Accessibility links

ცრუ შეტყობინებებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების კვირა


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან

გასულ კვირაში საქართველოში აქტუალური იყო ცრუ გამოძახებების საკითხი - კვლავაც გრძელდებოდა გამაფრთხილებელი ზარები ბომბის არსებობის შესახებ ტელევიზიებსა თუ სკოლებში, რასაც პარლამენტის მიერ ცრუ შეტყობინებათა შესახებ გამკაცრებული კანონის მიღება მოჰყვა. ამავე კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც პრემიერის უფლებამოსილება შეიზღუდა.

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩერნოგორიის პარლამენტის თავმჯდომარე რანკო კრივოკაპიჩი, რომელიც შეხვედრებს მართავდა საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. 16 ივნისს - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ - გამართულ ბრიფინგზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან 50-ზე მეტი დეპუტატისგან შემდგარი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა, რომელიც არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს:

„საპარლამენტო ასამბლეა - ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო ჯგუფით - მომავალ არჩევნებზე კვლავაც თქვენს გვერდით იქნება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ეწვევა 50-ზე მეტი პარლამენტარით დაკომპლექტებული ჯგუფი. მათგან ბევრი ცნობილი დეპუტატია, რომლებიც ადრეც ყოფილან საქართველოში და კარგად იცნობენ აქაურ საარჩევნო პროცესსაც. დარწმუნებული ვარ, რომ მათთან ერთად საქართველო წარმატებით გაივლის იმ პროცესს, რომელიც იქნება კიდევ ერთი დასტური დემოკრატიის არსებობისა თქვენს ქვეყანაში“.

მედიის მთავარი კითხვა ისევ და ისევ შეეხებოდა ეუთოს მისიის აღდგენას საქართველოში. ამ კითხვაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი რანკო კრივოკაპიჩი

რანკო კრივოკაპიჩი

პრეზიდენტის პასუხი ის გახლდათ, რომ ეს საკითხი მუდმივად დაისმის ყველა შეხვედრაზე და საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ მოითხოვს საქართველოში ეუთოს სრულფასოვანი მისიის დაბრუნებას. რანკო კრივოკაპიჩის განცხადებით, გარდა პოლიტიკური მხარდაჭერისა, დღის წესრიგში დგას ქვეყნისათვის ფინანსური მხარდაჭერის საკითხიც. ამ უკანასკნელ ფაქტორს მაღალი დონის მხარდაჭერად მიიჩნევს დავით უსუფაშვილი და იმედოვნებს, რომ საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ასეთ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც მოელის კიდეც საქართველო.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტები დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში აღარ იმუშავებენ, ეთერში აღარ გავა მათი გადაცემები - „აქცენტები“ და „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ტყემალაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება 18 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ეკა კვესიტაძემ წაიკითხა. ჟურნალისტები ამ ფაქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ და თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებენ. ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობის აზრით კი, დახურული გადაცემები მიკერძოებული იყო და მათი ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არის.

„ცალსახად პოლიტიკური და, ამავე დროს, თანმიმდევრული გადაწყვეტილება“ - ასე შეაფასა 18 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ მისი და მისი კოლეგის, ეკა კვესიტაძის, პოლიტიკური ტოკშოუების დახურვისა და მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი:

„პოლიტიკით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა ის, რომ ტოკშოუები, რომლებიც მე და ეკა კვესიტაძეს მიგვყავდა, არ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რადგან ჩვენ გვახსოვს დღეს პრემიერ-მინისტრის, ხოლო მანამდე ოპოზიციიის ლიდერის, დაპირება, რომ საზოგადოებრივი არხი გახდებოდა ჭეშმარიტად საზოგადოებრივი არხი და იქ ხელფასს არ მიიღებდა გარკვეული კატეგორიის ხალხი. ასევე გვახსოვს მისი განზრახვა, რომ „მეცხრე არხი“ უნდა შეერთებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამან მაშინ განცვიფრება გამოიწვია, შემდეგ ეს განცვიფრება ყველას დაავიწყდა. ასე რომ, თუ თქვენ ამ არხზე დღეს დაინახავთ „მეცხრე არხის“ ყოფილ თანამშრომლებს, დარწმუნდებით, რომ პრემიერი ძალიან თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში“.
ისინი წარმოადგენდნენ მხარეს, რის გამოც მოსახლეობაც გაღიზიანებულია და ამის შესახებ ცნობებს ჩვენი ანალიტიკური სამსახურიც გვაწვდის...

თამაზ ტყემალაძე 18 სექტემბერს ასევე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი წამყვანების პრესკონფერენციას. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კვესიტაძეც და პაიჭაძეც იყვნენ მხარეები და მათი ტონი არ შეესაბამებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ტელევიზიის, სტანდარტებს:

„ჩვენ სამართლიანად მოვიქეცით, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი შინაარსით, დამოკიდებულებითა და წესით არ მიესადაგება მათი ტონი, მათი მიმართება. ისინი წარმოადგენდნენ მხარეს, რის გამოც მოსახლეობაც გაღიზიანებულია და ამის შესახებ ცნობებს ჩვენი ანალიტიკური სამსახურიც გვაწვდის. დიახ, მე მოვაწერე ხელი ბრძანებებს და ამას აღარაფერი შეცვლის, იმიტომ რომ ჩვენ მართლები ვართ“.

19 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა. ეს დევნილობაში მყოფი რიგით მეექვსე ახალი მთავრობაა. ყოლბაიამ მთავრობა თითქმის მთლიანად განაახლა. მასში ცხრა ახალი და ერთი ძველი მინისტრი შედის და მათი მთავარი მიზანი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, აფხაზეთის მთავრობის მიმართ ნდობის აღდგენაა. მთავრობის შემადგენლობა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღეში უნდა დაამტკიცოს.

20 სექტემბერს პარლამენტმა კენჭი უყარა კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, შეიზღუდა პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვნის უფლებამოსილება. ასევე, კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება. კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციაში რჩება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით - მაგრამ არანაკლებ ხუთი წევრით - განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. კანონპროექტს პირველი მოსმენით ხმა პარლამენტის 112-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 18 სექტემბერს განიხილა. მაშინ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, თუ რას მოიცავს ცვლილება. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ 81-ე პრიმა მუხლის ახალი რედაქცია:

„ახალი რედაქცია კი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მთავრობის ზეგავლენის შესაძლებლობას პარლამენტზე. ნათელია პოლიტიკური გათვლებიც, თუ ვისთვის მზადდებოდა პრემიერ-მინისტრის ადგილი: ამ ცვლილებით პრეზიდენტის სასარგებლოდ დარღვეული ბალანსი შეიცვლებოდა დარღვეული ბალანსით უკვე პრემიერის სასარგებლოდ. კერძოდ, რა უფლებებს შეიძენდა პრემიერი და მთავრობა? თუ ეს ცვლილებები შევა, მაშინ მთავრობას შეეძლება, ფაქტობრივად, ჩამოართვას პარლამენტს საკანონმდებლო უფლებამოსილება, აიძულოს მიიღოს ის კანონები, რომელთა მიღებაც პარლამენტს არ სურს - ცხადია, პარლამენტის დათხოვნის მუქარით“.
უფრო მეტად პრევენციული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს არა იმას, რომ სასჯელი გაიზარდოს, არამედ იმას, რომ ყოველ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით იყოს რეაგირება...

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ერთიდან ორ წლამდე ვადით, ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე იქნება განსაზღვრული. ამას ითვალისწინებს "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილება, რომლის ინიცირებაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა. კანონპროექტი პარლამენტმა 20 სექტემბრის სესიაზე დაამტკიცა.

პარლამენტის სესიაზე კანონპროექტთა განხილვისას სულ ორი კითხვა დაისვა: გათვალისწინებული იქნება თუ არა კანონდამრღვევთა წამქეზებლების მიმართ რაიმე სასჯელი და გამოიწვევს თუ არა კანონის გამკაცრება დანაშაულის შემცირებას. ეს უკანასკნელი კითხვა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს პავლე კუბლაშვილს ეკუთვნოდა:

„უფრო მეტად პრევენციული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს არა იმას, რომ სასჯელი გაიზარდოს, არამედ იმას, რომ ყოველ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით იყოს რეაგირება და, შესაბამისად, გაჩნდეს განცდა, რომ ასეთი ტიპის დანაშაული განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის მოქცეული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც და, შესაბამისად, ამან გამოიწვიოს ამგვარი ფაქტების შემცირება“.

პავლე კუბლაშვილს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ დღეს არსებული კანონი ამგვარი დანაშაულისთვის ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ან პატიმრობას, მაგრამ, სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ყველაზე ხშირად დამნაშავეებს ჯარიმა უწესდებოდათ.

სექტემბრის დასაწყისიდან 17 სექტემბრამდე საქართველოში აღირიცხა 11 შემთხვევა, როდესაც ოპერატიული მართვის ცენტრს ტელეკომპანიების, ბანკის, თბილისის აეროპორტისა და პარლამენტის შენობებში ბომბის არსებობა შეატყობინეს. ცრუ შეტყობინების ავტორთა შორის, სულ ცოტა, ხუთი პირი სრულწლოვანი იყო. კვირის ბოლოს ამას დაემატა კიდევ რამდენიმე ცრუ შეტყობინება ამჯერად თბილისის საჯარო სკოლებში, სადაც ასევე ევაკუაცია გამოცხადდა.

სპორტის სასახლეში გაიმართა კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაცია. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და შარშანდელი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე განვითარებული პოლიტიკური პროცესებიც შეაფასა.
როგორ შეიძლება, რომ ვარაუდის დონეზე ადამიანს წაართვა მოქალაქეობა და წაართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის უფლება...

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მცხოვრებთათვის აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტების გაცემის კანონიერების შემსწავლელი სპეციალური კომისია შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა. კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ანულირებულ უნდა იქნეს გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში უკანონოდ გაცემული პასპორტები, მასალები კი დარღვევების შესახებ შესასწავლად გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნოს. რეზოლუცია მოქმედების გეგმის შესახებ ხელმოწერისათვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს გადაეცა.

კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“, რომელიც 2005 წელსაა მიღებული, ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან აღიარებს. გამონაკლისი დაშვებულია აფხაზი ეროვნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე ქართველთა რაოდენობის ზრდა, აფხაზური საზოგადოების ნაწილის თანახმად, საფრთხეა სეპარატისტული რესპუბლიკისთვის. ეს იყო ძირითადი აქცენტი პასპორტიზაციის კანონიერების შემსწავლელი კომისიის შემაჯამებელ სხდომაზეც. დეპუტატი ბესლან ბუთბა, მაგალითად, აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას ნაციონალური მოქმედების ქარტია ჰქონოდა და გეგმის მიხედვით განვითარებულიყო როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

“დღეს აღმოსავლეთ აფხაზეთში 27 000 პასპორტი პოტენციურად ქართველებს აქვთ - ჩვენს მტრებს. ათასი ან ორი ათასი პასპორტით ნაკლები აქვთ აფხაზებს. მინდა ვიკითხო, ხუთი, ათი, ოცი წლის განმავლობაში რატომ ვერ შევძელით სხვა ვითარების შექმნა? რატომ არ ცხოვრობს აღმოსავლეთ აფხაზეთში 50 000 აფხაზი? 70 000 აფხაზი? მოსკოვში აფხაზური დიასპორაა, ოჩამჩირის მოსახლეობის ნახევარი იქ ცხოვრობს. რატომ არ ბრუნდებიან?“ - კითხულობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატი ბესლან ბუთბა.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით კი, გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში 2006 წლიდან დღემდე გაცემული პასპორტები პრაქტიკულად კანონგარეშე ცხადდება. პასპორტების ანულირების შემდეგ კი შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობის მსურველი ქართველები მიმართავენ. თუმცა პირობა აქაც მკაცრია - ამ პირებმა უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და უნდა ფლობდნენ აფხაზურ ენას.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებას სამართლებრივ ეთნოწმენდად მიიჩნევს „კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს უკანონო ქმედებაა, რომელიც არანაირ საერთაშორისო ნორმებში არ ჯდება:
ზურაბ ბენდიანიშვილი

ზურაბ ბენდიანიშვილი


„გასაგებია, ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს, როგორც სახელმწიფოს, მაგრამ თავის თავს აღიარებენ და ის მოქალაქეები, ვის მიმართაც დისკრიმინაციას ახორციელებენ, მათი მოქალაქეები არიან, მათივე ცნობიერებით და კანონით, და აბსოლუტურად უუფლებოდ ტოვებენ მათ და თანაც ეჭვების საფუძველზე, რაც ყოველგვარ გონებრივ აზრს სცილდება და როგორ შეიძლება, რომ ვარაუდის დონეზე ადამიანს წაართვა მოქალაქეობა და წაართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის უფლება“.

ამ კვირაში პრაღაში გაიმართა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის მორიგი, მეოთხე რაუნდი, რომელზეც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამჯერად რუსეთი დათანხმდა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის იმპორტის განახლების შემდეგ, შემოიღოს შერბილებული სავიზო რეჟიმი ცალკეული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის ბაზარზე წლის ბოლომდე 100 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქციის - ღვინის, მინერალური წყლის და ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის - შეტანა იგეგმება. საქართველო სთავაზობს რუსეთს, შემუშავდეს ორმხრივი მექანიზმი, რაც ქართული სავაჭრო ნიშნის მქონე ნებისმიერი სახის ფალსიფიცირებული პროდუქციის გამოვლენას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ კარასინისა და აბაშიძის შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური და კონფლიქტური საკითხების განხილვას, პრაღაში მხარეებმა ისაუბრეს სოფელ დიცთან უკანონო სასაზღვრო ზოლის დაკანონებისა და ახალგორის რაიონში ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის ფაქტებზე, რასაც აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგის სამწუხარო რეციდივი უწოდა, საიდანაც, მისი თქმით, გამოსავალი არ ჩანს.
XS
SM
MD
LG