Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპატიმრებული დაღესტნელი ექიმის მეუღლე დახმარებისთვის პუტინს მიმართავს


მახაჩყალა თოვლის საბურველში
მახაჩყალა თოვლის საბურველში
დაღესტანში პატივცემული ექიმის მეუღლემ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, ქმრის გათავისუფლებაში დაეხმაროს. ანესთეზიოლოგი გასული წლის ბოლოს დააკავეს პოლიციის უფროსზე თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით. ხოლო მის სიძეს - ასევე ცნობილ ექიმს -, რომელიც ამავე ბრალდებით დააკავეს, თავი მოჰკვეთეს. ექიმების ნაცნობ-მეგობრები და ნათესავები ირწმუნებიან, რომ ექიმები უდანაშაულონი არიან და აცხადებენ, რომ ეს შემთხვევა ნათელყოფს, რა უხეშად არღვევენ დაღესტანში კანონს თავად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები.

ამინა გუნაშევას თავისი ქმარი - დაღესტანში ცნობილი ექიმი ანესთეზიოლოგი - მას მერე არ უნახავს, რაც ის მახაჩყალის საავადმყოფოში შეიპყრეს შარშან ნოემბერში.

მარატ გუნაშევი ქალიშვილთან ერთად
მარატ გუნაშევი ქალიშვილთან ერთად
ნიღბიანმა სამართალდამცველებმა მარატ გუნაშევი საოპერაციო დარბაზში დააკავეს ოპერაციის მსვლელობისას და ისე წაიყვანეს მანქანით, რომ ექიმის ხალათის და ქოშების გამოცვლის საშუალებაც არ მიუციათ.

ახლა ის ციხეში ზის და მას ბრალად სდებენ, რომ 2010 წელს ისლამისტებს დაეხმარა მახაჩყალის პოლიციის უფროსზე თავდასხმაში.

გუნაშევამ, რომლის თქმითაც, ბრალდება აბსურდულია, დღემდე ვერ შეძლო მეუღლის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება პოლიციის, პროკურატურისა და ეფესბესგან. ახალგაზრდა ქალის თქმით, მისი უკანასკნელი იმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელსაც მან წერილი გაუგზავნა.

„რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს წერილი შედეგს გამოიღებს. სხვა რაღა შემიძლია გავაკეთო ჩემს მდგომარეობაში?“ - ამბობს გუნაშევა.

გუნაშევების უბედურება აქ არ თავდება. მარატ გუნაშევის სიძე, ქირურგი შამილ გასანოვი იმავე დღეს დააპატიმრეს იმავე საავადმყოფოში და მასაც ქალაქის პოლიციის უფროსის მკვლელობაში ხელშეწყობაში დასდეს ბრალი.

გასანოვი დაპატიმრებას ცოცხალი ვერ გადაურჩა. ნათესავებს დაუბრუნეს მისი თავმოჭრილი და ნაწამები ცხედარი. მას სხეული მრავალგან ჰქონდა ჩალურჯებული და ორივე მუხლი ტყვიებით ჰქონდა დაცხრილული.

პოლიციის თანახმად, ქირურგი მოკლულ იქნა მისი ბინის ჩხრეკის დროს მას მერე, რაც ის გადამალული ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს სამართალდამცველებს. ეს ვერსია ეწინააღმდეგება თვითმხილველთა ნაამბობს. მათი თქმით, გასანოვი თვალებახვეული და ბორკილდადებული იყო.

ექიმების ამბავმა აღშფოთება გამოიწვია მახაჩყალაში, სადაც მათ დიდ პატივს სცემდნენ. ნათესავები, მეგობრები და კოლეგები ირწმუნებიან, რომ ორივე ექიმი საშუალო ფენიდან, სეკულარული ოჯახებიდან არის და არავითარი კავშირი არ ჰქონიათ ისლამისტ მეამბოხეებთან.

ამინა გუნაშევა
ამინა გუნაშევა
„მას პატივს სცემენ, ის სამ სხვადასხვა სამსახურში მუშაობს. გარდა იმისა, რომ ინტენსიური თერაპიის ბლოკს ხელმძღვანელობს, ის ხშირად დაფრინავს პაციენტების სამკურნალოდ. ხშირად მკურნალობს კონტრტერორისტულ ოპერაციებში დაჭრილ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მიუყვანია ისინი თავის განყოფილებაში და შემდეგ ფეხზე დაუყენებია. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი ყოვლად დაუჯერებლად გვეჩვენება“ , ამბობს ამინა გუნაშევა.

ის პოლიციის თანამშრომლებს ასევე ბრალს სდებს, რომ ბინის ჩხრეკისას მათ მისი რვა წლის ქალიშვილს საწოლ ოთახში, მისი სასკოლო წიგნების გვერდით, ნარკოტიკი ჩაუდეს.

ამ ოჯახის უბედურება ნათელყოფს მზარდ ძალადობასა და უკანონობას დაღესტანში, სადაც ისლამისტური ამბოხება მეზობელი ჩეჩნეთიდან გადმოვიდა იქ მომხდარი ორი ომის შემდეგ.

ადამიანის უფლებების დამცველთა თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობა განუკითხავი ძალადობის მსხვერპლია როგორც სეპარატისტი მებრძოლების, ისე უშიშროების ძალების მხრიდან. ეს უკანასკნელნი ცნობილი არიან სასამართლო სანქციის გარეშე მკვლელობებითა და გატაცებებით.

ისევე, როგორც გუნაშევისა და გასანოვის დაკავების შემთხვევაში, სამართალდამცველები ხშირად შენიღბული არიან და არ ატარებენ არავითარ სამსახურებრივ ნიშანს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მათი ამოცნობა. ამიტომ მსხვერპლს მათ წინააღმდეგ რაიმე ზომის მიღების ყოველგვარი საშუალება მოსპობილი აქვს.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მოძალადეების ვინაობა ცნობილია და სახეზეა წამების მტკიცებულება, დანაშაულს მაინც იშვიათად იძიებენ.

გუნაშევის შემთხვევაში გაურკვეველია, წარდგება თუ არა ის სასამართლოს წინაშე. არაა ასევე ნათელი, საერთოდ მიმდინარეობს თუ არა სათანადო გამოძიება.

„ის შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს. გარდა იმისა, რომ მაშინვე დააპატიმრეს და არასწორი ბრალდება წაუყენეს, ის გადაიყვანეს სხვა რესპუბლიკაში, სადაც სახლიდან შორს იმყოფება პატიმრობაში. არავინ ცდილობს გაარკვიოს, დამნაშავეა თუ არა გუნაშევი. მას, უბრალოდ, პატიმრობაში ამყოფებენ“, ამბობს გუნაშევის ადვოკატი მაგომედ ზაური.

გუნაშევასა და მისი ნათესავებისთვის გაურკვეველია, რატომ შეარჩიეს მსხვერპლად ეს ორი ექიმი. ჯერჯერობით ეჭვი აქვთ გასანოვის ყოფილ შეყვარებულზე, რომელმაც, მათი თქმით, ვერასოდეს აპატია მას გუნაშევის დაზე დაქორწინება.

როგორც ამბობენ, ქალი თავს ესხმოდა ახალდაქორწინებულებს და ემუქრებოდა, რომ შურის საძიებლად გამოიყენებდა ძალოვან სტრუქტურებთან თავის კავშირებს.

გუნაშევა დარწმუნებულია, რომ ეს ქალია ერთადერთი ანონიმი მოწმე, რომლის ჩვენებაზეც არის, როგორც ჩანს, დამყარებული ორი ექიმის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია.

მისი თქმით, მისი ქმრის დაპატიმრება და გასანოვის საშინელი სიკვდილი ნათელყოფს, რამდენად დაუცველია ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობიანი მოსახლეობა ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლის სახელით განხორციელებული ძალადობის წინაშე.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG