Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა ჭელაში და სირია ომის ზღვარზე


მუსლიმი მრევლის აქცია ბათუმში
მუსლიმი მრევლის აქცია ბათუმში
გასულ კვირაში საქართველოს მედიის ყურადღება ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში რელიგიურ ნიადაგზე არსებული დაძაბული ვითარებისა და სირიაში განვითარებული მოვლენებისაკენ იყო მიმართული. სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟით გამოწვეული აჟიოტაჟი ჯერაც არ ჩამცხრალა, სირია კი კვლავაც რჩება ომის ზღვარზე.

გასულ კვირაში ადიგენის რაიონში, სოფელ ჭელაში, შემოსავლების სამსახურის მიერ მინარეთის დემონტაჟი არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სახალხო დამცველმა გააპროტესტა. მოქალაქეები განსაკუთრებით გმობდნენ დემონტაჟის დროს გამოყენებულ უხეშ ფორმებს მუსლიმანი მოქალაქეების მიმართ. მინარეთის დემონტაჟის თაობაზე კანცელარიის შენობასთან გაიმართა აქცია, სადაც რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ სოლიდარობა გამოუცხადა სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმანებს.

მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებული მოვლენები რელიგიური დაპირისპირების გაღვივების მცდელობად შეაფასა საქართველოს საპატრიარქომ. როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა 27 აგვისტოს გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე, მუსლიმმა ლიდერებმა უნდა იზრუნონ, რომ პროვოკატორთა გეგმებს არ შეუწყონ ხელი და, პირიქით, შეეწინააღმდეგონ ნებისმიერ ასეთ გამოვლინებას, მით უმეტეს, რომ შესაძლოა არსებობდეს სახიფათო კავშირი ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოვლენილ ფაქტებს შორის:

”რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა, დაახლოებით მსგავსი იმ პროცესებისა, რაც სურდათ განევითარებინათ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში. ამ ძალის მიზანია, როგორმე დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა, ამით კი ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამ ფონზე თავისი მიზნები განახორციელოს”.

თუკი ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში სახელმწიფოს პრობლემა იყო ის, რომ ის ეფექტიანად ვერ ერეოდა კონფლიქტებში და მან კონფლიქტების გადაწყვეტა რელიგიურ პირებს მიანდო, სეკულარიზმის ჩარჩო არ დაიცვა...
თამთა მიქელაძე
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე კი ფიქრობს, რომ ერთადერთი დამნაშავე მთელ ამ სიტუაციაში სახელმწიფოა, რომელმაც ცალკეულ ეტაპებზე ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა და საქმე რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ძალადობრივ ფორმამდეც მიიყვანა:

”თუკი ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში სახელმწიფოს პრობლემა იყო ის, რომ ის ეფექტიანად ვერ ერეოდა კონფლიქტებში და მან კონფლიქტების გადაწყვეტა რელიგიურ პირებს მიანდო, სეკულარიზმის ჩარჩო არ დაიცვა... თუკი, მაგალითად, სამთაწყაროში, როცა ადგილობრივი ქრისტიანები მუსლიმანებს ლოცვაში უშლიდნენ ხელს, პოლიცია არაფერს აკეთებდა, რომ ეს სამართალდარღვევა აღეკვეთა... ამჯერად ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფომ თავად გამოიყენა ნეგატიური ძალა ადამიანების მიმართ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის კანონიერება და პროპორციულობა სადავოა და ადამიანების რელიგიურ გრძნობებს მიაყენა შეურაცხყოფა”.

ოთხდღიანი ვნებათაღელვის შემდეგ, 30 აგვისტოს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთი, რომლის დემონტაჟიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა, ისევ დააბრუნეს. საპატრიარქოსა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეთანხმების თანახმად, მინარეთი არ აღიმართება, სოფელ ჭელაში ნეიტრალურ ადგილზე დაილუქება და დაცული იქნება მანამ, სანამ არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა.

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მისი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყანაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა აღეკვეთა:

სახელმწიფო კი ამ პროცესებში იმუშავებს მხოლოდ როგორც ტოლერანტობისა და სამართლებრივი პროცესების ძირითადი გარანტი...
გიორგი მარგველაშვილი
“სწორედ საშემოსავლო სამსახურის გაუაზრებელი და უგუნური ნაბიჯები გახდა პირდაპირი მაპროვოცირებელი ფაქტორი ამ დაძაბულობის კერის გაჩენაში. მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყანაში სტაბილურობაზე, მშვიდობაზე, სამოქალაქო თანხმობაზე ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და, უფრო მეტიც, ზოგიერთი მინისტრის არაადეკვატური განცხადება ამ დღეებში ფაქტიურად გახდა ცეცხლზე ნავთის დასხმა დაძაბულობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად“.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი კი, დავით ბაქრაძის კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში, მოხარულია, რომ უმაღლესი სასულიერო პირები ტოლერანტულ კულტურას ნერგავენ, „სახელმწიფო კი ამ პროცესებში იმუშავებს მხოლოდ როგორც ტოლერანტობისა და სამართლებრივი პროცესების ძირითადი გარანტი“ - ასეთი იყო ჭელას ინციდენტთან დაკავშირებული ოფიციალური კომენტარი.

საქართველოს ხელისუფლებას მომხდარის სწრაფად და ობიექტურად გამოძიებისაკენ მოუწოდა სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნული უმცირესობების საბჭომ. ჭელის ინციდენტის ნაწილობრივი ამოწურვის პირობებში კი, 30 აგვისტოს მუსლიმთა მრევლმა ბათუმში თვითნებურად შემოსაზღვრა ადგილი ახალი მეჩეთის ტერიტორიისთვის.

სირიაში ვითარება კვლავაც დაძაბულია. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შაბათს განაცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ-მა უნდა განახორციელოს სირიაზე შეტევა. მოსალოდნელი სამხედრო აქცია აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა განსაზღვრა, როგორც დროში შეზღუდული ოპერაცია.

ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
„ფრთხილი განსჯის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშშ-მა უნდა განხორციელოს სამხედრო ოპერაცია სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ იქნება უვადო ინტერვენცია. ჩვენ არ დავდგამთ ფეხს სირიის მიწაზე. ნაცვლად ამისა, განზრახულია, რომ ჩვენი ოპერაცია იყოს შეზღუდული დროისა და მასშტაბის მხრივ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასადის რეჟიმს პასუხს ვაგებინებთ ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის, შევაკავებთ ასეთ საქციელს და გავანადგურებთ მათ შესაძლებლობას, განახორციელონ ასეთი შეტევები,“ განაცხადა ობამამ 31 აგვისტოს თეთრ სახლში.

როცა მოვლენათა მოსალოდნელ განვითარებაში ყველაზე უარეს სცენარზე ლაპარაკობს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე კონფლიქტში ირანის ჩართვაზე აკეთებს აქცენტს:

”ირანი შეიძლება შეეცადოს, რომ რეგიონში სიტუაცია აურიოს და ძალიან ძვირად დაუსვას ამ პროცესში ჩარევა ამერიკას. ეს იქნება ყველაზე ცუდი ჩვენთვის, რადგანაც საქართველო ჩათრეული აღმოჩნდება რაღაც ფორმით. მართალია, ჩვენ არანაირი სამხედრო შეთანხმება არ გვაქვს ამ მხრივ ამერიკასთან, მაგრამ რეგიონში სიტუაცია აირევა და ძნელი სათქმელია, რა შედეგები მოჰყვება ამას. ირანის სპეცსამსახურები შეეცდებიან დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, სულ მცირე, ალბათ, აზერბაიჯანში მაინც და, ალბათ, ჩვენც გადმოგვწვდება ეს არეულობა”.

რუსეთისთვის ლოგიკურად ძალიან მტკივნეული უნდა იყოს გავლენის სფეროს დათმობა, რადგან სირიის სახით ის კარგავს ბოლო ფორპოსტს მისთვის მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, და ამისი ანაზღაურება არ მოახდინოს ისევ საქართველოს ხარჯზე და სოჭის ოლიმპიადის შემდეგ...
ხათუნა ლაგაზიძე
სირიაში სამხედრო ბაზის შენარჩუნებით ფრიად დაინტერესებული ქვეყნის, რუსეთის ფაქტორს, ომის დაწყების შემთხვევაში, საკმაოდ სახიფათოდ მიიჩნევს ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, შესაძლოა დასავლეთს რუსეთმა, სირიის კოზირის დაკარგვის გამო, სამაგიერო გადაუხადოს და, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, ჯავრი ისევ საქართველოზე იყაროს:

”კვლავ სერბეთისა და კოსოვოს ანალოგიას თუ მოვიხმობთ... რუსეთისთვის ლოგიკურად ძალიან მტკივნეული უნდა იყოს გავლენის სფეროს დათმობა, რადგან სირიის სახით ის კარგავს ბოლო ფორპოსტს მისთვის მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, და ამისი ანაზღაურება არ მოახდინოს ისევ საქართველოს ხარჯზე და სოჭის ოლიმპიადის შემდეგ (რადგანაც მანამდე სამხედრო აქტივობა რუსეთის მხრიდან პრაქტიკულად გამორიცხულია), სამაგიეროს გადახდა არ მოიწადინოს საქართველოს სახით და ამით კიდევ უფრო არ გაამყაროს თავისი ყოფნა კავკასიის რეგიონში”.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კვირის ბოლოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიაში ამ დრომდე რჩება 20-22 ქართველი, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ კატეგორიულად ურჩევს საქართველოში დაბრუნებას, რაშიც მათ სახელმწიფო დაეხმარება.

გასულ კვირაში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა. 28 აგვისტოს საპატიმროები ასევე დატოვა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა 183-მა პატიმარმა.

სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის თქმით, კომისიის წევრებმა იმ 850 მსჯავრდებულის შუამდგომლობები განიხილეს, რომლებსაც მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – ორი მესამედი, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე – სამი მეოთხედი:

N15 ციხე
N15 ციხე
„გათავისუფლებულთაგან არიან მძიმე ავადმყოფები. კრიტერიუმები, რითაც ხელმძღვანელობენ ადგილობრივი საბჭოები და მუდმივმოქმედი კომისია, ასეთია: დანაშაულის ხასიათი, ეს არის მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ეს არის მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, მისი ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და აგრეთვე ძალიან ფრთხილად ფასდება რისკები, თუ რამდენად არის მისი მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე“.

28 აგვისტოს - მარიამობის დღესასწაულს - დაამთხვია პატიმრების შეწყალება მიხეილ სააკაშვილმაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის თქმით, კომისიამ რამდენიმე ასეული განცხადება განიხილა:

„ჩვენი რეკომენდაციით 127 თავისუფლდება მთლიანად, 47-ს გავუნახევრეთ, 3-ს კი მოვუკელით წლები. 40 ქალიდან შევიწყალეთ 13. აქედან, 7 მთლიანად თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან“.

29 აგვისტოს უფლებამოსილება შეუწყდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს, რომელმაც თანამდებობა, საკუთარი სურვილით, 12 აგვისტოს დატოვა. ზურაბ ხარატიშვილმა პოლიტიკაში გადაინაცვლა, ასე რომ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დამატებით კიდევ ერთი პროცესი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის პროცესი - იწყება.

პრეზიდენტმა მიანიჭა უპირატესობა იმ კანდიდატს, რომელსაც წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კანონის მიხედვით, სამი კანდიდატურა უნდა წარედგინოს პარლამენტს და ეს პირობა, ცხადია, იქნება დაცული...
ანდრო ბარნოვი
ჯერჯერობით ორგანიზაციათა ერთი ნაწილის არჩევანის შესახებაა ცნობილი - ესაა გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო დახმარების პროექტის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია. მის კანდიდატურაზე შეჯერების შესახებ 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ განაცხადა.

საკითხზე, თუ ვისი კანდიდატურები მოხვდება პრეზიდენტთან და ვის მიანიჭებს უპირატესობას თავად პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის თანახმად, კონსულტაციები გრძელდება:

“პრეზიდენტმა მიანიჭა უპირატესობა იმ კანდიდატს, რომელსაც წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კანონის მიხედვით, სამი კანდიდატურა უნდა წარედგინოს პარლამენტს და ეს პირობა, ცხადია, იქნება დაცული, თუმცა კონსულტაციები იქნება. ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე დღე ამისათვის“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები ღებულობენ. კენჭისყრაში არ მონაწილეობს წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრი. რეალურად კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეისათვის არსებული ბალანსით, მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ირჩევენ, თუმცა, შესაძლოა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევა თავად ცესკომ ვერც კი შეძლოს.

“თუ ცესკოში ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაზღვრულია 5 დღე, ამის შემდეგ უკვე პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმავე სამი კანდიდატურიდან ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე“, - უთხრა მედიას ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-სთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პრემიერი და მისი ოჯახი ითვალისწინებენ საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"–ის მენეჯმენტის თხოვნას და თანხმობას აცხადებენ, საინფორმაციო სააგენტოს არამატერიალური ქონება - ბრენდი, სახელწოდება "ინფო 9", ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება - გადაეცეს "ინფო 9"-ის მენეჯმენტს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG