Accessibility links

logo-print

დვანი - გაერო - დვანი


მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროში

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროში

გასული კვირა იმით დაიწყო, რომ სოფელ დვანში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. მათ სოფლის განაპირას არსებულ მიწის ნაკვეთებში ბოძები მიიტანეს და ტერიტორიები მონიშნეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მესაზღვრეებმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოსწიეს ეგრეთ წოდებული საზღვარი, რის გამოც ათეულობით ჰექტარი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვდება.

საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მან გასულ ორშაბათს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში 19 სექტემბერს გამართული შეხვედრა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების განხილვას კარასინთან შეხვედრების ფორმატი არ ითვალისწინებს, მან საქართველოს მთავრობის სახელით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატა. აბაშიძის თქმით, როდესაც ქართული მხარე რუსეთისგან ითხოვს განმარტებას, რატომ პასუხობს მავთულხლართების გავლებით ურთიერთობის მოსაგვარებლად თბილისის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რუსეთი აცხადებს, რომ ის მის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის საზღვართან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მოქმედებს. ამ განცხადებას აბსურდული უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.

დვანელების ნაწილმა გასულ კვირაში მოსავალი მეთვალყურეობის ქვეშ აიღეს. როგორც ე.წ. მესაზღვრეებმა მათ განუცხადეს, თუკი ისინი ორ დღეში არ დააბინავებდნენ მოსავალს, შემდეგ მათ საკუთარ ნაკვეთებში შესვლის უფლება აღარ ექნებოდათ.

26 სექტემბერს სოფელი დვანი სამმა ოჯახმა - მეკარიშვილების, მახაჭაშვილებისა და კორაშვილებისამ - დატოვა. ისინი რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევას მალე დაიწყებდნენ და კიდევ 50 მეტრით გადმოწეული საოკუპაციო მავთულხლართების მიღმა სამი სახლი აღმოჩნდებოდა. სამმა ოჯახმა სახლებიდან ნივთები გაიტანა, რკინის მასალა აჭრა და ვაზიც აჩეხა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინებოდა, ამ პროცესს მთელი დღის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. თუმცა, მისი თქმით, ისინი მხოლოდ მხრებს იჩეჩავდნენ და მავთულხლართებს მიღმა დურბინდით იყურებოდნენ.

26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვა სწორედ რუსეთის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. ეს იყო მიზეზი იმისაც, რომ რუსეთის დელეგაციამ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი დატოვა.

დვანი

დვანი

”საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებისა თუ თვეების განმავლობაში გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას, მიიწევენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და საქართველოს მთავარი გზატკეცილისკენ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას”.

თუმცა მხოლოდ ოკუპაციის თემას არ შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის სიტყვა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირი - ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა. საქართველო ერთგულია და მუდამ ერთგული უნდა დარჩეს ევროპული ოჯახისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახში შესვლა გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე კოლონიად ქცევა ევრაზიულ კავშირში, განაცხადა მან.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე, შეიძლება ითქვას, ძირითადად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებზეც. ცალკეულ კომენტარებში გამოიკვეთა კმაყოფილება, რომ პრეზიდენტმა მსოფლიოს ყურადღება მიმართა ცხინვალის რეგიონში რუსეთის ბოლოდროინდელი საფრთხისშემცველი ქმედებებისკენ.

”რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება იყო ის, რომ მან საქართველოს პრობლემის განზოგადება მოახდინა:

”იგულისხმება საქართველოს პრობლემების, როგორც რეგიონის პრობლემების, აქცენტირება იმ კონტექსტში, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და, შესაბამისად, - მსოფლიო წესრიგს, ზოგადად იმ ფასეულობებს, რის გარშემოც არის გაერო თავის დროზე შექმნილი, - საერთაშორისო სამართალსა და მშვიდობას. ამის ახსნა მან ძალიან კარგად შეძლო, თუ რა საფრთხეები ემუქრება რეგიონს და საქართველოს, რომელიც იბრძვის დემოკრატიისთვის”.

სანამ პრეზიდენტი ნიუ-იოკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის რანგში უკანასკნელ სიტყვას ამზადებდა, 24-25 სექტემბერს, წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის მიზნით, თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 6 კაციანი დელეგაცია სტუმრობდა. მათ შეხვედრები გამართეს როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.

საკითხები შეეხებოდა, მაგალითად: ორმაგი მოქალაქეობის თემას, რაც ძალიან აქტუალური იყო წინასაარჩევნო პერიოდში; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თემას; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს. ვფიქრობ, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მათთვის საინტერესო იქნება მომავალი შეხვედრებისა და მათი დაკვირვებისთვის...
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გამორჩეულად დაინტერესდა მუსლიმთა მდგომარეობითა და ისლამოფობიის შესაძლო არსებობით საქართველოში, - უთხრა რადიო თავისუფლებას ”საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელმა არნოლდ სტეპანიანმა და იქვე დასძინა, რომ, სამწუხაროდ, შეხვედრის ერთსაათიანი ფორმატი კონკრეტული თემების დეტალურად განხილვის საშუალებას არ იძლეოდა. პირადად მას მიაჩნია და ეს შეხვედრაზეც აღნიშნა, რომ, მაგალითად, მინარეთის აღების ხმაურიანი ფაქტის უკან პოლიტიკური ინტერესები დგას, ხოლო ხელისუფლებამ შექმნილი რთული სიტუაციის მართვის უუნარობა გამოამჟღავნა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია კარგად არის ინფორმირებული, თუ რა და როგორ ხდება მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში, მიაჩნია შეხვედრის კიდევ ერთ მონაწილეს, ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელ ნინო ჯანაშიას. თუმცა იყო გარკვეული დეტალები, რომელთა დაზუსტებაც აშკარად აინტერესებდათ სტუმრებს.

”საკითხები შეეხებოდა, მაგალითად: ორმაგი მოქალაქეობის თემას, რაც ძალიან აქტუალური იყო წინასაარჩევნო პერიოდში; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თემას; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს. ვფიქრობ, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მათთვის საინტერესო იქნება მომავალი შეხვედრებისა და მათი დაკვირვებისთვის, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოზე”, - უთხრა ნინო ჯანაშიამ რადიო თავისუფლებას.
გასული კვირის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მოვლენად თამამად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და 12 ექსპერტის შეხვედრა, რომელმაც 4 საათს გასტანა და პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. საბოლოოდ კი, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ასეთი აზრი გამოიტანა: „პრემიერ-მინისტრმა ექსპერტები დატუქსა“.

უნდა ითქვას, რომ საუბარი მწვავე კამათში გადაიზარდა და ექსპერტების ნაწილს თავის მართლებაც კი მოუხდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან არაობიექტურობაში დადანაშაულების საპასუხოდ. ციტატების კითხვა პრემიერ-მინისტრმა ექსპერტ მამუკა არეშიძისგან დაიწყო:

”ივანიშვილი წასვლით თავს არიდებს პასუხისმგებლობას ქვეყნის გამოკვეთილ ორიენტაციაზე (აბა, ესეც მითხარით, რას ვარიდებ თავს და როგორ ვარიდებ...). ქვეყანაში არ ჩანს სტრატეგიული გათვლა. პრემიერი არაინფორმირებულია, გარემოცვის მიერ მოტყუების შედეგად, საკუთარი ცხოვრების წესის გამო. ქაოსია ქვეყანაში, მალული ქაოსია და როგორც წავა ივანიშვილი, ეს ქაოსი რეალურ ქაოსში გადაიზრდება (ახლა, ასეთ რამეს რომ თესავთ მაყურებელში... ექსპერტი რომ გამოდის და ამას ლაპარაკობს)”.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

მამუკა არეშიძის გარდა, პრემიერ-მინისტრის ბრალდება არაობიექტურ შეფასებებთან დაკავშირებით შეეხო ასევე, მაგალითად, სოსო ცისკარიშვილსა და გიორგი ხუციშვილს, თუმცა ისინი შეხვედრას არ ესწრებოდნენ. სამაგიეროდ, მწვავე კამათი გაიმართა შეხვედრაში მონაწილე რამაზ საყვარელიძესთან. საყვარელიძეს პრემიერ-მინისტრი ჩაეძია, საიდან იცი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რომ კლებულობსო, რაზეც ექსპერტმა ნახევრად ხუმრობით უპასუხა, რომ ის ძაღლის სეირნობისას შემხვედრი ადამიანების მოსაზრებების მიხედვით მსჯელობს.

მართალია, შეხვედრაზე დისკუსია ბევრ მნიშვნელოვან თემას, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებს, მთავრობის მუშაობასა და ეკონომიკის განვითარებასაც შეეხო, მაგრამ ახალი თითქმის არაფერი თქმულა და, ამასთან, პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ექსპერტთათვის იმის რჩევა, რომ სამომავლოდ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ კომენტარების გაკეთებისას და გამონათქვამები ”გაფილტრონ”. ბევრს მოეჩვენა, რომ ეს პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მკაცრად, კატეგორიულად და ალაგ-ალაგ სრულიად მიუღებელი სახით გააკეთა, თუმცა ფაქტია, რომ შეხვედრის დასრულებისას მისი ტონი შერბილდა და, შეიძლება ითქვას, პრემიერ-მინისტრი და ექსპერტები ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ.

პრაქტიკულად არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი ჯგუფური შეხვედრა მოვაწყვე მე მოსკოვში. ეს იყო 1996 წლის ივნისი. მანამდე, 1995 წლიდან, გვქონდა ეს პროექტი, მაგრამ „ინტერნეშენალ ალერტის“ მეშვეობით. ამას მოჰყვა ბევრი სხვა შეხვედრა...
გასულ კვირაში მოექცა 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. იმ დღიდან 20 წელი გავიდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ დაკარგა იურისდიქცია აფხაზეთის ტერიტორიაზე, თავად აფხაზეთმა კი მოიპოვა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით, 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. დამარცხების მიუხედავად, 1993 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, საქართველოს ყოველი ახალი ხელისუფლების მთავარი დეკლარირებული პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის გავრცელებულ განცხადებაში, მაგალითად, აღნიშნულია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი აირჩია. თუმცა ერთია ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი, მეორე კი პროცესი, რომელმაც ქართული და აფხაზური საზოგადოებების სრული გაუცხოება განაპირობა.
ჩაკეტილი საზღვრებისა და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, სულ უფრო რთულდება სამოქალაქო კავშირებიც, რომლის დინამიკასაც „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი გიორგი ხუციშვილი შემდეგნაირად ხსნის:

“პრაქტიკულად არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი ჯგუფური შეხვედრა მოვაწყვე მე მოსკოვში. ეს იყო 1996 წლის ივნისი. მანამდე, 1995 წლიდან, გვქონდა ეს პროექტი, მაგრამ „ინტერნეშენალ ალერტის“ მეშვეობით. ამას მოჰყვა ბევრი სხვა შეხვედრა. ეს კონტაქტები და პროექტები ვითარდებოდა ინტენსიურად და სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ერთვებოდა. ეს ხდებოდა 90-იანი წლების ბოლომდე. 2000-იანი წლებიდან დაიწყო შემცირება“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთებში რუსი ოკუპანტები არ მუშაობენ და არ მიმდინარეობს ე.წ. საზღვრის განახლების სამუშაოები, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი თვალს გვადევნებენ სპეციალური მოწყობილობებით. ამისათვის წამოღებული გვაქვს ტრანსპარანტები რუსულ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად, მათთვის ცნობილი გახდება ამ აქციის არსი...
გიორგი ხუციშვილი აზუსტებს, რომ, ამ თვალსაზრისით, დრამატული ცვლილებები განაპირობა 2008 წლის ომმა, რომლის შემდეგაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი პრაქტიკულად ჩაკეტილი აღმოჩნდა, სხვათა შორის, სამოქალაქო აქტივობისთვისაც, რომლის მთავარი მიზანი პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა იყო, ჰუმანიტარული კონტაქტების, პარალელური კვლევების, ახალგაზრდული შეხვედრებისა თუ სხვა ღონისძიებების სახით.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 000 აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით, დაიღუპა 3500 და დაიჭრა 2 000-მდე აფხაზი.

გასული კვირის დასაწყისში სოფელ დვანში დაწყებულ საოკუპაციო მავთულხლართების გაბმის პროცესს კვირის ბოლოს ჟურნალისტები საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ. „არა მცოცავ ოკუპაციას“ - ამ ლოზუნგით რამდენიმე ათეული ჟურნალისტი დვანში, ე.წ. საზღვართან, საქართველოს დროშებითა და ტრანსპარანტებით შეიკრიბა. მათ საოკუპაციო საზღვართან ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ჟურნალისტი ლაშა ბერულავაც. „ჟურნალისტები განვლაგდით ე.წ. სადემარკაციო ზოლიდან 40 მეტრის დაშორებით. აქ არიან ქართველი სამართალდამცავები, რომლებმაც შექმნეს კორიდორი, რათა მოსალოდნელი პროვოკაციები იქნეს თავიდან აცილებული. რაც შეეხება ჩვენი აქციის მიზანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთებში რუსი ოკუპანტები არ მუშაობენ და არ მიმდინარეობს ე.წ. საზღვრის განახლების სამუშაოები, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი თვალს გვადევნებენ სპეციალური მოწყობილობებით. ამისათვის წამოღებული გვაქვს ტრანსპარანტები რუსულ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად, მათთვის ცნობილი გახდება ამ აქციის არსი. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ვუთხრათ რუს ოკუპანტებს, რომ დიციც, დვანიც, სოხუმიც და ჭუბურხინჯიც საქართველოა და აქ ოკუპანტების ადგილი არ არის“, - ამბობს ლაშა ბერულავა.

28 სექტემბერს სოფელ დვანში დაგეგმილ აქციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ ფილიპ ლეფორთან საუბრისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ აქციით საქართველო უპასუხისმგებლოდ აგრძელებს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის გაღვივებას.
XS
SM
MD
LG