Accessibility links

logo-print

პარლამენტში ჩხუბისა და უსახლკაროთა თავშესაფრის გახსნის კვირა


კარვები უსახლკაროებისათვის მოსკოვის გამზირზე

კარვები უსახლკაროებისათვის მოსკოვის გამზირზე

ამ კვირაში ხმაური იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც უმცირესობის დეპუტატ გიორგი ბარამიძესა და უმრავლესობის წევრ სოსო ჯაჭვლიანს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას საზოგადოება თვალს პირდაპირ ეთერში ადევნებდა. პარლამენტს ამ ინციდენტის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მოუხდა მუშაობა და სწორედ ასეთ პირობებში დაამტკიცა თვითმმართველობის კოდექსიც. გაძლიერებული ყინვისა და პირველი თოვლის ფონზე კი დედაქალაქში ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისათვის მთავრობამ დროებითი თავშესაფარი მოაწყო, რასაც ხელისუფლებისგან ბოლო რამდენიმე თვეა დაჟინებით მოითხოვდა არასამთავრობო სექტორი.


”საქართველოს პარლამენტი უცხადებს რა სრულ სოლიდარობას არჩევანის თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო”, - ეს ნაწყვეტია საქართველოს პარლამენტის მიერ 11 დეკემბერს, გვიან საღამოს, დამტკიცებული განცხადებიდან, რომელიც დეპუტატებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ გააცნო. მასში გამოთქმულია რწმენა, რომ ”უკრაინის პოლიტიკური ლიდერები გამონახავენ ღირსეულ, მშვიდობიან და ხალხისთვის სასარგებლო გამოსავალს” და რომ ეს უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის მიხედვით უნდა გადაწყდეს. პარლამენტის განცხადებაში ნახსენებია რუსეთიც:

”საქართველოს პარლამენტი მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობისა და დემოკრატიული სამყაროს ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისა და მათი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით და აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ხელუყოფელი არჩევანის გაკეთების თავისუფლება და რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არა აქვს უფლება ჩაერიოს აღნიშნულ პროცესში”.

ეს განცხადება პარლამენტმა საპარლამენტო უმცირესობის ბოიკოტის ფონზე მიიღო. „პროტესტი გაგრძელდება. დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ 13 დეკემბერს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავესწრებით პარლამენტის სხდომას”, - უთხრა ხუთშაბათს რადიო თავისუფლებას უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად პარლამენტის დარბაზი, პროტესტის ნიშნად, ოთხშაბათს ჩხუბის შემდეგ დატოვა.

”ვუყურებდი და, პირდაპირ გეტყვით, თავზარდამცემი იყო ჩემთვის, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც არჩეულები არიან საქართველოს მოქალაქეების მიერ, დარბოდნენ დარბაზში, იგინებოდნენ, პანღურებს ურტყამდნენ ერთმანეთს და ასე შემდეგ... და ეს ნამდვილად არ არის ის ვითარება, როდესაც შესაძლებელია რაიმე სახის საკანონმდებლო საქმიანობაზე საუბარი”.

დეპუტატებს შორის მასობრივი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა გიორგი ბარამიძის მისამართით უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოსვლას. მართალია, დეპუტატი ჯაჭვლიანი მოგვიანებით განმარტავდა, რომ მისი რეაქცია დეპუტატ ბარამიძის გარკვეულმა შეურაცხმყოფელმა ჟესტებმა გამოიწვია, მაგრამ ამ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის საფუძვლად საპარლამენტო უმცირესობა წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას მიიჩნევს.

პირველი რეაქცია, რაც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან სხდომათა დარბაზში გამართულ მუშტი-კრივს მოჰყვა, მოიცავდა საყვედურს უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატების მისამართით, რომ მათ მისცეს საბაბი უმცირესობას, დაეტოვებინა სხდომა:

დავით უსუფაშვილი
”არ არის მაინცდამაინც მოსაწონი ქმედება უმრავლესობის მხრიდან, თუ უმცირესობას აძლევს საბაბს იმისას, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს დარბაზი დატოვონ. არ არის მაინცდამაინც პოლიტიკურად ჭკვიანური ქმედება უმრავლესობის მხრიდან, რომ საბაბი მივცეთ უმცირესობას, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს დატოვონ დარბაზი და ამით ბოლომდე გაექცნენ პასუხისმგებლობას”.

კვირის ბოლოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პროექტს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არავინ წასულა. განხილვასა და კენჭისყრას საპარლამენტო უმცირესობა გამოცხადებული ბოიკოტის გამო არ ესწრებოდა.

ის, თუ, საბოლოოდ, რა პრინციპული განსხვავებაა კანონპროექტის პირველად და პირველი მოსმენისთვის შესწორებულ ვარიანტებს შორის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა შემდეგნაირად განმარტა:

“პირველი ეს არის, რომ ქალაქების რაოდენობა შემცირდა, რადგან 15 000-ს ზემოთ ქალაქების რაოდენობა დაახლოებით 13 იყო, ხოლო დღეს შემოთავაზებულ კანონპროექტში პირდაპირ არის ჩამონათვალი ამ ქალაქების და ეს არის 7 ქალაქი. ამოღებული იქნა საზოგადოების მონაწილეობის ინსტრუმენტები - საზოგადოებრივი საბჭოები და თბილისში საუბნო საბჭოები. მესამე, ის კარი, რომელიც დაკავშირებული იყო მუნიციპალიტეტთა რეგიონალურ გაერთიანებასთან, თავის მხრივ, კოდექსის ამ კარმაც შეიცვალა სათაური და შემცირდა და, ფაქტობრივად, გადამუშავდა ეს კარი და, ფაქტობრივად, ახალი შინაარსი დევს იქ. ეს არის სამხარეო საკონსულტაციო საბჭო და შემოთავაზებულია ამ მოდელით ეს“.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გაიმართა, ცალკეულმა დეპუტატებმა - მათ შორის, გიორგი ვაშაძემ - საგანგებო პრესკონფერენციებზე მაინც გამოხატეს პროექტის ცალკეული დებულებებით უკმაყოფილება. გიორგი ვაშაძემ, მაგალითად, აღნიშნა ფინანსური დეცენტრალიზაციის დეფიციტი, თვითმმართველი ქალაქების ირგვლივ სოფლების პატარა მუნიციპალიტეტებად დაშლის მიზანშეუწონლობა და სხვ.

გასულ კვირაში საქართველომ მსოფლიოსთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, 10 დეკემბერი, აღნიშნა. ამ დღეს სახალხო დამცველმა ანგარიში წარმოადგინა, სადაც 2013 წელს გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ილაპარაკა. თავისი შეფასებებით გამოვიდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე. ანგარიში წარმოადგინეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა. უფლებადამცველთა ანგარიშებში მთავარ გამოწვევად დასახელებულია უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის საკითხი და ასევე სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების თემები.
რიგ შემთხვევებში იყო არაადეკვატური რეაგირება ან კვალიფიკაცია იყო საკმაოდ მსუბუქი, რაც, ფაქტობრივად, ახდენდა წახალისებას მსგავსი დანაშაულისა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან...

ადამიანის უფლებათა დაცვის ბევრ სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება სერიოზული გამოწვევები, განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც მომავალი წლის მარტში პარლამენტის წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით გამოვა, მანამდე კი, უჩა ნანუაშვილის სიტყვებით, მთავარ გამოწვევად რჩება შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, რელიგიურ უმცირესობათა მიმართ.

„აქ საუბარია იმ რამდენიმე ინციდენტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში და ჭელაში. რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით დღესდღეობით მდგომარეობა შეცვლილია, ანუ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს საკუთარი რელიგიისა და აღმსარებლობის რეალიზაციის თვალსაზრისით, თუმცა რეაგირება იყო ძალიან დაგვიანებული რიგ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან და ეს იყო სწორედ პრობლემა - ხდებოდა რეაგირება, მაგრამ რიგ შემთხვევებში იყო არაადეკვატური რეაგირება ან კვალიფიკაცია იყო საკმაოდ მსუბუქი, რაც, ფაქტობრივად, ახდენდა წახალისებას მსგავსი დანაშაულისა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან“.

კახა კოჟორიძის სიტყვებით კი, ხელისუფლებამ ვერ გაართვა თავი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას. იმ ოცამდე ადამიანის მიცემა პასუხისგებაში, რომლებიც შემდეგ ან ამნისტიით გამოვიდნენ, ან საპროცესო გარიგება გაუფორმდათ, ვერ ასახავს ამ სისტემურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის შედეგს. თუმცა, კახა კოჟორიძის შეფასებით, 17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, იყო წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი გუბერნატორები წარადგინა. კახეთის გუბერნატორი იქნება ირაკლი შიოლაშვილი, იმერეთის გუბერნატორი - ზაზა მეფარიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი - ზურაბ რუსიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი - გიორგი მღებრიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი - ლევან შონია, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი -ნუგზარ ყიფიანი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - აკაკი მაჭუტაძე, გურიის გუბერნატორი - გიორგი ჩხაიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი - პარმენ მარგველიძე. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, ახალი გუბერნატორები კლანური ნიშნით დაინიშნენ. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნება" აგრძელებს ტრადიციას და მაღალ თანამდებობაზე მოხვედრის ერთადერთ შანსად კვლავ ვინმეს ახლობლობა ან ერთგულება რჩება.
კარვები უსახლკაროებისათვის მოსკოვის გამზირზე

ამ კვირაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილმა უწყებათშორისმა ჯგუფმა უსახლკარო ადამიანებისათვის დროებითი თავშესაფრის შექმნის შესახებ იმსჯელა და გადაწყვიტა, მოსალოდნელი ყინვების ფონზე, მიუსაფარი ადამიანების დასაცავად დედაქალაქში რამდენიმე ადგილას კარვები დაიდგას, სადაც ქუჩაში დარჩენილი ხალხი ღამეს გაათევს, გათბება, გამოიკვებება და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებასაც მიიღებს.

გადაწყდა, რომ თბილისში, ერთ კონკრეტულ ადგილას (ადგილები ჯერ ზუსტდება), უსახლკარო ხალხისათვის ოც-ოცკაციანი კარვები დაიდგას, სადაც ქუჩაში მცხოვრები ხალხი გამოზამთრებას შეძლებს:

„რამდენიმე ადგილი მოვძებნეთ და უახლოეს საათებში გადავწყვეტთ, სად განთავსდება თავშესაფარი. ძირითადად კარვებს დავდგამთ, სადაც 20 ადამიანი დაეტევა. იქ იქნება ის პირობები, რომ ყინვაში ადამიანებმა თავი შეაფარონ, გათბნენ, ჰქონდეთ საკვები“, - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

მიუსაფართა გამოსაზამთრებლად კარვები მოსკოვის გამზირზე დაიდგა, კარვებში სულ 80 ადამიანის ადგილია. იქ მისვლა ყველას შეუძლია, ვინც ღამეს ქუჩაში ათევს. მიუსაფარი ადამიანები დროებით თავშესაფარში ან პოლიციას მიჰყავს, ან თავისი ფეხით მიდიან. კარვები შეშის ღუმელებით თბება. კარვებთან ვაგონებიც დაიდგა, სადაც მედპუნქტი განთავსდება. ერთ დიდ კარავში კი სასადილო მოეწყობა. მომატებული ყინვების ფონზე დროებით თავშესაფარში ქუჩაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა მატულობს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისადმი დამოკიდებულების კვლევა ჩაატარა. 1500 გამოკითხული რესპონდენტის პასუხებიდან ირკვევა, რომ მათი 34,6% ქმრის მიერ ცოლის ცემას ამართლებს, თუკი ის შვილებს ყურადღებას არ აქცევს, ქმარს ეჩხუბება, საჭმელს წვავს, უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე ან უნებართვოდ გადის სახლიდან. გამოკითხულთა შორის კვლავაც რჩება ისეთი 17%, ვინც მიიჩნევს, რომ ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს, თუმცა, გამოკვლევის თანახმად, გაზრდილია იმ ხალხის რიცხვი, ვისი აზრითაც, ოჯახში ძალადობა დანაშაულია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების კვლევისას საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტმა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში 18-დან 60 წლამდე ასაკის 1500 რესპონდენტი გამოკითხა, მათ შორის, 65,1% ქალი და 34,9% მამაკაცი. გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაულია, 25% კი ფიქრობს, რომ ეს ოჯახის საქმეა.
ძალიან დაბალია მიმართვიანობის მაჩვენებელი. როგორც ჩანს, ქალებს კვლავაც ძალიან უჭირთ ხმის ამაღლება და იმის აღიარება, რომ ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან. ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი...

ეს 69% ოპტიმისტურად განაწყობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერს ირინა ჯაფარიძეს, რომლის თქმითაც, სულ რამდენიმე წლის წინ სურათი გაცილებით საგანგაშო იყო. ძალადობის დანაშაულად შეფასებას, მისი აზრით, ხელი შეუწყო ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციამაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლის დამატებით გამოიხატა, რომლის მიხედვითაც, ძალადობა ოჯახში ისჯება კანონით. თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება 34%-იანი მაჩვენებელი იმ ხალხისა, ვინც გარკვეულ შემთხვევებში ძალადობას მაინც დასაშვებად მიიჩნევს. ამას ისიც ემატება, ამბობს ირინა ჯაფარიძე, რომ ქალები ამ თემაზე ლაპარაკს ერიდებიან:

„ძალიან დაბალია მიმართვიანობის მაჩვენებელი. როგორც ჩანს, ქალებს კვლავაც ძალიან უჭირთ ხმის ამაღლება და იმის აღიარება, რომ ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან. ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“.

ამ კვირაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილე თბილისში რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს. მისი გარდაცვალებიდან, 2005 წლის 3 თებერვლიდან, დღემდე ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების გარშემო არაერთი კითხვა არსებობს. გამოძიება დღესაც გრძელდება და, როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, მალე საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს. 9 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ კონფერენციაზე - "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ" - ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობას აფასებდნენ, როგორც დასავლური ღირებულებების მქონე პოლიტიკოსისას. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ არაერთხელ გაიხსენა ჟვანიას ცნობილი სიტყვები - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

2005 წელს ზურაბ ჟვანია, რომელსაც მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, ოფიციალური ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება მისი გარდაცვალების ფაქტზე დღემდე მიმდინარეობს. საზოგადოების ნაწილი დღემდე მოითხოვს პასუხს კითხვაზე, რა მოხდა რვა წლის წინ. გიორგი ჟვანია, რომელიც ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ გამოძიებაში არაერთი ახალი გარემოებაა აღმოჩენილი, დღესაც აცხადებს, რომ გამოძიება კომპეტენტურ ხელშია და ძალიან სწრაფად დასრულდება:

„უფრო მეტის თქმისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მით უმეტეს, რომ დღეს ხელისუფლებას წარმოვადგენ და არ მინდა ვინმემ ეს ზეწოლად აღიქვას“.

შეწყალების კომისიამ გუშინდელ სხდომაზე 160-მდე საქმე განიხილა და სრულიად გათავისუფლების რეკომენდაცია 54 მსჯავრდებულზე გასცა, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, გუშინ, 13 დეკემბერს, ავლაბრის რეზიდენციასთან ჟურნალისტებს განუცხადა. იმ 54 მსჯავრდებულს შორის 4 არასრულწლოვანია, 15 მსჯავრდებულზე კი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია არსებობს. შესაწყალებელ პირთა სიაში არიან ქალებიც.

გასულ კვირაში, 92 წლის ასაკში, ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG