Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ღია დემოკრატიის კომიტეტის” მწვავე კრიტიკა და გაურკვეველი ფული


წინასაარჩევნო გარემოს მწვავე კრიტიკით გამოდის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ”ღია დემოკრატიის კომიტეტი”, რომელმაც გრძელვადიანი მეთვალყურეები ჯერ კიდევ აპრილში მოავლინა საქართველოში. პრობლემებზე, რომლებიც ამომრჩეველთა სიებს, უპრეცედენტოდ მაღალ ფულად ჯარიმებსა თუ კანონის შერჩევით აღსრულებას შეეხება, 24 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის მიერ მოწვეულმა ამერიკელმა ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში ტერი ბენჰამმა ილაპარაკა. უპასუხოდ რჩება შეკითხვები ორგანიზაციის დამკვეთებსა და დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით.

როდესაც უპრეცედენტოდ მაღალ ფინანსურ ჯარიმებზე ლაპარაკობს, ტერი ბენჰამს კახი კალაძის მაგალითი მოჰყავს და მას არა პოლიტიკოსად, არამედ ფეხბურთელად მოიხსენიებს. შემდეგ კი აზუსტებს, რომ ის კანონის მოთხოვნის სამართლიანობა-უსამართლობის განსჯას არ აპირებს, თუმცა ფინანსური ჯარიმების ასეთი მასშტაბები აფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პოლიტიკურად მოტივირებულ სადამსჯელო ქმედებას. ამასთან, ტერი ბენჰამი კანონის შერჩევით მოხმობაზე ლაპარაკობს ერთი მხარისთვის ასეთი მასშტაბური სასჯელის დადებისა და მეორე მხარის დაუსჯელად დატოვების გამო, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების კონტექსტში. მართალია, ამერიკელი ექსპერტი ეჭვებს ღიად გამოთქვამს პოლიტიკურად მოტივირებულ მიდგომებსა და კანონის შერჩევით აღსრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ცდილობს იქვე დააზუსტოს, რომ სახელისუფლებო პარტიის გაკრიტიკება მისთვის თვითმიზანს სულაც არ წარმოადგენს:

”ჩვენ აქ მმართველი პარტიის გასაკრიტიკებლად არ ვიმყოფებით. ჩვენ, უბრალოდ, ვამბობთ, რომ პრობლემები არსებობს და რომ ისინი სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენენ, თუკი გვინდა, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანად და სანდოდ ჩაითვალოს. მსოფლიო გვიყურებს... და, ევროკავშირისა და ნატოსკენ საქართველოს მოსახლეობის უნივერსალური სწრაფვის ფონზე, ცხადია, არავის ინტერესებში არ შედის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნების ლეგიტიმურობა.”
ღიად ვთქვით, რომ ჩვენი მუშაობა ვერ იქნებოდა ბევრი მიზეზის გამო 100%-იანი და რომ ცდომილება 5,3%-ის ფარგლებშია ...
მამუკა კაციტაძე

24 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ტერი ბენჰამმა პრობლემების ჩამონათვალში დიდი ადგილი დაუთმო ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ აქცენტსაც. დასახელდა შემოწმების პროცესში აღმოჩენილი 3 ძირითადი დარღვევა. კონკრეტულად კი, საუბარია თბილისში, ჯავახიშვილისა და დადიანის ქუჩებზე, თითქმის დანგრეული სახლების მისამართებზე დარეგისტრირებულ 88 ამომრჩეველზე და ბარნოვის ქუჩაზე საერთოდ არარსებულ სახლში დარეგისტრირებულ 8 ამომრჩეველზე. ბენჰამმა აღნიშნა, რომ ეს მეტად სერიოზული პრობლემაა და რომ ამ სამი შემთხვევის გარდა, ამომრჩეველთა სიებში შესაძლოა სხვა ასეთი შემთხვევებიც იმალებოდეს.

”ეს 3 მისამართი ვერაფრით ვერ ამდიდრებს იმ შედეგებს, რომელიც ჩვენ 31 ივლისს დავდეთ და ასეთი ადამიანი - 3 და 4 მისამართზე კი არა - 166 ათასი დავაფიქსირეთ ჩვენს რეზულტატებში და ღიად ვთქვით, რომ ჩვენი მუშაობა ვერ იქნებოდა ბევრი მიზეზის გამო 100%-იანი და რომ ცდომილება 5,3%-ის ფარგლებშია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ, რომელიც ”ღია დემოკრატიის კომიტეტს” უსამართლო პიარზე ორიენტირებულ ორგანიზაციად მიიჩნევს და, ამასთან, თითქმის დარწმუნებით აცხადებს, რომ ეს ამერიკული ორგანიზაცია კოალიცია ”ქართულ ოცნების” პარტნიორი ორგანიზაციაა.

ნაწილობრივ ამავე ტიპის ვარაუდების გამო მიიჩნევს არასერიოზულად ”ღია დემოკრატიის კომიტეტის” მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ამასთან, როგორც პარტიის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მათთვის აბსოლუტურად უცნობია ”ღია დემოკრატიის კომიტეტი”, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, და, შესაბამისად, მმართველი პარტია არ თანამშრომლობს მასთან.

როგორც ბრაიან მეფორდი აღნიშნავს, ორგანიზაცია საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში საერთაშორისო მეთვალყურეთა მოწვევის თაობაზე ...

აქვს თუ არა განსაკუთრებული კავშირი ”ღია დემოკრატიის კომიტეტსა” და”ქართულ ოცნებას” - მცდელობის მიუხედავად, ამ შეკითხვაზე პასუხი კოალიციისგან რადიო თავისუფლებამ პარასკევს ვერ მოიპოვა, თუმცა თავად ”ღია დემოკრატიის კომიტეტი” კატეგორიულად უარყოფს რომელიმე პარტიის ინტერესების მიკერძოებულად დაცვას საქართველოში.

რა ვიცით ”ღია დემოკრატიის კომიტეტის” შესახებ?

ორგანიზაციის ვებგვერდსა და ფეისბუკის გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ 2006 წელს დაარსებული ”ღია დემოკრატიის კომიტეტის” მისიაა არჩევნების მეთვალყურეობა - გამჭვირვალობის, საარჩევნო ნორმებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის შეფასება. რაც შეეხება გამოცდილებას, ოფიციალურ ვებსაიტზე მითითებულია, რომ ”ღია დემოკრატიის კომიტეტი” 2010 წელს არჩევნებს მეთვალყურეობდა მოლდავეთში, ხოლო 2010-სა და 2012 წლებში - უკრაინაში. ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან მეფორდი კი საქართველოშიც იყო მეთვალყურედ 2003 წლის საპარლამენტო და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაშინ ის, როგორც თავად აღნიშნავს, უკრაინაში IRI-ის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა.

”ღია დემოკრატიის კომიტეტი” საქართველოში ამ ეტაპზე 20 მეთვალყურით არის წარმოდგენილი, თუმცა მეთვალყურეთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ორგანიზაცია მეთვალყურის სტატუსით ჯერჯერობით არ არის დარეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა აპირებს და ამისათვის მას კანონით განსაზღვრული კიდევ რამდენიმე კვირა რჩება.

როგორც ბრაიან მეფორდი აღნიშნავს, ორგანიზაცია საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში საერთაშორისო მეთვალყურეთა მოწვევის თაობაზე, თუმცა იმის გამო, რომ კონკრეტული დონორები არ სახელდება, კვლავაც ჩნდება შეკითხვები ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ”ღია დემოკრატიის კომიტეტის” აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ დაფინანსებას კერძო ფონდები ახდენენ და რადგანაც ხშირად დონორებს ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ სურთ, ”ღია დემოკრატიის კომიტეტიც”, ცხადია, მათ ვერ დაასახელებს. უფრო ზოგად შეკითხვაზე კი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან მეფორდი პასუხობს, რომ დონორებად მის ორგანიზაციას ზოგჯერ საზღვარგარეთ, ვთქვათ, ევროპასა თუ ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ევლინებიან. უფრო მეტის გაგება ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG