Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა - მწვავე განცხადებებით


პოლიტიკურ-სამართლებრივი საკითხებით დატვირთული გასული კვირა პროცესების განვითარების სწრაფი დინამიკით და მწვავე განცხადებებით იყო გამორჩეული.

გასული სამუშაო კვირა 17 დეკემბერს არჩევნების შემდგომი პოლიტიკური რეიტინგების პირველი კვლევის შედეგების გამოქვეყნებით დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კოალიცია ”ქართული ოცნების“ რეიტინგი, აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით, ექვსჯერაა გაზრდილი და 63 პროცენტს აღწევს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი კი, საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, მკვეთრადაა დაცემული და იგი მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კომენტირებისას საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ვარაუდობს, რომ მისი პარტიის მაჩვენებლის კლება და ოპონენტის მაჩვენებლის მატება ახალი ხელისუფლების მიმართ გაზრდილი მოლოდინის ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა გასათვალისწინებელია ასევე ხალხის პოლიტიკური კულტურის დაბალი დონეც:
დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

”უნდა აღინიშნოს დანანებით, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ უწევს ანგარიშს იდეოლოგიას, განვლილ გზას და საიდანაც უბერავს, იქით მიტრიალდება ხოლმე ე.წ. ფლუგერივით და ეს პროცენტი ემატება ხოლმე ახალ ხელისუფლებას. ეს ყველაფერი არის დროებითი მოვლენა და მგონია, რომ იმ პლურალისტულ ფონზე, როდესაც სახეზეა სახელისუფლებო კოალიცია და, მეორე მხრივ, ძალიან გამოკვეთილი ოპოზიცია, ”ნაციონალური მოძრაობის” სახით, ეს ციფრები ძალიან მალე შეიცვლება”.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების პოლემიკა გასულ სამუშაო კვირაში მხოლოდ საზოგადოებრივი კვლევის შეფასებებით არ შემოფარგლულა და პოლიტიკურ ასპარეზზე მკვეთრი დაპირისპირების სახით განვითარდა. გასულ სამუშაო კვირაში არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესების კულმინაცია იყო, ერთი მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის დემარში პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან, მეორე მხრივ კი, კოჰაბიტაციის პროცესის ჩიხში შესვლის ნიშნები მას შემდეგ, რაც თბილისში ძველი მთავრობის წევრთა მორიგი წარმომადგენლები დააკავეს, ქუთაისში კი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიმართ აგრესია გამოხატეს.

მორიგი სისხლის სამართლის საქმე ყოფილ მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ 19 დეკემბერს აღიძრა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილ დანაშაულებრივ სქემაში კი, ოფიციალური ცნობით, 6 პირი იყო ჩართული - მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მათ დიდი ოდენობის ქრთამის აღების მცდელობაში, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებასა და ფიქტიური ფირმის დაარსებაში დაედოთ ბრალი. მათგან ნიკა გვარამიას დაკავება საზოგადოების ცალკეულ წრეებში აღქმული იქნა, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე შეტევა.
უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

”ის არის გაოგნებული, არა აქვს წარმოდგენა, რაზეა საუბარი. მისი განცხადებით, ის არ აღიარებს არანაირ ბრალს, ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მის საქმიანობას, როგორც ტელეკომპანიის დირექტორის. გარდა ამისა, მე შევხვდი სხვა დაკავებულებს. არც ერთი მათგანი არ აღიარებს, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულს. არც ერთი მათგანი ამაზე არ საუბრობს. ისინი ყველანი არიან, ფაქტობრივად, რაღაცნაირად ემოციების ქვეშ, ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ, რა მოხდა. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მანამდე რამდენჯერმე იყვნენ დაკითხულები, მათთვის არის გაუგებარი, რატომ იქნა გუშინ ეს გადაწყვეტილება მიღებული“, – თქვა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 22 დეკემბერს დაკავებულ ექვსივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 31 იანვარს გაიმართება. საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაკეთებული განცხადების თანახმად, შესაძლოა საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამოიძიოს. პროკურატურა, მისი თქმით, კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობს.
არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

”ყველა ასეთი - ზოგიერთის აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული - პროცესი, დე, ღიად, საჯაროდ ჟიურიმ მოისმინოს. რომ თუ აქ სხვა რაიმე უკეთურობას აქვს ადგილი ჩვენი მხრიდან, აგერ ბურთი და აგერ მოედანი”, – ამბობს არჩილ კბილაშვილი, პირველ რიგში, გვარამია-ხეთაგურის საქმესთან დაკავშირებით.

ამ საქმის პარალელურად, ბანკი ”ქართუს” გაკოტრების მცდელობის საქმეზე გასულ სამუშაო კვირაშივე დაიკითხნენ საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია.

”საქმე ეხება „ქართუ ბანკს“, „ქართუ ბანკის“ ქონებას. ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ უფრო დეტალურად ვერ მოგიყვებით შეკითხვების შესახებ, მაგრამ, როგორც იცით, 4 საათი ვიყავით და დაკითხვა ამ ეტაპზე დასრულდა“.

მოწმის სტატუსით დაკითხულ ვერა ქობალიას, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, კიდევ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი შექმნილ ფონზე კატეგორიულად
ჩვენი მოქმედების ნაწილი იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქციებიც, ნაწილი იქნება საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაც და ჩვენ ყველანაირი კონსტიტუციური გზის გამოყენებით ვეცდებით, რომ ჩვენი პროტესტი, ჩვენი აზრი და ჩვენი მოსაზრება დავაფიქსიროთ და მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას...
დავით ბაქრაძე

აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან. თავის მხრივ, ძირითადად გვარამია-ხეთაგურის საქმეზე პროტესტის ნიშნად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 19 დეკემბერს საპარლამენტო უმცირესობამ პლენარული სესია დატოვა, მოგვიანებით კი მიიღო გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენოს ქვეყანაში არსებული ყველა დემოკრატიული და კონსტიტუციური მეთოდი.

”გეგმიურ საპარლამენტო მუშაობას დროებით ვტოვებთ და გადავდივართ პოლიტიკური კონსულტაციების რეჟიმში. ჩვენი მოქმედების ნაწილი იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქციებიც, ნაწილი იქნება საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაც და ჩვენ ყველანაირი კონსტიტუციური გზის გამოყენებით ვეცდებით, რომ ჩვენი პროტესტი, ჩვენი აზრი და ჩვენი მოსაზრება დავაფიქსიროთ და მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას”, – თქვა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

არანაკლებ კატეგორიული იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გასულ კვირაში გამართულ შეხვედრებზე მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ბევრად უფრო ადრე დაბრუნდება, ვიდრე მათ, ანუ ”ქართულ ოცნებას” ჰგონია. რა იგულისხმა პრეზიდენტმა ამ განცხადებაში, არ დაკონკრეტებულა, თუმცა საზოგადოების აქტიური სჯა-ბაასის საგანი გახდა ისეთი საკითხები, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართვა პოლიციისადმი, არ დაემორჩილოს შევარდნაძის დროს გაგდებული კორუმპირებული ჩინოვნიკების ბრძანებებს, იუსტიციის საბჭოს რეფორმირების კანონპროექტზე ვეტოს დადების განზრახვა და სხვა...
თუ ჩვენ, ხელისუფლებამ, აღმასრულებელმაც და საკანონმდებლომაც, ერთხელ და სამუდამოდ არ დავამკვიდრეთ სტანდარტი ამ ქვეყანაში, მაშინ ძალიან მალე, ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს. და უმრავლესობის მოვალეობაა აღკვეთოს ის უმსგავსოება, თუ ისე იყო, რასაც მეუბნებიან...
დავით უსუფაშვილი


ამავე კვირაში ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომლის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულიგნობის ბრალდებით 6 პირი დააკავა და ჯარიმა დააკისრა. კერძოდ, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შენობიდან გამოსულ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის თანმხლებ პირებს რამდენიმე ათეული მოქალაქე დახვდა, რომლებმაც უცენზურო შეძახილების შემდეგ პრეზიდენტის ესკორტს ქვები დაუშინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სამართალდამცავი ორგანოებისგან მომხდარზე დაუყოვნებლივ რეაგირება მოითხოვა და განაცხადა:

”თუ ჩვენ, ხელისუფლებამ, აღმასრულებელმაც და საკანონმდებლომაც, ერთხელ და სამუდამოდ არ დავამკვიდრეთ სტანდარტი ამ ქვეყანაში, მაშინ ძალიან მალე, ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს. და უმრავლესობის მოვალეობაა აღკვეთოს ის უმსგავსოება, თუ ისე იყო, რასაც მეუბნებიან”.

უმრავლესობამ კი გასულ კვირაში უმცირესობის გარეშე მიიღო კანონები, რომლებიც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. ესენია კანონები 2013 წლის ბიუჯეტისა და ამნისტიის შესახებ. ახალი ბიუჯეტის საფუძველზე, მთავრობის განმარტებით, „ქართული ოცნების“ დაპირებების ასრულება დაიწყება, ამნისტიის კანონის ძალით კი, პოლიტპატიმრები კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირაში, დანარჩენი პირები კი 2 თვეში გათავისუფლდებიან. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, კანონი საკმაოდ მასშტაბურია და სხვადასხვა ფორმით ყველა მსჯავრდებულს შეეხება, გარდა იმ პირებისა, ვისაც მუდმივი პატიმრობა აქვს მისჯილი.
XS
SM
MD
LG