Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავის კვირა


მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაო, 8 აგვისტო 2013 წ.
მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაო, 8 აგვისტო 2013 წ.
მართალია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ის კვლავაც განაგრძობს არამეგობრულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, თბილისი მაინც ცდილობს და მომავალშიც შეეცდება ურთიერთობათა გაუმჯობესებას მოსკოვთან - ახალი ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას არაერთხელ გაესვა ხაზი მიმდინარე კვირაში, რომლის უმთავრეს მოვლენას აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავი წარმოადგენდა. როდესაც საქართველოს მეგობრული მცდელობების საპასუხოდ რუსეთის არაადეკვატურ რეაქციაზე ლაპარაკობენ, საგანგებოდ აღინიშნება ის ფაქტი, რომ კვლავაც გრძელდება მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამ აქცენტს საგანგებოდ გამოყოფს საგარეო საქმეთა სამინისტროც.

”მიუხედავად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში არსებული დადებითი ტენდენციისა, სამწუხაროდ, მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკა. რუსულმა მხარემ განაახლა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და მიწაყრილების გავლება, რაც წარმოადგენს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არეალის გაფართოება, ღობეებისა და ბარიერების აშენების გზით, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და წარმოადგენს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას“, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც რუსეთი ”ოკუპანტ ძალად” არის მოხსენიებული.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავი საქართველოში არაერთი ღონისძიებით, მაგრამ, ასე ვთქვათ, საკმაოდ დინჯად აღინიშნა.

მიმდინარე კვირაში უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ ოკუპანტი ძალა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და მის მიერვე დამკვიდრებული ახალი რეალობის შეცვლას არც ომიდან მეხუთე წლისთავზე აპირებს. სწორედ ასეთი სულისკვეთება იგრძნობოდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო ხანების ინტერვიუებში, რომელთაგან ერთი მან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-საც მისცა. 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში დმიტრი მედვედევი იმეორებს კრემლისეულ ძველ შეფასებებს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან მიმართებით. ის ამბობს, რომ ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, სააკაშვილის რეჟიმის აგრესიის შედეგია და რომ რუსეთი, უბრალოდ, იძულებული გახდა აგრესიისგან ეხსნა და გადაერჩინა საკუთარი მოქალაქეები, სამოქალაქო თუ სამხედრო პირები.

რომ არ ყოფილიყო ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა რუსეთის აგრესიის შეჩერება...
დავით ზალკალიანი
რუსეთი თავისი უდანაშაულობის დემონსტრირებას ცდილობს და, როგორც პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ამერიკელი, ფრანგი თუ გერმანელი ლიდერები აგვისტოს ომის დღეებში რუსეთის ფედერაციის ლიდერებს პირად საუბრებში ამართლებდნენ და სრულ თავისუფლებასაც აძლევდნენ. სხვაგვარად ფიქრობენ თბილისში.

”რომ არ ყოფილიყო ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა რუსეთის აგრესიის შეჩერება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, რომელიც თვლის, რომ აბსოლუტურად ადეკვატურია საერთაშორისო დახმარება ოკუპირებული საქართველოს მიმართ. ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მხრიდან აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გარდა, თვალსაჩინოა მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერაც, რაც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი აღიარებით გამოიხატება.

დმიტრი მედვედევის განცხადებებში ექსპერტებმა არაერთი მუქარისშემცველი ფრაზა თუ ულტიმატუმი დაინახეს და ერთი ასეთი ულტიმატუმი ნატოსაც უკავშირდება. ითქვა, რომ დიდი რუსეთი, რომელსაც უზარმაზარი ბირთვული შეიარაღება აქვს, ვერასოდეს შეეგუება მეზობელი ქვეყნის - ვთქვათ, საქართველოს ან უკრაინის - გაწევრიანებას მძლავრ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, რომლის ბირთვული რაკეტებიც მიმართულია რუსეთის ტერიტორიებისკენ. ასე რომ, მედვედევი ქართველ ხალხს ნატოში გაწევრიანების უსარგებლო ნაბიჯის გარშემო კარგად დაფიქრებისკენ მოუწოდებს:

ჩვენ მზად ვართ ვთქვათ ნატოზე უარი. კი... ჩვენ ხელშეკრულებით ვართ მზად უარი ვთქვათ ამერიკასთან უფრო წინწასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ, თავის მხრივ, დაგვეხმარებით ტერიტორიებზე პროგრესზე, ოღონდ ეს ხელშეკრულებით დავაფიქსიროთ...
მიხეილ სააკაშვილი
”თანამედროვე მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები დაუშვებელია და, სხვათა შორის, მაგალითი ადასტურებს, რომ ჩავარდა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის გათვლა, რომ გარკვეულ სიტუაციაში ნატო ჩარევის საშუალებას არ მისცემს ანდა კიდევ რაღაც მოხდება... ეს იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ დადგა სხვა უფრო სერიოზული ფასეულობები. ეს არაფერს მისცემს სუვერენულ, კარგად განვითარებად საქართველოს, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს წარმოშობს გრძელვადიანი, ხანგრძლივი დაძაბულობის წყაროს ჩვენს ქვეყნებს შორის”.

ყველასთვის, ვისაც რუსეთის გულის გასახარად ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა არც კი წარმოუდგენია, აღშფოთების მიზეზად იქცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ”რუსთავი 2”-ისთვის ოთხშაბათს მიცემული ინტერვიუს ერთი ფრაგმენტი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ომის თავიდან აცილებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რუსეთის წინაშე ბევრი რამის დათმობისთვის იყო მზად და აქ ნატოზე უარის თქმაც იგულისხმებოდა:

”ჩვენ მზად ვართ ვთქვათ ნატოზე უარი. კი... ჩვენ ხელშეკრულებით ვართ მზად უარი ვთქვათ ამერიკასთან უფრო წინწასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ, თავის მხრივ, დაგვეხმარებით ტერიტორიებზე პროგრესზე, ოღონდ ეს ხელშეკრულებით დავაფიქსიროთ. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: ჩვენ თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციებზე არ ვცვლით”.

ქართველი ხალხის სურვილზე დამყარებული ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ერთი პოლიტიკოსის მიერ ერთპიროვნულად შეცვლა დაუშვებელია ”ქართული ოცნებისთვის” და ამ ჭრილში ამ დღეებში არაერთი განცხადება გაკეთდა. საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასა და საქართველოს მისწრაფების სიმტკიცეზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც ილაპარაკა 8 აგვისტოს გორში, 760 ჯარისკაცის მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიაზე:

”ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ახლაც ხმამაღლა ვაცხადებთ: საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ჩვენი ერის სტრატეგიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნამდე აუცილებლად მივალთ, ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება სირთულეებს, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს დეოკუპაციას, აღვადგენთ ურთიერთობებს ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან - და ისეთ ქვეყანას შევქმნით, რომელიც საამაყო იქნება ყველასთვის”.

შიდაპოლიტიკური კონიუნქტურის გამო, მხოლოდ იმითი მოითბო გული დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ წინა ხელისუფლებას დააბრალოს ყველანაირი ცოდვა, ეს რუსეთს მოეწონება და, რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს საერთაშორისო ასპარეზზე...
გოკა გაბაშვილი
ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე უდიდესი დარტყმა იყო ის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა და ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. მაგრამ ”მოვლენების ამგვარად განვითარებაში, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს”. ბიძინა ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველო საკუთარ მომავალზე ფიქრით ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთთან, თუმცა რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ”ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ შეიძლება დადგეს, როდესაც სერიოზულ წინსვლას მივაღწევთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების გზაზე”.

ომის დროს მმართველი პოლიტიკური ძალის - ”ნაციონალური მოძრაობისა” და პირადად პრეზიდენტის - მისამართით ამ დღეებში მრავალნაირი კრიტიკა გაისმა პოლიტიკური ოპონენტებისგან. მართალია, ”ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან არ გაკეთებულა განცხადება იმის თაობაზე, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ ეს აქცენტი ფიგურირებდა ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების საპასუხო განცხადებებში. მაგალითად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 აგვისტოს განაცხადა, რომ ასეთი პოზიცია რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ამავე რიგისაა შეფასება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო. მსგავსი შინაარსის განცხადებები ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან 7 აგვისტოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზეც გაკეთდა. მათ შორის იყო დეპუტატი გოკა გაბაშვილი:

”თუ საქართველომ თავად თქვა, რომ საქართველომ დაიწყო ომი, თუ საქართველომ თავად თქვა, რომ საქართველომ ჩაშალა თავის დროზე სამშვიდობო პროცესი, თუ საქართველომ თავად თქვა, რომ ყველაფერში დამნაშავე საქართველოა... და შიდაპოლიტიკური კონიუნქტურის გამო, მხოლოდ იმითი მოითბო გული დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ წინა ხელისუფლებას დააბრალოს ყველანაირი ცოდვა, ეს რუსეთს მოეწონება და, რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს საერთაშორისო ასპარეზზე”.

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს პარლამენტის იმავე სხდომაზე 7 აგვისტოს უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ უპასუხა. მან თქვა, რომ ყველაფერი, რაც მივიღეთ, პრეზიდენტ სააკაშვილის ”ისტერიკული”, ”ფაციფუცით” მართვის შედეგია. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 8 აგვისტოს გაკეთებული განცხადების მიხედვით კი, საქართველო გლოვობს იმას, რაც შეიძლებოდა, რომ არ მომხდარიყო.

თუმცა განსხვავებული აზრების ასეთი სიმრავლის ფონზე, პოლიტიკური ოპონენტები თანხმდებიან, რომ გმირია აბსოლუტურად ყველა სამხედრო, რომელმაც სავსებით უანგაროდ, სამშობლოს საკეთილდღეოდ გაწირა თავი. 8 აგვისტოს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მთელი დღის მანძილზე არ წყდებოდა ყოფილი ხელისუფლების, ამჟამინდელი ხელისუფლებისა თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაკადი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG