრობლემისადმი არასახელმწიფოებრივ მიდგომაში სდებს ბრალს.

გასული კვირის ბოლოს, 8 დეკემბერს, ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერის რანგში, საპარლამენტო უმრავლესობასთან პირველი გაფართოებული შეხვედრა გამართა. ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური კოალიციის წევრებს პარლამენტსა და მთავრობას შორის კოორდინაციის პრობლემებისა და კოალიციის შიგნით დისციპლინის სისუსტის გამო უსაყვედურა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG