Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონპროექტებსა და რაბათის ციხეზე მსჯელობის კვირა


რაბათის ციხე
რაბათის ციხე
გასული კვირის ორშაბათს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ომბუდსმენის ყოველწლიური, ამჯერად 770-გვერდიანი, ანგარიში უკვე პარლამენტშია.

”ანგარიშში საუბარია პატიმართა წამებისა და დამცირების სერიოზულ ფაქტებზე. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ ამ სისტემაში არსებული ვითარება რჩება და ამით იხსნება კიდეც სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიში. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზეა არაერთი საინტერესო ინფორმაცია მასში შესული, მათ შორის, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაზეც სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე აღსანიშნავია კონტროლის პალატის და შემდგომში კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა, რომელიც პოლიტიკური დევნის იარაღად იქცა”.

უნდა ითქვას, რომ წინა წლებში პრობლემად მიიჩნეოდა პარლამენტის დამოკიდებულება სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ, რომელსაც ის, ტრადიციულად, მხოლოდ ცნობად იღებდა. ამჯერად კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის დაპირებით, ომბუდსმენის ანგარიშს ნახევრად ცარიელ დარბაზში არ მოუსმენენ და მას სათანადო ყურადღებას დაუთმობენ.
იმ პატივისცემის მიუხედავად სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და, ზოგადად, უჩა ნანუაშვილისადმი, ან სწორედ ამის გამოც, ძალიან არ მომეწონა, რომ საკმაოდ არაპროფესიულად იყო შედგენილი ეს რეკომენდაცია...
სოზარ სუბარი

ყურადღება სახალხო დამცველის პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს მალევე დაეთმო - მას ყოფილი ომბუდსმენი, ამჯერად სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურნენ. ისინი სახალხო დამცველის კონკრეტულ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან. სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით განაცხადა:

”იმ პატივისცემის მიუხედავად სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და, ზოგადად, უჩა ნანუაშვილისადმი, ან სწორედ ამის გამოც, ძალიან არ მომეწონა, რომ საკმაოდ არაპროფესიულად იყო შედგენილი ეს რეკომენდაცია. თუნდაც წინასწარ რომ გაევლოთ ჩვენთან და დაესვათ ეს კითხვები, იქ ძალიან ბევრ რამეზე მიიღებდნენ ამომწურავ და დამაჯერებელ პასუხს, რომ ეს ასე არ არის”.

ომბუდსმენის აპარატში კი განაცხადეს, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება მინისტრების ნებაა, პრობლემის არსებობა კი - რეალობა.

გასულ კვირას პარლამენტში გადაიდო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებისთვის კენჭისყრა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის ინიციატივას არ ეთანხმება საპარლამენტო უმცირესობა. კანონპროექტის მიხედვით, რომლის ინიციატორი პარლამენტში რეინტეგრაციის სამინისტროა, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რუსეთის მხრიდან უკანონოდ შესვლა ადმინისტრაციულად დასჯადი გახდება და ფინანსურ ჯარიმას დაექვემდებარება. ჯარიმის ოდენობა, კანონპროექტის თანახმად, 400 ლარით განისაზღვრება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის, გარკვეულ შემთხვევებში, პატიმრობის მექანიზმის ამოქმედების საკითხი კი საზღვრის ხელმეორედ დარღვევისას დადგება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, არ არის გამორიცხული, მას პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რუსეთის ”როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელთა მოლაპარაკების შედეგად, რუსეთის ბაზრის კარი, 2006 წელს გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ, საქართველოს სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამუშავებული პროდუქტებისთვის გაიხსნება.

გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის უნდა გამოვყოთ თემა, რომელიც 28 მარტს ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიკერძოებულად მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებული დასკვნა, რომელშიც უდანაშაულოდ გამოცხადდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია საიას მძღოლთან 28 მარტს მომხდარ დაპირისპირებაში. შეგახსენებთ, რომ გენერალური ინსპექციის 2 აპრილის დასკვნის მიხედვით, ბათუმში, გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე, 28 მარტს ავარიული სიტუაციაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მძღოლმა როინ ფარტენაძემ შექმნა და მანვე გამოავლინა თავშეუკავებელი აგრესია აჭარის პოლიციის უფროსის, ვალერიან თელიას მიმართ. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ვალერიან თელიას არ გააჩნია მართვის მოწმობა და ის ავტომობილს მოწმობის გარეშე მართავდა, რაც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაუვალი აუცილებლობით ახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ვალერიან თელია დააჯარიმა და სასტიკი საყვედური გამოუცხადა პოლიციის თანამშრომელს, ვინმე გ.ს.-ს, რომელსაც 28 მარტს მომხდარი ინციდენტის ამსახველი ერთ-ერთი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ”წაეშალა”.
ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ და ვისმენთ - მიწასთან გაასწორონ ის, რაც ბოლო წლებში საქართველოში აშენდა და გაკეთდა...
მანანა მანჯგალაძე

მომხდარი ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქციით გააპროტესტეს. მოგვიანებით ვალერიან თელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო საავადმყოფოში მოხვდა.

გასული კვირის მთავარ მოვლენებს შორის უნდა აღინიშნოს აგრეთვე თემა, რომელიც რაბათის ციხის რეკონსტრუქციის საკითხს შეეხება. საუბარია მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაციაზე, ამავე საუკუნეში მის მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე. ინფორმაცია შესაძლო რეკონსტრუქციის შესახებ პირველად პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმაურა პრესკონფერენციაზე, რომელზეც კულტურის სამინისტროს მიერ მიწერილ წერილზე ილაპარაკა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გახმაურებული წერილის შინაარსიდან ირკვევა, თურქი და ქართველი ექსპერტები 2012 წელს ახალციხის ციხეში წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაზე იზრუნებენ, ანუ შეიცვლება აჰმედ ფაშას მეჩეთის გუმბათის ფერი, შემოწმდება ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემა, მეჩეთს დაუბრუნდება პირვანდელი რკინის ცხაურები. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ამ საკითხზე საზოგადოებას ქვეყნის პირველი პირის შეფასება გააცნო:

”ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ და ვისმენთ - მიწასთან გაასწორონ ის, რაც ბოლო წლებში საქართველოში აშენდა და გაკეთდა”.

კამათი რაბათის ციხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ კულტურის სამინისტროში გაგრძელდა, სადაც ორმოცამდე სპეციალისტი სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე მსჯელობდა. მრგვალ მაგიდას მცირე ხნით დაესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და პროტესტის ნიშნად ის შემდეგი სიტყვებით დატოვა:
მეჩეთი და მედრესე არის რესტავრირებული, როგორც შეეფერება ძეგლთა დაცვის პრინციპებს, თუმცა აქაც შეიქმნა გარკვეული წინააღმდეგობა. ოქროსფერი გადახურვა მიუღებელია თურქული მხარისთვის...
მანანა სურამელაშვილი

”თქვენ ვერ შეძლებთ იქ ვერაფრის მოშლას. მე ყველაფერს გავაკეთებ და ჩემს ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოვიყენებ, რომ წინ აღვუდგე ყველანაირ ნგრევას”.

კულტურის სამინისტრო რაბათის ციხის ხელახალი რესტავრაციის მიზეზად, თურქ ექსპერტებზე დაყრდნობით, იმ ხარვეზებს ასახელებს, რომლებიც აღმოჩნდა ახალციხის ციხის რეაბილიტაციის პროცესში 2011-2012 წლებში დაშვებული მთელი რიგი შეცდომების შედეგად. 5 აპრილს კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე არქიტექტურის ისტორიკოსმა მანანა სურამელაშვილმა თავის მიერ დანახული ხარვეზების შესახებ ისაუბრა:

”გალავანი მთლიან ტერიტორიაზე დასრულდა ერთნაირი ქონგურებით. ეს ძალიან უსიცოცხლო სახეს აძლევს იქაურობას. მეჩეთი და მედრესე არის რესტავრირებული, როგორც შეეფერება ძეგლთა დაცვის პრინციპებს, თუმცა აქაც შეიქმნა გარკვეული წინააღმდეგობა. ოქროსფერი გადახურვა მიუღებელია თურქული მხარისთვის და ეს გასაგებიც შეიძლება იყოს, რადგან ესეც სპეციალისტებთან შეუთანხმებლობამ გამოიწვია. საუბარია ასევე ცხაურებზე, რომელთა დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული”.

აჰმედ ფაშა ჯაყელის მიერ აშენებული მეჩეთის აღდგენაზე მომუშავე არქიტექტორ-რესტავრატორმა თენგო გაბუნიამ განაცხადა, რომ თურქ ექსპერტებს, რომლებმაც მეჩეთირესტავრაციის პროცესში მოინახულეს, გუმბათის ოქროსფრად გადახურვის გამო პრეტენზიები არ ჰქონიათ.
რაბათის ციხის ხელახალი რეკონსტუქციის საკითხი აქტუალური გახდა თურქულ მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად. რამდენიმე ხნის წინ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თებერვალში თურქეთში გამართული შეხვედრისას შედგა შეთანხმება თურქულ მხარესთან, რომ თუკი დროულად გამოსწორდებოდა რაბათის რეკონსტრუქციისას დაშვებული ხარვეზები, შესაბამისად, დროულად დაიწყებოდა ქართული კულტურული ძეგლების რეაბილიტაციაც. თუმცა, კულტურის მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის სიტყვებით, თურქეთთან კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობა ნაცვალგებას არ ითვალისწინებს და საუბარი ერთი ძეგლის რესტავრაციის სანაცვლოდ მეორის რესტავრაციაზე აღარ არის.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG