Accessibility links

გამომცემლობა "ინტელექტმა" ცირა ყურაშვილის მოთხრობების კრებული გამოსცა. წიგნს "ხიზნები კომანის მონასტერთან" ჰქვია და იგი თითქმის სრულად უყრის თავს ავტორის პროზაულ ნაწარმოებებს - ერთ ვრცელ მოთხრობას, ნოველებს, მინიატურებს. პროზაულის გარდა, ამ ტექსტებისთვის სხვა ჟანრული განსაზღვრებაც შეიძლებოდა გამოგვეძებნა, რადგან რიტმით იგი ძალიან უახლოვდება პოეზიას, მის გარკვეულ სახეობებს, თუმცა ამ საკითხს ქვემოთაც შევეხები, ახლა კი შევეცდები მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ წიგნის და ავტორის შესახებ.

ცირა ყურაშვილი ქუთაისელი მწერალია. 1991 წელს მისი პოეტური კრებული გამოვიდა, "ასფალტის ყვავილები", ხოლო დანარჩენ ტექსტებს უფრო ლიტერატურული პერიოდიკიდან იცნობს ქართველი მკითხველი. პირველ რიგში, გაზეთი "ალტერნატივა" უნდა ვახსენო, სადაც ცირას პირველი, ყველაზე გახმაურებული მოთხრობა დაიბეჭდა - "უკან არ მიიხედო". ეს 90-იან წლებში იყო. წიგნში შესული სხვა ტექსტები სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნდა - ქუთაისური "განთიადი", ჟურნალი "ჩვენი მწერლობა". 2008 წელს ცირა ყურაშვილის მოთხრობებიც გამოვიდა ქუთაისში, წელს კი ეს მწერალი ყველაზე სრულყოფილად წარმოადგინა გამომცემლობა "ინტელექტმა".

ცირა ყურაშვილი უცნაური მწერალია და ეს მისი პირველივე პუბლიკაციებიდან გამოჩნდა. მასთან არაა ლინეარული თხრობა, ამბავი. აქ გრძნობების და ამ გრძნობების გამომხატველი ენობრივი ბრძოლებია, წარმოსახვის შეჯახება გამოხატვის ხერხებთან. მწერალმა და ცირას მოთხრობების პირველმა რედაქტორმა, შოთა იათაშვილმა, ენების ნაზავი უწოდა მწერლის პროზას:

"საოცარი ნაზავია სხვადასხვა ენების, რაღაცა დიალექტი, რომელიც სხვანაირადაა გამოყენებული. სოფლის გარემო, ქალაქის გარემო, ამ ქალაქის გარემოში ლიტერატურული ცხოვრება, ქუთაისური ანდერგრაუნდის. შელოცვები. ეგ კი არა, მოთხრობაში ქოროც კი შემოდის რაღაც მომენტში. მოკლედ, ეს მრავალფეროვნება, რომელიც შეიძლება მრავალფეროვნებაც კი არაა, არამედ რაღაცა ზღვრული მდგომარეობა. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ შეშლილი მოთხრობაა."

წიგნი მწერალმა თავისი ძმის, მღვდელმონაზონ ანდრია ყურაშვილის და მეუღლის, გივი ადრეულის ხსოვნას მიუძღვნა. ეს მწუხარება მთელ კრებულს გამსჭვალავს. სწორედ ამის გამოა, რომ ავტორის პროზა ხშირად მწუხარების რიტმით დაწერილ თავისუფალ ლექსს ემსგავსება, სადაც, ცირა ყურაშვილის სტრიქონების გარდა, სხვების ლექსებსაც იპოვით, მაგალითად, მისი მეგობრებისას. მეგობრები კი არაერთია დასახელებული მოთხრობებში და თითქმის ყველა მათგანი ქუთაისელია - გივი ადრეული, კანტი ბერეკაშვილი, მანანა ღურჭუმელიძე, ზურაბ დათუაშვილი, კოსმოსა, მარსიანი, ზაზა გურული, გია ბერაძე, მაია ჩიქოვანი, მაია ქურასბედიანი, თამაზ ლომთაძე, ზაირა სვანი, ელგუჯა თავბერიძე... თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს რეალური ადამიანები, რეალური გვარ-სახელებით, ცირა ყურაშვილის სამყაროში ცხოვრობენ, ვერ სცდებიან მის საზღვრებს, აქ ისინი თითქოს სიზმრებში დადიან ცირა ყურაშვილთან ერთად, რომელიც ერთგან ასეთ რამესაც ამბობს: "...და მე ვაგრძელებდი ჩემი მოთხრობის ქუჩებში სიარულს, როგორც სამი წლის დასაფლავებული...".

ამ რეალურ ადამიანებს ცირა ყურაშვილი უცნაურ სიტყვიერ სამოსელში ახვევს. აი, მაგალითად, კოსმოსა: "კალიმო კანტელია თავად, ძველმსოფლიოელი ბრძენი. აიმანო ამანათის უფროსი შვილი, ზაიკაროს მამა, წარმოშობით სან-მუხიანელი მწერალი. ქალაქ ჩამკრიჭეს ერთ-ერთი ინსტიტუტის თანამშრომელი, გია ხოფერია". რა არის ჩამკრიჭე? ეს იგივე სოდომია, ანუ ქუთაისი. სხვა ქალაქებსაც სოდომს ეძახის მთხრობელი, თბილისს კი გომორას. სოდომში ცხოვრობენ ნადირეები, რომლებიც ელფერს იცვლიან, ცოღარ-ბონკოელები, მირანდულიები, ემმანუილები, მარიტუნები, სამგუნება-სამგუნეშური წარმომავლობის კოზოლიები. ესაა ცირა ყურაშვილის მითოლოგია, რითაც იგი ცდილობს თავისი დრო გამოხატოს და რაზეც შოთა იათაშვილმაც გაამახვილა ყურადღება:

"ეს მოთხრობა დაიწერა 1993-94 წლებში, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში საქართველოსთვის. საერთოდ, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ დიდი დრო არის საჭირო, რომ ისტორიული მოვლენები და კრიზისები გაიაზროს მწერალმა, რომ ყველაფერი მერე, მოგვიანებით იწერება... თუმცა, მე მგონია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც ამ 90-იანი წლების გარემოს ასახავს, სწორედ ეს მოთხრობაა... აქ ძალიან კარგადაა დაჭერილი მითოლოგიური სიუჟეტი, როდესაც ავტორი, მოთხრობის მთავარი გმირი, ცდილობს თავისი ქალაქიდან გამოსვლას, გამოღწევას, რომელსაც სოდომი ჰქვია, მაგრამ მაინც არ ენანება და უკან მოიხედავს."

საერთოდ, გამოსვლა, გამოღწევა, ხიზნობა, დევნილობა, ლტოლვილობა ცირა ყურაშვილის მოთხრობების მთავარი თემაა. მთხრობელი ასეთ რამესაც ამბობს: "არ გვეყოფა ფული, მხოლოდ იმდენი გვაქვს, რომ გადავაადგილდეთ და გადმოვაადგილდეთ...". ეს, ალბათ, უმნიშვნელოვანესი სიტყვებია, უმთავრესი უწყება. ამით, ალბათ, ბევრ რამეს ამბობს ავტორი, რადგან მისი გმირები დევნილები არიან თავიანთ ქვეყანაში, ისინი სულ მუდამ გადაადგილდებიან (საშინელი ზმნაა ეს „გადაადგილდებიან“, არ მიყვარს, ისევე როგორც სიტყვა „ტერიტორიები“, უფრო ზუსტად კი, „დაკარგული ტერიტორიები“) და დროთა განმავლობაში ეს გადაადგილება ცნებად ყალიბდება - საქართველო, როგორც განდევნის ქვეყანა.

ცირა ყურაშვილის ენასთან დამოკიდებულებაც უცნაურია. იგი დიალექტსაც მიმართავს ხოლმე, რომელიც, საბოლოოდ, საკმაოდ შორდება კონკრეტული დიალექტის ვიწრო ჩარჩოებს, მისი პირადი მითოლოგიის ნაწილად იქცევა, ეს მითოლოგია კი, თავის მხრივ, სადღაც სხვაგან იღებს სათავეს, თუნდაც გურამ დოჩანაშვილის პროზაში. ეს ავტორი ნახსენებიც კია წიგნში. მთავარ მოთხრობაში ერთ ასეთ დისციპლინაზე საუბრობს მთხრობელი - დოჩანოლოგიაზე და ოკრიბელ დოჩანოლოგზე, თამაზ ლომიძეზე. ხოლო მოთხრობის ბოლოს ასეთ რამეს ვკითხულობთ: "სითბო მტოვებდა და მეც სითბოსთან ერთად ვტოვებდი ჩემს მეორე პერანგს, მეორე სამოსელს და საპყრობილეს, რომელსაც ცისფერშერეული მარმარილოსფერი ედებოდა". სწორედ ამის გამო გამიელვა თავში ასეთმა აზრმა: ცირა ყურაშვილის ეს მოთხრობა გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველია", 90-იანი წლებით გამძაფრებული და დამძიმებული. ანუ ესაა "სამოსელი მეორე", სადაც ყველაფერი ძალიან ძნელი ასატანია, სადაც შვილს დედის პოეტობის რცხვენია, სადაც შეშლილობა და სევდა თანაარსებობს. აქ ყველგან ქალია მთავარი, აქ აზრი ხშირად არ სრულდება, სიტყვა მხოლოდ რიტმულად მოძრაობს, თხრობით წინადადებებს კი ამოძახილები, შელოცვები და ცეცხლოვანი მიმართვები აფერმკრთალებენ:

"ყველაფერი არის გართულებული, ყველაფერი არის ცოდვა, ყველაფერი არის რაღაცნაირად ძნელად ასატანი და ეს ყველაფერი არის ძალიან ძლიერი ხელით დაწერილი, დეპრესიიდან დაწერილი, მე შემიძლია ასე ვთქვა. არ შეიძლებოდა, რომ ეს ადამიანი ამ ნაწარმოების წერისას კარგად ყოფილიყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG