Accessibility links

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და კამათის კვირა


პრეზიდენტის ინაუგურაცია

პრეზიდენტის ინაუგურაცია

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 17 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის შიდა ეზოში, საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნაზე საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადო:
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.

ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ ერთგული რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისა და რომ საქართველო მშვიდობიან თანაცხოვრებას სთავაზობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს. „ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო, ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქისთვის კეთლდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტი იქნება“, – განაცხადა საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა და იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს „პრიორიტეტია დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნება მათ სახლებში, მანამდე კი მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა“. ხოლო, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, გიორგი მარგველაშვილმა დადო პირობა, რომ იზრუნებს ქვეყნის თვდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.

პრეზიდენტის ინაუგურაციის მოკრძალებული ცერემონია 17 ნოემბერს 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მას, საქართველოს პარლამენტისა თუ მთავრობის წევრების გარდა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხო ქვეყნების დელეგაციები ესწრებოდნენ. მათ შორის არ იყო დელეგაცია რუსეთიდან, რომელთანაც საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ აღარა აქვს დიპლომატიური კავშირი.

ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთი, პრობლემების მიუხედავად, არ წარმოადგენს საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, ჩვენი აგრესიის ობიქტს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შევეცდებით გადავიყვანოთ ჩვენი დიალოგი აგრესიული ურთიერთობიდან რაციონალურ ჩარჩოებში...
კვირის დასაწყისში მწვავე კამათის სამიზნე გახდა ინტერვიუ, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ახლად არჩეული პრეზიდენტის რანგში მისცა რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის გადაცემა ”ვოსკრესნოე ვრემიას". რუსი ჟურნალისტის შეკითხვების საპასუხოდ, რესპონდენტმა ”ტრაგიკული” უწოდა რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარს და აღნიშნა, რომ ”სააკაშვილი დისკრედიტირებულია ამ ომის გამო”, თუმცა ”სააკაშვილის მიერ შექმნილი პრობლემები გუშინდელ თოვლს ჰგავს” და გარკვეული დროის (მაგალითად, 10-20 წლის) გასვლის შემდეგ რუსებს არც კი ემახსოვრებათ ეს ყველაფერი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკოსების მიერ გაჩენილი იარები კეთილი ნების მორწმუნე, კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ორიენტირებულმა ადამიანებმა უნდა განკურნონ და რომ კულტურულ და ემოციურ კავშირებს პოლიტიკოსებმა არ უნდა შეუშალონ ხელი. მისი ხედვით, საქართველომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა:

”ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთი, პრობლემების მიუხედავად, არ წარმოადგენს საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, ჩვენი აგრესიის ობიქტს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შევეცდებით გადავიყვანოთ ჩვენი დიალოგი აგრესიული ურთიერთობიდან რაციონალურ ჩარჩოებში და ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები: გავგზავნეთ ბატონი ზურაბ აბაშიძის მისია პრაღაში, სადაც მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკური და კულტურული კავშირების მიმართულებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მივიღებთ მონაწილეობას რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენაში - ოლიმპიადაში - და ჩვენ მოვხსენით დაძაბული ფონი“.

გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუში დასმულმა აქცენტებმა კმაყოფილი დატოვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და მან ახალი პრეზიდენტის მიდგომებს ”კონსტრუქციული” უწოდა. თუმცა იმას, რომ რუსეთის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილს არ უხსენებია სიტყვა „ოკუპაცია“ და ყურადღება არ გაუმახვილებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის პროცესსა თუ დევნილების პრობლემატიკაზე, ნებისმიერი სუვერენული ქვეყნისთვის ”სამარცხვინო” ქმედება უწოდა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ზურაბ აბაშიძის აზრით, საქართველოს ახალი ხელისუფლება მზად არის მთელ მსოფლიოს დაანახვოს რუსეთთან საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისთვის მზადყოფნა და, ამასთან, ხელუხლებელია მთავარი მიზნი - ”ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ურყეობა”.

ამავე ინტერვიუმ განაახლა კამათი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა-არმონაწილეობის გარშემო, რადგანაც, ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, სპორტსმენების გაგზავნა გადაწყვეტილია და სახელისუფლებო გუნდი ამ ეტაპზე განიხილავს სოჭში უშუალოდ მისი შესაძლო ჩასვლის საკითხსაც. ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, რადგანაც ეს ნაწილი წინააღმდეგია საქართველოს მონაწილეობისა სოჭის ოლიმპიადაში. სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილი სპეციალური გვერდის საშუალებით გავრცელებულ პეტიციას ამ დროისთვის 10 ათასამდე ადამიანი აწერს ხელს.

პირველ რიგში, ხელს უწყობდნენ არჩევნების გაყალბებას რეგიონებში, რაიონებზე გაწერილი თანხების კონტროლს ახდენდნენ, ყველა ტენდერში რეგიონებში ამ ადამიანებისგან ხდებოდა ყველანაირი ”ატკატების” კეთება და მთელი ის უბედურება, რაც ხდებოდა...
ბოლო სამუშაო კვირის პარასკევს, 15 ნოემბერს, პოსტები დატოვეს წარმავალი პრეზიდენტის თანაგუნდელებმა - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თუ გუბერნატორებმა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თითქმის ყველა მათგანი პოლიტიკაში აპირებს დარჩენას.

ახალი პოლიტიკური გუნდის მოსვლის წინ ძველის წარმომადგენელთა მიერ პოსტების დატოვების პროცესს კანონთან შესაბამისს, ლოგიკურსა და ადეკვატურს უწოდებს როგორც ”ქართული ოცნება”, ასევე ”ნაციონალური მოძრაობა”. თუმცა, მაგალითად, გუბერნატორების მისამართით სერიოზული ბრალდებები აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს. კონკრეტული გვარების დაუსახელებლად, კომენტარი მან 15 ნოემბერს გააკეთა:

”პირველ რიგში, ხელს უწყობდნენ არჩევნების გაყალბებას რეგიონებში, რაიონებზე გაწერილი თანხების კონტროლს ახდენდნენ, ყველა ტენდერში რეგიონებში ამ ადამიანებისგან ხდებოდა ყველანაირი ”ატკატების” კეთება და მთელი ის უბედურება, რაც ხდებოდა. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან ბევრ რეგიონში მათი საქმიანობა შესასწავლი იქნება აუცილებლად შესაბამისი ორგანოების მიერ”.

მიმდინარე კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი კორუფციის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია ფიგურირებენ. ნიკა გვარამია ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორია. 14 ნოემბერს სასამართლო პროცესზე გამამართლებელი განაჩენი გამოუცხადეს ამავე საქმეზე ბრალდებულ კიდევ 5 პირს. სასამართლო ამ საქმეს შვიდ თვეზე მეტხანს განიხილავდა.

მიმაჩნია, რომ დასახელებული მიზეზი არის ფორმალური და ჩვენი გათავისუფლება უკავშირდება იმას, რომ ჩვენ მიერ ობიექტურად ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში და სხვა დახურულ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის შეფასება. ჩვენ ვითხოვდით გარკვეული საკითხების გასაჯაროებას და ამის გამო გვქონდა კამათი ხელმძღვანელობასთან...
მიმდინარე კვირაში, კერძოდ, 11 ნოემბერს, პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებიც საპყრობილეებისა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგს ახორციელებდნენ. ამგვარი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველმა გაათავისუფლა პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე და მისი მოადგილე ოთარ კვაჭაძე. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი სამსახურიდან 2013 წლის 5 ნოემბერს მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო დაითხოვეს, რაც შემდეგ ქმედებაში გამოიხატა: 2013 წლის 29 ოქტომბერს, გეგმიური მონიტორინგის დროს, ხელი არ შეუშალეს პრევენციული ჯგუფის ექსპერტ თეა თუთბერიძეს ერთი ერთზე ესაუბრა პატიმარ ბაჩო ახალაიასთან. თავად ნათია იმნაძე თვლის, რომ უკანონო არაფერი გაუკეთებია და რომ სიმართლე სულ სხვაგვარია:

„მიმაჩნია, რომ დასახელებული მიზეზი არის ფორმალური და ჩვენი გათავისუფლება უკავშირდება იმას, რომ ჩვენ მიერ ობიექტურად ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში და სხვა დახურულ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის შეფასება. ჩვენ ვითხოვდით გარკვეული საკითხების გასაჯაროებას და ამის გამო გვქონდა კამათი ხელმძღვანელობასთან. მე ვფიქრობ, რომ ახლანდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ არის დამოუკიდებელი და იგი შეზღუდულია და არ არის ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე“.

ამგვარ შეფასებას ”აბსურდულს, გამაოგნებელსა და უტიფარს” უწოდებს თავად სახალხო დამცველი. როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, გათავისუფლებულთა შემთხვევაში „ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველთან არაკოორდინირებულ, შეუთანხმებელ მოქმედებებს, რაც ქმნიდა სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციის საშიშროებას”. ომბუდსმენი ასევე თვლის, რომ ”თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, თვისებებითა და საქმისადმი დამოკიდებულებით ისინი ზიანს აყენებდნენ სახალხო დამცველის ოფისს”.

სახალხო დამცველისა და ყოფილი თანამშრომლების დაპირისპირება სასამართლოში გადაინაცვლებს - ომბუდსმენის აპარატის ყოფილი წარმომადგენლები საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად სწორედ ამ გზას ირჩევენ.

დაბოლოს, კვირის კიდევ ერთი მოვლენა: 11 ნოემბერს "გეგმიური ვიზიტით" ბათუმის პორტში შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ფლაგმანი, USS Mount Whitney შევიდა. გაიმართა ერთობლივი წვრთნები საქართველოს სანაპირო დაცვასთან. ეს სწორედ ის ამერიკული სამეთაურო ხომალდია, რომელიც 5 წლის წინ, აგვისტოს ომიდან რამდენიმე კვირაში შემოვიდა შავ ზღვაში, კერძოდ, ფოთის პორტს ესტუმრა და ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა. ხომალდის ხელახალ სტუმრობას ანალიტიკოსები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მაჩვენებლად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG