Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „მე-9 არხსა“ და ციხის „მაყურებლებზე“ საუბრის კვირა


მე-9 არხი
მე-9 არხი
გასული კვირის ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის - „მე-9 არხისა“ - და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-ის“ ფლობაზე უარს აცხადებს. მიზეზად ბიძინა ივანიშვილმა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა და 19 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, იმისათვის რომ „ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა და არ შეექმნას აღქმა იმისა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისავე კანდიდატს სასათბურე პირობებს უქმნის და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს“, უარს ვამბობ მედიასაშუალებებზეო, ხოლო ვინაიდან უკანასკნელმა მყიდველმა 16 აგვისტოს თქვა უარი ტელევიზიის შეძენაზე, ტელევიზია მაუწყებლობას 1 სექტემბრამდე განაგრძობს და თუ ამ დრომდეც არ გამოჩნდა მყიდველი, ის ლიკვიდირებულად გამოცხადდება, თუმცა მედიაში დასაქმებული ადამიანები 2-თვიან კომპენსაციას მიიღებენო. ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ჟურნალისტებმა, „მე-9 არხის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რაზეც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტებს გადაწყვეტილება დაუწუნა:

„ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ჟურნალისტების და ხელმძღვანელობის რეაქცია, რომ ადგნენ და გათიშეს არხი. დაახლოებით 1 მლნ დოლარი ჯდებოდა ამ არხის შენახვა თვეში და მე ამას ვაკეთებდი მხოლოდ იმისთვის, რომ ჟურნალისტები არ დაზარალებულიყვნენ... და თუ საერთოდ უნდათ, რომ განაწყენებულები და გაბრაზებულები იყვნენ, მაშინ როდესაც მე აბსოლუტურად თანმიმდევრულად მოვიქეცი, ეს ახლა... „უმადურობა“ სიტყვას არ ვიხმარ, მაგრამ... ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო ჩემთვის და შოკისმომგვრელიც, თუ გნებავთ, თუ როგორი რეაგირება გააკეთეს მათ“...

იმავე დღეს, ანუ ოთხშაბათს, „მე-9 არხის“ გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა პრემიერის განცხადებას უპასუხა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება არხის მიერ მაუწყებლობის შეჩერების თაობაზე მან მიიღო:
„ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, ვარ მე, არხის დირექტორი, იმიტომ რომ ჩვენს არხზე მენეჯმენტი იყო ისე გამართული, რომ ვერც ერთი თანამშრომელი ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას არხის შეჩერების შესახებ. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას თავისი მოსაზრება, მათ შორის, პრემიერსაც. მე მის ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები და ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მხოლოდ პროფესიონალები მუშაობენ ამ არხზე და ეს ეტყობა არხს“.

მას შემდეგ, რაც პრემიერმა არხის გასხვისების გადაწყვეტილება გაახმაურა, მისი შეძენის სავარაუდო მსურველები გამოჩნდნენ. მათ სიაში ლიცენზიის დაბრუნების ეტაპზე მყოფი ტელეკომპანია „იბერიის“ ხელმძღვანელიც იყო, თუმცა ის ტელევიზიის ტექნიკური ბაზით იყო დაინტერესებული, მაგრამ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა, რომელიც ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელია, განაცხადა, რომ უარს ამბობს ტელეკომპანიის შეძენაზე, ვინაიდან მისი შეძენის სურვილი გამოხატა სააქციო საზოგადოებამ და არ სურს მათი კონკურენტი იყოს. ტელეკომპანია „მე-9 არხის“ შეძენა სურს საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც არხის ყოფილი თანამშრომელი ვასილ მაღლაფერიძე ხელმძღვანელობს. საინიციატივო ჯგუფში შემავალი ადამიანების რაოდენობამ 5 ათასს გადააჭაბა. ტელევიზიის სიმბოლურ ფასად მიღების სურვილს გამოთქვამს ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილიც, თუმცა პრემიერს მყიდველთა განცხადებები არასერიოზულად ეჩვენება.

მივიღე ყველანაირი გარანტია იმის, რომ საქართველოს საკითხი, საქართველოს დეოკუპაციის საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-ამერიკის დიალოგის ნაწილი...
ირაკლი ალასანია
გასულ კვირაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შეერთებულ შტატებს სტუმრობდა. უნდა ითქვას, რომ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ეს იყო პირველი შეხვერა შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვის სფეროს პირველ პირებს შორის. ჩაკ ჰეიგელთან 21 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველო გარანტირებულია კვლავაც დარჩეს დიალოგის თემად რუსეთსა და ამერიკას შორის:

”მივიღე ყველანაირი გარანტია იმის, რომ საქართველოს საკითხი, საქართველოს დეოკუპაციის საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-ამერიკის დიალოგის ნაწილი, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ შეეგუება იმას, რომ მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან".

კვირის განმავლობაში აქტუალური თემა იყო ციხის ე.წ „მაყურებლების“ თემა. რომლის არსებობის დამადასტურებელი სქემის შესახებ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი სიტყვებით, „ავტორიტეტებისა“ და „კანონიერი ქურდების“ მიერ ციხეების მართვა, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ის „ობობას ქსელია“, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არის გამეფებული სასჯელაღსრულების სისტემაში და გადმოედინება მის ფარგლებს გარეთ, რაც იწვევს კრიმინალის ზრდას:

„არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ დაიწყო „ობშიაკების“ შეკრება, თამაშები. ყველაფერი ეს იმართება ციხიდან. ეს არის მექანიზმი, რომელიც დიდი ხანი იყო ჩამოყალიბებული, რომელიც საქართველომ დაანგრია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ისევ აღადგინა“.

აკაკი მინაშვილის ამ განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და უსინდისობა უწოდა ციხის თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა საუბარს:

„როგორ არ აქვთ სინდისი, რომ ისინი კიდევ ციხეებზე საუბრობენ. თქვენ ხომ იცით, რა მდგომარეობა იყო ციხეებში და დღეს იმასთან შედარებით სანატორიუმია, თუმცა პირობების გაუმჯობესება იქ საჭიროა და ჩვენ ვცდილობთ ახალი მშენებლობები გავაკეთოთ“.

’მაყურებლების’ ინსტიტუტი საქართველოში არსებობდა, არსებობს და, ალბათ, კვლავ იარსებებს. ეს არის პრობლემა, რომელსაც ყველა უნდა ვებრძოლოთ. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ, სამწუხაროდ, წარმოდგენილ სქემაში არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამადასტურებელი საბუთი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი...
უჩა ნანუაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ციხეებში „მაყურებლების“ ინსტიტუტის არსებობის შესახებ განცხადება თავად სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმაც გააკეთა. ის მეორე დღეს გამოეხმაურა თემას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ციხეებში მართვის მათეული მეთოდები შეახსენა:

„მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ მათგან დაგვხვდა, ეს არის 700-მდე „მაყურებელი“, მათ შორის, 200-მდე ძალიან გავლენიანი. ეს იყო, რაც მე დამხვდა... მაგრამ რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჩერდება და, წესით, მათთვის ყველაზე მტკივნეული თემა რაც უნდა ყოფილიყო, იმაზეც კი ბედავს ლაპარაკს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ზოგიერთ დაწესებულებაში ვიდეოჩამწერები, თვით გრძელვადიანი პაემნების ოთახებში, სადაც ზოგიერთი პატიმრის მეუღლესთან ცხოვრების სცენები ჰქონდათ გადაღებული, რასაც მერე იყენებდნენ ამ პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების შანტაჟისთვის. ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული“.

შაბათს ამავე თემაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც გააკეთა განმარტება და დასძინა, რომ „მაყურებლების“ ინსტიტუტი ციხეებში ახალი არ არის, თუმცა მათი გაძლიერების დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს;

„’მაყურებლების’ ინსტიტუტი საქართველოში არსებობდა, არსებობს და, ალბათ, კვლავ იარსებებს. ეს არის პრობლემა, რომელსაც ყველა უნდა ვებრძოლოთ. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ, სამწუხაროდ, წარმოდგენილ სქემაში არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამადასტურებელი საბუთი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი და მე ეს კითხვები მექნება მათდამი“.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
შაბათს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულისთვის რამდენიმე პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა:

„127 მთლიანად თავისუფლდება, ჩვენი რეკომენდაციით. 47-ს გავუნახევრეთ, 3-ს მოვუკელით წლები. შეწყალებული 40-დან 13 ქალია, მათგან 7 გათავისუფლდება“.

მანამდე კი მთელი კვირის განმავლობაში პრეზიდენტის რეზიდენციასთან რიგები იყო. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ინიციატივის პასუხად, რეზიდენციასთან ყოფილი მსჯავრდებულები და პირობითი მსჯავრის მქონე ადამიანები შეიკრიბნენ. მიხეილ სააკაშვილის 19 აგვისტოს ინიციატივა, რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გარდა, როგორიც არის, მაგალითად, განზრახ მკვლელობა, სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან, ტრეფიკინგი თუ წამება, პირობითი მსჯავრისა თუ ნასამართლეობის მქონე აბსოლუტურად ყველა პირს შეეხება.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, პირობითად მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 13 933 -ს შეადგენს, საიდანაც პრეზიდენტის ინიციატივით მხოლოდ 455 პირი ვერ ისარგებლებს. რაც შეეხება ნასამართლევ პირებს, სასჯელაღსრულების სამინისტროს მათი რაოდენობა დაჯამებული არა აქვს და მხოლოდ ვარაუდობს, რომ ამ კატეგორიაში შესაძლოა წლების მანძილზე - სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით - ნასამართლევი რამდენიმე ასეული ათასი პირიც კი გაერთიანდეს.

პრეზიდენტის ინიციატივით სარგებლობაზე უარი განაცხადა 21 წლის ყოფილმა პატიმარმა გვანცა ყუფარაძემ, რომელიც 14 წლის იყო, როცა თანაკლასელი ბიჭისათვის მრავლობითი ჭრილობების მიყენების ბრალდებით დააკავეს. გვანცა ყუფარაძემ, რომელმაც 5-წლიანი სასჯელი ციხეში მოიხადა და ახლა 5-წლიანი პირობითი მსჯავრი აქვს დარჩენილი, უარს ამბობს პრეზდენტის ინიციატივით სარგებლობაზე, რადგან, მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი წლების განმავლობაში უგულებელყოფდა განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის მასშტაბური შეწყალება წინასაარჩევნო პოპულისტურ სვლად შეაფასეს უფლებადამცველებმაც.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG