Accessibility links

ქირურგები აშშ-ში პაციენტს ხელოვნურად შექმნილ სისხლძარღვს უნერგავენ


სამეცნიერო-პოპულარული ელექტრონული გამოცემა The Verge გვაუწყებს, რომ აშშ-ში ქირურგები პაციენტებს ხელოვნურად შექმნილ სისხლძარღვებს უნერგავენ.

აშშ-ის დიუკის უნივერსიტეტის კლინიკაში ქირურგებმა პაციენტს მკლავში ჩაუნერგეს ხელოვნურად შექმნილი სისხლძარღვის იმპლანტი, რაც პირველი შემთხვევაა მედიცინის ისტორიაში. პაციენტს თირკმლის დაავადების უმძიმესი ფორმა სჭირს. ხელოვნური სისხლძარღვი დონორების სისხლძარღვთა უჯრედების მეშვეობით შეიქმნა.

იმისთვის, რომ ვარგისი სისხლძარღვი მიეღოთ, ქირურგებმა უჯრედები მოათავსეს სისხლძარღვის ფორმის, ბიოდეგრადირებულ (ანუ ბაქტერიებისგან თუ სხვა ბიოლოგიური ორგანიზმებისგან ქიმიურად დაცლილ) მილში. მას შემდეგ, რაც უჯრედები ერთ სისხლძარღვად ჩამოყალიბდა, მას ლაბორატორიაში მოაშორეს ისეთი უჯრედოვანი ელემენტები, რომელთა გამოც პაციენტის იმუნურმა სისტემამ ჩანერგილი სისხლძარღვი შეიძლება სხეულიდან „განდევნოს“.

თირკმლის დაავადების დროს, სისხლძარღვთა ასეთმა გადანერგვამ უნდა ჩაანაცვლოს აქამდე გავრცელებული ხელოვნური ქსოვილის გადანერგვის მეთოდი, რომლის შედეგადაც, არტერიას აკავშირებენ სისხლძარღვთან. ამ ოპერაციას თან ახლავს სერიოზული ხიფათი, რომელიც სისხლის შედედებისა თუ ინფექციური ხასიათის პრობლემებს უკავშირდება.

ჯეფრი ლოსონი, სისხლძარღვთა ქირურგი, რომელმაც თავად მიიღო მონაწილეობა ხელოვნური სისხლძარღვების შექმნაში, ოპტიმისტურად აფასებს ამ სამედიცინო ინოვაციის მომავალს: „იმედი გვაქვს, ეს მეთოდი საფუძველს ჩაუყრის საერთო მიმართულებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება უჯრედებისგან ხელოვნური ქსოვილის შექმნა, რათა მომავალში შევძლოთ პაციენტის სხეულში მისი უსაფრთხოდ ჩანერგვა“, ამბობს ამერიკელი ქირურგი.

ხელოვნურ სისხლძარღვთა შედარებით უსაფრთხო გადანერგვა მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნეს გულის ოპერაციის, კერძოდ შუნტირების დროს.

ჯერჯერობით კი დიუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგთა ჯგუფი განაგრძობს ოპერაციების ჩატარებას კონკრეტულად იმ პაციენტებზე, რომლებსაც თირკმლის დაავადება აწუხებთ. ოპერაციები კლინიკური ცდის ფარგლებში ტარდება. აშშ-ის სურსათისა და ფარმაკოლოგიის სახელმწიფო უწყებამ ექიმებს ჯერჯერობით მხოლოდ ამ ოპერაციის ჩატარების ნება დართო. შეზღუდულია პაციენტთა რაოდენობაც. მათი რიცხვი 20-ს არ უნდა აღემატებოდეს. ხელოვნურ სისხლძარღვთა უსაფრთხოების შემოწმების მიზნით პაციენტებზე დაკვირვება ოპერაციის შემდეგაც გრძელდება.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, არცთუ შორეულ მომავალში შესაძლოა მოწმენი გავხდეთ ხელოვნურ სისხლძარღვთა მასობრივი წარმოებისა, რადგან სისხლძარღვები სტანდარტიზებულად იქმნება და არა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად.

მოამზადა ანა ლომთაძემ
XS
SM
MD
LG