Accessibility links

logo-print

ძველი და ახალი წლების მიჯნაზე


თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულოს სხდომა

გასული წლის ბოლო კვირას თბილისი მომავალი წლის ბიუჯეტის გარეშე დარჩა, რადგან ვერ მოგროვდა ბიუჯეტის დასამტკიცებლად საჭირო დეპუტატთა 24 ხმა. ამის გამო, საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატების პროგნოზით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეჩერდება. ბიუჯეტის ჩაგდება ”ქართული ოცნების” წინასწარ გათვლილ სახიფათო სვლად შეაფასა ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის” თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა:

”ეს არის პოლიტიკური თამაში, პოლიტიკური დაკვეთის ცუდი შესრულება, როდესაც დედაქალაქს დატოვებ ბიუჯეტის გარეშე და უპრეცედენტო ბიუჯეტი ვერ იქნება დამტკიცებული თბილისისთვის. საფრთხეები ძალიან დიდია. პირველი რისკები რაც დგება, ეს გახლავთ: 100 ავტობუსის შეძენა დედაქალაქისთვის, ასევე ოლიმპიადის ჩატარება 2015 წელს, 172 მილიონი ამ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური პროგრამებისთვის”.

უმრავლესობამ საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატების შეშფოთება არ გაიზიარა. მათი განცხადებით, არაფერი შეჩერდება და ვიდრე ერთი თვის შემდეგ მერია კვლავ წარუდგენს საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს, კანონმდებლობით დადგენილი 1/12-ის პრინციპის საფუძველზე, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უპრობლემოდ გამოინახება პრიორიტეტული პროექტების დასაფინანსებლად.

ასეა თუ ისე, დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული და თუკი საკრებულო იანვრის ბოლოს მერიის მიერ ხელახლა წარდგენილ პროექტსაც ჩააგდებს და, საერთოდ, პროექტის დამტკიცება 3 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება, ცენტრალურ მთავრობას უფლება ექნება დაითხოვოს თბილისის საკრებულო და თავად იტვირთოს დედაქალაქის მართვა. თუმცა ანალიტოკოსების აზრით, მაშინ როცა მოახლოებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გაურკვევლობა საკრებულოში არავის უნდა აძლევდეს ხელს. ასე ფიქრობს „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე:

„რადგანაც არჩევნები დაგეგმილია მაის-ივნისის მიჯნაზე, აპრილში რომ დაიშალოს საკრებულო, მაშინ მეორე ეჭვი ჩნდება - ხომ არ არის მცდელობა იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსი იქნეს გამოყენებული და არჩევნების დროს ვინც მართავს, მან ისარგებლოს ამით?.. იმ შემთხვევაშიც, თუკი ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შემოიღოს პირდაპირი მმართველობა, ეს მაინცდამაინც ბევრის მომცემი არც ერთი მხარისთვის არ იქნება”.
მაშინ, როცა ერთ-ერთი მთავარი ფიგურის მიმართ ჩნდება ამდენი შეკითხვა, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მართებული გადაწყვეტილება იყო მიღებული იმისათვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს მეტი ნდობა პროკურატურის მიმართ, იმისათვის, რომ ითანამშრომლოს სამართალდამცველებთან...

გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა მთავარი პროკურორის გადადგომა. მთავარმა პროკურორმა, რომლის სახელიც უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე სკანდალთან იყო დაკავშირებული, იმ მოტივით, რომ არ სურს ჩრდილი მიაყენოს მიმდინარე გამოძიებების ლეგიტიმაციასა და „იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება“, გადაწყვიტა თანამდებობა დატოვოს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ახლო მომავალში აპირებს დაასახელოს ოთარ ფარცხალაძის შემცვლელი, მთავარი პროკურორის ამ გადაწყვეტილებას „ღირსეული ნაბიჯი“ უწოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით კი, ფარცხალაძის გადადგომა საზოგადოების გამარჯვებაა.

სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის საგანი გახდა ოთარ ფარცხალაძე. თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა დაადანაშაულა ოთარ ფარცხალაძე ზეწოლასა და მუქარაში; მოგვიანებით კი თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ, მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია მთავარი პროკურორის დანაშაულებრივი წარსულის თაობაზე. გიგი უგულავა ირწმუნებოდა, რომ ოთარ ფარცხალაძე გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური თავდასხმის გამო იყო ნასამართლევი 2001 წელს, თავად ოთარ ფარცხალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ ის მართლაც იყო გერმანიაში გასამართლებული, მაგრამ სულ სხვა ინციდენტის - პოლიციელთან შელაპარაკების - გამო. კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გაკეთდა ოთარ ფარცხალაძის განათლების თაობაზე - კერძოდ, ლაპარაკი იყო ყალბ დიპლომზე, რის გამოც მას არ ჰქონდა უფლება სჭეროდა მთავარი პროკურორის პოსტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორის თამარ გაბისონიას თქმით, ოთარ ფარცხალაძის სახელთან დაკავშირებული სწორედ ამ ხმაურიანი განცხადებების გამო ითხოვდა მის გადადგომას „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 32 ორგანიზაციას აერთიანებს:

თამარ გაბისონია

თამარ გაბისონია

„მთავარი პროკურორი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სამართალდამცავ სტრუქტურაში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ნდობა პროკურატურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ და მაშინ, როცა ერთ-ერთი მთავარი ფიგურის მიმართ ჩნდება ამდენი შეკითხვა, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მართებული გადაწყვეტილება იყო მიღებული იმისათვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს მეტი ნდობა პროკურატურის მიმართ, იმისათვის, რომ ითანამშრომლოს სამართალდამცველებთან, თუ ის კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტს შეესწრება. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სამართალდამცავი სტრუქტურების, ერთი მხრივ, საქმიანობას და, მეორე მხრივ, დანაშაულის გახსნას“.

მიმდინარე კვირაში, ანუ ახალი წლიდან, სახელი გადაერქვა „რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს“ და მას „შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო“ ეწოდა. მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რეინტეგრაცია პოსტკონფლიქტურ ვითარებას ნიშნავს, ამ სახელით კი წინა ხელისუფლებამ აფხაზებისა და ოსების უფრო მეტად დაშორება გამოიწვია. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ ცვლილებით კონფლიქტს აღიარებს და შერიგებისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

რაც შეეხება სამოქალაქო თანასწორობას, სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ეს საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებს ეხებათ. მისი თქმით, აპარატი მათი ინტეგრაციისა და პრობლემების მოგვარების მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.
მნიშვნელოვანია ეს ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის ზრდის მიმართულებით - იქიდან გამომდინარე, რომ სახმელეთო ტრანსპორტი არის უფრო ხელმისაწვდომი და, შესაბამისად, გაიზრდება ტვირთბრუნვაც, თვითღირებულების შემცირების ხარჯზე...

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, ქართველი გადამზიდავები რუსეთის ვიზების აღებას ”პრიორიტეტულ რეჟიმში” - წინასწარი ჩაწერის გარეშე - შეძლებენ. მრავალჯერადი საქმიანი ვიზის აღება 10 სამუშაო დღეში 160 დოლარი ეღირება, ხოლო დაჩქარებულ რეჟიმში, ანუ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ვიზის საფასური 310 დოლარი იქნება. ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს რუსეთმა შუამავალი ქვეყნის - შვეიცარიის - დახმარებით შემოუთვალა, მედიის წარმომადგენლებს 3 იანვარს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიაწოდა. როგორც ნათია მიქელაძემ აღნიშნა, ეს მეტად მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და საქართველოს ეკონომიკასაც წაადგება:

”კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მეწარმე გადამზიდავების დასაქმებას სატვირთო და სამგზავრო გადაყვანა-გადაზიდვების სფეროში. მნიშვნელოვანია ეს ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის ზრდის მიმართულებით - იქიდან გამომდინარე, რომ სახმელეთო ტრანსპორტი არის უფრო ხელმისაწვდომი და, შესაბამისად, გაიზრდება ტვირთბრუნვაც, თვითღირებულების შემცირების ხარჯზე”.

სატრანზიტო ქვეყნისთვის - საქართველოსთვის - გადაზიდვების სფეროში ნებისმიერი სახის მარწუხის მოხსნასა და პროცედურების გამარტივებას მიესალმება ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, თუმცა ის რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ახლო მომავალში უპერსპექტივოდ მიიჩნევს. როგორც მან რადიო თავისუფლებას 3 იანვარს უთხრა, საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგანაც ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან რუსეთის აშკარა გაღიზიანებას იწვევს.

ამ სიახლის გარდა, პირველი იანვრიდან რამდენიმე კანონში შესული ცვლილება ამოქმედდა, მათ შორის, შრომის კოდექსში შეტანილი დეკრეტული შვებულების ახალი წესი:

ბავშვის მოსავლელად შვებულება იზრდება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე. აქედან ანაზღაურდება, 126 დღის ნაცვლად, 183 კალენდარული დღე, მშობიარობის გართულების ან ტყუპის გაჩენის შემთხვევაში კი - 200 კალენდარული დღე, ნაცვლად მანამდე არსებული 140 დღისა. იზრდება ასევე შვებულების საზღაური: 126 დღეში 600 ლარის ნაცვლად, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ ქალს 183 დღეში მიეცემა 1000 ლარი.
XS
SM
MD
LG