Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსულტაციებში გალეული კვირა


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
გასული კვირის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა განაგრძობდნენ კონსულტაციებს „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე. თავდაპირველად იგეგმებოდა კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 25 მარტისთვის დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე, მაგრამ, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, დეპუტატებს კონსულტაციების აუცილებლობამ საკითხის გადადება უკარნახა:

„მესამე მოსმენით აღნიშნულ კანონპროექტს მივიღებთ მომავალ კვირაში -მაშინ, როცა მზად იქნება სათანადო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის არჩევის საკითხში საპარლამენტო პროცედურებია განსასაზღვრი და იმისათვის, რომ სურათი იყოს სრულიად ნათელი, ჯობია ეს დოკუმენტიც მომზადდეს ხუთშაბათამდე და მომავალი კვირის განმავლობაში დაეწიოს ეს კანონპროექტი ძირითად კანონპროექტთა პაკეტს“.

საკითხის გადადებას მიესალმა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლებისა და უმრავლესობისაგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას მოითხოვს:

„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების, დიალოგისა და შეთანხმების გზით ვეცადოთ, რომ საბოლოო პროდუქტი, რომელსაც მივიღებთ, ასახავდეს მთელი პოლიტიკური სპექტრის აზრს, იყოს შესაბამისობაში ვენეციის კომისიის დასკვნასთან და იყოს პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი. ამიტომ ჩვენ მზად ვართ ამ კვირაში დამატებითი კონსულტაციებისათვის “.
თვითონ კანონპროექტი არის პროგრესული. იუსტიციის საბჭოს წევრთა დაკომპლექტების ის წესი, რომელიც კანონპროექტით არის გათვალისწინებული, არის უკეთესი...
ოთარ კახიძე

კონსულტაციების შედეგად უმრავლესობამ და უმცირესობამ ვერ შეძლეს ყველა საკითხის შეთანხმება, თუმცა, ამის მიუხედავად კანონპროექტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. უმრავლესობამ გაიზიარა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი და გადაწყდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრი ხმათა 2/3-ით იქნეს არჩეული. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე 6 წევრის გარდა, უფლებამოსილება შეუწყდება კიდევ 7 მოსამართლე-წევრს, თუმცა მათ ექნებათ უფლება, მოსამართლეთა კონფერენციაზე თავიანთი კანდიდატურა ხელახლა დაასახელონ და, მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, პოსტებს ახალი ვადით დაუბრუნდნენ. ცვლილებები არ შეეხება საბჭოს მხოლოდ 2 წევრს, მათ შორის - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ოთარ კახიძე განმარტავს:

”თვითონ კანონპროექტი არის პროგრესული. იუსტიციის საბჭოს წევრთა დაკომპლექტების ის წესი, რომელიც კანონპროექტით არის გათვალისწინებული, არის უკეთესი, ვიდრე გვაქვს დღეს, და კანონპროექტი, მთლიანობაში, წაადგება სასამართლოს დამოუკიდებლობას. მაგრამ თუკი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და ასოცირების შეთანხმების წამოყენებულ წინაპირობებსაც დააკმაყოფილებენ, ეს კიდევ უფრო მეტად წაადგება როგორც მართლმსაჯულებას, ასევე მთლიანად ჩვენს საზოგადოებას”.

გასულ კვირაში გაირკვა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე იმ პირთა ვინაობა, რომლებიც 27 აპრილს ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქებში იყრიან კენჭს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მმართველი კოალიციისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“, კანდიდატებმა. კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ნაძალადევში თამარ კორძაია, ბაღდათში პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში გიორგი კახიანი იყრის კენჭს:
მინდა გითხრათ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არ წყვეტს არჩევნების ბედს. ყველაფერს წყვეტს ქართველი ხალხი! არავის ვურჩევ ხიბლში ჩავარდნას...
პაპუნა დავითაია

„ხედავთ, რომ იურისტებზე გავჩერდით და ეს შემთხვევით არ არის, რამდენადაც უსუფაშვილი ძალიან განიცდის, რომ პარლამენტში სჭირდება კვალიფიციური კადრი. მოგეხსენებათ, კანონწარმოება არ არის მარტივი საქმე და მას პროფესიონალები სჭირდება. ბევრი თვალსაჩინო და საყვარელი პიროვნება შევიყვანეთ პარლამენტში და ბევრი მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ პატივს სცემს საზოგადოება, ვერ არის ისეთი ეფექტური პარლამენტში, როგორც საჭიროა კანონწარმოებისათვის“.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ მათი წარმომადგენლობა პარლამენტში სამი დეპუტატით გაიზრდება, თუმცა პაპუნა დავითაია, „ნაციონალური მოძრაობის“ რჩეული ნაძალადევის ოლქში, სულ სხვაგვარად ფიქრობს.

„მინდა გითხრათ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არ წყვეტს არჩევნების ბედს. ყველაფერს წყვეტს ქართველი ხალხი! არავის ვურჩევ ხიბლში ჩავარდნას. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ პრობლემებს, რაც ხალხს გააჩნია და ამაზე ვისაუბროთ და არა იმაზე, რომ პროგნოზები გავაკეთოთ, თუ ვინ გაიმარჯვებს. ვინ გაიმარჯვებს და ვინ - არა, ამას გადაწყვეტენ ნაძალადევის მცხოვრებლები“, უთხრა პაპუნა დავითაიამ რადიო თავისუფლებას.

გასულ კვირაში გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი, 23-ე რაუნდი, რომელიც, ტრადიციულად, ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა გაირკვა ის, რომ მოლაპარაკების ფორმატი არ შეიცვლება და რომ თბილისი მზად არის დაუჭიროს მხარი თანათავმჯდომარეთა ერთობლივ სამშვიდობო განცხადებას, რომელიც შემუშავების პროცესშია. 23-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებული თანათავმჯდომარეთა ერთობლივი პრესკომუნიკე 27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ფილიპ ლეფორმა გააცნო:
პირდაპირ, შენი მუხლების ჭირიმეო, - ასე ელაპარაკება. ტონი არის აბსოლუტურად მე-19 საუკუნის ბოლოს დროინდელი. მეფის რუსეთის დროს ქართველი ჩინოვნიკები საქართველოს პროვინციიდან...
გია ხუხაშვილი

”ექსპერტთა ჯგუფებმა კონსტრუქციულად განიხილეს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა განცხადების პროექტი. ექსპერტებმა გაცვალეს ხედვები, მოსაზრებები და გამოხატეს თანხმობა, შემდეგ რაუნდზე განაგრძონ პროექტზე მუშაობა, თანათავმჯდომარეთა ჩასწორებული ვარიანტის საფუძველზე”.

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ყოფილი კულტურის მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის მთავრობაში გაგზავნილი წერილი, რომელიც 2008 წლითაა დათარიღებული და რომელშიც ქართველი მინისტრი რუს კოლეგასთან აგვისტოს ომიდან სამი თვის თავზე მოსკოვში საბალეტო დასის გასტროლებისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტების გამართვის შეთანხმებას ცდილობს. წერილი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის გია ხუხაშვილის ძალისხმევით განსაჯაროვდა:

”პირდაპირ, შენი მუხლების ჭირიმეო, - ასე ელაპარაკება. ტონი არის აბსოლუტურად მე-19 საუკუნის ბოლოს დროინდელი. მეფის რუსეთის დროს ქართველი ჩინოვნიკები საქართველოს პროვინციიდან - ამ ტონითაა ეს წერილი დაწერილი”.

დიპლომატიური მიმოწერის გახსნას სულ მალე გამოუჩნდნენ მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ამ უკანასკნელთა შორის იყო ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.

”რა დიპლომატიურ მიზნებს ემსახურებოდა ასეთი სახის წერილი, რა უძღოდა წინ, რა მდგომარეობა იყო, რა უნდა აგვეცილებინა თავიდან, ჩვენ ხომ არ ვიცით? უბრალოდ, ამოგლეჯილად კონტექსტიდან ასეთი დიპლომატიური წერილი, კულტურის მინისტრის მიერ მიწერილი, ვთქვათ, მეორე კულტურის მინისტრის მიმართ, გამოიტანეთ სააშკარაოზე და ახლა მიდის ამის განსჯა, აი, თურმე რა ხდებოდა და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ამის გაკეთება”, უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გასული კვირის მიწურულს უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელსაც საკუთარი უფლებების დაცვა მოუხდა. ლაპარაკია 28 მარტის ინციდენტზე, რომლის დროსაც აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა ორგანიზაციის თანამშრომელს. ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG