Accessibility links

ცნობილია, რომ წითელი ხორცი ცხიმისა და ქოლესტერინის შემცველობის გამო რისკს წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ, როგორც ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევა მეტყველებს, წითელი ხორცი ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს ერთი ნაკლებად ცნობილი გარემოების გამო.

ეს ახალაღმოჩენილი რისკის ფაქტორი არის ამინომჟავა კარნიტინი რომელიც, სხვათა შორის, ხორცის გარდა ენერგეტიკულ სასმელებშიც შედის.

კლივლენდის კლინიკაში მომუშავე მკვლევართა თანახმად, ადამიანის კუჭ-ნაწლავში არსებული ბაქტერიები ამ ამინომჟავას გარდაქმნის ტრიმეთილამინჟანგად - ნივთიერებად, რომელიც, როგორც ადრე ჩატარებული გამოკვლევები მოწმობს, კავშირშია ათეროსკლეროზთან (არტერიების გამყარება ან დახშობა).

ჩვენი რადიო ლონდონში დაუკავშირდა კომენტარისთვის დიეტოლოგ სარა ჯარვისს:

„კარგა ხანია, ვიცოდით, რომ დიდი რაოდენობით წითელი ხორცის ჭამა ჯანმრთელობისთვის მავნებელი შეიძლება იყოს. ეს ზრდის არა მხოლოდ გულის დაავადებების, არამედ ნაწლავის კიბოს რისკსაც. ახლა აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცხიმი, რომელსაც წითელი ხორცი შეიცავს. მიზეზი შეიძლება იყოს ქიმიური ნივთიერებაც, რომელიც წითელ ხორცში აღმოაჩინეს - ესაა კარნიტინი. კარნიტინი კუჭ-ნაწლავში გარდაიქმნება და აქედან იწყება მოვლენათა მთელი ჯაჭვი, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ორგანიზმში ქოლესტერინის დონის ამაღლება - კერძოდ, სისხლში ცუდი ქოლესტერინის მატება და კარგის კლება. ეს საგრძნობლად ზრდის ინფარქტის ან ტვინში სისხლის ჩაქცევის რისკს.“

გამოკვლევის თანაავტორის, სტენლი ჰეიზენის თქმით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული მიკრობების ინდივიდუალურ შემადგენლობას, როგორც, მაგალითად, საკვებზე გაკეთებულ წარწერას მისი შემადგენლობის შესახებ.

მიკრობები საკვებს გარდაქმნის უამრავ განსხვავებულ მოლეკულად და ამ მოლეკულებს უზარმაზარი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამის საილუსტრაციოდ ჰეიზენმა და მისმა კოლეგებმა 77 მოხალისეზე ჩაატარეს გამოკვლევა. მათგან 26 ვეგეტარიანელი ან ვეგანი იყო (ანუ საერთოდ არ ჭამდა ცხოველური წარმოშობის საკვებს). ცდის მონაწილეებს მიეცათ კარნიტინი საკვების დამატების ან წითელი ხორცის პროდუქტების სახით.

ცდებმა აჩვენა, რომ დამატებითი კარნიტინის მიღების შემთხვევაშიც კი ვეგეტარიანელები და ვეგანები ბევრად ნაკლები რაოდენობის ტრიმეთილამინჟანგს გამოყოფდნენ, ვიდრე ხორცის მჭამელები. ფეკალიების შესწავლამ კი ცხადყო, რომ ამ ორ ჯგუფს კუჭ-ნაწლავის სისტემაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბაქტერიები ჰქონდათ.

გამოკვლევის საბოლოო დასკვნის თანახმად, წითელი ხორცის რეგულარულად ჭამა ხელს უწყობს იმ ბაქტერიების ზრდას, რომლებიც კარნიტინს ტრიმეთილამინჟანგად გარდაქმნის.

ექიმების მთავარი რჩევა ასე ჟღერს: ზომიერად მიირთვით წითელი ხორცი და შეძლებისდაგვარად მოერიდეთ საკვებ დანამატებს, განსაკუთრებით, ენერგეტიკულ სასმელებს, რომლებიც კარნიტინს შეიცავს.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG