Accessibility links

logo-print

პრეზიდენტთან დაკავშირებული კვირა


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ავტომობილით დაცვის გარეშე გადაადგილდება.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ავტომობილით დაცვის გარეშე გადაადგილდება.

გასული კვირის მნიშვნელოვანი ამბების მიმოხილვას, ტრადიციულად, ორშაბათიდან შევუდგეთ. სწორედ ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც თბილისის მერს, გიგი უგულავას, შეეხებოდა: სასამართლომ არც მოთხოვნილი 1 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა მერს, არც ქვეყნის დატოვება აუკრძალა და არც თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა. შაბათს კი უკვე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის შეუმდგომლობა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება.

პროკურატურა გიგი უგულავას სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.

გასული კვირის ორშაბათს, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღნიშნეს. საგულისხმოა, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, სიტყვამ ”ოკუპაცია” ბოლო პერიოდში ერთგვარად შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ელფერიც შეიძინა.

გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილობით მიმართა, რათა მას 2-3 დღის განმავლობაში მკაფიოდ და ცალსახად განეცხადებინა, ამბობს თუ არა უარს კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას.

პრეზიდენტამდე ამ მიმართვას საპარლამენტო უმცირესობა გამოეხმაურა. დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი ულტიმატუმის ენით საუბრობს და მისი მიმართვა ბოლშევიკური შინაარსისაა:

”ხდება ხალხის სახელით ლაპარაკი და ხალხის სახელით ოპოზიციის დაჩოქების მცდელობა. შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებების ცალკეულ ნაწილებზე ვიკამათოთ, ვიდაოთ და გადავწყვიტოთ საკუთარი სინდისის მიხედვით, მაგრამ ამ უმრავლესობასთან რომ ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია, ამაში დავრწმუნდი”.

მოგვიანებით თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი და ითქვა, რომ შეხვედრა 28 თებერვალს უნდა შემდგარიყო, თუმცა ამგვარი დათქმის არსებობა პრეზიდენტმა უარყო, კვირის ბოლოს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს მომავალი კვირის ორშაბათს შეხვდებიან.
ბანკი, პირველ რიგში, ეს არის ნდობის ინსტიტუტი. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ისეთი გლობალური გარიგების შესახებ, რაზეც პრეზიდენტმა ილაპარაკა, მაღალი რისკების შემცველია და არ არის მიზანშეწონილი...

გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენციის შემდეგ, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი იმ ექსპერტების უკან გაწვევით დაიმუქრა, რომლებიც ქართული პროდუქციის შესამოწმებლად იმყოფებოდნენ, და განაცხადა, რომ ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პროცესს ჩაშლის.

მიხეილ სააკაშვილის 26 თებერვლის პრესკონფერენცია, რომელზეც მან ქართული ბანკების რუსული კაპიტალის ხელში გადასვლაზეც ისაუბრა, კრიტიკის საგანი აღმოჩნდა, თავად ბანკების ხელმძღვანელებმა კი პრეზიდენტის განცხადებები კატეგორიულად უარყვეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ მთელი საბანკო სექტორისათვის საზიანო უწოდა.

„ბანკი, პირველ რიგში, ეს არის ნდობის ინსტიტუტი. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ისეთი გლობალური გარიგების შესახებ, რაზეც პრეზიდენტმა ილაპარაკა, მაღალი რისკების შემცველია და არ არის მიზანშეწონილი. ამ ტიპის ინფორმაციას უნდა ავრცელებდეს თავად ბანკი, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - უთხრა ზურაბ გვასალიამ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბანკებთან დაკავშირებული ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან მიიღო, რაც კატეგორიულად უარყო ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადებით. კიდევ უფრო მოგვიანებით პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსულ კაპიტალს აქვს ინტერესი შეიძინოს ქართული ბანკები, ხოლო ერთი მსხვილი ბანკი ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებას შერწყმის თაობაზე:

„თუ არასწორი ბანკები დავასახელე, ეს ჩემდაუნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა ბანკებისთვის პრობლემების შექმნა. მინდა, რომ საბანკო სექტორი საქართველოში იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი და ყურადღებით დავაკვირდები, რომ ის არ ჩავარდეს ერთი ქვეყნის სახელმწიფო ბანკების ხელში. ვგულისხმობ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვს სრულიად არაჯანსაღი ინტერესი“.
ეს სამსახური გაიყო ორად. ერთი ნაწილი, რომელიც ყველა სხვის დაცვას უზრუნველყოფს, არის მთავრობის დაქვემდებარებაში და, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრმა დანიშნა ხელმძღვანელი; ხოლო მეორე ნაწილი - ეს არის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში და ხელმძღვანელიც მას შეუძლია დანიშნოს...

გასულ კვირაში კიდევ ერთი საკითხი დაუკავშირდა პრეზიდენტს - ეს არის მისი დაცვის საკითხი. თავად პრეზიდენტი უარს ამბობს დაცვაზე და ამის დასტურად ის 27 თებერვალს, აზარბაიჯანში ვიზიტად გამგზავრებამდე, მეუღლესთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელექტრომობილით მივიდა.

პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო დაცვით სარგებლობაზე ნათქვამი უარი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება. თუკი ეს სამსახური ადრე პრეზიდენტის პირად დაქვემდებარებაში შედიოდა, 18 იანვარს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ის მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. თუმცა კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა გამოეყოს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში გადავა.

პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტის სასახლე

”ეს სამსახური გაიყო ორად. ერთი ნაწილი, რომელიც ყველა სხვის დაცვას უზრუნველყოფს, არის მთავრობის დაქვემდებარებაში და, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრმა დანიშნა ხელმძღვანელი; ხოლო მეორე ნაწილი - ეს არის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში და ხელმძღვანელიც მას შეუძლია დანიშნოს და ყველა რიგითი თანამშრომელიც მას შეუძლია შეარჩიოს. რა არის აქ გაუგებარი და სასკანდალო?!”, - განუმარტა 27 თებერვალს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

სურს თუ არა პრეზიდენტს დაცვა, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ის, უთხრა რადიო თავისუფლებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ეკა ხუციშვილმა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი უარს იტყვის სპეციალურ დაცვაზე, მისი დაცვის ვალდებულება ავტომატურად ეკისრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს” და, როგორც ამ სამსახურის მიერ 27 და 28 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადება იტყობინებოდა, საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, პრეზიდენტის დაცვის პროცესი არ შეწყვეტილა.
კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა კი არ ითვალისწინებს რეფერენდუმს. შესაბამისად, დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ შეიძლება რეფერენდუმზე გატანილი იქნეს ისეთი საკითხი...

გასულ კვირაში პრეზიდენტთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი გახდა ცნობილი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ წარსადგენი საკითხი დაარეგისტრირა. სარეფერენდუმო კითხვა ასეთია: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?“

თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ გაუმართლებელია მსგავს საკითხზე რეფერენდუმის მოთხოვნა.

„რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება, კანონის თანახმად, არის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე და მას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ჩვენს შემთხვევაში ის ეჯახება კონსტიტუციას, რადგანაც პრეზიდენტის არჩევნების წესის შეცვლა - ეს არის კონსტიტუციის საკითხი. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა კი არ ითვალისწინებს რეფერენდუმს. შესაბამისად, დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ შეიძლება რეფერენდუმზე გატანილი იქნეს ისეთი საკითხი, რომელიც გადაწყვეტილია კონსტიტუციით“, - უთხრა ვახტანგ ხმალაძემ რადიო თავისუფლებას.

დაბოლოს, გასულ კვირაში საპატიმროდან გათავისუფლდნენ გოჩა და შმაგი აფრასიძეები. ისინი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისა და მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდნენ სასჯელს. ციხიდან გათავისუფლებული ძმების მიზანია დადგინდეს სიმართლე 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერაში ჩატარებული იმ სპეცოპერაციის გარშემო, რომელმაც აფრასიძეების ოჯახის ორი წევრის სიცოცხლე შეიწირა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG