Accessibility links

logo-print

სოჭში წასვლისა და ევროპული ყურადღების კვირა


ირაკლი ღარიბაშვილი, ანდერს ფოგ რასმუსენი

ირაკლი ღარიბაშვილი, ანდერს ფოგ რასმუსენი

მიმდინარე კვირაში კვლავაც განახლდა კამათი თემაზე - უნდა გაეგზავნა თუ არა სპორტსმენები საქართველოს რუსეთში, სოჭის ზამთრის 22-ე ოლიმპიურ თამაშებზე, მაშინ როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ამ შეკითხვის შესაბამისად, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს ამ კვირაში კიდევ მრავალჯერ მოუწიათ იმის განმარტება, რომ ეს იყო რთულად მისაღები, მაგრამ ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება. ითქვა, რომ ეს იყო საქართველოს კეთილი ნების გამოხატულება და რომ ასეთ ნაბიჯს მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა.

”2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან ოლიმპიადა ტარდება საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს”, - აღნიშნულია ქართველი ოლიმპიელებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო მიმართვაში, რომელიც 5 თებერვალს გავრცელდა. ტექსტში ნათქვამია, რომ რთულად გადასადგმელი ნაბიჯი საქართველომ ქართული სპორტისა და სპორტსმენების, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ გადადგა. სოჭის ოლიმპიადაში, რომელიც 7 თებერვალს გაიხსნა, სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი. სოჭში ასევე იმყოფებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. გაკეთდა საგანგებო განმარტება დეპუტატ ლერი ხაბელოვთან დაკავშირებით. უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა ქართველი ოლიმპიელები სოჭში

ქართველი ოლიმპიელები სოჭში

იმერლიშვილის განცხადებით, ლერი ხაბელოვი სოჭში ჩავიდა როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და არა როგორც პარლამენტის წევრი. მისივე განმარტებით, ოლიმპიადას საქართველოდან არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ დაესწრება.

სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, საქართველოში ამოქმედდა დროებითი ”კომპლექსური გეგმა”, რაც უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად. როგორც შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ”საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, დაგეგმილია რიგი პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, გამკაცრდება და გამკაცრდა კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში”.

როდესაც ოლიმპიელებისადმი მიმართვა გავრცელდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ ისევ ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ის, სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირისა და ნატოს უმაღლეს პირებს ხვდებოდა. ასე მაგალითად, გაიმართა შეხვედრები: ევროკავშირის პრეზიდენტთან ჰერმან ვან რუმპესთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულესთან, ევროკომისართან საშინაო პოლიტიკის საკითხებში სესილია მალმსტრომთან თუ ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან.

თუკი მოკლედ ვიტყვით: ბრიუსელში დადებითად შეფასდა საქართველოს თანმიმდევრული სვლა რეფორმირების გზაზე - ევროპასთან ინტეგრირების პროცესში. თუმცა ასევე აღინიშნა, მაგალითად, ჟოზე მანუელ ბაროზუს მხრიდან, რომ საჭიროა ფრთხილი ყურადღება დაეთმოს ”პოლიტიკური პლურალიზმის დაცვას და მედიის თავისუფლებას“. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა დემოკრატიულ ფასეულობებთან შესაბამისი, ”გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი”, ”მტკიცებულებებზე დაფუძნებული” მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აქვე აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებები, კერძოდ კი, უმცირესობათა უფლებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მიჩნეულ უნდა იქნეს პრიორიტეტად. ბრიუსელში არაერთხელ აღინიშნა, რომ ვილნიუსის სამიტზე პარაფირებულ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ყველაზე გვიან აგვისტოში მოეწერება ხელი.
ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს საქართველოს ყველაზე კარგ დამცველს შიდა თუ გარე გამოწვევებისგან. ის გაგვიხსნის უნიკალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ჩვენი ბიზნესისთვის; საშუალება მოგვეცემა მონაწილეობა მივიღოთ ევროკავშირის პროგრამებში; ეს გააძლიერებს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს...

ამ დოკუმენტის რაც შეიძლება მოკლე ვადაში ხელმოწერის მნიშვნელობას მიმდინარე კვირაში არაერთხელ გაესვა ხაზი და, მათ შორის, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილზეც, რომელსაც ბრიუსელში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა. მიპატიჟებული იყვნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის ელჩები. „ჩამოვედი, რათა გადმომეცა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მესიჯი - ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთა ქართველმა ხალხმა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა", - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მასთან შეხვედრისას იხუმრა, რომ საქართველო შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს - ჩვენი ისტორიის ”ყველაზე ყოვლისმომცველი შეთანხმების” გარშემო მოლაპარაკებათა ყველაზე სწრაფად დასრულებისთვის.

„მე ვიქნები კიდევ უფრო ბედნიერი, თუ ჩვენ რეკორდს მოვხსნით ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების უსწრაფესი და ყველაზე ეფექტიანი იმპლემენტაციის გამო. ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს საქართველოს ყველაზე კარგ დამცველს შიდა თუ გარე გამოწვევებისგან. ის გაგვიხსნის უნიკალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ჩვენი ბიზნესისთვის; საშუალება მოგვეცემა მონაწილეობა მივიღოთ ევროკავშირის პროგრამებში; ეს გააძლიერებს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ყოველივე ეს ავტომატურად მოგვცემს საშუალებას ავაშენოთ აყვავებული, თავისუფალი და ევროპული საქართველო, რაც წარმოადგენს ჩვენს საბოლოო მიზანს”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე საქართველოს ევროპული არჩევანის ურყეობაზე გაამახვილა ყურადღება ეგმონტის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას. მოხსენების სახელწოდება იყო: "საქართველო და ევროკავშირი: ვილნიუსიდან რიგამდე - პრიორიტეტები და გამოწვევები."

მიმდინარე კვირაში რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის მიერ არის შემუშავებული. გეგმას, სახელწოდებით „აღმოსავლეთის პარტნიორობაზე ვილნიუსის შემდგომი 20 მოსაზრება“, მხარს უჭერენ გერმანია და დიდი ბრიტანეთი. პროექტის მე-18 მუხლის თანახმად, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ძალისხმევა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში წარმატებული ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ მოსალოდნელ საშინაო თუ საგარეო საფრთხეებზე რეაგირებისათვის, როგორიცაა: სავაჭრო ემბარგო, შეზღუდვები შრომითი მიგრანტების მიმართ და, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოუგვარებელ შიდა კონფლიქტებში. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში „კარგად კოორდინირებული პასუხი დაუპირისპიროს მსგავს ქმედებებს“. ტექსტის თანახმად, „ევროპული პაკეტი“ ფოკუსირებული უნდა იყოს ევროკავშირის გაერთიანების პროგრამებსა და ორგანოებში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, მობილურობასა და ვიზებზე, სტუდენტთა გაცვლასა და უფრო მეტ ერთობლივ პროგრამაზე.
ეს არის აღმოსავლეთის პარტნიორებისთვის ახალი ”ევროპული პაკეტის” შეთავაზება.

ტორბიორნ იაგლანდი, მაია ფანჯიკიძე

ტორბიორნ იაგლანდი, მაია ფანჯიკიძე

საქართველოს მიმდინარე კვირაში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი სტუმრობდა. კერძოდ, 6 თებერვალს, მისი თანათავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ასევე უძღვებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2013 წლის ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროსაბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად დაამტკიცა. გეგმის ჩართულობის სფეროებს წარმოადგენს, მაგალითად: ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა; მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა; პენიტენციური სისტემა და პოლიციის რეფორმა; მედიის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თუ შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა. პროექტებს ევროპის საბჭო განახორციელებს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, კერძოდ, მთავრობასთან, პარლამენტთან, სახალხო დამცველის ოფისთან, სასამართლო ხელისუფლებასა და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან. გეგმის არსი და საქართველოს ვალდებულებები ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა:

„ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც 34 პროექტს მოიცავს და რომლის მთლიანი ბიუჯეტი 17 მილიონი ევროა. ამ გეგმის დამტკიცება დაემთხვა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების მე-15 წლისთავს. აქვე უნდა ვახსენოთ საქართველოს მიერ ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებიც, რომლის შედეგად მშვიდობიანი გზით შეიცვალა მთავრობა და პრეზიდენტი. ეს ძალიან კარგი ნიშანია და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ასევე ჩატარდება. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო სწორ გზას ადგას, თუმცა, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებს, საქართველოსაც სჭირდება რეფორმების გაგრძელება. განსაკუთრებით საჭიროა რეფორმები ეფექტური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მართლმსაჯულების მისაღებად და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვა“.

ტორბიორნ იაგლანდმა ამავე პრესკონფერენციაზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა საქმეებზეც გაამახვილა ყურადღება. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ასეთი საქმეები სასამართლომ კანონის უზენაესობის სრული დაცვით უნდა განიხილოს და ამ საქმეებს საფუძვლად უნდა ედოს აშკარა მტკიცებულებები. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი განმარტავს, რომ ტორბიორნ იაგლანდისათვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოდან მრავალრიცხოვანი სარჩელი შედიოდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა ჯერ ისევ პრობლემად რჩება საქართველოში.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

4 თებერვალს, პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შემდეგ, ექსპრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის - ”მოქალაქის” - სამომავლო გეგმები გააცნო.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ორგანიზაციის ძირითადი მიზანი გამომდინარეობს საქართველოში არსებული ”ყველაზე დიდი პრობლემიდან”, რაც ხელისუფლების დაქირავებასა და შემდეგ მის კონტროლს უკავშირდება:

”აი, ”მოქალაქე”, რომელიც მე დავაფუძნე, ზუსტად ძირითადი დანიშნულება იქნება მისი ის, რომ საზოგადოებას დაეხმაროს დაქირავნობის უნარ-ჩვევების გაზრდაში, განვითარებასა და მის დაჩქარებაში. და, რა თქმა უნდა, თქვენი როლი არის უდიდესი ამ პროცესში... მე მყავს მხედველობაში მედია”.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქე” მედიას პროფესიული დონის ამაღლებაში დაეხმარება. მედიის მუშაობა გაკონტროლდება ”პერმანენტული კვლევებით”:

”ამით ისევ მედიის ხარისხის ამაღლებას შევუწყობთ ხელს, რამეთუ არსებული ჟურნალისტები, არსებული მედიის წარმომადგენლები, როდესაც იგრძნობენ, რომ ისინი ობიექტივის ქვეშ არიან, რომ მათ ყურადღებას აქცევენ, რომ მათი ობიექტურობა და ხარისხი მოწმდება და არის კვლევები ამის შესახებ, თვითონ ეს გამოიწვევს მათი პასუხისმგებლობის გაზრდას”.

”მოქალაქის” საქმიანობის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ასევე დაგეგმილია ”ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება”, რაც ასევე გულისხმობს ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნასაც. ბიძინა ივანიშვილი ”მოქალაქის” ერთადერთი დამფუძნებელია. ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ 6 თანამშრომელს ითვლის, რომლებსაც თითოთვიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული.
XS
SM
MD
LG