Accessibility links

logo-print

საქართველოში ნატოს კვირეულისა და ავღანეთში დაღუპული სამხედროების კვირა


ირაკლი პეტრიაშვილი და ჯეიმს აპატურაი ნატოს კვირეულზე თბილისში

ირაკლი პეტრიაშვილი და ჯეიმს აპატურაი ნატოს კვირეულზე თბილისში

გასული კვირა საქართველოში ნატოს კვირეულით დაიწყო და სამწუხარო ფაქტით დასრულდა - ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომსახურე ქართულ სამხედრო დანაყოფზე თავდასხმის შედეგად, შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 დაიჭრა.

გასული კვირა საქართველოსათვის ტრაგედიით დასრულდა. ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 დაშავდა. ჯარისკაცების დაღუპვით ნატოს ISAF-ის მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის დანაკარგი 29-მდე გაიზარდა. ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო 7 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაეშვა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ასევე ავღანეთში, ქართული კონტინგენტის ბაზებზე.
ენით აუწერელია ეს ტკივილი. ვერასდროს მოვიშუშებთ მათ დანაკლისს. მაგრამ ერთი რამ მინდა ყველამ ძალიან კარგად იცოდეს: ამ ბიჭებმა საკუთარი სიცოცხლე ჩვენს მომავალს შესწირეს...

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 7 ივნისს მწუხარება გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო:

”ტერორიზმთან ბრძოლა ურთულესი და, ამავე დროს, მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც, საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად, გმირი ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ. ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს ბიჭები ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, უკან ვერავინ დაგვახევინებს".

მასშტაბურმა მსხვერპლმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთი ნაწილი ავღანეთიდან საქართველოს სამხედრო კონტინგენტის გამოყვანასაც მოითხოვდა. ”დააბრუნეთ ქართველი სამხედროები საქართველოში” – ამ სახელწოდების გვერდი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” შეიქმნა და კვირის ბოლოს ამავე შინაარსის აქციაც გაიმართა.

„ენით აუწერელია ეს ტკივილი. ვერასდროს მოვიშუშებთ მათ დანაკლისს. მაგრამ ერთი რამ მინდა ყველამ ძალიან კარგად იცოდეს: ამ ბიჭებმა საკუთარი სიცოცხლე ჩვენს მომავალს შესწირეს, კონკრეტული ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ საკუთარი სახელები უკვდავეყოთ და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მომავალი კიდევ უფრო დაეკავშირებინათ დემოკრატიულ ქვეყნებთან და ნატოსთან“, - ეს განცხადება კი ავღანეთში ჩასულმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა.

გასულ კვირას საქართველოში ნატოს კვირეულს აღნიშნავდნენ. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ კვირეულის გახსნისას განაცხადა, მართალია, საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ არ შეცვლილა ქვეყნის პრიორიტეტებიო:
ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი


„ეს უკვე მეორედ მომეცა შანსი ნატოს კვირეულის გახსნაში მიმეღო მონაწილეობა, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ. ეს ქვეყანა უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს პროგრესს რეფორმების, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ნატოსთან მიახლოების თვალსაზრისით. მოხარული ვარ ასევე, რომ ახალი მთავრობა ამ მხრივ განაგრძობს წინა მთავრობის აღებულ კურსს, განაგრძობს და აუმჯობესებს რეფორმებს ბევრ სფეროში. ნატოს ვალდებულებები საქართველოს მიმართ უცვლელი რჩება, უცვლელია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაც საქართველო გახდეს ნატოს წევრი, როცა ის მზად იქნება ამისთვის. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოში ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და კარგია, რომ ეს პარლამენტის რეზულუციითაც არის გამყარებული. მე ვიცი, რომ ჩემს ქვეყანაშიც, კანადაში, ნატოს მოსახლეობის 70% უჭერს მხარს, მაგრამ თუ ხალხს ვკითხავთ, რას აკეთებს ნატო, ეს მაჩვენებელი 20%-მდე ეცემა. ეს კი ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, იქნებ ასეთი კვირეული ჩემს ქვეყანაშიც ჩაგვეტარებინა. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მაგალითი მისცეთ ჩემს ქვეყანას“.

გასულ კვირაში აქტუალური კითხვა იყო, განადგურდება თუ არა არაკანონიერად მოპოვებული ფარული ჩანაწერები. ჩანაწერების განადგურების თითქმის უკვე გადაწყვეტილი საკითხი კვლავ დაბრუნდა მთავრობის დღის წესრიგში. ამ ფაქტს კი ერთგვარი ბიძგი მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, შეიძლება ეს ჩანაწერები შენახული იქნეს ისე, როგორც ფული ბანკშიო. თუმცა დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ, 7 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურების შესახებ. ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას კი ზედამხედველობას გაუწევს სპეციალური კომისია, რომელიც მთავრობის, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამბობს, რომ ამ ჩანაწერების უმრავლესობა პირდაპირაა მიმართული პოლიტიკური ოპონენტების კომპრომეტირებისაკენ და კავშირი არ აქვს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გაცხადებულ მიზნებთან. ლევან იზორია ადასტურებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები განადგურდება, მაგრამ, ამავდროულად, საჭირო გახდება საკანონმდებლო რეგულაციაც იმისთვის, რომ ამ მასალების დუბლიკატებიც განადგურდეს:
ლევან იზორია

ლევან იზორია


“არსებობს, ბუნებრივია, საშიშროება და ეჭვები და კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს მასალები ასლის სახით ინახებოდეს კერძო პირების მიერ. ჩვენ ვაპირებთ, უკვე გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან, რომ მათი ინიციატივით მოხდეს ამნისტიის კანონპროექტის მიღება პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული დროის ფარგლებში - ლაპარაკია ერთ თვეზე, მაქსიმუმ 2 თვეზე - ამ მასალების კერძო პირებისგან საგამოძიებო ორგანოებისთვის ჩაბარებას“.

გასულ კვირაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა არ მიიღო და მიზეზად დატვირთული სამუშაო განრიგი დაასახელა. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით 5 ივნისისთვის რომ მოიწვია, ამის შესახებ 4 ივნისს საღამოს გახდა ცნობილი. როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, სხდომაში მონაწილეობა უნდა მიეღო პრემიერ-მინისტრსაც, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ის გეგმებს არ შეცვლის ხელოვნურად დაჩქარებული პროცესების გამო:

”მიზეზი მარტივია ძალიან: გუშინ საღამოს, 7 საათის შემდეგ, თათბირზე შემომიტანეს მე ეს სასწრაფო განცხადება, რომ იკრიბებიან დღეს. მე როგორც ვიცი, ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა განსაკუთრებული გუშინ და გუშინწინ. თუ ბოლო მოვლენებს გავითვალისწინებთ, არაფერი სიახლე არ იყო. მე ჩემი გრაფიკი მქონდა გაწერილი და არ ჩანს იმის აუცილებლობა, თუ რატომ ნიშნავენ სხდომას ერთ დღეში და რამდენიმე საათით ადრე გაცნობებენ შეკრების შესახებ, მაშინ როცა 7 თვე არ იკრიბებიან. ეს სტრუქტურა ხელფასებს ღებულობს ბიუჯეტიდან და გაუგებარია, ამდენ ხანს რატომ ვერ ახერხებდნენ შეკრებას. ჩვეულებრივი სტილია წინა ხელისუფლების: ჯერ არაფერს არ აკეთებდნენ და მერე რატომღაც სასწრაფოდ მოისურვეს და რამდენიმე საათით ადრე შეგვატყობინეს ამის შესახებ”.
ბატონმა კარასინმა ადრე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარს ვერ შევძლებდით, რადგან ჩვენი ფორმატი ამ თემას არ ითვალისწინებს, რომ ეს ჟენევის ფორმატის პრობლემატიკაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია...

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა თბილისში ექსპერტებმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეხვედრის შემდეგ რუსი დიპლომატის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთისათვის კვლავინდებურად მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ზურაბ აბაშიძემ 5 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განხილული იქნა ის საკითხები, რომლებზეც მუშაობა ექვსი თვის წინ გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ლაპარაკია სავაჭრო ურთიერთობებზე, სავიზო რეჟიმსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ზურაბ აბაშიძის თქმით, მან შეხვედრაზე ასევე დასვა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსეთის სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხიც:

„ბატონმა კარასინმა ადრე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარს ვერ შევძლებდით, რადგან ჩვენი ფორმატი ამ თემას არ ითვალისწინებს, რომ ეს ჟენევის ფორმატის პრობლემატიკაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია“.

საინფომაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავინდებურად ითხოვს გაუქმდეს საქართველოში მოქმედი ოკუპაციის შესახებ კანონი:

„ეს კანონი საფრთხეს უქმნის რუს ტურისტებს, რომლებმაც ცხინვალსა და სოხუმში იმოგზაურეს. მართალია, კანონი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ქმედების გამეორების შემთხვევაში ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ამ კანონის გაუქმება იქნებოდა“.

გრიგორი კარასინის გაცხადებაზე კომენტარი საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემაც გააკეთა:
გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე


„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მუშაობს და ის არის შემაკავებელი ფაქტორი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლასთან დაკავშირებით. უკანონოდ საზღვრის გადმოკვეთა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ისჯება მკაცრად, რადგანაც საზღვარი ნებისმიერ ქვეყანაში არის წმიდათაწმიდა და მას დაცვა სჭირდება“.

ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენმა დელეგაციამ, რომელიც 3-4 ივნისს სტუმრობდა საქართველოს, ევროპარლამენტის ვებსაიტზე ვიზიტის შემაჯამებელი განცხადება გამოაქვეყნა. შეფასებებში, რომლებიც ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ მედიის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციებს ეყრდნობა, კვლავაც არის გამოკვეთილი აქცენტი პოლიტიკურად მოტივირებულ გასამართლებასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარების განცხადებაში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეშფოთებაა გამოხატული რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო საქართველოს რეგიონის - სამხრეთ ოსეთის - ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც ადგილობრივთა კანონიერ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაგმობილია ძალადობა, რომელიც 17 მაისს გამოვლინდა უმცირესობის წარმომადგენლების მისამართით და აქვე ლაპარაკია აუცილებლობაზე, რომ პოლიტიკოსებმა სიძულვილის ენასა და სიძულვილით განპირობებულ დანაშაულთან საბრძოლველად უმაღლესი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე იზრუნონ. განცხადებაში ასევე შექებულია ყველა მოთამაშე, რომელმაც ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლაში მიიღო მონაწილეობა და იქვე მისასალმებლად არის მიჩნეული პოლიტიკურ სპექტრში არსებული ფართო კონსენსუსი ევროპული ორიენტაციის მისამართით. ევროპარლამენტარები, მაგალითად, ასევე იწონებენ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს და იმედოვნებენ, რომ ვილნიუსის სამიტზე წარმატებით დასრულდება ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესი.

დადებითი აქცენტების გარდა, ევროპარლამენტართა განცხადებაში გამოხატულია ეჭვებიც გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა ბევრისთვის აშკარაა, რომ ამ განცხადების შინაარსი საგრძნობლად შერბილებულია, ევროპარლამენტართა თუ, კონკრეტულად, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მანამდე (კერძოდ, მარტში) გაკეთებულ განცხადებებთან შედარებით.

საქართველომ მსოფლიოსთან ერთად 5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დღიდან მოყოლებული, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ „მწვანე თვედ“ გამოცხადებული ივნისის განმავლობაში ბუნების დასაცავად არაერთი ღონისძიება ჩატარდება, მათგან კი ყველაზე მასშტაბური მაინც 16 ივნისის დასუფთავების აქცია იქნება, რომელშიც მონაწილეობას სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და საგანმანათლებლო ორგანიზაციებიც მიიღებენ. თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონის დასუფთავებაში 10 000-ზე მეტი მოხალისე ჩაერთვება. ნარჩენის ურნაში ჩაგდებას, როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, სულ 4 წამი დასჭირდება:

ხათუნა გოგალაძე

ხათუნა გოგალაძე

„ჩვენი მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სხვადასხვა საშუალებით - ტელევიზიით თუ კამპანიების მეშვეობით - მუდმივად ესმოდეს გარემოს დაცვის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა, თუ რა შეუძლია თითოეულ მათგანს გააკეთოს გარემოს დაცვისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი - ტყე, მდინარე, წყალი, ჰაერი - ჩვენია და ყველამ ისე უნდა მივხედოთ ამ ყველაფერს, როგორც ჩვენს საკუთრებას“, - აცხადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.

4 ივნისს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ანგარიში წარუდგინა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ყველაზე დიდ გამოწვევას, დევნილთა საკითხების მოგვარების თვალსაზრისით, სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემისადმი სისტემური მიდგომის ნაკლებობა წარმოადგენს. დევნილები წლებია დაპირებებით ცხოვრობენ. ხელისუფლების შეცვლამ დევნილებში უკეთესობის მოლოდინი გააჩინა, თუმცა ეს მოლოდინი არ უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ, ამბობს უჩა ნანუაშვილი. ომბუდსმენი ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციით, დააკმაყოფილოს იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებლით, რათა მათ აღარ დასჭირდეთ შენობებში ძალით შეჭრა და საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტის უკიდურესი ზომების გამოყენება:

„ეს სისტემური მიდგომა იმისთვის არის საჭირო, რომ დევნილებს ჰქონდეთ გარანტია და რწმენაც, რომ მომდევნო ხუთი ან ათი წლის შემდეგ მათ ნამდვილად ექნებათ საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ეს გარანტია მათ სჭირდებათ საკუთარი ცხოვრების დასაგეგმად. ჩვენი დასკვნაც იმას მიუთითებს, რომ, მიუხედავად მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებებისა, კვლავაც ქაოტურია ბევრი პროცესი, დახმარებების გაცემა იქნება ეს თუ სხვა რამ. სისტემური მიდგომა სწორედ ამის დასალაგებლადაა საჭირო“.
XS
SM
MD
LG