Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის ალოგიკური სააკაშვილის დაჭერა


28 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალდება შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ საქმეს, 2007 წლის მომიტინგეთა უკანანო დარბევასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ მითვისებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაიჭირეს. ბუნებრივია, იმის გამო, რომ საქართველოში არ იმყოფება, ჯერჯერობით ფიზიკურად ციხეში ვერ ჩასვამენ, მაგრამ ეს უკვე ტექნიკური დეტალებია (და, ცხადია, თუ სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, ეს საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას ვერ შეაჩერებს).

სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლბრივი დევნის დაწყება, სულ მცირე, სამი მიზეზით მეჩვენება ალოგიკურად:

პირველი მიზეზი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი, დავით კეზერაშვილი გაამართლეს საფრანგეთისა და საქართველოს სასამართლოებმა, ხოლო მერაბიშვილის საქმე ჯერ უზენაეს სასამართლომდე არ მისულა... ცხადია, აღნიშნული პირების მიმართ, ახალი დეტალების გამოააშკარავებასთან ერთად, კვლავ შეიძლება აღიძრას საქმე, მაგრამ სრულიად ალოგიკურია ექს-პრეზიდენტის დაბარება მაშინ, როდესაც მთავარი შემსრულებლების საქმეები დამთავრებული არ არის. ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნის, რომ ვიღაც ზემოთ ვერ ისვენებს, სანამ პირადად სააკაშვილს არ დასჯის.

ამ საქმის მეორე პრობლემა ის არის, რომ თავისთავად ექს-პრეზიდენტის დაჭერა პოლიტიკური თვალსაზრისით საჩოთირო ამბავია. სუსტი დემოკრატიებისთვის ექს-პრეზიდენტების დაჭერა და დასჯა უცხო არ არის, თუმცა რამდენად გამართლებულია ეს ნაბიჯი, უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სერიოზულია ბრალდება და რა არის ახალი მთავრობის მიზანი.

ჩვენს შემთხვევაში შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ბრალდება სერიოზულია, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე ეხება ავტორიტარული წარსულის გადახარშვას და გადააზრებას. თუ ამ მთავრობის მიზანი ის არის, რომ შეცვალოს რეჟიმი, მაშინ ამისთვის სააკაშვილის დასჯა და გასამართლება საჭირო არ არის. რეჟიმის შეცვლისთვის საკმარისია მთავრობის წამყვანი წევრების საქმიანობის ჯეროვნად გამოძიება და, მომავალში, მართვის ძველ სტილზე უარის თქმა. ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ამ ამოცანას თავს მაინცდამაინც კარგად ვერ ართმევს.

მესამე და მთავარი მიზეზი, რომლის გამოც სააკაშვილის დაჭერა ცოტა ალოგიკურად მეჩვენება, ის არის, რომ წარსულში იგივე რამ არ მომხდარა შევარდნაძის მიმართ. სააკაშვილის მთავრობამ შევარდნაძეს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. შევარდნაძე რომ გარდაიცვალა, ახალმა მთავრობამ - „ქართულმა ოცნებამ“ - დაკრძალვის ხარჯებისთვის 91 ათასი ლარი გამოყო და ექს-პრეზიდენტი სამხედრო პატივით დაკრძალა.

13 ივლისს, შევარდნაძის დაკრძალვაზე, ახალი მთავრობის მოქმედმა წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს შევარდნაძის მოღვაწეობას.

ასეთი განცხადებების ფონზე ცოტა გაუგებარია, ქვეყნის დასავლური კურსის ხელშეწყობის საქმეში რატომ შეიტანა სააკაშვილმა შევარდნაძეზე ნაკლები წვლილი. ჩემი აზრით (და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის), სააკაშვილმა ქვეყნის დასავლური კურსის განმტკიცებში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ალოგიკურია, ერთ ექს-პრეზიდენტს დაუფასო ის, რაშიც მეორე ექს-პრეზიდენტს გაცილებით მეტი წვლილი მიუძღვის.

ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისსხლისსამართლებრივი დევნის დაწყება პოლიტიკურად მოტივირებულია. ახალი მთავრობის მიზანი პოლიტიკური ოპონენტის დასუსტებაა („ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში 26,18% დააგროვა, მეორე ტურში კი - 27,53%). „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, გააზრებული არ აქვს, რომ ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე შიდა პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მაინცდამაინც მართებული არ არის.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG