Accessibility links

logo-print

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეტაკებისა და პრეზიდენტის სიტყვის კვირა


დაპირისპირება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

დაპირისპირება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

დებატები პარლამენტში, უმცირესობის და უმრავლესობის შეუმდგარი კოჰაბიტაცია საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე, უმრავლესობის უარი პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე და დაპირისპირება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, საიდანაც მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებისთვის უნდა მიემართა. ასეთი იყო გასული კვირა საქართველოში.

კვირა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ყოველთვიური ტრადიციული პრესკონფერენციით დაიწყო. ივანიშვილმა ხალხს 100 დღიანი მმართველობის ანგარიში ჩააბარა. ერთ-ერთი სიახლე თებერვლიდან გაზის ტარიფის 10%-ით გაიაფებაა.

ივანიშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეთავაზებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში დაფიქსირდეს, რომ საქართველო დასავლურ კურსს არ გადაუხვევს და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაეთანხმება უმცირესობა ცვლილებებს - ამ განცხადებას პრემიერმა უნიჭო განცხადება უწოდა და თქვა, რომ უმრავლესობას არაფერში სჭირდება ნაციონალების დახმარება. მისი თქმით, არც კურსის შეცვლაა დაგეგმილი:
ეს არის კრიმინალის მკვეთრი ზრდა, ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები. ივანიშვილი საუბრობს სამართლიანობაზე იმ დროს, როდესაც ციხიდან გამოუშვა ტერორისტები, მეამბოხეები, კრიმინალები...

”როგორ წარმოგიდგენიათ ამ მიმართულებაზე უარის თქმა, - ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეს ვგულისხმობ. ეს არც ჩემი არჩევანია, არც სააკაშვილის მთავრობის და არც მისი წინა მთავრობის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ისეთი წარმოუდგენელი რამაა, კონსტიტუციაში ჩაწერა რატომ უნდა დასჭირდეს? ჩვენ ამ ოცნებას ავისრულებთ და ასევე უნდა ვთქვათ, რომ არა აქვს ალტერნატივა ნატოს, თავდაცვის კუთხით, და კურსის შეცვლას არც აქ ვაპირებთ. თუ გამოჩნდება რამე უკეთესი, ამ შემთხვევაში ისევ საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს”.

ახალი მთავრობის მიღწევებზე პრემიერის გამოსვლას იმ დღესვე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი:

”ეს არის კრიმინალის მკვეთრი ზრდა, ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები. ივანიშვილი საუბრობს სამართლიანობაზე იმ დროს, როდესაც ციხიდან გამოუშვა ტერორისტები, მეამბოხეები, კრიმინალები. ამ დროისთვის დაკითხულია თბილისის მერიის 885 თანამშრომელი, ასევე 1425 ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელი. ასევე დაკითხულია 4450 სოციალური აგენტი და 1200-ზე მეტი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი. მათ შორის არიან ექიმები, მასწავლებლები და სხვა პროფესიის ადამიანები”.

პრემიერის 100 დღიანი ანგარიშის წარდგენის მეორე დღეს ხალხს ანგარიში სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემაც წარუდგინა. ცნობილი გახდა, რომ მომავალი კვირიდან გლეხებისათვის ე.წ. სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყება:

დავით კირვალიძე

დავით კირვალიძე

”პირველი - ეს არის ბარათი, რომელსაც ტრაქტორი ახატია, და მისი დარიგება მომავალ კვირას დაიწყება. ამ ბარათის მიმღები ყველა ადამიანი შეძლებს თავისთვის საჭირო მომსახურების მიღებას, - ვგულისხმობ მიწის მოხვნას და გაფხვიერებას. მეორე ბარათი ნედლეულის და ინვენტარის შესაძენად არის გამიზნული და მის დარიგებას მარტიდან დავიწყებთ”.

გასულ კვირაში პურპროდუქტების მწარმოებელმა კომპანია ”იფქლმა” პური 8-10 თეთრით გააიაფა. მიბაძავენ თუ არა მას სხვა კომპანიები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ითქვა ისიც, რომ პურზე ფასის კლება ფქვილის აქამდე დაკეტილი ბაზრის გახსნამ გამოიწვია.

ის, რომ, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე შესაძლოა გაზაფხულზე დაბრუნდეს, ცნობილი გახდა 4 თებერვალს - მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ”რუსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელს, რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშჩენკოს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ კალანდაძემ, რომელსაც ჩვენ მოსკოვში ტელეფონით დავუკავშირდით, თქვა:

”ერთი კვირის შემდეგ ჩამოვა ”რუსპოტრებნადზორის” სპეციალისტების 3 ჯგუფი, 2-2 კაციანი დელეგაცია. ისინი დაათვალიერებენ ჩვენს საწარმოებს, ნახავენ ჩვენს ლაბორატორიულ სიმძლავრეებს, გაეცნობიან კანონმდებლობას და დაბრუნების შემდეგ შედეგებს განიხილავენ ბატონ ონიშჩენკოსთან და, როგორც ვფიქრობ, ძალიან სწრაფად გადაწყდება ჩვენი პროდუქციის ექსპორტის საკითხი რუსეთში”.
მათი მთავარი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების საქმეებს აეხსნათ გრიფი ”საიდუმლო” და მათი საქმეები გახდეს საჯარო, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია...

გასულ კვირაში, პირველად სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, კინოს სახლის დარბაზში პოლიტპატიმრებმა მოიყარეს თავი და მთავრობის სახელზე საგანგებო მიმართვა გაავრცელეს.
მთავარ მოთხოვნებს შორისაა მათ საქმეებზე გრიფი ”საიდუმლოს” მოხსნა, მათი სრული რეაბილიტაცია, პოლიტპატიმრების საქმეებში მონაწილე პროკურორებისა და მოსამართლეების დასჯა, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მათი საქმეების საჯარო განხილვა. მიმართვაში ცხრა მთავარი მოთხოვნა ჩაიწერა.

”მათი მთავარი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების საქმეებს აეხსნათ გრიფი ”საიდუმლო” და მათი საქმეები გახდეს საჯარო, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ დევნიდნენ მათ პოლიტიკური ნიშნით. ასევე მათი მოთხოვნაა ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი, - პროკურორი, მოსამართლე, - ვინც დააკანონა ეს უსამართლო განაჩენი, დაისაჯოს და აგოს პასუხი”, - გვეუბნება ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”.

პოლიტპატიმართა პირველ გაფართოებულ შეხვედრას მათი მიმართვის ერთ-ერთი ადრესატიც ესწრებოდა - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ეკა ბესელია. ბესელიამ ყოფილ პოლიტპატიმრებს საკუთარი საქმეების გასაჯაროებისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იზიარებს მათ მოთხოვნებს პასუხი აგონ იმ მოსამართლეებმა, ვისაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამოჰქონდა, საქმეებს მოეხსნას გრიფი ”საიდუმლო” და იმ ადამიანებმა, ვისაც აქამდე არ ჰქონდა პოლიტპატიმრის სტატუსი, ეს სტატუსი მიიღონ. ყველა ამ საკითხზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მუშაობს, თქვა ეკა ბესელიამ.

პოლიტიკურმა ტემპერატურამ გასულ კვირაში მას შემდეგ მოიმატა, რაც პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება არ მოესმინა პრეზიდენტის ყოველწლიური საანგარიშო სიტყვისათვის, რომლითაც ის 8 თებერვალს პარლამენტში უნდა წარმდგარიყო:
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები უმრავლესობიდან მზად არ აღმოჩნდნენ არც პრეზიდენტის მოსმენისთვის და არც საპარლამენტო პოლიტიკური დებატისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მათი გადაწყვეტილება...

”საქართველოს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მიეცემა საშუალება პარლამენტში გამოსვლის - თავისი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ამ კონკრეტულ საკითხზე მიღებული იქნება პარლამენტის მიერ სათანადო გადაწყვეტილება, ან როდესაც სრულიად ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ამ კონკრეტულ საკითხზე - პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც პარლამენტს ეკუთვნის”, - განაცხადა 7 თებერვალს დავით უსუფაშვილმა.

უმრავლესობის მიერ 7 თებერვალს გახმაურებულ გადაწყვეტილებას ”სამწუხარო” უწოდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც არაერთხელ გაიმეორა ისიც, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მზად იყო ყოველწლიური ანგარიში ჩაებარებინა საკანონმდებლო ორგანოსთვის, მერე კი დარჩენილიყო ბოლომდე და პოლიტიკური დებატების ფარგლებში ეპასუხა უმრავლესობის ყველა შეკითხვისთვის. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს უმრავლესობამ დაიხია უკან:

”ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები უმრავლესობიდან მზად არ აღმოჩნდნენ არც პრეზიდენტის მოსმენისთვის და არც საპარლამენტო პოლიტიკური დებატისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მათი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებას იღებს საპარლამენტო უმრავლესობა და ბიურო და ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვრჩენია - გამოვხატოთ ჩვენი სინანული და დავემორჩილოთ იმ ფაქტს, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ და ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ხვალ ჩვენს მოსახლეობას აღარ მიეცემა საშუალება მოისმინოს, ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა გამართულიყო საქართველოს პარლამენტში”.

8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის, რომლებიც პრეზიდენტის მოსასმენად მივიდნენ, ვითარება რამდენჯერმე ისე დაიძაბა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. იქ შეკრებილი პოლიტპატიმრები და 26 მაისის აქციის დროს დაზარალებულები და მათი თანამოაზრეები ბიბლიოთეკასთან დილიდან შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს არც პრეზიდენტი სააკაშვილი და არც მისი პარტიელები შენობაში არ შეეშვათ.

შეხლა-შემოხლა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

შეხლა-შემოხლა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

პოლიტიკურად დაძაბული დღის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის, ეროვნული ბიბლიოთეკის ნაცვლად, პრეზიდენტის რეზიდენციიდან მიემართა:

”დიდი შეშფოთება და გულისტკივილი მინდა გამოვთქვა დღევანდელი მოვლენების გამო. ჩვენ არ გვინდოდა რაიმე სახის გართულება და, მით უმეტეს, შეტაკება”.

პრეზიდენტმა ის არგუმენტებიც დაასახელა, თუ რატომ არ ეთანხმება ის და მისი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო ცვლილებებს:

”რეალურად ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე პრეზიდენტის ეფემერული უფლებამოსილების შეზღუდვა, რაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობის მქონე არც არის. პირველი, რაც მათ სურთ, ეს არის საქართველოს პარლამენტის გადმოტანა ქუთაისიდან თბილისში. მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები - მთავრობას უნდა კარგად აკონტროლოს პარლამენტი. როდესაც მე და ჩემი მეგობრები (წინასაპარლამენტო უმრავლესობა) გამოვედით ინიციატივით, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში, მთავარი მოტივაცია ამის იყო სწორედ ეს, რომ მთავრობა უნდა იყოს ცალკე, რომ პარლამენტი უნდა იყოს ძლიერი და არ იყოს მთავრობის წნეხის ქვეშ. მეორე, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით კატეგორიულად, არის ის, რომ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში გაუქმდეს”.

იმავე დღეს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო უკვე დაწყებულია გამოძიება, 9 თებერვალს კი სამართალდამცველებმა დილით გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წევრ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაშია ბრალდებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად, ასევე დააკავეს ცოტა ხნის წინ პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გამოსული მელორ ვაჩნაძე და აქციაში მონაწილე მიხეილ მესხი, რომელთაც სასამართლომ, ადმინისტრაციული სასჯელის სახით, 100-100 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.

კვირის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მას ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის ადგილზე ჩადებული იარაღის ვიდეოკამერით გადაღების მითითებას ედავებიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG