Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასთმა და კვება


Photo: www.shutterstock.com
Photo: www.shutterstock.com
როგორც მეცნიერები იტყობინებიან, ასთმით დაავადების ხარისხზე გავლენა შეიძლება იქონიოს კვებამ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიაში ჩატარებული გამოკვლევის ავტორები. როგორც აღმოჩნდა, ძლიერი ასთმით დაავადებული პაციენტები მეტ ცხიმსა და ნაკლებ ე.წ. ბალასტურ ნივთიერებებს იღებენ, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. მათი აზრით, ამ ნივთიერებებს, რომლებსაც შეიცავს ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული, შესაძლოა ფილტვებში ანთებითი პროცესების შეკავების უნარი ჰქონდეს.

„ჩვენი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ძლიერი ასთმით დაავადებული პაციენტები სხვაგვარად იკვებებიან, ვიდრე ჯანსაღები,“ იტყობინებიან ნიუკასლის ჰანტერის სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი ლაიზა ვუდი და მისი კოლეგები. შესაძლოა, დაავადება კვებაში ცვლილებებს იწვევდეს. მაგრამ არსებობს იმის ნიშნები, რომ შეიძლება პირიქით იყოს - კვება ახდენდეს გავლენას დაავადების ხარისხზე და არაჯანსაღი კვება იყოს ასთმის რისკის ფაქტორი. მაგალითად, ცნობილია, რომ ნაწლავების ბაქტერიები ბალასტურ ნივთიერებებს გარდაქმნის ერბოს მჟავად, რომელიც ანთებითი პროცესების წინააღმდეგ მოქმედებს, შესაძლოა სასუნთქ ორგანოებშიც. ახალი შედეგები ეხმიანება ძველ გამოკვლევებს, რომელთა თანახმად, დიდი რაოდენობით სწრაფი კვების პროდუქტების მიღება ასთმით დაავადებასთან არის დაკავშირებული.

მეცნიერებმა 137 საცდელი პირი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ასთმის მძიმე ფორმით დაავადებული, და 65 ჯანსაღი ადამიანი გამოკითხეს კვების თაობაზე. ამასთან, მათ შეუმოწმეს ფილტვების ფუნქცია და ანთებითი პროცესის ხარისხი.

აღმოჩნდა, რომ ასთმიანები ჯანსაღებზე უფრო მეტ ცხიმს და უფრო ნაკლებ ბალასტურ ნივთიერებებს მოიხმარდნენ. დადგინდა ასეთი კანონზომიერება: რაც უფრო მეტია ცხიმის მოხმარება და ნაკლებია ბალასტური ნივთიერებების მოხმარება, მით უფრო უარესდება ფილტვების ფუნქციები და მით უფრო ძლიერდება ანთების ნიშნები. თუმცა, თავად გამოკვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს კანონზომიერება საბოლოოდ არ არის დადასტურებული და მომავალ კვლევას მოითხოვს.

ავტორთა აზრით, არ არის გამორიცხული, რომ გარდა ბალასტური ნივთიერებებისა, დადებით ეფექტს იწვევს სხვა საკვები ნივთიერებებიც, რომლებიც გამოკვლევაში არ ყოფილა გათვალისწინებული. მაგრამ ეს გამოკვლევა აჩვენებს, რომ დიეტოლოგიური კონსულტაცია შესაძლოა ეფექტიანი საშუალება იყოს დაავადების სიმპტომების შესასუსტებლად.

ბალასტური ნივთიერებების მოხმარება სხვა, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჭარბწონიანობის რისკსაც ამცირებს.

Photo: www.shutterstock.com
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG