Accessibility links

რა ვიცით ირანის ახალ პირველ ლედიზე?


ირანელი ქალები თეირანში, "ქალთა დღისადმი" მიძღვნილ აქციაზე (ფოტო არქივიდან).

ირანელი ქალები თეირანში, "ქალთა დღისადმი" მიძღვნილ აქციაზე (ფოტო არქივიდან).

14 ივნისს ირანში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ჰასან როჰანი სასულიერო პირია, ზომიერი პოლიტიკოსი. პრეზიდენტის არჩევას მოჰყვება ხოლმე ახალი პირველი ლედის ვინაობით დაინტერესება, მაგრამ ვინ არის როჰანის მეუღლე, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

როცა როჰანი წინასაარჩევნო კამპანიას მართავდა, - ჩვეულებრივ, ამ დროს კანდიდატებს ცოლი ახლავთ ხოლმე, - მას გვერდს არასოდეს უმშვენებდა მეუღლე. არც არჩევნებამდე უნახავთ ამჟამად არჩეული პრეზიდენტი მეუღლითურთ.

ირანი ისლამური რესპუბლიკაა და ძალიან ხშირად ამ ქვეყნის პოლიტიკოსები ცოლებს საჯაროდ არ აჩენენ ხოლმე, ცოტა რამ არის მათ შესახებ ცნობილი. ამ მხრივ გამონაკლისი არც ირანის ახალი პრეზიდენტის მეუღლეა. განსაკუთრებული ამ შემთხვევაში მხოლოდ ისაა, რომ ირანის მედიამ ქალბატონი როჰანის სახელიც კი არ იცის!

როცა წინასაარჩევნო პერიოდში ირანის მედია კანდიდატების ცოლებზე ლაპარაკობდა, - მართალია, ეს იშვიათად ხდებოდა, მაგრამ მაინც, - როჰანის ცოლს ან არ ეხებოდნენ, ან, უბრალოდ, "მეუღლედ" მოიხსენიებდნენ. კანდიდატებს შორის ყველაზე მკაცრი ხაზის მომხრის, ვისი აზრითაც, საზოგადოებაში ქალის მთავარი როლი დედობაა, ბირთვულ სფეროში მოლაპარაკებებზე ირანის წარმომადგენელ საიდ ჯალილის ცოლზეც კი გავრცელდა ზოგადი ინფორმაცია, - ცნობილი გახდა, რომ ის, ფათემე საჯადი, ექიმია, - როჰანის ცოლის შესახებ კი ამდენიც არავინ იცის.

როგორც ერთი საინფორმაციო სააგენტო წერდა, „ამ ქალის ირგვლივ ცნობები არ მოიპოვება“. სხვა გამოცემა იტყობინება, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ცოლის სახელი საჯაროდ არასოდეს ხსენებულა. ამავე წყაროს თანახმად, როჰანის მეუღლე არ ეწევა სოციალურსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობას, ის დიასახლისია და, ტრადიციულად, არც უცდია მეტისთვის მიეღწია.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რაიმე ცნობები მოგვეპოვებინა და გაგვერკვია მეუღის როლი ჰასან როჰანის ცხოვრებაში, მისი მრჩევლებისა და საარჩევნო შტაბისგან კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთო, წერს „ისნას“ საინფორმაციო სააგენტო. თვითონ როჰანიმ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს და გაამხილა, რომ ცოლი მას ოჯახმა შეურჩია: „20 წლისა ვიყავი. მამაჩემი მაძალებდა, დედაჩემიც. დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია“, გულწრფელად უთხრა ახლა უკვე პრეზიდენტმა სააგენტოს. გულახდილობაში მას არც დედა ჩამორჩა, 86 წლის ქალი, რომელმაც თქვა, როცა ჩემს ვაჟს ცოლი შევრთეთ, რძალი 14 წლის იყოო.

როჰანის ოჯახის შესახებ ისიც ცნობილია, ცნობილი, რომ ჰყავთ ოთხი შვილი და რომ ერთი ვაჟი დაეღუპათ. მაჰმუდ აჰამადინეჟადი, რომელიც დღემდე ორი ვადით იყო ირანის პრეზიდენტი, ცოლთან ერთად საჯაროდ ხშირად არა, მაგრამ მაინც ჩნდებოდა ხოლმე. აჰმადინეჟადს ის ხანდახან უცხოეთშიც დაჰყავდა. როგორ მოიქცევა ჰასან როჰანის ცოლი ამ მხრივ, როცა მისი მეუღლე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, გამოჩნდება თუ არა საზოგადოებაში, ძნელი სავარაუდოა.
XS
SM
MD
LG