Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მთავარი პროკურორისა და სოლიდარობის აქციების კვირა


გასულ კვირაში საქართველოშიც აქტუალური იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს პარლამენტმა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამომხატველი განცხადება მიიღო, სოლიდარობის აქციებს ქუჩაში მოქალაქეებიც მართავდნენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას მესამე ახალი მთავარი პროკურორი წარუდგინა, პარლამენტმა კი ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ მეორე მოსმენით მიიღო თვითმმართველობის კოდექსი.

ამ კვირაში თბილისში უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის რამდენიმე მშვიდობიანი აქცია გაიმართა. უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკეთეს, მათ შორის, პრემიერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პარლამენტმა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა:

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს გაუფრთხილდნენ მთავარს - ადამიანის სიცოცხლესა და ქვეყნის ერთიანობას. უკრაინას ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფალი, ხოლო ჩვენ ასე პირდაპირ უკრაინის შიდა საქმეებში ვერ ჩავერევით“.

საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნა, საქართველოს არასოდეს დაუხევია უკან უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის თვალსაზრისით, თუმცა უმრავლესობა, როგორც მმართველი ძალა, პოზიციების გამოხატვისას მეტად შეზღუდულია, უმცირესობასთან შედარებითო.

თენგიზ ფხალაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს, ერთი მხრივ, როგორც რუსეთის ბრძოლას თავისი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროების გაფართოებისათვის და, მეორე მხრივ, უკრაინის საზოგადოების ბრძოლას თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ამ ბრძოლის შედეგზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალიც:

თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე
„თუ ეს თავისუფალი არჩევანი დამარცხდა, თუნდაც დროებით, ერთ-ერთი შემდეგი დარტყმის ობიექტი საქართველო იქნება“.

ამ კვირაში ცნობილი გახდა საქართველოს მთავარი პროკურორის ვინაობა - ამ თანამდებობაზე, იუსტიციის მინისტრის წარდგენით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1981 წელს დაბადებული გიორგი ბადაშვილი დაამტკიცა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გიორგი ბადაშვილი მესამე ახალი პროკურორია. პროფესიით იურისტი ბადაშვილი 2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად, 2013 წლის მაისიდან კი გიორგი ბადაშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. ბადაშვილის კარიერის დასაწყისად მთავრობის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სადაც ბადაშვილი 2006 წლის ივლისიდან 2013 წლის მაისამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ის პროკურატურაში დაგროვილ საქმეებს გამოიძიებს და ნდობას გაამართლებს, ოპოზიცია კი გიორგი ბადაშვილისგან მოითხოვს ეფექტურად გამოიძიოს ე.წ. პოლიტიკური საქმეები, რაშიც ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას საქმეები იგულისხმება. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მედიასთან საუბარში შენიშნავს, რომ სწორედ ეს იქნება ამ თანამდებობაზე ბადაშვილისათვის ერთგვარი ტესტი. წიკლაური ახალ პროკურორს მისი წინამორბედის, ოთარ ფარცხალაძის კადრად მოიაზრებს და ამბობს, რომ იურიდიულ წრეებში მას საერთოდ არ იცნობენ:

„პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩვენი ყველაზე ცუდი ეჭვი გამართლდა - ეს ადამიანი საერთოდ უცნობია იურიდიულ წრეებში და ის უშუალოდ ფარცხალაძის მიერ წარდგენილი და დანიშნული კადრია. ამ თვალსაზრისით, ყაჩაღობისა და ქურდობისათვის ნასამართლევი ფარცხალაძე კვლავაც შეინარჩუნებს არაფორმალურ კონტროლს პროკურატურაზე, ახალი მთავარი პროკურორის როლი კი იქნება ძალიან უმნიშვნელო. ამგვარი გადაწყვეტილებები, ჩვენი შეფასებით, ხელს ვერ შეუწყობს პროკურატურისადმი დაკარგული ნდობის აღდგენას“.

ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ გასულ კვირაში პარლამენტმა მეორე მოსმენით "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. დეპუტატებმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მეორე მოსმენით, 84-ხმით 14-ის წინააღმდეგ, მიიღეს. მანამდე კენჭისყრაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატიული შეთავაზებები დადგა, თუმცა პარლამენტის უმრავლესობამ მათ მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მეორე მოსმენით იმ მუხლის გარეშე დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის დროებით წესს ეხება. ეს ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი იყო, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით კვლავ დაუბრუნდება.
გადაწყვეტილებაა მიღებული ასეთი გუნდში, რომ პირველ განცხადებას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, დამფუძნებელი. პირველად იგი უპასუხებს ყველა კითხვას, რაც კი საზოგადოებას აინტერესებს, და მერე, უკვე 28-ის შემდეგ, მე ვარ უკვე თქვენს სამსახურში...
გიორგი საბანაძე

ამ კვირაში გამოქვეყნდა Human Rights Watch-ის 2014 წლის ანგარიში. ანგარიშში საუბარი შეეხება მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. მთავარი აქცენტი სირიაში არსებულ ვითარებაზეა გაკეთებული. ანგარიშში ერთი თავი საქართველოსაც ეძღვნება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების მიმართ პატივისცემის ფარგლებში, როგორიც არის გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების თავისუფლება, თუმცა დამკვირვებლებს აღნიშნული აქვთ პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებიც, მათ შორის ის, რომ 2013 წლის ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ზუგდიდსა და ბათუმში აგრესიულად განწყობილი მოქალაქეთა ჯგუფი დაესხა თავს. პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა და სასამართლომ ისინი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„ჰიუმან რაიტს უოტჩი“ წერს, რომ ნელი ტემპით მიმდინარეობს ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება და ამ პროცესს აკლია გამჭვირვალობა. როგორც „ჰიუმან რაიტს უოტჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ამბობს, კითხვებს ბადებს წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიების პროცესი და ის, რომ გამოსაძიებლად საქმეების გადაცემა ხდება შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკურად მოტივირებულობის პრინციპით:

ანგარიშში უკმაყოფილებაა გამოთქმული იმის გამო, რომ ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ძალიან ნელა მიმდინარეობდა და არასათანადოდ გამჭვირვალე იყო. აქვეა მოყვანილი ფაქტები, როცა საპროცესო შეთანხმებები ფორმდებოდა წამებაში მხილებულ პირებთან, რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ შეესაბამება. ასევე შედარებით დეტალურად არის განხილული წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიება, ანუ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი“. გიორგი გოგია ამბობს, რომ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ასევე სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების საკითხი. მისი თქმით, როგორც წესი, აქ გამოძიების მექანიზმები არაადეკვატურია. გიორგი გოგია იხსენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ დასახელებულ მისი დასაკითხად გაყვანის ფაქტს. ეს ინფორმაცია ანგარიშში არ მოხვდა, ვინაიდან მასზე მუშაობა ნოემბერში დასრულდა:

გიორგი გოგიას სიტყვებით, ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ მწვავედ აღარ დგას ციხეების გადატვირთულობის პრობლემა, რაც ძირითადად იმ მასშტაბური ამნისტიის შედეგია, რომლის წყალობითაც 8 ათასი პატიმარი გათავისუფლდა. მთლიანობაში, გიორგი გოგიას თქმით, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, მდგომარეობა გარკვეულ სფეროებში უმჯობესდება, თუმცა არის სფეროები, სადაც უარესდება. მაგალითად, რელიგიური შეუწყნარებლობის თემა ასე მწვავედ ბოლო წლების განმავლობაში არ მდგარა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი ამ კვირაში დავოსს სტუმრობდა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. დავოსში საქართველოს დელეგაცია კონკრეტული წინადადებებითა და კონკრეტული პროექტებით ჩავიდა. როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას, ქვეყანა მსხვილი ინვესტორების ყურადღების მიპყრობას შეეცდება:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
”ჩვენ გვაქვს სერიოზული შეხვედრები დაგეგმილი ძალიან მსხვილ და ძალიან სერიოზულ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ კონკრეტულ ინვესტორებთან, რომ მათი წინადადებები განვიხლოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება გასული წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან არის ის, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში - ”ტატა ჯგუფი” (Tata Group) - შემოვიდა საქართველოში და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები”.

„მოქალაქე“ - ამ სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 23 იანვარს. ორგანიზაციის ოფიციალურ პრეზენტაციას იგი 28 იანვარს გამართავს და, შესაბამისად, ახალი სახით დაუბრუნდება აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას.

„მოქალაქისა“ და ხელისუფლების ურთიერთობის პერსპექტივასა და, ზოგადად, ახალ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით პრაქტიკულად არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, რომ ის თავადვე იქნება ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორის პოსტს კი გიორგი საბანაძე დაიკავებს.

“გადაწყვეტილებაა მიღებული ასეთი გუნდში, რომ პირველ განცხადებას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, დამფუძნებელი. პირველად იგი უპასუხებს ყველა კითხვას, რაც კი საზოგადოებას აინტერესებს, და მერე, უკვე 28-ის შემდეგ, მე ვარ უკვე თქვენს სამსახურში“, – ამბობს „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი საბანაძე.

კვლავაც ხმაური იყო თბილისის ამ დრომდე დაუმტკიცებელი ბიუჯეტის გარშემო. საკრებულოს უმცირესობა მიიჩნევს, რომ უმრავლესობა პოლიტიკური მიზნებით ხელმძღვანელობს და არჩევნების წინ დედაქალაქის მთავრობის დათხოვნა სურს. ამ მიზანს არ მალავს საკრებულოს უმრავლესობა და აცხადებს, რომ დიდ ფულს ვერ ანდობს ”ნაციონალურ მოძრაობას”.

საკრებულოს უმცირესობამ, რომელიც ამ ეტაპზე 22 წევრს ითვლის, პარასკევს ბოიკოტი გამოაცხადა და სხდომას არ დაესწრო. პროტესტი განპირობებულია იმით, რომ დღის წესრიგში არ მოხვდა დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა. ”ნაციონალური მოძრაობის” უმცირესობა მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის თბილისის მოსახლეობას - ახალი ავტობუსების შესყიდვის პროცესის შეჩერების გარდა, სახელდება მოსალოდნელი პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით. ესენია, მაგალითად: კომუნალური ვაუჩერის დარიგება, ოპერაციებისა და მედიკამენტების დაფინანსება, ხიდებისა და გზების რეაბილიტაცია, საცხოვრებელი შენობების გამაგრება, ახალი სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობა თუ წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების” თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილმა 24 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა. ტექსტის მიხედვით, უმრავლესობა ხალხის საჭიროებათა იგნორირებას ახდენს:

”’ქართული ოცნების’ დეპუტაციამ საბოლოოდ დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება დედაქალაქის მოსახლეობის პრობლემების მიმართ და ეს დამოკიდებულება მდგომარეობს შემდეგში: რაც უარესია, მით უკეთესია... თუ ბიუჯეტი არ დამტკიცდება, შემოღებული იქნება ფედერალური მმართველობა და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, დედაქალაქს თავზე დაასვამენ ირაკლი შიხიაშვილს”.
ჩვენ ვამბობდით, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიზნები, რომ როგორმე სწრაფად ჩაიგდონ ხელში მერია და თვითონ აფათურონ ხელი ბიუჯეტში, სწორედაც რომ ისეთი მიზნებით, რომელიც შეუფერებელია ამ ბიუჯეტისთვის...
სევდია უგრეხელიძე

მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ კი 24 იანვარს განაცხადა, რომ უმრავლესობა არჩევნების წინ ფინანსური გავლენისათვის ბერკეტების მოპოვებას ცდილობს:

”ჩვენ ვამბობდით, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიზნები, რომ როგორმე სწრაფად ჩაიგდონ ხელში მერია და თვითონ აფათურონ ხელი ბიუჯეტში, სწორედაც რომ ისეთი მიზნებით, რომელიც შეუფერებელია ამ ბიუჯეტისთვის...”

დედაქალაქის ბიუჯეტის განსახილველად და დასამტკიცებლად საკრებულოს კიდევ რამდენიმე კვირა აქვს. ვადა 11 მარტისთვის ამოიწურება. საკრებულოს 25-კაციან უმრავლესობას, რომელშიც, ”ქართული ოცნების” 14 წარმომადგენლის გარდა, დამოუკიდებელი დეპუტატებიც შედიან, უარი არ განუცხადებია ბიუჯეტის განხილვაზე. მათი განცხადებით, მერიის მიერ ვადების დარღვევით წარმოდგენილი ჩასწორებული ბიუჯეტის პროექტი დაგვიანებით შევიდა კომისიებში და, შესაბამისად, ასე სწრაფად ვერ გავიდოდა საკრებულოს სხდომაზე.

გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა ფილიპ ლეფორი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ლეფორი ამ პოსტიდან მიდის, თუმცა წასვლის წინ ის საკმაოდ მწვავე ვითარებაში აღმოჩნდა - 20 იანვარს ის ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასთან გამოსამშვიდობებლად ჩავიდა და, რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ასეთი რამ თქვა: „სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი უკვე დიდი ხანია განსაზღვრულია ამ რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის მიერ და ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია... ეს არის რეალობა, რომლითაც უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და მუშაობა“. ორი დღის შემდეგ, 22 იანვარს, ლეფორი თბილისსაც ეწვია და განმარტებები გააკეთა ჟურნალისტებთან, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ მას ინტერვიუ არავისთვის მიუცია ცხინვალში, რომ დიპლომატიურ შეხვედრებზე აზრის თავისუფლად გამოხატვა შეუძლებელია და რომ მას იქ არ უთქვამს ის, რასაც მედია მიაწერს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG