Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს


თეთრი სახლი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარასკევს დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა დაბრკოლების გარეშე მოახერხა ღობეზე გადახტომა და შენობაში შესვლა.

მას შემდეგ რაც 42 წლის ომარ გონზალესი თეთრი სახლის ღობეზე გადახტა, გაზონზე გადაირბინა და მთავარი შესასვლელით შენობაში შეიჭრა, თეთრი სახლის წინ უსაფრთხოების უფრო მეტი თანამშრომელი შეიმჩნევა. ინციდენტის დროს პრეზიდენტი ობამა, ოჯახთან ერთად, შენობიდან რამდენიმე წუთის გასული იყო.

ერაყის ომის უსახლკარო ვეტერანი სასამართლომ გირაოს შეთავაზების გარეშე პატიმრობაში დატოვა. ფედერალური პროკურორების განცხადებით დანის გარდა, რომელიც გონზალესს თან ჰქონდა, მის მანქანაში 800 ვაზნა და ორი ნაჯახი აღმოაჩინეს.

პროკურორები ასევე აცხადებენ, რომ გონზალესისთვის ეს პირველი სამართალდარღვევა არ არის, ის აგვისტოში თეთრი სახლის მახლობლად ნაჯახის ტარებისთვის დააკავეს, მაგრამ არ დაუპატიმრებიათ. ივლისში კი მანქანით იარაღის ტარებისთვის იყო დაკავებული.

კვირის დასაწყისში თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯოშ ერნესტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა 19 სექტემბრის ინციდენტის გამოძიება დაიწყო და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.

„საიდუმლო სამსახურმა ღობის გასწვრივ ქვეითი პატრული გააძლიერა, ასევე გამოყოფილია დამატებითი ზედამხედველობის რესურსები თეთრის სახლის გარშემო მეთვალყურეობის გასაძლიერებლად და შეიცვალა თეთრ სახლში შესვლის პროცედურები“, უთხრა ჟურნალისტებს ერნესტმა.

ერნესტის თქმით უსაფრთხოების ზომების გაზრდა საიდუმლო სამსახურებისთვის გამოწვევაა, რომლითაც ერთის მხრივ უნდა უზრუნველყოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის უსაფრთხოება, მეორეს მხრივ კიუნდა შინარჩუნოს „თეთრი სახლი“ როგორც „სახალხო სახლი“.

მისივე თქმით პრეზიდენტი შეშფოთებულია მომხდარით, მაგრამ ბოლომდე ენდობა უსაფრთხოების სამსახურებს. „საიდუმლო სამსახური კარგად მუშაობს, ჩემი ოჯახისთვის მათ მიერ გაწეული თავდადებისთვის ძალიან მადლიერი ვარ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

საქვეითო პატრულის ზრდასთან ერთად თეთრი სახლი აცხადებს, რომ მთავარი კარი, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ტურისტი იყენებს, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტილი იქნება.

XS
SM
MD
LG