Accessibility links

logo-print

გლოვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კვირა


17 მაისის აქცია

17 მაისის აქცია

გასულ კვირაში დააკავეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ავღანეთში დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო პირი, სეტყვამ დააზარალა კახეთის რამდენიმე სოფელი და კვირის ბოლოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა ჩაშალეს.

გასული კვირის დასაწყისში დააკავეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელსაც გამოძიება ინტერნეტში, "შურისძიების" მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების გამო ედავებოდა. ვიდეოზე, სავარაუდოდ, ის პირი იყო გამოსახული, რომელიც ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებდა რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის, ხვედელიძეს. გელა ხვედელიძეს სასამართლომ 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა და ხვედელიძისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მოითხოვა.

ორშაბათ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზა "შირგაზზე" 42- ე ბატალიონის სამი სამხედრო პირი დაიღუპა. საგანგებო ბრიფინგზე
ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით...
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მომხდარის დეტალებზე ისაუბრა და დაღუპული სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა:

”ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში.
დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. მინდა მიუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს ეს დიდი ტრაგედია”.


თადარიგის პოლკოვნიკის გიორგი თავდგირიძის სიტყვებით, ავღანეთში მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, ქართულ სამხედრო ბაზაზე უსაფრთხოებისა და დისციპლინის პრობლემებს უნდა უკავშირდებოდეს. მომხდარის გამოძიების საკითხს აყენებდა გასულ კვირაში თეონა აქუბარდია, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრი, თუმცა, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარკვეულია როგორ მოხდა თავდასხმა და მისი მოგერიება. შესაბამისად, ამ მიმარულებით კითხვები არ არსებობს.

16 მაისი, ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედროს სამშობლოში გადმოსვენების დღე, გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი


სამშაბათს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. მან თქვა, რომ ახალ ხელისუფლებას ნახევარი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ პრინციპულად შეცვლილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება ახალი მმართველი გუნდის მიმართ, რომელსაც აღარ უწევს თავის მართლება დასავლეთის წინაშე. შეეხო სოფლის მეურნეობისა და შს სამინისტროების ჩინოვნიკების დაკავების ფაქტებს და თქვა, რომ ყველა კანონის თანახმად დაისჯება. ბოლოს კი კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ და თქვა, რომ კოალიცია პრეზიდენტობის კანდიდატს არ შეცვლის.

ამავე დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ფრინველი, სოფლებში მოიშალა ინფრასტრუქტურა. საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ზიანი მიადგა. კარდენახის, ვეჯინის, კოლაგისა და ბაკურციხის მოსახლეობის სიტყვებით, განადგურდა მარწყვის, ატმისა და გარგარის ნარგავები, ვენახები და ბოსტნეული კულტურები.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას სიტყვებით, კახეთში ზარალმა 392 000 ლარი შეადგინა. მოსახლეობას ზარალი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან აუნაზღაურდება.

გასულ კვირაში პარლამენტმა, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ოკუპაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. ამასთან, გასულ კვირაშივე საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 2 საფეხმავლო გამშვები პუნქტი გაიხსნა. პარალელურად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის გადაწყევტილებით, შეიქმნა კომისია, რომელიც გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე გაცემული ე.წ. აფხაზური პასპორტების კანონიერებას სწავლობს. აფხაზური მხარე შეშფოთებულია იმით, რომ, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა ამბობს, 2013 წლის თებერვლის მონაცემებით, გალისა და ტყვარჩელის რაიონების ეთნიკურ ქართველებზე სულ 22 724 პასპორტი გაიცა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ეთნიკურ ქართველებზე, რომელთაც საქართველოს პასპორტებიც აქვთ, აფხაზური პასპორტების გაცემა კანონდარღვევაა, მათთვის ამ რაოდენობის პასპორტების დარიგება აფხაზეთს დემოგრაფიული თანაფარდობის მხრივ უქმნის პრობლემებს.
თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების დაცვა, რომელთაც ათასობით ადამიანი დაესხა თავს.... ეს კი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გრძელი გზა აქვს გასავლელი ტოლერანტობის ხელშესაწყობად და ლგბტ ადამიანებისა და მათი უფლებების დასაცავად...

კვირის ბოლოს თბილისში 2 კვირით ადრე დაგეგმილი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია ჩაიშალა. რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, ასევე მიმდებარე ქუჩებში მობილიზებულმა სასულიერო პირებმა და ხალხმა, რომლებიც თავის თავს უზნეობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებად მიიჩნევდნენ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ჰომოფობიის დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებს დაედევნენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ცდილობდა ისინი საგანგებოდ მობილიზებული ავტობუსებით გაერიდებინა ტერიტორიიდან, ხალხის მასამ მაინც შეძლო რამდენიმე ავტობუსისათვის ალყის შემორტყმა და ფანჯრების ჩალეწვა.

რადიო თავისუფლებამ მოგვიანებით ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თამთა მელაშვილი, ტელეფონით ჩაწერა:

”ცდილობდნენ შიგნით შემოსულიყვნენ, მინებს უბრახუნებდნენ. საბოლოო ჯამში, მინები მაინც ჩაამსხვრიეს. ვცდილობდით არ დავზიანებულიყავით და ძირითადად ძირს ვისხედით, მაგრამ ხანდახან მე და ნათია ვდგებოდით, რადგან კარს გლეჯდნენ და საფრთხე იყო, რომ ავტობუსში შემოსულიყვნენ და ჩვენ შიგნიდან კარს ვიჭერდით. მძღოლი იყო ძალიან დაბნეული, რამდენჯერმე კარი თავად გააღო და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ისინი შეგვეკავებინა. გვაგინებდნენ, გვაფურთხებდნენ, ხელებს ურტყამდნენ მინებს და კარს და არ აძლევდნენ ავტობუსს გადაადგილების საშუალებას. წინა და უკანა მინები მაინც ჩაამსხვრიეს. საბოლოო ჯამში, ვინც ჩვენ, ეს ხუთი ადამიანი, გადაგვარჩინა, იყო ერთ-ერთი სასულიერო პირი. თავიდან რომ შემოვიდა, მე მეგონა... არ ვიცი, რა მეგონა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ გვიცავდა. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არა მგონია, რომ გადავრჩენილიყავით... გვკითხა, ჟურნალისტები ხართო? ერთ-ერთ ჩვენგანს კამერა ეჭირა. ჟურნალისტები ვეგონეთ. მაგრამ როცა გავცდით იმ ადგილს, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რომ აქციის მონაწილეები ვიყავით და ვკითხე კიდეც, ახლა ნანობთ-მეთქი ჩვენს გადარჩენას? გვიპასუხა, რომ არ ნანობდა. სულ ეს იყო..."

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული კონტრდემონსტრანტების ქცევა მოგვიანებით ადილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს. Amnesty International-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ”თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების დაცვა, რომელთაც ათასობით ადამიანი დაესხა თავს.... ეს კი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გრძელი გზა აქვს გასავლელი ტოლერანტობის ხელშესაწყობად და ლგბტ ადამიანებისა და მათი უფლებების დასაცავად”.
აქციის მონაწილეების თავდასხმა მიკროავტობუსზე

აქციის მონაწილეების თავდასხმა მიკროავტობუსზე


საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, უნდა დადგეს იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არ დაემორჩილა პოლიციის გაფრთხილებებს და ძალადობდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ მიმართვაში კი ნათქვამია, რომ „პოლიცია არ მოქმედებდა კოორდინირებულად და ხშირ შემთხვევაში იყო უსუსური დაეცვა მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე. პოლიციამ არ გამოავლინა საკმარისი ძალისხმევა, რათა უზრუნველეყო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება აქციის გამართვის პროცესში. კონტრდემონსტრანტების მიერ აქციის ტერიტორიის დაკავების შემდეგ პოლიცია გახდა სრულიად უმოქმედო, რითაც კონტრდემონსტრანტებს მისცა უმართავად გადაადგილების საშუალება, რამაც გაზარდა მათი მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ინდივიდუალური ანგარიშსწორების შესაძლებლობა, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი”.

შაბათს მთავრობის კანცელარიასთან საზოგადოების ერთმა ჯგუფმა 17 მაისს გამოხატული ძალადობა აქციით გააპროტესტა, ამავე აქციის პარალელურად კი კონტრაქცია გაიმართა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG