Accessibility links

გასულ კვირაში სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ჟენევაში გაიმართა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, თბილისს კი ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ესტუმრა. გასულ კვირაშივე ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსანთა დაკავების გამო საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

გასული კვირის დასაწყისში წინასწარ პატიმრობაში მყოფ ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს მეოთხე ბრალი წაუყენეს, რითაც მისი ბრალდებები კიდევ უფრო დამძიმდა. საქმე შეეხება 2006 წლის დეკემბერში მომხდარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს. ვანო მერაბიშვილს პროკურატურა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ამ საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს პატიმრობა არ შეუფარდა. მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის სიტყვებით, ვანო მერაბიშვილი ბრალს არ აღიარებს და მის უდანაშაულობას სასამართლოზე ამ საქმის არსებითი განხილვისას დაამტკიცებენ.

თბილისის პროკურორის თამარ მწარიაშვილის სიტყვებით, გირგვლიანის საქმეზე ბრალი სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც წაეყენებათ.

გასულ კვირას ჟენევაში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მთავარი განსახილველი საკითხი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების თემა იყო, თუმცა მოლაპარაკებები ლამის ჩაშლის პირას მივიდა.ინციდენტის საფუძველი გახდა რუსული მხარის მიერ თვითნებურად ფორმატის შეცვლის მცდელობა, რამდენადაც მან ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებიც ჩართო. ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს საქციელს „ვერაგული“ უწოდა და არ გამორიცხა მოლაპარაკებათა პროცესის საერთოდ შეწყვეტის ალბათობა. ქართული მხარე კი მოლაპარაკების 24-ე რაუნდს მაინც შედეგიანს უწოდებს, რადგან იქ საქართველო-სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გაბმის საკითხი დაისვა.
ძალადობა, რომელიც ჩვენ თბილისის ქუჩებში 17 მაისს ვიხილეთ, არ უნდა ვლინდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. იმის დემონსტრირებისთვის, რომ დემოკრატიას ღრმად აქვს ფესვები გამდგარი, საჭიროა შედეგიანი პოლიტიკური კოჰაბიტაცია, კანონის უზენაესობის მტკიცე აღიარება...

გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის უმთავრეს ადგილს იკავებს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის სტუმრობა, ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით. 26 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა გაიმეორა, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა და ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც სახელმწიფო დემოკრატიული განვითარების სათანადო სტანდარტებს მიაღწევს. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საქართველომ უკვე ბევრი გააკეთა დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამჟამად პრიორიტეტს წარმოადგენს რეფორმების პროცესის გაგრძელება და იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატია უკვე მტკიცეა:

”ეს ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემას, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით. ძალადობა, რომელიც ჩვენ თბილისის ქუჩებში 17 მაისს ვიხილეთ, არ უნდა ვლინდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. იმის დემონსტრირებისთვის, რომ დემოკრატიას ღრმად აქვს ფესვები გამდგარი, საჭიროა შედეგიანი პოლიტიკური კოჰაბიტაცია, კანონის უზენაესობის მტკიცე აღიარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები წელს ძალიან მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს”.

ანდერს ფოგ რასმუსენი ცალკე შეეხო პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ეჭვების საკითხს და უშუალოდ პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ აუცილებელია პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამასთან, საგულისხმოა, რომ თუკი ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კომენტარში პრემიერ-მინისტრმა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება საქართველოსთვის 2014 წლის პრიორიტეტად დაასახელა, ამჟამად ის ამბობს, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მაპი შესაძლოა სულაც აღარ დასჭირდეს.

ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ასევე, რომ საქართველო, რომელმაც დიდი მსხვერპლი გაიღო, კვლავაც სიამაყით განაგრძობს მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში და რომ ქვეყანა ასევე იაქტიურებს 2014 წლის შემდეგაც, როდესაც ნატოს საბრძოლო მისია ავღანეთში ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების სასწავლო და საკონსულტაციო მისიად გარდაიქმნება. ის, რომ საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ქვეყნის გამორჩეულ წვლილს ISAF-ის მისიაში ნატოც შესაბამისად აფასებს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა 26 ივნისის პრესკონფერენციაზეც აღნიშნა და ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანი სულაც არ არის სახიფათო რუსეთისთვის და, მოსკოვის განწყობის მიუხედავად, საქართველო არ უღალატებს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი


”რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს ეს არ სიამოვნებდა და არ ესიამოვნება ხვალაც, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია, რომ ეს სიამოვნებს ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ მას ვუწევთ ძირითადად ანგარიშს და ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება ან წინა ხელისუფლების, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ევროპული და ევროატლანტიკური სივრცე არის ჩვენი სტრატეგია და ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ სწრაფვას და ეს არის გადასაწყვეტი ჩვენი და ჩვენი ხალხის და გადასაწყვეტია ნატოს წევრი ქვეყნების”.

ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებით იყო დატვირთული ვიზიტის მეორე დღე. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩებმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ხუთშაბათს შეხვედრები გამართეს პარლამენტარებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებსა თუ სტუდენტებთან. საღამოს გაიმართა შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა მანამდე ”დემოკრატიის მშენებლის” სტატუსის ერთ-ერთ ადრესატად მოიხსენია.

პრეზიდენტთან შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების თემაზე გაკეთდა. ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პროცესით. რასმუსენის სიტყვებით, ნატო არ აპირებს მართლმსაჯულების პროცესებში ჩარევას, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აღმოიფხვრას ეჭვებიც კი, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე ისაუბრა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც და ვანო მერაბიშვილის მაგალითიც მოიყვანა:
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი


“ჩემი მეგობარი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი იმ დროისთვის, როდესაც დაკავებულ იქნა, უკვე 37 დღეა დაკავებულია ძალიან საკამათო ბრალდებით, რადგან არსად არ გარბოდა. მე ძალიან კარგად ვიცი... უცხოეთში მიმყავდა ოფიციალურ დელეგაციაში და არ გამომყვა, სპეციალურად დარჩა, რადგან გამოძიებაში იყო დაბარებული. და იმ მიზეზით, რომ გაიქცევაო, დააკავეს და ზის პატიმრობაში. მე ხომ ნამდვილად ვიცი, რომ არსად არ გარბოდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმალური სიტუაცია და ყველა ამაზე უნდა დავფიქრდეთ”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ანდერს ფოგ რასმუსენთან ვიზიტის დროს მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავების ფაქტიც გაიხსენა. საქმე ისაა, რომ 27 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის 22 მაღალჩინოსანი ხანმოკლე დაკითხვის, – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი კი ისე, რომ საერთოდ არ დაუკითხავთ – დაახლოებით საათნახევრიანი დაკავების შემდეგ ბოდიშის მოხდით გაათავისუფლა. მამუკა ახვლედიანმა და სხვა დაკავებულმა 22 პირმა პროკურატურას სარჩელით მიმართა.

ხუთშაბათს გვიან ღამით კი სამართალდამცავებმა საკრებულოს, მერიისა და „თბილისის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი 4 პირი დააკავა. მათ თბილისის ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა-მითვისება ედებათ ბრალად.

თვითმმართველობის წარმომადგენელთა დაკავების გამო, „საპარლამენტო რუტინულ მუშაობაზე“ უარი განაცხადეს და ბოიკოტის ნიშნად თბილისში გამოემგზავრნენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორს და სახალო დამცველს თვითთმართველობის წარმომადგენელთა დაკავება კითხვებს უჩენს.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დასაკითხად წაყვანის ფორმას ღირსების შემლახავიც კი უწოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG