Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების კვირა


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი
გასულ კვირას მთავარი მოვლენების ეპიცენტრი საქართველოს პარლამენტი იყო: ძალოვანი მინისტრების უმცირესობასთან შეხვედრის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანო ბოლო დროს ყველაზე გახმაურებულ საკითხზე - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება-არმიღებაზე - მსჯელობდა და 21 მარტს 135 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო კიდეც ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

21 მარტს, ოთხსაათიანი დებატების შემდეგ, რომელსაც წინა დღეებში პოლიტიკოსებს შორის გამართული არაერთი დისკუსიაც უსწრებდა, საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ, სარეიტინგო კენჭისყრაზე კონსტიტუციურ ცვლილებებს 93 მომხრე აღმოაჩნდა. პირველი მოსმენით, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას შეეხება, 135-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას. მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს აპრილის თვეში საშუალება ეძლევა ერთპიროვნულად დაითხოვოს პარლამენტი, მთავრობა და ერთპიროვნულადვე მოახდინოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ფორმირება; მასვე დაეკისრება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. კოალიცია ”ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილება მიზნად ისახავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ უფლების შეზღუდვას. თუმცა, როგორც ცნობილია, ამ უფლებამოსილების შეზღუდვა ოქტომბრის შემდეგ ისედაც იყო დაგეგმილი, 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, ის ცვლილებები კი, რომლებსაც 21 მარტს უყარა პარლამენტმა კენჭი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, მაისის თვიდან უნდა ამოქმედდეს და მას დროებითი ხასიათი ექნება:

ვაზტანგ ხმალაძე
ვაზტანგ ხმალაძე
”ოქტომბრის შემდეგ ახლად არჩეულ პრეზიდენტს აღარ ექნება ერთპიროვნული უფლება გადააყენოს მთავრობა. ასევე არ ექნება უფლება, დანიშნოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამდენად, ეს არ ცვლის იმას, რაც უნდა ამოქმედდეს მომავალში, ეს ეხება ამ რამდენიმეთვიან პერიოდს, ამჟამად მოქმედი ნორმების ცვლილებას”.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს ეთანხმებოდნენ და არ აპირებდნენ ხელი შეეშალათ უმრავლესობისთვის მის მიღებაში, როგორც ირწმუნებოდა საპარლამენტო უმცირესობა; ამასთან, აცხადებდნენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფარატინა ქაღალდია და ის ამოქმედდება ახლა თუ ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრიდან, როგორც ამას 2010 წლის კონსტიტუცია ადგენს, არა აქვს მნიშვნელობა, რადგან პრეზიდენტი მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებას და კრიზისის შექმნას არ აპირებს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხმას ისინი ცვლილებებს მისცემენ მხოლოდ და მხოლოდ სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ. მან, ამასთანავე, განმარტა, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება იქნება უმრავლესობის მხრიდან უმცირესობის მიმართ პატივისცემის გამოხატულება და თუმცა საქმე უმცირეს დათმობას ეხება, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ორ პოლიტიკურ ძალას შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება შედგა:

”მთავარი და ყველაზე ცუდი, რაც ამ პროცესში არის ჩემთვის, გახლავთ ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა მაშინაც კი, როცა ვთანხმდებით შინაარსზე და მაშინაც კი, როცა ვხვდებით, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ორივე მხარეს სჭირდება. აი, ეს არის ამ პროცესში ყველაზე ცუდი და ის პატარა კორიდორი, რომელიც ამ დარბაზში ყოფს უმრავლესობას და ოპოზიციას ერთმანეთისგან, ასევე გვყოფს ცხოვრებაშიც. ერთი ნაბიჯი არის ჩვენ შორის იმისათვის, რომ პოზიციებზე შევჯერდეთ და ამ დოკუმენტს მივცეთ ხმა, ერთი პატარა ნაბიჯი, და ამ ერთი პატარა ნაბიჯის სახელია ერთი კონკრეტული კენჭისყრა”.
ქვეყანაში მართლაც უპრეცედენტო ამნისტია განხორციელდა, რის შედეგადაც დაახლოებით 8 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ. ამას დაემატა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული დაახლოებით 2000-ზე მეტი პატიმარი, მათ შორის, მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებული პირებიც...
ირაკლი ღარიბაშვილი


გასული კვირა პარლამენტში მინისტრების ვიზიტებითაც გამოირჩეოდა: საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს პასუხობდნენ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

შს მინისტრის მიმართ უმცირესობის ერთ-ერთი მთავარი კითხვა საყოველთაო ამნისტიის შემდეგ გაუარესებულ კრიმინოგენურ ვითარებას ეხებოდა, რაზეც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს ხმები გაზვიადებულია და ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება:

”ქვეყანაში მართლაც უპრეცედენტო ამნისტია განხორციელდა, რის შედეგადაც დაახლოებით 8 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ. ამას დაემატა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული დაახლოებით 2000-ზე მეტი პატიმარი, მათ შორის, მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებული პირებიც. ეს, ცხადია, არის იმის მიზეზი, რომ ასეთი ნეგატიური ფონი შეიქმნა საზოგადოებაში და ამას ემატება თქვენ მიერ გამიზნულად გაკეთებული განცხადებები, რომ კიდევ უფრო დაძაბოთ საზოგადოება და აჩვენოთ, რომ რაღაც საშინელება ხდება. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და როდესაც არ გაქვთ რეალური ფაქტები, ძალიან გთხოვთ, რომ მათ გარეშე, ასე უსაფუძვლოდ, მოსახლეობას კიდევ ნუ დავძაბავთ”.

არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შესაძლო შეცვლა, ოკუპაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები - ამ და სხვა საკითხებზე კი რეინტეგრაციის მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს პარლამენტში ორი საათის განმავლობაში უსმენდნენ. მისი მთავარი ოპონენტი უმცირესობიდან შოთა მალაშხია იყო. მას კითხვები ჰქონდა რკინიგზის შესაძლო გახსნის გახმაურებულ საკითხთან დაკავშირებით:
შოთა მალაშხია
შოთა მალაშხია

”ბაქოში ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სერიოზულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ, რკინიგზის ამოქმედების შემთხვევაში, ამას მოჰყვება ენერგეტიკული კრიზისი საქართველოში. ლაპარაკია ზამთარში გაზისა და ელექტროენერგიის მოწოდებაზე და, ზოგადად, ურთიერთობების გაფუჭებაზე. უფრო მეტიც, არსებობს თურქი ექსპერტების მოსაზრებაც, რომ თურქეთი ჩაერევა ამ საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანის მხარეზე. ამასვე ამბობენ რუსი ექსპერტებიც. ამდაგვარი რამ კი 1918-1921 წლებში, ზუსტად ასეთი ძალთა გადანაწილებით, ერთხელ უკვე იყო”.

მინისტრმა გაიმეორა ადრე ნათქვამი, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა, რომლის განხორციელება საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. ამ შეხვედრაზე ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის პარალელურად, უკვე დაიწყო პროცესი, რომლის მთავარი მიზანიც ზოგიერთი აღიარების უკან წაღება, უარყოფა უნდა გახდეს. სიტყვის უკან პირველი წამღები, როგორც პაატა ზაქარეიშვილი შენიშნავს, შესაძლოა, ვანუატუ გახდეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჟენევის ფორმატის ცვლილება იყო:

”ფორმატი თუ შეიცვალა, რა შედეგს მივიღებთ? და თუ აღმოჩნდება, რომ ეს ფორმატის შეცვლა ქართული მხარისათვის მისაღებია, რა პრობლემაა? მაგრამ ვიდრე ჩვენ ვერ ვხედავთ ფორმატის შეცვლის შესაძლებლობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის აფხაზი და ოსი მონაწილეების მხრიდან გამოთქმული სურვილი თავისი სტატუსის ამაღლებისა, რითაც, სხვათა შორის, ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ჩვენ არ ვამბობთ კატეგორიულ ”არას”, ჩვენ არ ვეძებთ მიზეზებს ამ ”არას” სათქმელად, მაგრამ ვეძებთ გამოსავალს, რატომ არ შეიძლება ვთქვათ ”დიახ”. ოღონდ ეს თანხმობა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ითქვას”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საფრთხეები, შეიარაღებული ძალების გარდაქმნა, მემკვიდრეობის ”კატასტროფული” მხარეები და თავდაცვის სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა - ასეთია თავდაცვის მინისტრის მიერ 21 მარტს გამოკვეთილი ძირითადი აქცენტები. 4-თვიანი მუშაობის ანგარიში ირაკლი ალასანიამ პარლამენტში - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე - წარადგინა და შემდეგ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები, ჩემთან ერთად, მუდმივად ვამოწმებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნას და ამ კუთხით ვდგამთ კონკრეტულ ნაბჯებსაც...
ირაკლი ალასანია


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში - ”ვითარება მძიმდება იმით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამატებითი საფორტიფიკაციო და საიერიშო ნაგებობები და ბაზები ჩნდება”, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის აუცილებლობას ხედავს. მართალია, ბოლოდროინდელმა მოლაპარაკებებმა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის კუთხით რუსეთთან, მინისტრის თქმით, ”შეამცირა პოტენციური შესაძლებლობა საბრძოლო მოქმედებების განახლების” კუთხით, მაგრამ მზადყოფნის თემა კვლავაც აქტუალური რჩება:

”გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები, ჩემთან ერთად, მუდმივად ვამოწმებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნას და ამ კუთხით ვდგამთ კონკრეტულ ნაბჯებსაც, რაც, თუ აუცილებლობა გაჩნდება და შეკითხვები გექნებათ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია არაღია ფორმატში უფრო დეტალურად აგიხსნათ”.

20 მარტს, დღის მეორე ნახევარში, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში პროგრესის შესახებ ევროკავშირსა და მის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულ ქვეყნებს შორის. მათ შორის არის საქართველოც, რომლის მიერ 2012 წელს გადადგმული ნაბიჯებიც დიდწილად დადებითად არის შეფასებული, თუმცა იმისათვის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალმა ქვეყანამ მეტი სარგებელი მიიღოს, ევროკომისია მას არაერთ რეკომენდაციას აძლევს.

ახალი ანგარიში გვამცნობს, რომ 2012 წელს: საქართველომ ჩაატარა, ძირითადი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, განაგრძო ურთიერთობის მცდელობა თავის სეპარატისტულ რეგიონებთან, აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მიიღო ზომები დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად.
ვფიქრობ, მდგომარეობა ახლა უფრო კონსტრუქციული მიმართულებით ვითარდება. აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კოჰაბიტაცია, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის სპეციფიკის გათვალისწინებით, უზარმაზარ სირთულეებს უკავშირდება...
შტეფან ფიულე

2012 წელს მიღწეულ წარმატებებს შორის არის ასევე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაძლიერება, სასამართლო სისტემის რეფორმირება და სექტორული რეფორმების წინ წაწევა. თუკი მოკლედ ვიტყვით, ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველომ შეასრულა წინა ანგარიშში ასახული ძირითადი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი, თუმცა რჩება გამოწვევები და, ვიდრე უშუალოდ მათ აღმოსაფხვრელად შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ ქვეყნის წინსვლის პარალელურად, კოჰაბიტაციის პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე ილაპარაკა 20 მარტს ბრიუსელში ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ:

„რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, მდგომარეობა ახლა უფრო კონსტრუქციული მიმართულებით ვითარდება. აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კოჰაბიტაცია, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის სპეციფიკის გათვალისწინებით, უზარმაზარ სირთულეებს უკავშირდება. ასეთი კოჰაბიტაცია ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიასაც დიდ პრობლემებს გაუჩენდა და ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულია გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის“.

გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის ზღვრული ასაკი, რომელიც 65 წელს შეადგენდა, გაუქმდა. უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ დავით ონოფრიშვილის მიერ ინიცირებული ცვლილება ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში საქართველოს პარლამენტმა 20 მარტს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

”თუკი 65 წლის ასაკს ზევით იყავი, მიუხედავად იმისა, თუ რა გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობა გქონდა, მაინც უნდა დაგეტოვებინა სამსახური. სამსახურში მიღებაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი. დღეიდან უკვე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება კონკურსში მონაწილეობის მიღება და თუ ისინი სამსახურის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მათი ასაკი დასაქმების პრობლემას აღარ შექმნის”, - ამბობს დავით ონოფრიშვილი.
ჩვენ დაგვიგროვდა საკმაოდ ბევრი განცხადება, ბევრი ინფორმაცია, რომელიც ეხება გაუჩინარებულ ადამიანებს. ეს ეხება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ეთნიკურად ოსი პირების გაუჩინარებას...
უჩა ნანუაშვილი


საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს გაუჩინარების ფაქტების გამოძიების რეკომენდაციით მიმართა. უჩა ნანუაშვილი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისას და მომდევნო პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ეთნიკურად ოსი პირების ადგილსამყოფლის დადგენასა და გაუჩინარების ფაქტების ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. პროკურატურას მიმართავს ის 2007-2008 წლებში გაუჩინარებული საქართველოს სამი მოქალაქის საქმის გამოძიების თაობაზე. სახალხო დამცველის პასუხად, გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პროკურატურა მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება გამოძიების პროცესში, თუ გაუჩინარებულთა საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება. მანამდე საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.

ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას დაინტერესდეს სხვა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების მოძიების საკითხითაც. როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, მათი რიცხვი არცთუ ისე მცირეა:

”ჩვენ დაგვიგროვდა საკმაოდ ბევრი განცხადება, ბევრი ინფორმაცია, რომელიც ეხება გაუჩინარებულ ადამიანებს. ეს ეხება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ეთნიკურად ოსი პირების გაუჩინარებას. ჩვენთვის ცნობილი გახდა ახალი ინფორმაციაც, მაგალითად, რატიკ ისაევის შესახებ, რომელიც ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გარდაიცვალა, მაგრამ უცნობია, სად დაკრძალეს ის”.
ნათია ნაცვლიშვილი
ნათია ნაცვლიშვილი

გასულ კვირაში გამოქვეყნდა UNDP-ის მიერ მომზადებული გამოკვლევა, რომელიც საქართველოში მცხოვრები 4000-ზე მეტი ოჯახისა და შინა მეურნეობის მდგომარეობას ასახავს. მოწყვლადი მოსახლეობის ჯგუფებს შორის კი არიან ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობა, დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მაღალთმიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები. გამოკვლევის შესავალში პირველივე წინადადება გვამცნობს, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. მათგან უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე 10%-ია, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა - 45%. 4,5 მილიონიანი მოსახლეობიდან, ბოლო მონაცემებით, 258 595 იძულებით გადაადგილებული, ხოლო 129 599 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი გვეუბნება, საქართველოს მოსახლეობის 70% მოწყვლადია, გარკვეული კატეგორიების მიხედვით.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG