Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღეროვანი უჯრედები თერაპიისთვის


ადამიანის კანიდან მიღებული ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები
ადამიანის კანიდან მიღებული ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები
როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა აჩვენეს, ადამიანის კანის უჯრედებიდან ერთობ ეფექტიანად შეიძლება ღეროვანი უჯრედების მიღება.

მათ მიერ შექმნილი ე.წ. ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები უფრო გამოსადეგია სამედიცინო მიზნებისთვის, ვინაიდან მათი რეპროგრამირებისთვის არ გამოიყენება კიბოს მასტიმულირებელი გენები. ვირუსებით გენების გადატანის ნაცვლად მეცნიერებმა შესაბამისი პროტეინები კანის უჯრედებში შეიყვანეს. თუმცა რეპროგრამირების ეფექტიანობის გაზრდისთვის საჭირო იყო ნამდვილი და სიმულირებული ინფექციის მეშვეობით უჯრედების თავდაცვითი რეაქციის გამოწვევა. ეს ცვლის უჯრედების ბირთვის დეზოქსირიბონუკლეინმჟავის სტრუქტურას და აადვილებს იმ გენების ჩართვას, რომლებიც ცვლილებებს იწვევს ღეროვან უჯრედებში.

„აქამდე გვეგონა, რომ ვირუსს აქვს მხოლოდ ტროას ცხენის ფუნქცია, რომელიც უჯრედში გენების ტრანსპორტირებას ემსახურება. ახლა კი ვიცით, რომ ვირუსი უჯრედის დეზოქსირიბონუკლეინმჟავას ამზადებს ცვლილებებისთვის, რომლებიც აუცილებელია ღეროვანი უჯრედის სტადიისთვის,“ ამბობს ჯონ კუკი სტენფორდის უნივერსიტეტიდან.

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, შინია იამანაკას მიერ შემუშავებული მეთოდის მიხედვით, რომელიც ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების შესაქმნელად გამოიყენება, საწყის უჯრედებში ოთხი გენი შეიყვანება ვირუსული ინფექციის მეშვეობით. ამ გენებს გადააქვთ ინფორმაცია, რომელიც იმდენად ცვლის უჯრედის განვითარების პროგრამას, რომ ისინი ღეროვან უჯრედებად გარდაიქმნება. უჯრედებში გენების მაგივრად პირდაპირ პროტეინების შეყვანის შემთხვევაში - რისთვისაც ვირუსების ნაცვლად სხვა მეთოდები გამოიყენება - უჯრედების გარდაქმნის ეფექტიანობა მკვეთრად იკლებს.

კუკმა და მისმა გუნდმა შეძლეს ამის მიზეზის დადგენა. ვირუსული ინფექცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მისი მეშვეობით დასაბამი ეძლევა რეაქციას, რომელიც დეზოქსირიბონუკლეინმჟავის მჭიდრო სტრუქტურას არყევს და გენების რეპროგრამირებისთვის საჭირო პირობებს ქმნის. მართალია, მეცნიერებმა უჯრედში ოთხ პროტეინთან ერთად ვირუსიც შეიყვანეს, მაგრამ ის პროტეინების გადასატანად კი არ გამოუყენებიათ, არამედ უჯრედში მხოლოდ იმუნური რეაქციის გამოსაწვევად. ამ გზით მათ ამ მეთოდის ეფექტიანობის საგრძნობლად გაზრდა მოახერხეს.

მეცნიერები უფრო შორსაც წავიდნენ და საბოლოოდ მოახერხეს ვირუსის შეცვლა სინთეტური ნივთიერებით, რომელიც ინფექციის სიმულირებას ახდენდა. ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების წარმოება უვირუსოდ და გენების გადატანის გარეშე სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია სამომავლო თერაპიისთვის. ასეთი თერაპიის ფარგლებში შესაძლებელი იქნება დაზიანებული ქსოვილის შეცვლა უჯრედებით, რომლებიც პაციენტის ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან იქნება მიღებული. მეცნიერებს ასევე სურთ სცადონ, კანის უჯრედები პირდაპირ - ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების გავლის გარეშე - გადააქციონ უჯრედების სხვა ტიპებად, მაგალითად, ნერვულ ან კუნთოვან უჯრედებად.
XS
SM
MD
LG