Accessibility links

logo-print
ძაღლი არასოდეს მყოლია, მისი ხსენებაც არ ყოფილა ჩვენში - ზოგჯერ „მამაძაღლს“ თუ მომაძახებდა ვინმე ან წიგნებში თუ გადავეყრებოდი რომელიმეს. მოგეხსენებათ, რომ ერთმანეთზე უარესი სევდიანი ისტორიები აქვთ - „კაშტანკა“ გნებავთ თუ ლესინგის „ჯოკი და ბილი“, ჯეკ ლონდონის ირლანდიელ ძმებზე „ჯერისა“ და „მაიკლზე“ რომ არაფერი ვთქვათ. მერე კი გერასიმემ რომ დაიწყო ჟუჟვა, ილარიონმა დაამთავრა ზენობანში. ქართველი ლიტერატურული ძაღლებიდან ბოლოს ზურაბ ლეჟავას ნაგაზს დავუყვავე, ტრაკზე კბენით რომ გაითქვა სახელი. ესეც თავისებურად ნაღვლიანი ამბავი გახლავთ.

ფილმებს ჩაუჯდები და იქაც არ ულხინთ. ჩვენებური „ლომას“ ხსენებაც საკმარისია. ერთადერთი, მგონი, პიპინიას „პერის“ გაუმართლა და დარჩა საღსალამათი.

მოკლედ, სანამ ყეფა-ყმუილი და ქშენა დამიწყია, საქმეზე გადავალ - სიმღერებში გარეულ ფინიებზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. ქანთრი მუსიკოსებთან ძირითადად ფერდებგაქუცულნი, ბლუზში კი, როგორც წესი, უთვისტომო ბებრები და პატრონებივით გალოთებულნი დაწანწალებენ. ამ მუსიკალურ თავშესაფარში არჩევანიც დიდია: დევიდ ბოუის - ალმასის, ბესი სმითს - ყვითელი, ჯოან ბაესს - ლურჯი და “ლედ ზეპელინს” შავი ძაღლები ჰყავთ პოეტურად ნაქებ-ნადიდები. ტომ უეიტსის წვიმის ძაღლები კი ცალკე თემაა.

მაგრამ ამჯერად რამდენიმე მათგანს გავიხსენებ. ერთი ამერიკული ხალხური თქმულების მიხედვით, პატარა ბიჭისთვის ლეკვი, სახელად „შეპი“ უჩუქებიათ. ერთად იზრდებოდნენ. ბიჭიც ბედნიერი გახლდათ, ძაღლიც და, რა თქმა უნდა, რწყილებიც, მის ბალანში არხეინად რომ ცხოვრობდნენ. როცა ნაგაზი დაბერდა და მოფამფალდა, პატრონმა მეგობრის ტანჯვას ვეღარ გაუძლო - მოკვლა დაუპირა. თუმცა ხელი აუკანკალდა და გადაიფიქრა. ამ სენტიმენტალურ ამბავზე მოგვიანებით სიმღერაც შეიქმნა, რომლის წყალობითაც სულ სხვა პატარა ბიჭმა გაითქვა სახელი - 10 წლის ელვის პრესლიმ. მშობლიურ ქალაქ ტუპელოში ფოლკ-სიმღერის კონკურსზე გამოვიდა და პირველად სწორედ ამ ამბით წარდგა მსმენელის წინაშე. მიკროფონს ვერ სწვდებოდა და სკამზე შემომდგარს შეუსრულებია. სხვათა შორის, გაიმარჯვა - 5 დოლარით დააჯილდოვეს და მთელი წელი ატრაქციონებზე უფასოდ გართობის უფლებაც მისცეს.

ახლა კი ფერ-ხორციანი ძაღლებისაც ვთქვათ, პატრონში რომ უმართლებთ ხოლმე. სიმღერა „ძვირფასო, მარტა!“ ხომ გახსოვთ ბიტლზის „თეთრი ალბომიდან“? დიდხანს ითვლებოდა, რომ მაკარტნიმ ეს სამიჯნურო ბალადა მსახიობ ჯეინ ეშერს აჩუქა, 1968 წელს ცოლად მოყვანასაც უპირებდა. მოგეხსენებათ, მათი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა, სიმღერა კი, სინამდვილეში, ერთ კოპწია, ძირძველი ბრიტანული ჯიშის ბობტეილს მიუძღვნა, რომელიც 1965 წელს შეიძინა. „მარტა“ მუსიკოსის პირველი ძაღლი გახლდათ - აზიზი და პრანჭია ევროპელი, რომელიც გაგიჟებით უყვარდა. ერთხელ ჯონ ლენონი შესწრებია მაგათ თამაშს - ყირაზე გადადიოდნენ თურმე. ცხონებულს მეგობრისთვის უთქვამს, ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახიხარო. ცოტა დაბნეულ მაკარტნის კი ჩვეული ბრიტანული იუმორით დაუძვრენია თავი: მართალია, მხოლოდ „მარტასთან“ ანგლობისას ვარ ხოლმე ასეთი გახარებული, ოღონდ გარწმუნებ, პლატონური სიყვარული გვაკავშირებსო.

და აი, ყველაზე ცნობილი ძაღლების ხსენების დროც მოვიდა. ცნობილნი კი არა იმის გამო გახდნენ, რომ რომელიმე სიმღერის სახელწოდებაში ან ტექსტში მოიხსენიეს, არამედ თავად მღეროდნენ და არცთუ ისე ურიგოდ. ჯერ „სიმუსი“ - ბრიტანელი მუსიკოსის სტივ მერიოტის ძაღლი გავიხსენოთ, რომელმაც „პინქ ფლოიდის” 1971 წლის ალბომში “Meddle” გამოიჩინა თავი. ჟანრი კი, სადაც ეს მშვენიერი ვოკალისტი შედგა, რა თქმა უნდა, ბლუზი გახლდათ. ამ სიმღერის ვიდეოვარიანტიც არსებობს, პომპეის ცნობილი ლაივიდან. ფილმის რეჟისორის ედრიენ მეიბენის თქმით, მუსიკოსებს რომელიღაც პარიზული ცირკის მფლობელმა აახლა რუსული მწევარი. მოწვეულ მუსიკოსს „მადმუაზელ ნობსი“ ერქვა. არისტოკრატმა ბანოვანმა დიდებული პარტნიორობა გაუწია გილმორსა და უოტერსს და თავის ქალურ გრძნობებზეც იმღერა ბესი სმითივით, ბლუზური სასიმღერო მანერისათვის დამახასიათებელი ვიბრატოებით.

სანამ ამ უჩვეულო ბლუზს მოვისმენთ, ერთ რამესაც ვიტყვი - მგონი, მაგარ მოენე ტიპად ვიქეცი. ამ ბოლო ხანს, სადმე თუ რამეს ყურს მოვკრავ, რადიოდან სახალხოდ ვყვები ხოლმე. ამგვარ საქციელს ჩვენში ერთი უხერხული და მეტად გავრცელებული ტერმინით კი მოიხსენიებენ, მაგრამ ღამით მაინც მშვიდად მძინავს, რადგან მგონია, რომ სხვათა ამბების სამზეოზე გამოტანა ყოველთვის სიძვას არ უნდა ნიშნავდეს. ჰოდა, ამას წინათ ფეისბუკში, ძაღლებთან დაკავშირებით ერთი გოგონას უცნაურ მოსაზრებას გადავაწყდი. აქაოდა, ვერ ვიტანო - მაგათზე უთავმოყვარეო, მონურად მორჩილი არსება არ მეგულება, არანაირი ინდივიდუალობა არ გააჩნიათ, კუდის ქიცინითა და მაამებლობით გადიან ფონსო.
სხვათა შორის, ამ მოსაზრების ავტორი ე.წ. „სელებრითების“ კლანიდან გახლავთ, მღერის ხოლმე, როცა ემღერება. თუმცა, მენდეთ - ნაკლებად ექსპრესიულია ხოლმე, ვიდრე ჩვენი „ნობსი“ ან „სიმუსი“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG