Accessibility links

ეკვადორი ვიკილიკსის დამაარსებელს თავშესაფარს აძლევს


ჯულიან ასანჟი

ჯულიან ასანჟი

ხუთშაბათს დილიდანვე დაძაბული იყო ვიკილიკსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის ირგვლივ შექმნილი ვითარება. ეკვადორმა განაცხადა, ბრიტანეთი ლონდონში ჩვენს საელჩოს იერიშით ემუქრება, რათა იქ მყოფი პოლიტიკური თავშესაფრის მაძებარი ჯულიან ასანჟი დაატყვევოსო. ამ ამბის გამავრცელებელმა, ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიკარდო პატინომ, მოგვიანებით, კიტოში გამართულ პრესკონფრენეციაზე, თქვა:

„ეკვადორის მთავრობამ, რომელიც ერთგული რჩება ტრადიციისა, დაეხმაროს მათ, ვინც თავშესაფარს ითხოვს მის ტერიტორიაზე ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, გადაწყვიტა მისცეს მას დიპლომატიური თავშესაფარი.“
ეკვადორის მთავრობის აზრით, არსებობს არგუმენტები, დამადასტურებელი ასანჟის შიშისა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლებისათვის ბრძოლის გამო ის შეიძლება პოლიტიკური დევნის მსხვერლი გახდეს ...

მანამდე რიკარდო პატინომ განმარტა, თუ როგორ შეეცადა მისი მთავრობა გარანტიები მიეღო ბრიტანეთის და ასევე შვედეთის მთავრობებისგან, რომ თუ ეკვადორი ასანჟს თავშესაფარს არ მისცემდა და მას შვედეთს გადასცემდნენ, შვედეთი, თავის მხრივ, არ გადასცემდა ვიკილიკსის დამაარსებელს აშშ-ს, სადაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ისევე როგორც შვედეთში. მოკლედ შეგახსენებთ, რომ ვიკილიკსმა და ასანჟმა ინტერნეტით გაავრცელეს აშშ-ის დოკუმენტები - დიპლომატიური საიდუმლო ფოსტა და სხვა მასალა. ეს აქტი აშშ-ის კანონმდებლობით ჯაშუშობის მუხლით ისჯება. ასანჟის მიერ გამოქვეყნებული მასალის ნაწილი მას გადასცა ამერიკელმა ჯარისკაცმა ბრედლი მენინგმა, რომელიც საპატიმროშია შტატებში. რაც შეეხება შვედეთს, იქ ასანჟი ეჭვმიტანილია სექსუალურ დანაშაულში, რასაც თვითონ ასანჟი შეთითხნილად აცხადებს. ასანჟი შიშობს, რომ თუ მას შვედეთს გადასცემენ, ის აშშ-ში მის ექსტრადიციას მოახდენს. ამ შეშფოთების თაობაზე შემდეგი თქვა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა:

„ეკვადორის მთავრობის აზრით, არსებობს არგუმენტები, დამადასტურებელი ასანჟის შიშისა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლებისათვის ბრძოლის გამო ის შეიძლება პოლიტიკური დევნის მსხვერლი გახდეს.“

რიკარდო პატინომ ილაპარაკა ასევე დიპლომატიური ობიექტების ხელშეუხებლობაზე, იმაზე, რომ მთავრობების მიერ გარანტირებული უნდა იყოს მათ ტერიტორიაზე არსებული საელჩოების უსაფრთხოება. პატინომ ახსენა ვენის 1961-ის და 1963 წლის კონვენციები, რომლებიც იცავენ დიპლომატიურ ობიექტებს.
გაერთიანებული სამეფოს კანონით, ასანჟმა ამოწურა ყველა შესაძლებლობა მიემართა ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის. ეს კანონი გვავალდებულებს, გადავცეთ ის შვედეთს ...

ხუთშაბათსვე, დილით, გავრცელდა ინფორმაცია, პატინო ბრიტანეთს ბრალად სდებს, რომ ის ეკვადორის საელჩოს ლონდონში იერიშით ემუქრება, იქ მყოფი ჯულიან ასანჟის შეპყრობის მიზნითო. ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ბრიტანეთის ამ მუქარას ძალიან სერიოზულად აღიქვამს და საელჩოს მიმართ ყოველგვარი ძალის გამოყენებას აფასებს, როგორც მტრულ, მიუღებელ აქტს და სუვერენიტეტზე თავდასხმას, რაც ეკვადორის ხელისუფლებას ავალდებულებს, მას „უდიდესი დიპლომატიური ძალისხმევა“ დაუპირისპიროს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იმედგაცრუება გამოხატა ეკვადორის მთავრობის გადაწყვეტილების გამო და განაცხადა, „გაერთიანებული სამეფოს კანონით, ასანჟმა ამოწურა ყველა შესაძლებლობა მიემართა ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის. ეს კანონი გვავალდებულებს, გადავცეთ ის შვედეთსო“. ამ ვალდებულების შესრულებაზე ილაპარაკა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ულიამ ჰეიგმა. მისი თქმით, დიპლომატიური თავშესაფრით, რომლის პრინციპსაც ბრიტანეთი არ აღიარებს, საქმის საფუძველი არ იცვლება: ჩვენ ვერ დავრთავთ ასანჟს ბრიტანეთიდან უსაფრთხოდ წასვლის ნებას, ამისი კანონიერი ბაზა არ გაგვაჩნიაო.

შვედეთმაც უარყო ბრალდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა კეარლ ბილდტმა ტვიტერის მეშვეობით განაცხადა, შვედეთის იურიდიული და საკონსტიტუციო სისტემა ყველას და თითოეულს აძლევს პატიოსანი სასამართლო პროცესის გარანტიასო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG