Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები. ევროკავშირის სამეთვლყურეო მისიის მიერ 28 მაისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ”ღობეებისა და დაბრკოლებების აღმართვის” მზარდი პროცესი ”უარყოფით ზეგავლენას ახდენს" ადგილობრივ მოსახლეობაზე. "მომხდარმა შეიძლება გაღიზიანება და დამატებითი პროტესტი გამოიწვიოს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ამ მგრძნობიარე რეგიონში შემდგომ დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანოს", - იტყობინებოდა მისიის ხელმძღვანელი, პოლონელი დიპლომატი ანდჟეი ტიშკევიჩი, რომლისთვისაც, პოსტის დატოვების გამო, ბოლო იყო 31 მაისს ერგნეთში გამართული შეხვედრა, „ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში. ამ კვირაში არაერთხელ ითქვა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამის შესახებ ლაპარაკი იყო ერგნეთის შეხვედრაზეც. წინასწარი ინფორმაციით, პრობლემა აუცილებლად განიხილება 26-27 ივნისს ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების 24-ე რაუნდზე.

საოკუპაციო სასაზღვრო ხაზზე ცხინვალის რეგიონში, სოფელ დიცისა და სოფელ დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების გამო თბილისმა, შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთის ფედერაციას. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალამ ცხინვალის რეგიონში, 22-25 კილომეტრიან ზოლში, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა ფართობის მიწა მიიტაცა და ბოლო დღეებში განვითარებული ამ მოვლენების შედეგად 40 ოჯახი დაზარალდა. ამ ინფორმაციას ქართული მხარე მიმდინარე კვირაში ინტენსიურად აწვდიდა უცხოელ პარტნიორებს და მხარდაჭერას სთხოვდა. 30 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ცხინვალის რეგიონში გამოვლენილი პროცესების შეჩერება მხოლოდ მშვიდობიან დიპლომატიასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას შეუძლია:

ვეხმარებით მათ, ვინც დაზარალდა, ვისაც შეეზღუდა უფლებები, მაგრამ არ შეიძლება ემოციურად და არ შეიძლება აგრესიულად... ჩვენ ყველას გავაცანით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში...
”ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორუმს იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომ მათ მოუწოდონ რუსეთს შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. ეს იყო გუშინ სტრასბურგში, იყო ბრიუსელში, ჩვენ თბილისში ვაკეთებთ ამას. ჩვენი საელჩოები მუშაობენ აქტიურად”.

ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც თავად თქვა, ”მძიმე დასკვნების” გაკეთებისგან თავი შეიკავა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, პრობლემები დიპლომატიური გზებით და გაძლიერებული მეთვალყურეობით უნდა გადაიჭრას. უპირველეს ამოცანას კი ადგილობრივების დახმარება წარმოადგენს:

”ვეხმარებით მათ, ვინც დაზარალდა, ვისაც შეეზღუდა უფლებები, მაგრამ არ შეიძლება ემოციურად და არ შეიძლება აგრესიულად... ჩვენ ყველას გავაცანით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში, ყველანაირი ტიპის განცხადება გავაკეთეთ. მონიტორების გაზრდას შევძლებთ და შეიძლება პოლიციაც დავამატოთ და გავამაგროთ ადგილობრივი მოსახლეობა და მაქსიმალურ მხარდაჭერას გავუკეთებთ ადგილობრივ მოსახლეობას”.

საქართველოს მთავრობას რუსეთთან უფრო მკაცრად ლაპარაკს ურჩევს პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგანაც, მისი თქმით, რბილი რიტორიკის სანაცვლოდ რუსეთი, ტრადიციულად, ამკაცრებს თავის ქმედებებს საქართველოს მისამართით. როგორც მიხეილ სააკაშვილმა 31 მაისს სატელევიზიო გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის ეს მორიგი პროვოკაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების სიმტკიცის გამოცდას. პრეზიდენტი მთავრობას შიდა თუ საერთაშორისო აქტიურობას უწუნებს:

”საქართველოს პრემიერ-მინისტრს მე ვურჩევ და სიამოვნებით დავუჭერ მხარს, რომ რაც შეიძლება მეტი ვიზიტები განახორციელოს და ისაუბროს ამ თემებზე, რაც ეხება საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს გრძელვადიან მომავალს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ შეკრებები, უფრო სწორად, უნდა დავიწყოთ შეკრებები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მათ ღია წერილებში, დახურულ კორესპონდენციებში, ისევე როგორც მოვუწოდე არაერთხელ საჯაროდ - უშიშროების საბჭოს შეკრებები უნდა გავაგრძელოთ”.

მწვავე შეფასებები მივეცით რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისკენ, კერძოდ, იმ კონტექსტში, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ხელყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა...
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პრობლემა მიმდინარე კვირაში და, კერძოდ, 28-29 მაისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონის მიერ თბილისში გამართული შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა. 29 მაისს ამავე თემაზე მიმდინარეობდა მსჯელობა სტრასბურგში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის საქართველოსთან დაკავშირებული მორიგი კონსოლიდირებული ანგარიში განიხილებოდა.

მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი:

”მწვავე შეფასებები მივეცით რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისკენ, კერძოდ, იმ კონტექსტში, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ხელყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთის ფედერაციას, რომ მკაცრად დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და ასევე პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ უფლებებს, რაც ითვალისწინებს ადამიანის თავისუფალ გადაადგილებას. ასევე ხაზი გავუსვით, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების და მონიტორების შეშვება”.

დავით ზალკალიანმა ასევე უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ევროსაჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მარტო აღმოჩნდა რუსეთის წარმომადგენელი, რადგანაც საქართველოს პარტნიორებმა და, მათ შორის, წარმომადგენლებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან სრულად დაუჭირეს მხარი საქართველოს პოზიციას და, შესაბამისად, ერთობლივი განცხადების ტექსტიც შეიმუშავეს. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება.

რაც შეეხება თბილისში ვიზიტად მყოფი ჟან-კლოდ მინიონის შეფასებებს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რომელიც საქართვეველოში სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული კონკრეტული კომენტარების გაკეთება არ იჩქარა და განაცხადა, რომ სიტუაციის შესაფასებლად მეტი ინფორმაცია ესაჭიროება. სანაცვლოდ, მან 29 მაისსაც შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ევროსაბჭო ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, პარალელურად, მიესალმება საქართველოსა და რუსეთს შორის წამოწყებულ დიალოგს.

ევროპის საბჭო ყურადღებით დააკვირდება საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში - ამის შესახებ ჟან-კლოდ მინიონმა 29 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და შეშფოთება გამოხატა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების გამო. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულება საქართველოში სამართლიანად აღსრულდება. ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე მიმდინარე კვირის დასაწყისში გაამახვილეს ყურადღება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმაც და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოება გამჭირვალედ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სრული დაცვით წარიმართოს. საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებმა მიკაელ იენსენმა და ბორის ცილევიჩმა 27 მაისს განაცხადეს, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული სუბიექტურობისა და პოლიტიკური მოტივაციის არსებობის განცდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც 29 მაისს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, პირადად შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ბუნებრივად მიაჩნია, რომ ყოფილ მაღალი თანამდებობის პირთა დაკავება კითხვებს ბადებს და იმისათვის, რომ ეჭვები გაიფანტოს, დავით უსუფაშვილმა სთხოვა ჟან-კლოდ მინიონს, ნუ დაუჯერებენ ნურც დღევანდელ ხელისუფლებას, ნურც წინა ხელისუფლებას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოგზავნოს მეტი მეთვალყურე კონკრეტული საქმეების შესასწავლად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG