Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი "ისტორიულს" უწოდებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს


ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა

ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა

„შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ხალხს გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას და კიდევ ერთ საეტაპო მიღწევას საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე“ - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელიც 2 ოქტომბერს გაავრცელა თეთრი სახლის პრესსამდივნომ. დოკუმენტში ნათქვამია, აგრეთვე, რომ თავიანთი დემოკრატიული უფლებების თავისუფალი გამოვლენითა და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესისადმი ერთგულებით „საქართველოს მოქალაქეებმა მაგალითი უჩვენეს არა მარტო რეგიონს, არამედ მთელს მსოფლიოს“.

თუმცა, „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია უახლოეს დღეებსა და თვეებში. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია ‘ქართული ოცნების’ ლიდერებმა, ისევე როგორც საქართველოს ახალმა პარლამენტმა ეროვნული ერთიანობის სულისკვეთებით უნდა ითანამშრომლონ, რათა უზრუნველყონ დემოკრატიის შეუქცევადი წინსვლა და ეკონომიკის განვითარება საქართველოს ხალხისა და მთელი რეგიონის საკეთილდღეოდ“, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელშიც ბოლოს ვკითხულობთ:

„შეერთებული შტატები ყველა ქართველთან ერთად მიესალმება ამ ისტორიულ არჩევნებს. პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია სიხარულით ელიან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და მტკიცე ორმხრივი პარტნიორობის განვითარებას.“

საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ყველა ქართველისთვისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის „ისტორიულს“ უწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც. სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მზად არის თანამრომლობისთვის საქართველოს ახალ პარლამენტთან და ახალ კაბინეტთან, აგრეთვე, პრეზიდენტთან „საქართველოს ხალხისთვის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად“.

„შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტიას, ახალ პარლამენტში კონსტრუქციულად ითანამშრომლონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკეთილდღეოდ“, ნათქვამია ჰილარი კლინტონის განცხადებაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG