Accessibility links

logo-print
გასული კვირის დასაწყისში საქართველოს საზოგადოების ყურადღება სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლემენტო ასამბლეის ტრიბუნისკენ იყო მიპყრობილი, სადაც პრემიერი ივანიშვილი გამოდიოდა სიტყვით, კვირის ბოლოს კი - საქართველოს სამი საარჩევნო ოლქისკენ, სადაც შუალედური არჩევნები ტარდებოდა - მოსახლეობა ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის რაიონებში მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევდა.

23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთ-საქართველოს ომი და სამომავლო ურთიერთობები, კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენა, ყოფილ მაღალჩინოსანთა დასჯის ალბათობა და ყოფილი ხელისუფლების მიზანმიმართული სიცრუე - ასეთი იყო პრემიერის გამოსვლის ძირითადი აქცენტები. გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა 20-მდე შეკითხვას უპასუხა.

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა გამოსვლის დასაწყისშივე საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ უცვლელი და მტკიცეა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და თქვა, რომ ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების ერთგული რჩება:

”საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი და ამას ალტერნატივა არა აქვს. ეს არჩევანი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა. საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, ასახავს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენი ხალხის ერთგულებას”.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, გასული საუკუნიდან მოყოლებული, რეგიონის სხვა პატარა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც განიცდიდა დიდი ქვეყნების აგრესიას. საქართველოს შემთხვევაში ლაპარაკია რუსეთზე და საფრთხე კვლავაც არსებობს:

”ომის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან მცირე ქვეყნების წინააღმდეგ კვლავაც ხორციელდება აგრესია. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტიც 2008 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული”.

ყველაზე პოპულარულ ფიგურად საქართველოში კვლავაც რჩება პატრიარქი (92%). მას მოჰყვება ბიძინა ივანიშვილი, რომლის მაჩვენებელიც 80%-დან 75%-მდე დაეცა. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომ პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური რეიტინგები, ნოემბერთან შედარებით, არის უფრო დაბალი, გარდა დავით უსუფაშვილის (66%) და დავით ბაქრაძის (48%) რეიტინგებისა...
კვირის დასაწყისში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარმოადგინა, რომელიც ძირითადად პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების რეიტინგს აფასებს. გამოკვლევის თანახმად, ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკურ ლიდერად, 75%-იანი მაჩვენებლით, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რჩება (თუმცა, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 5%-თაა შემცირებული), რეიტინგულ პოლიტიკურ ძალად კი - ”ქართული ოცნება”. ამ აზრს გამოკითხულთა 60% იზიარებს. ამავე დროს, კვლევაში მონაწილე 3 103 ადამიანიდან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25 პროცენტს მოსწონს, 56 % კი ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და ხაზს უსვამს ზოგადად ძლიერი ოპოზიციის არსებობის მნიშვნელობას.

”ყველაზე პოპულარულ ფიგურად საქართველოში კვლავაც რჩება პატრიარქი (92%). მას მოჰყვება ბიძინა ივანიშვილი, რომლის მაჩვენებელიც 80%-დან 75%-მდე დაეცა. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომ პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური რეიტინგები, ნოემბერთან შედარებით, არის უფრო დაბალი, გარდა დავით უსუფაშვილის (66%) და დავით ბაქრაძის (48%) რეიტინგებისა. მაჩვენებელი გაზრდილია მხოლოდ ამ ორი პოლიტიკოსის შემთხვევაში”, - ამბობს ლუის ნავარო.

გასულ კვირაში აქტუალური გახდა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს საკითხი. მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლასა და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვეტოს გამოყენებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პარლამენტმა უგულებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ეზღუდება უფლება მოითხოვოს ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ან უარი თქვას მასზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ვეტოს უფლება მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის იგნორირების გამო გამოიყენა, რომლის მიხედვითაც არამართებული იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება. შესაბამისად, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის თქმით, კანონპროექტის ამოქმედებით შეიქმნება ცუდი პრეცედენტი:

კენჭი უნდა ეყაროს ჯერ პრეზიდენტის შემოთავაზებულ ახალ ვერსიას, შემდგომ კი - ძველ ვერსიას. ვეჭვობ, რომ მან რაიმე საყურადღებო შემოგვთავაზოს, ანუ ისეთი, რასაც ჩვენ გავიზიარებთ. ასე რომ, მოსალოდნელია ამ საკითხზე პარლამენტის მიერ კენჭისყრა და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი წარმატებით დაძლევს ამ ვეტოს...
„საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ახალ მთავრობასა თუ ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობასა და წევრებს, შეეძლება მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება. ამგვარი ცვლილება საშუალებას იძლევა, რომ მიმდინარე საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოზე განხორციელდეს ზემოქმედება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით, უფლებამოსილება ვადამდე უწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13-ს. შესაბამისად, ამ პრინციპულ საკითხში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულიად უგულებელყოფილია“.

პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სასაუბრო და განსახილველი არც არაფერია, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ის ყურადღებით გაეცნობა პრეზიდენტის შენიშვნებს.

„კენჭი უნდა ეყაროს ჯერ პრეზიდენტის შემოთავაზებულ ახალ ვერსიას, შემდგომ კი - ძველ ვერსიას. ვეჭვობ, რომ მან რაიმე საყურადღებო შემოგვთავაზოს, ანუ ისეთი, რასაც ჩვენ გავიზიარებთ. ასე რომ, მოსალოდნელია ამ საკითხზე პარლამენტის მიერ კენჭისყრა და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი წარმატებით დაძლევს ამ ვეტოს, იმიტომ რომ ჩვენ მიერ მიღებული კანონები არის ქვეყნისთვის სასარგებლო, სასამართლოსთვის სასარგებლო და ამაზე პირდაპირ და მკაფიოდ მიუთითებს ყველა, მათ შორის, ვენეციის კომისიაც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

24 აპრილს "მთავრობის ღია მმართველობის ფარგლებში" კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, ამჯერად ჟურნალისტების შეკითხვებს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია პასუხობდა. ერთ-ერთი აქტუალური თემა, რომლის თაობაზეც არაერთი კითხვა დაისვა, იშხნის ტაძარში არსებული ვითარება და ადგილზე ქართველი სპეციალისტების ჩასვლის საკითხი იყო.
ჯერჯერობით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს საქართველოსა და თურქეთს შორის იშხნის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. ბოლო ინფორმაცია, რომელიც გურამ ოდიშარიამ მედიას მიაწოდა, ისაა, რომ თურქული მხარე საქართველოს მთავრობას სთავაზობს მიავლინოს ადგილზე ქართველი სპეციალისტი, არქეოლოგი, რომლის კანდიდატურაც უახლოეს ხანებში დამტკიცდება:

”მანდ აკლდამა აღმოაჩინეს და თურქული მხარე ითხოვს, რომ სპეციალისტები ჩავიდნენ ადგილზე - შესაძლოა ეს იყოს არქეოლოგი. შესაძლოა ისეთი აღმოჩენების წინაშე დავდგეთ, რაც ჩვენს კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამდიდრებს”, - აცხადებს ოდიშარია, თუმცა სამინისტროში კარგა ხნის წინ მომზადებული შეთანხმების პროექტი, რომელიც ქართველ სპეციალისტებს მისცემდა იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართვის უფლებას, ჯერაც ხელმოუწერელია და პრეზიდენტთან დევს.

სამართლებრივ საზოგადოებაში ინტელექტუალური საკუთრების გარანტი კონტრაქტია, ჩვენ კი კონტრაქტით განსაზღვრულ ყველა პირობას ვიცავთ. შესაბამისად, ვერ ვხვდები, რას ვარღვევთ. მონოპოლიებს რაც შეეხება, ისინი იქმნება ფინანსური ინტერესების გამო. თუ ამ შემთხვევაში პირიქითაა...
განსხვავებულად აღინიშნა ამ კვირაში 23 აპრილი, წიგნის საერთაშორისო დღე. ამ დღეს პუშკინის სკვერში წიგნების ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა არ გამართულა. დაკეტილი იყო წიგნის მაღაზიებიც. ქართველ გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა უპრეცედენტო საპროტესტო აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, სასკოლო სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ რამდენიმე სტამბაში დაიბეჭდება და წიგნებს სკოლის მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ. ამით კი, გამომცემლების განცხადებით, სახელმძღვანელოების შემქმნელების - ავტორებისა და გამომცემლების - საავტორო და ქონებრივი უფლებები ილახება:

“დღეს ”დიოგენეს” მაღაზია დაკეტილია. დაკეტილია სხვა წიგნის მაღაზიებიც მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ჩვენი მხრიდან საზოგადოების ყურადღების მიპყრობის კიდევ ერთი მცდელობაა იმ სერიოზულ პრობლემაზე, რასაც ჰქვია დარღვევა ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუვალობის უფლებისა, რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ზოგადად განათლების რეფორმის განვითარება და მონოპოლიის გაჩენის საშიშროება”.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის კომენტარი 23 აპრილის საპროტესტო აქციაზე მოკლე და კონკრეტული იყო -მან თქვა, რომ ის დარდობს, გამომცემლებმა რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მონოპოლიის შექმნის თუ ინტელექტუალური საკუთრების წართმევის ბრალდებებს კი მარგველაშვილმა ასე უპასუხა:

”სამართლებრივ საზოგადოებაში ინტელექტუალური საკუთრების გარანტი კონტრაქტია, ჩვენ კი კონტრაქტით განსაზღვრულ ყველა პირობას ვიცავთ. შესაბამისად, ვერ ვხვდები, რას ვარღვევთ. მონოპოლიებს რაც შეეხება, ისინი იქმნება ფინანსური ინტერესების გამო. თუ ამ შემთხვევაში პირიქითაა, საბიუჯეტო ხარჯებს ვზოგავთ, რა ლოგიკით მესაუბრებიან მონოპოლიის შექმნაზე? და მეორეც, მონოპოლია გულისხმობს, რომ მხოლოდ ერთ დიდ კომპანიას აქვს რაღაც კონკრეტული შეკვეთა, აქ კი საუბარია იმაზე, რომ წიგნებს რამდენიმე სტამბა დაბეჭდავს, ოთხი თუ ხუთი”.

კვირის ბოლოს სამ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში მოსახლეობამ საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG