Accessibility links

logo-print

23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, წელს საპროტესტო გამოსვლით დაიწყო. ცხრა გამომცემლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. საპროტესტო გამოსვლის პარალელურად, ვაკის პარკში მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა. გამომცემლობებმა მკითხველს ფასდაკლებები და ახალი თარგმანებისა თუ თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნების პრეზენტაციები შესთავაზეს.

წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე წელს ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს: პროტესტისა და გამოფენის დღე. ვაკის პარკში, „მედიათეკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილ თეთრ კარვებთან, ცხრა გამომცემლობამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. გაკოტრების პირას მისული ქართული გამომცემლობების ნაწილი, დახურული წიგნის მაღაზიები და სტამბები, გაძვირებული წიგნები - ეს ის საკითხებია, რომლებიც პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ მიმართვაშია ჩამოთვლილი. ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზად კი მიმართვის ხელმომწერი გამომცემლობები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორი წლის წინანდელ ინიციატივას ასახელებენ. 2013 წლიდან გამომცემლობებს ჩამოერთვათ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და გამოცემის უფლება. უკვე მეორე წელია წიგნებს, სახელმწიფოს დაკვეთით, ერთი „გაერთიანებული ქართული სტამბა“ ბეჭდავს და საჯარო სკოლების მოსწავლეებს უფასოდ ურიგებს.

მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერია ქეთევან კიღურაძე, „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა“ და გამომცემლობა „სიესტას“ ხელმძღვანელი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ, მართალია, ის, როგორც სამი შვილის დედა, მიესალმება სახელმწიფოს ინიციატივას უფასოდ გადასცეს სახელმძღვანელოები მოსწავლეებს, მაგრამ, მისი თქმით, ეს არ უნდა ხდებოდეს გამომცემლობების გაკოტრებისა თუ საავტორო უფლებების დარღვევის ხარჯზე:

„პროცესში გამორჩათ გაეთვალისწინებინათ ავტორებისა და გამომცემლობების საავტორო უფლებები. სტამბა წიგნის გამოცემის ბოლო პროცედურაა. იქამდე წლების მანძილზე მიმდინარეობს წიგნების მზადება და უამრავი დრო და ფინანსებია ამაში დახარჯული. ეს ყველაფერი ამ პროცესში არ იქნა გათვალისწინებული. განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს მხოლოდ სტამბის ხარჯი დაუფარა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სხვისი ქონება, სხვისი საავტორო უფლება აჩუქა ბავშვებს“.

როგორც რამდენიმე ხნის წინ გამომცემლობათა ინტერესების ერთ-ერთი დამცველი, გიორგი ბათლიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობდა, განათლების სამინისტროს, არც საავტორო უფლებების დამცავი ნორმებიდან და, მით უფრო, არც ადმინისტრაციული სამართლის განაწესებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა უფლება გამომცემელთა ნებართვის გარეშე გამოეყენებინა მათი ინტელექტუალური საკუთრება მათთვის სათანადო ანაზღაურების გარეშე. მისი თქმით, გამომცემლობებმა სახელმწიფოსგან მიზერული კომპენსაცია, წიგნის ბეჭვდის საფასურის 10 %, მიიღეს.

ჯერაც გამოუცემელი წიგნის საჯარო კითხვა ძალიან მიღებული და გავრცელებული ტრადიციაა დასავლურ ქვეყნებში და სასურველია, რომ ჩვენთანაც ხშირად დაიგეგმოს ასეთი წარდგენები...

მაგალითისათვის გეტყვით, რომ გამომცემლობების „ ინტელექტის“, „დიოგენეს“, „არტანუჯისა“ და „ლოგოს პრესის“ საერთო ზარალმა 15 მილიონი ლარი შეადგინა. გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი კახმეგ კიდავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ზარალის რაოდენობა მათი პირადი შეხედულებებით არ გამოთვლილა, გამომცემლობებმა ზარალის დასათვლელად საერთაშორისო აუდიტი მოიწვიეს. ზარალი გაიყო ორ ნაწილად: პირველი - უკვე დამდგარი ზარალი და მეორე - მოსალოდნელი.

გამომცემლობების საპროტესტო მიმართვისა და ძლიერი წვიმის მიუხედავად, 23 აპრილი, წიგნის საერთაშორისო დღე, ვაკის პარკში მაინც აღინიშნა. 25-მა გამომცემლობამ წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ფასდაკლებები შესთავაზა მკითხველს. გაიმართა როგორც ახალი თარგმანების პრეზენტაცია, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნების წარდგენა. გარდა „მედიათეკის“ სივრცისა, წიგნის საერთაშორისო დღის ფარგლებში მოეწყო ჯერაც დაუბეჭდავი წიგნის, გელა ჩარკვიანის “ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“, საჯარო კითხვა. გამომცემლობა „არტანუჯის“ ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია სწორედ ჯერაც გამოუცემელი წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ჯერაც გამოუცემელი წიგნის საჯარო კითხვა ძალიან მიღებული და გავრცელებული ტრადიციაა დასავლურ ქვეყნებში და სასურველია, რომ ჩვენთანაც ხშირად დაიგეგმოს ასეთი წარდგენები. წიგნისთვის, წიგნის ბიოგრაფიისთვის, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, როდესაც ჯერ კიდევ გამოუცემელი წიგნი ხვდება მკითხველს“.

წიგნის საერთაშორისო დღის ფარგლებში წელს არაერთი საინტერესო თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. მათ შორის, გამომცემლობა „ინტელექტმა“ მკითხველს წარუდგინა მარიო ვარგას ლიოსას „ცუდი გოგოს ოინები“; გამომცემლობა „სიესტამ“ შესთავაზა მკითხველს ვერონიკა როთის „განსხვავებული“; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ კი ვაკის პარკში მისულ მკითხველს ახალი გამოცემა, რიკ რიორდანის “ურჩხულების ზღვა”, გააცნო.

რაც შეეხება ქართველ ავტორებს, „მედიათეკაში“ შეკრებილ მკითხველებს უმასპინძლეს ბესიკ ხარანაულმა, ვასილ გულეურმა და ტორესა მოსიმ.

განსაკუთრებული აღმოჩნდა წლევანდელი წიგნის საერთაშორისო დღე დევნილი ბავშვებისთვის. საერთაშორისო ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვების“ ინიციატივით, თბილისში წიგნის გამოფენა-გაყიდვას შიდა ქართლის დევნილთა დასახლებებიდან 30-მდე მოზარდი დაესწრო. კატო ქოთოლაშვილი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, დევნილი ბავშვებისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

„მათთვის ძალიან საინტერესოა ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რადგან ისინი, გარკვეულწილად, მოწყვეტილნი არიან ცენტრს და განსაკუთრებით კი იმ პროცესებს და სიახლეებს, რაც ლიტერატურისა და წიგნის სფეროში ხდება“, - ამბობს კატო ქოთოლაშვილი.

2015 წლის 23 აპრილს მსოფლიომ წიგნის საერთაშორისო დღე უკვე მეოცედ აღნიშნა. ეს დღე საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება. წიგნის საერთაშორისო დღე წელს თბილისის მერიისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო. გამოფენაზე მისულმა ქალაქის მერმა წიგნის სიყვარულის მნიშვნელობაზე ილაპარაკა, გამომცემლობების მიერ გამოფენილი წიგნები დაათვალიერა და ერთი წიგნიც შეიძინა ცოლისთვის -„ქართული სამზარეულო“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG